სააკაშვილი ახალი "რევოლუციის" ამაო სამზადისში, "რუხი მგლების" ტერიტორიული პრეტენზია და ჩაშლილი ინიციატივა - კვირის პალიტრა

სააკაშვილი ახალი "რევოლუციის" ამაო სამზადისში, "რუხი მგლების" ტერიტორიული პრეტენზია და ჩაშლილი ინიციატივა

ბოლო შვიდი დღე "წინამორბედებისგან" დიდად არ განსხვავდებოდა. ისევ და ისევ პოლიტიკური პარტიების ლიდერების ურთიერთდაპირისპირებები, საარჩევნო პროგრამების ოფიციალური წარდგენები, ხალხისთვის მორიგი უტოპიური დაპირებები, საარჩევნო პლაკატების "კარგ" ადგილებზე განთავსებისთვის დაუნდობელი "ბრძოლები..." და ა.შ.

შედარებითი სიახლე ივანიშვილის მიერ ბიზნესმენების მსუბუქად დაწიოკება იყო, აქაოდა, პოზიტიურ გარდაქმნებს საზოგადოებას რატომ არ განუმარტავთ და ეკონომიკურ პროცესების ავ-კარგზე ხალხს რატომ არ ელაპარაკებითო... ვისგან და ივანიშვილისგან ეს ძალიან გამიკვირდა, ვინ თუ არა, მან, წესით, ყველაზე კარგად უნდა იცოდეს, რომ საზოგადოებისთვის რაიმეს განმარტება ბიზნესმენების საქმე სულაც არ არის.

საკუთარ პიარს თვითონ რომ მიხედოთ, ბატონო ბიძინა, არ იქნება ურიგო, ყველაფერს კი თქვენს ადგილას იმით დავიწყებდი, რომ შედარებით ნაკლებს თუ არ ვილაპარაკებდი, სხვას მაინც ნაკლებად გავლანძღავდი...

ეს ჩვენი ბიზნესმენებიც ხომ მაგარი ხვითოები არიან, დალაგდნენ და ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს მტკიცება, წინა ხელისუფლების დროს რა ცუდი გარემო იყო ბიზნესისთვის და ახლა რა კარგია... ერთი კაცი არ გამოჩნდა იმათში, რომ გაებედა და ეთქვა საზოგადოებასთან ხელისუფლების ურთიერთობის მოგვარება, რა ჩემი საქმეაო...

საარჩევნო პლაკატებზე გამახსენდა, ზაზა ხუციშვილის საარჩევნო შტაბის წევრებს უბანი "აერიათ" და მაჟორიტარობის კანდიდატის სურათები ვაკის მე-3 საარჩევნო ოლქის ტერიტორიის ნაცვლად, საბურთალოს მე-5 უბანში გააკრეს. ამ ფაქტმა ინტერნეტში ქილიკი გამოიწვია და ცნობილ მუსიკოსს "კვალიფიციური" დამხმარეების აყვანა ურჩიეს.

კვირის მთავარი "გმირი" კი უკვე მერამდენედ მიხეილ სააკაშვილი გახდა. უკრაინაში მყოფი "ყოფილი პირველი" თანამოაზრეებს უფრო მეტი აქტიურობისაკენ და თუ საჭირო გახდა, რადიკალური ქმედებებისკენ მოუწოდებს. მაინც რა გახდა ეს "ნაციონალური მოძრაობა". 220 პოლიტიკური პარტიაა საქართველოში და ამათგან ყველაზე რადიკალური მიმართულებით ქვეყნის სათავეში ცხრა წლის განმავლობაში მყოფი ეს ორგანიზაცია გამოირჩევა. კი, შალვა ნათელაშვილიც მუდმივად იმეორებს "ქუდზე კაცს შევკრებ და ქუჩებში გამოვიყვანო", აი, ახლა ეგ სააკაშვილს თუ შეეკრა და "დაგვერხა", მგონი... ხუმრობა იქით იყოს, საერთოდ, არ მგონია, სააკაშვილს ახლა ტრამპიც რომ შეეკრას, ქვეყნაში რაიმე გადატრიალება მოახერხოს... ჰოდა, მისი პოლიტიკური გამზრდელის შევარდნაძის სიტყვებს თუ გავიხსენებთ იყოს და გადატრიალ-გადმოტრიალდეს საკუთარ ლოგინში, იკოტრიალოს რა...

ისე ქართულ მასმედიაში 2014 წლის შემოდგომაზეც გავრცელდა ხმები, რომ "ნაციონალები" სახელმწიფო გადატრიალებისთვის ემზადებოდნენ. ანალოგიური ინფორმაციები გასული წლის გაზაფხულზეც გახმაურდა. უფრო მეტიც, გასული წლის აქციებისთვის დავით კეზერაშვილმა საქართველოში "პირადი შემოწირულობა" - 52 ათასი ევროც გამოაგზავნა, რომელიც "უცნობი მიმართულებით" "აორთქლდა" და მის გზა-კვალს ვერავინ მიაკვლია. ამბობდნენ, ამ ფულის "გაუჩინარების" გამო "ნაციონალებმა" ლამის ერთმანეთი დახოცესო.

დრო გადის და წარსულს ვერ დააბრუნებ. არ ესმის ეს ზოგიერთს და კვლავ ილუზიების ტყვეობაში იმყოფება. რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილზე ვლაპარაკობ. მის მხარდამჭერებს კი სააკაშვილის ერთ "მარგალიტს" გავახსენებ, რომელიც 2000 წლით არის დათარიღებული და ისევ სააკაშვილის გაზრდელს შეეხება:

"შევარდნაძის სახელი დარჩება ისტორიას, არა უმეცარი პასკვილანტების მლიქვნელური ხოტბა დიდებით, ასე უხვად რომ იღვრება ზოგიერთი ფსევდოეროვნული "მოღვაწის" პირიდან - ეს მომავალ თაობებს მხოლოდ სამარცხვინო კურიოზად თუ შემორჩებათ. მისი სახელი დარჩება, როგორც ფუძემდებელი იმგვარი სახელმწიფოებრიობისა, სადაც პიროვნების ნებაზე მაღლა კანონი იდგება და თამაშის წესები წინასწარ განსაზღვრული, პროგნოზირებადი და გამჭირვალე იქნება", - ასე ამკობდა იმჟამად შეგირდი მასწავლებელს, სულ რაღაც 2-3 წელიწადში როგორ ამღერდა, ერთ დროს სახელწიფოებრიობის ფუძემდებლად წოდებულს რეტროგრადი როგორ შეარქვა და ჩაიც როგორ დაულია, ყველას კარგად გვახსოვს...

ვიდრე სააკაშვილი რევოლუციით "გვაშინებს თუ გვაიმედებს", ამ დროს თურქულმა ორგანიზაცია "რუხმა მგლებმა" ტერიტორიული პრეტენზიები წამოგვიყენა.

რამდენიმე დღის წინ ქართულ ვებგვერდებზე საგულისხმო და დამაფიქრებელი ვიდეო გავრცელდა, სადაც ასახულია სიტუაცია სარფში. თურქი "რუხი მგლები" მღერიან თურქულ ნაციონალურ სიმღერას. ტექსტი შემდეგნაირია: "თურქული მიწა თურქი ხალხისთვის".

როგორც ამბობენ, ორგანიზაცია "რუხი მგლები" დაარსებულია ფეთჰულაჰ გიულენის მიერ. თავის დროზე, სწორედ გიულენმა სთხოვა სააკაშვილს "რუხი მგლების" წევრებისთვის საქართველოს მოქალაქეობა მიეცა. სააკაშვილმა გიულენის თხოვნა შეასრულა და 3000 თურქს საქართველოს მოქალაქეობა დაჩქარებული წესით, პრეზიდენტობის ვადაში მიანიჭა. იმასაც ამბობენ, ამის სანაცვლოდ გიულენმა სააკაშვილს რამდენიმე მილიონი დოლარი გადაუხადაო... ამ ორგანიზაციის წევრები დღემდე ბათუმში მოღვაწეობენ.

მართალია გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს ვიდეო მიზანმიმართული პროვოკაციის სუნს ატარებს, მაგრამ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება. ალბათ ამ სახის ფაქტებს უფრო სერიოზული ყურადღება უნდა მივაქციოთ. ქართველ პოლიტიკოსებს დღეს ამისთვის არ სცალიათ. აი, ჩაივლის არჩევნები და შემდეგ ვნახოთ...

დღევანდელ წერილს არაპოლიტიკური ამბით დავასრულებ. წინა კვირას ქართულ ვებგვერდებზე ერთი მოწოდება გამოჩნდა.

"მეგობრებო, მოდი განსაკუთრებით მოვინდომოთ და ოთხშაბათს და პარასკევს ვიმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით... ეკოლოგიურ აქტივიზმში ჩაგვეთვლება, თან უფრო სოციალურები გავხდებით და სამოქალაქო ცნობიერებასაც ავიმაღლებთ..."

ვირტუალურად ამ იდეას არაერთი მხარდამჭერი გამოუჩნდა და მისი პრაქტიკაში განხორციელების დღედ პარასკევი დასახელდა, მაგრამ რად გინდა, სამწუხაროდ, ეს ჩინებული წამოწყება ჩავარდა - მოწოდებამ არ გაამართლა და ქალაქის ქუჩები კვლავინდებურად საავტომობილო საცობების ტყვეობაში იმყოფებოდა...