"ოცნება", ისე ნუ იზამ, რომ "ნაცები" დაგვიბრუნო ქვეყნის სათავეში, ანუ "გუშინ რომ იყვნენ, ისინი მოვიდნენ ისევ" - კვირის პალიტრა

"ოცნება", ისე ნუ იზამ, რომ "ნაცები" დაგვიბრუნო ქვეყნის სათავეში, ანუ "გუშინ რომ იყვნენ, ისინი მოვიდნენ ისევ"

დადგა "ნანატრი დღე" და საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. წინასწარი მონაცემებით,  მომავალ პარლამენტში "ქართული ოცნება" ხმათა დამაჯერებელი რაოდენობით იქნება წარმოდგენილი. ეს მოულოდნელი არ გახლდათ და ყოველივე ამას წინასწარი გამოკითხვებიც მოწმობდა. საინტერესო უფრო ექსსახელისუფლო ძალის შედეგია...

"ნაციონალურმა მოძრაობამ" მისი "გარდაცვალების" შესახებ მოარული პროგნოზი არ გაამართლა და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კვლავ ამჟამინდელი მმართველი ძალის მთავარი ოპონენტი იქნება.

სააკაშვილმა წინსაარჩვენოდ კი იმუქრა, ჩამოვალ, ჩამოვალო, მაგრამ მაინც და მაინც არჩვენების დღეს გვითხრა, ვიხუმრე და უკრაინაში ვრჩებიო, თუმცა მაგისას რას გაიგებ, შეიძლება გვირაბს თხრის და ასე ივანიშვილის და მისი "კამანდის" მოტყუება-დაბნევას ცდილობს.

აქეთ მე და ბევრ სხვას "ნაციონალური მოძრაობის" მაღალი შედეგი გვიკვირს, იქით "ნაციონალური მოძრაობა", გვარამიას და მისი ეგზიტპოლის მოშველიებით, ამტკიცებს მეტი მხარდაჭერა გვაქვს და გაგვიყალბეს არჩვენებიო, თანაც ისევ პოლიტიკური კრიზისის  ინიცირებისკენ იბრიქება, ე, ბიჭო, შეირგეთ ეგ პროცენტები, რაც, ჩემი რწმენით, საერთოდ არ გეკუთვნით, თორემ ნათქვამია, თაგვმა თხარა, თხარა და კატა გამოთხარაო, ე, მანდ ეგეც არ დაკარგოთ, რაც გაქვთ...

ბოლო ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები და ქვეყნის წამყვანი პოლიტოლოგები აწ უკვე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საკუთარ მოსაზრებებს გვთავაზობდნენ. დღევანდელ წერილში შევეცდები მკითხველს საკუთარი მოსაზრებები წარვუდგინო.

ბოლო 26 წელია ქართულ არჩევნებს თვალს ყურადღებით ვადევნებ და მიმაჩნია რომ ამჟამინდელი ყველაზე ობიექტურად და რაც უმთავრესია, წყნარად და ნაკლები ვნებათაღელვის პირობებში გაიმართა. იყო გარკვეული დარღვევები, ცემა-ტყეპის რამდენიმე ფაქტი, საარჩევნო ყუთების გატაცების მცდელობები, მაგრამ ეს საქართველოა და ამ სახის დარღვევები ლამის ნებისმიერი არჩევნების აუცილებელ და მუდმივ ატრიბუტს წარმოადგენს..

ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძისა და "მოქალაქეთა კავშირის" დროიდან მოყოლებული ჩვენს ქვეყანაში არჩევნებს ყოველთვის აყალბებდნენ, რასაკვირველია, სხვადასხვა დოზით. ამ "საპატიო" საქმეში ლომის წვლილი ამა თუ იმ დროს ხელისუფლების სათავეში მყოფ მმართველ პარტიებს მიუძღოდათ.

სააკაშვილი რა, არ აყალბებდა? ლევან გაჩეჩილაძე ავიღოთ, რომელმაც "მიშა მაგარია" პირწმინდად დაამარცხა. მაგრამ ამით რა? 2003 წელი გავიხსენოთ, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნები აშკარად გაუყალბეს. 2012 წელს ხმათა დიდი უპირატესობით "ქართულმა ოცნებამ" იმარჯვა. გახსოვთ რა ხდებოდა - "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მიერ წაგებული საარჩევნო უბნების დარბევა და ყუთების გატაცება. უკვირთ დღეს სააკაშვილის პარტიის ხალხს, ეს რა ხდებაო, მაგრამ თვითონ იგივეს რომ აკეთებდნენ, თან უარესი მასშტაბით?

შორს ვარ იმ აზრისგან რომ ამჟამინდელი არჩევნებზე დარღვევები და გაყალბების მცდელობა არ იყო, მაგრამ გაცილებით მცირე დოზით, ვიდრე ეს წინა წლებში ხდებოდა.

ამჟამინდელი ქართული "არჩევნების" უმთავრესი "თავისებურება" იმაში მდგომარეობს, რომ ყველა წამყვანი პოლიტიკური პარტია წარმატებას ზეიმობს და "დამარცხებას" არავინ აღიარებს. ერთადერთი პოლიტიკოსი რომელიც ოფიციალურად დაგვემშვიდობა, ბატონი დავით უსუფაშვილი აღმოჩნდა, არადა, რა დასანანია, ერთი ჩემი კოლეგის თქმისა არ იყოს სირცხვილიც კია პარლამენტში ბატონი დავით უსუფაშვილი არ იყოს, სამაგიეროდ, კი ინაშვილ-თარხან-მოურავის მოთქმა-გოდებასა და ლანძღვა-გინებას ვუსმენდეთ მთელი ოთხი წელიწადი.

"დიდი შალიკოს" მტკიცებით არჩევნებში 15 პროცენტი მოუგროვებია, პაატა ბურჭულაძე დარწმუნებულია, რომ იმარჯვა და მომავალ პარლამენტში საკუთარი პოლიტიკური მოძრაობის არაერთ წევრს გაიყვანს, ანალოგიური მოსაზრება გააჩნიათ ნინო ბურჯანაძესა და ირაკლი ალასანიასაც. დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი უახლოეს დღეებში ხმების დასაცავად სრულიად საქართველოს მობილიზაციას აპირებენ. საუბარი აღარ მაქვს "ნაციონალურ მოძრაობაზე", რომლებსაც საერთოდ მიაჩნიათ, რომ ეს არჩევნები მოიგეს და "ქართული ოცნება" დამაჯერებლად დაამარცხეს.

ბოლო ორი დღეა ყველა ქართული წამყვანი პოლიტიკური ერთეული წარმატებას ზეიმობს. ერთი კი მაინტერესებს. "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, სხვა პოლიტიკური სუბიექტები ქუჩის აქციებისთვის რომ ემზადებიან, ამ ნაბიჯის განსახორციელებლად ადამიანური რესურსები თუ გააჩნიათ. ამდენ მუქარასა და ლაპარაკს ის ერჩივნათ რამდენიმე პარტია გაერთიანებულიყო და პარლამეტში მოხვედრა ერთობლივი ძალებით ეცადათ. მაგალითად, "რესპუბლიკელებსა" და "თავისუფალ დემოკრატებს" ერთმანეთში საერთო ენის გამონახვა ნამდვილად შეეძლოთ. არ გააკეთეს და დიდი ალბათობით პარლამენტს გარეთაც დარჩნენ. კვლავ პირად აზრს მოგახსენებთ. მომავალ პარლამენტში დავით თარხან-მოურავისა და ირმა ინაშვილის ხილვას, დავით უსუფაშვილისა და ირაკლი ალასანიას მოხვედრა მირჩევნია. შეიძლება არ დამეთანხმოთ, მაგრამ ეს ჩემი მოსაზრებაა.

ამ არჩევნებმა დამარწმუნა რომ არაერთი "წვრილი" პარტიის დრო საქართველოში წარსულს ჩაბარდა. ასევე რამდენიმე "ვეტერანი პოლიტიკოსიც", რომლებმაც დრო უკვე მოჭამეს და მომავალში "საარჩევნო წარმატებების" იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ. დრო გადის. პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი თაობა ჩნდება და იგივე შალვა ნათელაშვილს ან ნინო ბურჯანაძეს ქვეყნის მოსახლეობა მასობრივად ხმებს აღარ მისცემს.

რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", მსურს, რომ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში წინასაარჩევნო დაპირებები შეძლებისდაგვარად შეასრულოს. როგორც აღმოჩნდა "ნაციონალური მოძრაობა" ჯერ კიდევ "ცოცხალია" და დანებებას არ აპირებს. ოთხი წელი სწრაფად გაივლის და მომავალი არჩევნებიც მალე მოგვიკაკუნებს. ამჟამინდელ მმართველ ძალას უკანასკნელი წლების განმავლობაში არაერთი შეცდომა ჰქონდა, რითაც მისმა უმთავრესმა ოპონენტმა ისარგებლა და ყველა წინასწარი პროგნოზი გააქარწყლა.

ჩემი პირადი აზრია,  რომ "ნაციონალური მოძრაობის" ქვეყნის სათავეში დაბრუნება კატეგორიულად დაუშვებელია. ყველას გვახსოვს, რა ხდებოდა სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობის დროს და იმ რეჟიმმა რამდენი ადამიანი გააუბედურა. დარწმუნებული გახლავართ, რომ "ნაციონალების" დაბრუნების შემთხვევაში ქვეყანაში ახალი სისხლის გუბეები დადგება და სააკაშვილის დრო ტკბილ მოგონებად გვექნება. ამ ქვეყნად არაფერია იმ ხალხზე უარესი, რომლებიც რევანშის სურვილით არიან შეპყრობილნი. მინდა ვცდებოდე, მაგრამ უახლოესი საქართველოს ისტორია ამ შიშის საფუძველს ნამდვილად მაძლევს. "ოცნება", ისე ნუ იზავ, რომ "ნაცები" დაგვიბრუნო ქვეყნის სათავეში!

პ.ს. ვინმემ მოიკითხეთ მამა მელია, ხომ კარგად არის?!