ბატონებო, კომპლიმენტები, აღშფოთება-შეშფოთება კარგია, მაგრამ თან საქმე! - ვინ და რატომ გვაქო ბრიუსელში?! - კვირის პალიტრა

ბატონებო, კომპლიმენტები, აღშფოთება-შეშფოთება კარგია, მაგრამ თან საქმე! - ვინ და რატომ გვაქო ბრიუსელში?!

გასულ კვირას პრემიერი კვირიკაშვილი და ქართული დელეგაცია ბრიუსელს სტუმრობდნენ, სადაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომა გაიმართა. პირდაპირ გაოცებული ვარ, ისე გვაქეს და გვადიდეს...

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გვითხრა, ეს რა კარგები ხართ, ვიზალიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა მოთხოვნა შეასრულეთო; ფედერიკა მოგერინიმ, მოუთმენლად ველოდები ქართველ ხალხს უვიზო მიმოსვლის საშუალება როდის მიეცემაო; ნატო-ს შეფი იენს სტოლტენბერგი მადლობებად დაიღვარა, თქვენი ჯარისკაცები, რომ არა, ავღანეთში გერმანიის საკონსულოზე შეტევისას, არ ვიცი რა გვეშველებოდა და ნატო-სთვის საქართველოსთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესიაო!

ბატონებო, კომპლიმენტები, აღშფოთება-შეშფოთება კარგია, მაგრამ თან საქმე!

ასეთი კარგები და საყვარლები რომ ვართ, თქვენ გარდა, გგონიათ, არავინ იცის?

ჰოდა, ეს ყბადაღებული ვიზალიბერალიზაცია გვაღირსეთ, ვიდრე ჯერ კიდევ გვინდა, თუ არა და... რა ვიცი, რა ვიცი...

ახლა ამბობენ, გაზაფხულზე უკვე ნამდვილად შეძლებთ შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობასო, რა მეტი გზა გვაქვს, დაველოდებით, მალე გაზაფხულიც მოვა...

თუმცა იმედია, ამასობაში, ეს მთავრობა ამ ჩვენს ლარს და ჩვენც ისე არ გადაგვახურებს, აღარც ევროპა გვინდოდეს და აღარც ამერიკა...

მოკლედ, წინა კვირის პოლიტიკურმა ცხოვრებამ "ტრადიციულად" მოწყენისა და მოდუნების შესაძლებლობა არ მოგვცა. თუ უწინ ამა თუ იმ პოლიტიკური მოვლენის ირგვლივ "ვნერვიულობდით", ამჯერად ეკონომიური ხასიათის თავის ტკივილიც მოგვემატა - ჩვენი თანამემამულეების უდიდეს ნაწილს კალკულატორები ჰქონდა მომარჯვებული და ახალ რეალობასთან დაკავშირებით საკუთარ ფინანსურ გასავალ-შემოსავალს გულდასმით ანგარიშობდა.

"საფინანსო აჟიოტაჟის" პიკი კი ხუთშაბათს დადგა, როდესაც ლარმა ლამის ერთ დროს ყველასათვის "საყვარელი" კუპონის "გმირული გზა" გაიხსენა და "ერთდღიანი" გაუფასურების ყოველგვარი რეკორდები მოხსნა. ეს ფინანსური კოლაფსი ისეთი თვალსაჩინო გახლდათ, რომ მთელი ერი, დიდიან-პატარიანად, ოპოზიცია-პოზიციის წარმომადგენლებიანად ლარის მოსალოდნელ ბედზე ალაპარაკდა.

ვფიქრობ, რომ კურსის ეს "უცნაური" ცვლილება ხელოვნურად გამოწვეული გახლდათ და ამისთვის პასუხი დამნაშავეებმა უნდა აგონ.

ბოლოსა და ბოლოს ხელისუფლებამ ხალხისთვის მოიცალა. ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში სოკოებივით მომრავლებული და ყოველდღე ტელეეკრანებიდან "მომღიმარი" სწრაფი სესხების ონლაინკომპანიებს საქართველოში მუშაობა შეეზღუდებათ.

კვირიკაშვილმა თავიდან კი თქვა, საერთოდ ავკრძალავთო, მაგრამ მერე არ ვიცი, გადაიფიქრა, არ ვიცი, თავდაპირველად აურია რაღაც...

მოკლედ, საბოლოოდ, როგორც გაირკვა ამ ვაიბიზნესს მნიშვნელოვნად შეზღუდავენ, რაც ნამდვილად მისასალმებელი გადაწყვეტილებაა.

მეეჭვება მსოფლიოში სადმე ამ სახის ფინანსურ ერთეულებს სესხებისთვის ამხელა პროცენტები ჰქონდეთ დაწესებული. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ცივილიზებული მსოფლიოსგან განსხვავებით ბევრი რამ უკუღმართად არის მოწყობილი (ჩუმად წაიკითხეთ მაინც, ტუსკმა, მოგერინიმ და სტოლტენბერგმა არ გაგვიგონ). არ შეიძლება ადამიანმა ერთი თვით 200-300 ლარი ისესხოს, თანხა დროზე ვერ დააბრუნოს და შემდეგ, სადღაც ნახევარ წელიწადში 1000 და მეტი ლარი ჰქონდეს გადასახდელი. სამწუხაროდ, ეს რეალობაა...

ხალხის რეაქციამ კი გამაკვირვა. ამ კომპანიების საქმიანობის "ქორვაჭრული" სტილი ჩვენი მოსახლეობის დიდ უკმაყოფილებას იწვევდა და იწვევს. ამის მიუხედავად ამ ფირმებს "მუშტარი" არ აკლიათ. მათი შესაძლო აკრძალვის ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მოსახლეობაში თავდაპირველად დადებითი ემოციები ჭარბობდა, მაგრამ... დროებით. გადახედეთ ქართულ სოციალურ ქსელებს, რამდენი მოთქმა-გოდებაა ამ ონლაინსესხების კომპანიების მოსალოდნელ გაქრობასთან დაკავშირებით. დაწესებული მაღალი პროცენტების მიუხედავად ისინი კარგ საქმეს მაინც აკეთებდნენ, რადგან მოულოდნელად "ჯიბის ფული" რომ დაგჭირვებოდა, რამდენიმე წუთში მას უპრობლემოდ იშოვიდი. ამ სახის მომსახურეობას "ოფიციალური ბანკებიც" ეწევიან, მაგრამ "ონლაინისტებს" სისწრაფეში მაინც ჩამოუვარდებიან.

ესეც ალბათ ქართული ხასიათის ბრალია.

მართლაც "ტრადიციული" ტენდენციები წავიდა ჩვენს ქვეყანაში. ჩაიარა საპარლამენტო არჩევნებმა და როგორც ადრეც არაერთხელ მომხდარა, უკეთესობის ნაცვლად ჯერჯერობით უკან-უკან მივდივართ.

მავანი "ნაციონალების" მმართველობის წლებს გაიხსენებს, ისე როგორც ზოგიერთი დღემდე კომუნისტების დროს მისტირის, და ნიშანს მოგვიგებს, - "არ გინდოდათ მიშაო?.."

თავად მიშას მის ყოფილ სამშობლოში დაფიქსირებულ "ფინანსურ კოლაფსზე" ჯერ "კომენტარი" არ გაუკეთებია. ამისთვის უბრალოდ ჯერ არ სცალია, - პოროშენკოს გადასაგდებად ემზადება, პარალელურად კი უკრაინულ მასმედიასაც "უტევს".

ჟურნალისტებთან მორიგი შეხვედრისას, ერთ-ერთმა მათგანმა ჰკითხა, კიევში მისი თავკაცობით გამართულ მიტინგზე ვისი ფინანსებით მიიყვანეს ხალხი. "თქვენ ამბობთ, რომ ადამიანებმა არ იციან, აქ რატომ მოვიდნენ? რას ამბობთ. ეს პროვოკაციები ბებიათქვენს მოუწყვეთ. ეს კახპები პოროშენკოს გარემოცვიდან არიან", - მიმართა სააკაშვილმა ჟურნალისტს.

ალბათ კომენტარი ზედმეტია. მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თავს თავადვე მიხედავს. დარწმუნებული ვარ, არ დაიკარგება და სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, წყალს ყველგან აურევს.

ჩვენ კი როგორმე უნდა გადავაგოროთ ახალი წელი და ძველებურად იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება!