"გრეჩიხიჩის" "გმირობა"და საშობაოდ გალახული გვარამია - კვირის პალიტრა

"გრეჩიხიჩის" "გმირობა"და საშობაოდ გალახული გვარამია

უპირველესყოვლისა 2017 წლის დადგომას გილოცავთ. იმედი მაქვს, მიმდინარე წელი ბოლოს და ბოლოს თქვენი ოცნებების განხორციელების დასაწყისად იქცევა. სამწუხაროდ, პოლიტიკამ ტაიმ-აუტის აღება არ იცის. მისთვის არც ახალი წელი არსებობს და არც შობა, მუდმივად "მოქმედებაშია" და სად რა სიურპრიზს მოაწყობს, კაციშვილმა არ იცის.

ჰოდა, ახალი წლის პირველ დღეებს ისეთი პირი უჩანს ჟურნალისტებს მთელი წელი საკბილო არ მოაკლდებათ.

"ნაცმოძრაობაში" მონასტერი ისე ირევა, უკვე შეუძლებელი ჩანს მისი დალაგება, ციხიდან გამოსულმა უგულავამ კი გვითხრა, ვეცდებიო, თუმცა, ვფიქრობ, ეს სულ ყასიდად ნათქვამი იყო, რეალურად კი მთელი აურზაურის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი სწორედ ისაა... აბა, ტყუილად ხომ არ ეღირსა თავისუფლება?

მოკლედ, გვარამიას "გრეჩიხიჩის" მიერ ცემას თუ ცოტა ხანს დავივიწყებთ, გასული კვირის მთავარი მოვლენა, რაღა თქმა უნდა, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საპატიმროდან გათავისუფლებაა. ამ ფაქტმა ქართული საზოგადოების დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ნაწილი მიესალმა, ნაწილმა კი ამჟამინდელი მთავრობის მოქმედება სასტიკად დაგმო. ფაქტია, თბილისის ყოფილი მერი დამნაშავეა და ამისთვის პასუხი მკაცრად უნდა ეგო. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სამართალს ორმაგი სტანდარტი გააჩნია. იგივე უგულავამ არაერთ საკითხში (ჩამოთვლას არ დავიწყებ) საკუთარი ბრალეულობა აღიარა, მაგრამ ამით რა...

"ნაცმოძრაობის" მიშისტი წევრები ამტკიცებენ, გიგა ბოკერიას გუნდი (რომელშიც უგულავაც მოიაზრება) მთავრობასთან ფარულ გარიგებაში შევიდაო. ფაქტია, რომ 20 იანვრისთვის დანიშნულ "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე არაერთი "საინტერესო" მოვლენის მომსწრენი გავხდებით.

უგულავასთან ერთად ბრალდებები მოუხსნეს დავით კეზერაშვილსაც. სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი რიყის ეპიზოდთან დაკავშირებით გაამართლა და მისთვის შეფარდებული პატიმრობა გააუქმა.

რა ხდება გამაგებინეთ? ეს ჩემი პირადი აზრია, მაგრამ ამ ორ ადამიანს არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი და მათი გათავისუფლება იქნებოდა? უგულავა-კეზერაშვილმა უამრავი ადამიანი გააუბედურა და ამ ხალხმა სამართალი სად იპოვოს?

თუ ადამიანებს პირადი შურისძიებისკენ უბიძგებთ?

ამ ხელისუფლების გადამკიდე, ამის მაგალითები, იცოცხლე, გვაქვს. სხვას თუ თავი დავანებოთ, აგერ რამდენიმე დღის წინ, შობის დღესასწაული კიდევ ერთი "სკანდალით" დასრულდა. "რუსთავი 2"-ის გენდირექტორ ნიკა გვარამიას ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი, რატი თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ფიზიკურად გაუსწორდა. ექსპოლიტიკოსის შვილმა ეს ნაბიჯი სწორედ პირადი შურისძიებით ახსნა.

"ღიად ვაცხადებ: ეს შემთხვევა, რომელიც რესტორანში მოხდა იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან. ჩემს გარდა იმ ინციდენტში არ მონაწილეობდა არავინ", - დაწერა რატი გაჩეჩილაძემ.

რასაკვირველია, კაცის საჯაროდ ცემა დასაგმობი ფაქტია და მას გამართლება არ აქვს. მაგრამ მოდით, ამ ამბავს მეორე კუთხით შევხედოთ.

წინა მთავრობის წარმომადგენლებს ხელისუფლებაში ყოფნის წლებში არაერთი დანაშაული აქვთ ჩადენილი. იგივე კეზერაშვილისა და უგულავას მაგალითებზე ვრწმუნდებით, რომ ამჟამინდელი მთავრობა სამართლის აღდგენისათვის აქტიურ ნაბიჯებს ვერ ან არ დგამს. რა რჩება? რა და თავის დროზე გამწარებული ხალხის პირადი შურისძიება. ეს საშიში ტენდენციაა და არის ალბათობა, რომ ჩვენს ქვეყანაში ეპიდემიასავით გავრცელდეს. აქვს იგივე გიგი უგულავას გარანტია რომ თბილისში მისგან გაუბედურებულ ადამიანს არ წააწყდება და გვარამიასავით არ გაილახება?.. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დროა ხელისუფლებამ სამართლის აღდგენის პროცესს ბოლოსა და ბოლოს თავი მოაბას, კანონის ყველა დამრღვევი კი მკაცრად დაისაჯოს!

ისევ "ნაციონალებს" რომ დავუბრუნდეთ, კარს მომდგარი ყრილობის წინ რატიანი რიგი წევრების საარჩვენო სიიდან ამოღებას ცესკო-ს სთხოვს, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეს ნიკა მელიას კი, რომელმაც ბოლო დღეებში მიშისტების ფრთისკენ ისკუპა, თანამდებობიდან უშვებენ...

მოკლედ, ბრძოლა "ნაცებს" შორის ძალაში შედის, გამარჯვებული ვინ დარჩება, ამას მალე ვნახავთ.

პ.ს. დასასრულ კი ერთ-ერთი "ფეისბუკმომხმარებლის" სახუმარო სტატუსს გთავაზობთ: "გიგი უგულავამ თქვა, გველი გამიზრდია უბეში, არადა, მელია მეგონაო..."

იხილეთ ასევე: "მე რამდენჯერ მცემეთ? ძვლებს რომ მიმსხვრევდით, მაშინ რატომ არ გმობდით ძალადობას"? - როგორ ეხმაურებიან გვარამიას ცემას "ფეისბუკში"?