"სანდრას მამამ ჰოლანდიაში სახლი და აგარაკი მაჩუქა" - მიშას გულუხვი სიმამრი, "ჭკვიანი" დონალდი და უფრო ჭკვიანი "ვირუკელა სანდრო" - კვირის პალიტრა

"სანდრას მამამ ჰოლანდიაში სახლი და აგარაკი მაჩუქა" - მიშას გულუხვი სიმამრი, "ჭკვიანი" დონალდი და უფრო ჭკვიანი "ვირუკელა სანდრო"

ნება მომეცით, ჩემი სტატია სამშობლოდან "ლტოლვილი" მიხეილ სააკაშვილით დავიწყო. რამდენიმე დღის წინ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინულ ტელეკომპანია "Zik"-ს ინტერვიუ მისცა.

ყოფილმა პირველმა აღნიშნა, რომ შორეულ ჰოლანდიაში საკუთარი აგარაკი და სახლი აქვს, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაშიც აღარ დაედგომება, ევროპის ამ ქვეყანას მიაშურებს და იქ საკუთარი კუთხე ექნება.

საინტერესოა, რომ უძრავი ქონება ბატონ მიხეილს თურმე სიმამრმა, სანდრა რულოვსის მამამ აჩუქა.

"სანდრას მამამ ჰოლანდიაში სახლი და აგარაკი მაჩუქა. ამ ქვეყანაში უძრავ ქონებას ვერ შევიძენდი. მოგეხსენებათ ფული საერთოდ არ მაქვს და რა თანხებით ვარსებობ, მეც არ ვიცი. მე და სანდრას ფულის მიმართ სიყვარული არასოდეს გვქონია. გაგიკვირდებათ და ერთი ჩვეულებრივი ღარიბი ადამიანი ვარ. თავის დროზე, წინა საუკუნის 90-იან წლებში სიმამრმა ბინა თბილისშიც მაჩუქა. არასოდეს მიცხოვრია იქ და სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი სად მდებარეობს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რას ერჩით სააკაშვილს... ადამიანს საარსებო წყარო არ გააჩნია და ბინებსაც სამადლოდ სიმამრი ჩუქნის. ამაზე ითქმის ალბათ, ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო.

წინა კვირას აშშ-ში "მიშიკოს" "ძმაკაცი" დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართა, რომელსაც სააკაშვილი დაესწრო თუ არ დაესწრო ლამის გვირილაზე სამკითხაო თემად იქცა და ეშმაკმაც კი ვერ გაარკვია.

ამერიკული მასმედიის ინფორმაციით, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა პირველი სამუშაო დღე ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ოფისში გაატარა. "ამ მოვლენამდე" ცოტა ხნით ადრე, გავრცელდა "ჭორი", რომ ტრამპი სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებული ხალხის მაქსიმალურად შემცირებას გეგმავდა. ამას "არ დაემორჩილა" "ცე-რუ-უს" ამჟამინდელი "შეფი" ჯონ ოუენ ბრენანი, რომელმაც "მე და ჩემს ხალხს თითსაც ვერავინ დაგვაკარებსო", - განაცხადა. ამ "დემარშზე" ტრამპი ბრენანს სამსახურიდან გათავისუფლებას "შეპირდა".

საბოლოოდ ორი "მოწინააღმდეგე მხარე" ერთმანეთს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ოფისში შეხვდა და "იქიდან" გამოსული ინფორმაციით დროებითი ზავი ჩამოაგდო. საინტერესოა, რომ ბრენანი-ტრამპის შეხვედრა "ასი ათასი" ამერიკელი ქალის საპროტესტო მანიფესტაციის ფონზე მიმდინარეობდა. მოგვიანებით ტრამპს "განრისხებული", თანამემამულე, "სუსტი სქესის" წარმომადგენელთა "თავყრილობაზე" ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია და "მოკრძალებული დუმილი" არჩია.

ბრენანი და მისი თანამშრომლები სამსახურის დატოვებას დროებით კი გადაურჩნენ, მაგრამ აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა საკუთარი კლანჭები უკვე გამოაჩინა და მსოფლიოში მომუშავე აშშ-ის 80-მდე სრულუფლებიანი ელჩი უმუშევარი დატოვა.

გამოცემა "The Independent"-ის მტკიცებით, პრეზიდენტმა-მილიარდერმა თავის დროზე ბარაკ ობამას მიერ დანიშნულ ყველა ელჩს გათავისუფლების განცხადების დაწერა მოსთხოვა. საინტერესო ის გახლავთ, რომ ეს ადამიანები სამსახურიდან კი გაათავისუფლა, მაგრამ შემცვლელების დანიშვნამდე მუშაობის გაგრძელება კატეგორიულად უბრძანა.

ამერიკულ მასმედიაში კი, დონალდ ტრამპის გამონათქვამების "ახალი სერია" გამოქვეყნდა. ალბათ საინტერესო იქნება ზოგიერთი მათგანის გაცნობა:

"მედიას ხშირად იმ გიჟად გამოვყავარ, ცეცხლს რომ ისვრის. სინამდვილეში, მგონია, რომ ასეთი საერთოდ არ ვარ. ვფიქრობ, აბსოლუტურად არასწორად მაჩვენებენ".

"ჩემს ორგანიზმში ის ძვლები არ არის, რასიზმზე რომ უნდა აგოს პასუხი".

"მე ძალიან ჭკვიანი ბიჭი ვარ".

"ჭკვიანი ვარ. ვიღაცა იტყვის კიდეც, რომ მე ძალიან, ძალიან, ძალიან ჭკვიანი ვარ".

"ზოგჯერ იყო ცოტათი გიჟი, სასარგებლოა".

"ტრამპი" - ეს შოუს სახელია და მასზე ბილეთები ყოველთვის გაყიდულია".

მიმდინარე წლის აპრილში საფრანგეთში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ფრანგი პოლიტიკური მიმომხილველების მტკიცებით, გამარჯვების კარგი შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთ კანდიდატს, ქალბატონ მარინ ლე პენს გააჩნია. რამდენიმე დღის წინ, ქალბატონმა მარინმა თანამემამულე ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მარინ ლე პენმა პირდაპირ განაცხადა, რომ საფრანგეთის პირველ პირად არჩევის შემთხვევაში ყირიმს რუსეთის ტერიტორიად ოფიციალურად აღიარებს. ამის გარდა, შეეცდება ამ ქვეყანასთან კიდევ უფრო დაახლოებასა და რუსეთის მიმართ დაწესებული სხვადასხვა სანქციების გაუქმებას.

მოკლედ, უახლოეს მომავალში მსოფლიოში "საინტერესო მოვლენები" გველის.

დღევანდელი წერილის დასასრულს ერთ საინტერესო ინფორმაციას გაგაცნობთ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოყო დაფინანსება ძალადობის მსხვერპლად ქცეული სახედრებისთვის საცხოვრებლის მოსაწყობად.

ამ "ნიუსმა" ერთი ჩვენი თანამემამულე გამახსენა.

რამდენიმე წლის წინ ტელეკომპანია "რუსთავი - 2"-ის ეთერში გადიოდა პოპულარული გადაცემა, რომლის მთავარი გმირიც "ვირი სანდრო", იგივე გიგა ნასარიძე გახლდათ.

როგორც გაირკვა, ჩვეულებრივი ვირუკელები გაცილებით ხშირად განიცდიან დამცირებასა და დაცინვას თავიანთი პატრონებისგან, ვიდრე ნებისმიერი სხვა შინაური ცხოველები.

ცნობილი გახდა, რომ ისრაელში უკვე 30-ზე მეტი "განაწყენებული" სახედარი გადის ინტენსიური თერაპიის კურსს, ბუნების, დაცვისა და სასოფლო-სამეურნეო უწყების საჩიხეებში.

კულუარული ინფორმაციით, ისრაელში მკურნალობის სრული კურსის გასავლელად "ვირუკელა სანდროც" აპირებს გამგზავრებას. მისი გამოჯანსაღების სრული პროგრამის დაფინანსებას ისრაელის სახელმწიფო გამოყოფს.