შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დისკრიმინაცია საქართველოში - კვირის პალიტრა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დისკრიმინაცია საქართველოში

რამდენიმე კვირის წინ აღშფოთებას ვერ ვმალავდი სტატიაზე, რომელშიც აღწერილი იყო, როგორ გამოთქვამდნენ პროტესტს გაცოფებული მშობლები იმაზე, რომ მათ მეზობლად, სკვერში დადგეს საქანელა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვებისთვის.

საუბარია დიდუბის სკვერზე, სადაც დაიდგა საქანელა შშმ ბავშვებისთვის, რის შემდეგაც მშობლებმა გამოიძახეს პატრული და როდესაც ორგანიზატორი ფონდის წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ, საქანელა უკვე ჩამოხსნილი დახვდათ…

ისინი მოითხოვდნენ, რომ "ასეთი" ბავშვებისთვის ცალკე სკვერი გაეკეთებინათ და მათ შვილებს "ისინი" არ უნდა დაენახათ, რაკი მათ ფსიქიკაზე ცუდად მოქმედებდა.

სტატიამ ჩემზე საშინლად იმოქმედა და გამახსენდა , როგორ მიკვირდა რამდენიმე წლის წინ ის, რომ ჩვენ გაცილებით ნაკლები შშმ ადამიანი გვყავდა, ვიდრე ევროპის ქვეყნებში მხვდებოდნენ.

ნელნელა მივხვდი, რომ პროპორციულად მათი რაოდენობა იგივეა, უბრალოდ ჩვენ მათ ვმალავთ! და ეს არის ყველაზე გულდასაწყვეტი ფაქტი და შეიძლება ითქვას ჩვენივე სიბნელის მკვეთრი გამოხატულება.

ჩემი ემოცია კიდევ უფრო გაამძაფრა სოციალურ ქსელში გავრცელებულმა სტატუსმა იმის შესახებ, როგორ არ გაატანეს დედას კაბა მაღაზიის კარამდე და სავარძელში მჯდომი ბავშვი ამაოდ ცდილობდა ვიტრინაზე თავმიდებული – კაბა შეეფასებინა, რომელსაც დედა მაღაზიიდან აჩვენებდა, რაკი გარედ გატანა არ შეიძლებოდა (!)…

და ვერც კი ვიფიქრებდი, თუ მსგავს სიტუაციაში თავადვე აღმოვჩნდებოდი.

რამდენიმე დღის წინ გავიდა კიდევ 6 თვე ჩემი ბოლო პროფილაქტიკური ანალიზებიდან და წავედი კლინიკაში, სადაც დაზღვევის ფარგლებში ანალიზების უფასო აღება შემეძლო.

შევედი პალატაში და "სისხლის ამღებს" ვთხოვე, რომ რაკი ისედაც მიღებდა სისხლს, ამავე ჩხვლეტის ფარგლებში (სისხლის აღების – დღემდე პატარა ბავშვივით მეშინია) HIV, იგივე შიდსის ანალიზიც გაეკეთებინათ. აღმოჩნდა, რომ ეს ანალიზი ჩემი დაზღვევის უფასო ანალიზებში არ შედიოდა და ამისთვის ცალკე უნდა გადამეხადა… რაკი ორჯერ გასვლა დროს გაზრდიდა და რიგს დააყენებდა, ვთხოვე, რომ წინასწარ აეღო სისხლი ამისთვისაც და შემდგომ შემოვუტანდი გადახდის ფურცელს, ან თუ "გადამგდები" აღმოვჩდნებოდი და გავიპარებოდი, უბრალოდ გადაეღვარა ჩემი სისხლი.

- ამას მე ვერ გადავწყვეტ – განაცხადა ქალბატონმა და გავიდა მიმღებში, საკითხის გასარკვევად.

მიმღები ჩემი პალატიდან ზუსტად 5-6 მეტრში იყო, ღია კარიდან კი მეც და რიგში მდგომი 6 ადამიანიც კარგად მოჩანდა.

ქალმა ხმამაღლა ჰკითხა მიმღების ქალს, რომ შიდსზეც მინდოდა ანალიზი და როგორ მოქცეულიყო.

მომენტალურად მოტრიალდა 6 თავი ისეთ სინქრონში, რომ მოცეკვავეებსაც კი შეშურდებოდათ და დამიწყეს ზიზღნარევი სიბრალულით თვალიერება, ვინ იცის რა ფიქრები უტრიალებდათ თავში:

- ალბათ, რაკი ანალიზებს იკეთებს – სიმპტომებიც აქვს შიდსის;

- შიდსის ანალიზს რომ იკეთებს, ღმერთმა უწყის როგორი გარყვნილი ცხოვრებით ცხოვრობს!

- ალბათ უკვე აქვს შიდსი და კიდევ რამეს ამოწმებს…

მოკლედ, იმ წუთას თავი კედლისკენ მივატრიალე და არ ვიცოდი – სად დავმალულიყავი! და მომენტალურად თვალწინ დამიდგა ადამიანები, რომლებსაც რეალურად აქვთ ეს დაავადება და ალბათ როგორ გარიყულობას განიცდიან საზოგადოებისგან, როცა დაავადება ჰაერით, ხელის ჩამორთმევით და ა.შ. არ გადადის…

ერის ბნელი ნაწილი, ზუსტად ისინი, ვინც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ცალკე სკვერის გაკეთებას ითხოვდნენ, ალბათ ვერც აცნობიერებს, რომ ნორმალურმა ადამიანმა პროფილაქტიკის მიზნით საშუალოდ 6 თვეში ერთხელ, აღნიშნული ანალიზები უნდა ჩაიტაროს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას რამე პრობლემა აქვს.

როცა ანალიზების პასუხი მომივიდა, მინდოდა სახეზე ამეფარებინა იმ 6 ადამიანისთვის, ვინც წინა დღეს ისე მათვალიერებდა, როგორც საშინელ არსებას, რომელსაც არც უნდა გაეკარო – მხოლოდ იმიტომ, რომ 6 თვეში ერთხელ ჩემ ჯანრმთელობას ვამოწმებ.

და გამახსენდა ერთი ფაქტი, როგორ თქვა ჩემი მეგობრის კლასელმა, სასკოლო კლასის შეკრებაზე უარი და მიზეზიც მარტივად ახსნა:

- მე არ წამოვალ! იქ ნინოც იქნება, რომელსაც დედობა აქვს ჩამორთმეული, მე და ბოზი ერთ მაგიდასთან ვერ დავსხდებით!

შიდსის და შეზღუდული შესაძლებლობების რა გიკვირთ, როცა "ბოზობაც" გადამდები ყოფილა…

გურამ შეროზიას ბლოგი