“საბის” მკვლელობა, ბედნიერი ერი და “მიფუჩეჩებული” ათი მცნება, ანუ გვეშველება რამე?! - კვირის პალიტრა

“საბის” მკვლელობა, ბედნიერი ერი და “მიფუჩეჩებული” ათი მცნება, ანუ გვეშველება რამე?!

რამდენიმე დღის წინ, ნიუს პორტალებზე, ტელევიზიებში და სოციალურ ქსელებში – გავრცელდა ინფორმაცია პეკინზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის შესახებ, რომელსაც ბუნებრივია, ერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ხალხი გამოთქვამდა მწუხარებას აღნიშნული ფაქტის შესახებ, უსამძიმრებდა ოჯახს, ა.შ.

დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ მოკლული ახალგაზრდა – ტრანსგენდერი ბექა ბერიანი, იგივე "საბი" აღმოჩდა… ჩემმა აღშფოთებამ პიკს მიაღწია, როცა გადავაწყდი შემდეგი სახის კომენტარებს:

  • ერთი "პიდარასტით" ნაკლები ეყოლება საქართველოს;
  • დაილოცოს მკვლელის მარჯვენა;
  • ეს ერთი და სხვა მრავალი, ყველა "ასეთი" ადამიანი, მსგავსი ფორმით სიკვდილს იმსახურებს;
  • ალბათ მიზეზს მისცემდა და დაიმსახურებდა სიკვდილს;
  • აბა რა ეგონა, საზოგადოებას რომ იწვევდა/აღიზიანებდა, დაეტიონ თავისთვის და არ გამოჩნდნენ ხალხში…

არ ვიცი, რა კომენტარი შეიძლება გააკეთო საზოგადოებაზე, რომელიც დღემდე ასე "აზროვნებს", რომელიც თვლის, რომ ყველა, ვინც გარკვეული თუ გაურკვეველი მიზეზების გამო არ მოგვწონს – ასეთ სიკვდილს იმსახურებს?!

მეც მინახავს საბი, სხვადასხვა გადაცემაში, მისი ზედმეტად "ჰაეროვანი" და გამომწვევი მანერები, მეტყველება და არც ისე "მჩქეფარე" ინტელექტის დონე – მეტნაკლებად ჩემთვისაც გამაღიზიანებელი იყო, მაგრამ როგორ შეიძლება ფეხებზე გვეკიდოს და მით უმეტეს – გაგვიხარდეს ადამიანის სიკვდილი, ვინც არ უნდა იყოს და როგორიც არ უნდა იყოს ის?!

არ მინდა აგრესიას აგრესიითვე ვუპასუხო და მაინც, ყველა ამ კომენტარის ავტორი, ხომ იმსახურებთ მინიმუმ ერთ ტრანსგენდერ შვილს ოჯახში? და საინტერესო იქნება, როცა/თუ მას ვინმე რამეს დაუშავებს (სიკვდილის მაგალითი არ მინდა მოვიყვანო) გექნებათ თუ არა იგივე რეაქცია, დალოცავთ თუ არა მოძალადის მარჯვენას, ან ზოგადად, რა რეაქცია გექნებათ, როცა საზოგადოება თქვენს უბედურებას – პოზიტიურ მოვლენად აღიქვამს?!

და კიდევ, მემარაზმება მსგავსი ფაქტების საკუთარი თავის "პრომოუშენისთვის" გამოყენება, ბიბლიით ხელში ჯდომა კამერის წინ და ათი მცნების მიფუჩეჩებაზე საუბარი… არ მინდა კონკრეტული გვარ-სახელების განხილვა, მარტივი მისახვედრია – რასაც ვგულისხმობ, უბრალოდ ყველამ კარგად ვიცით, რომ ამით საზოგადოებას ვერ გამოვასწორებთ, პირიქით… ხოლო, როცა გამოსწორება საერთოდ არ გვადარდებს და პროვოცირებას ვცდილობთ – არ ვიცი რა კომენტარი გავაკეთო ამ თემაზე.

და ბოლოს, მრცხვენია, რომ ვცხოვრობ საზოგადოებაში, სადაც მისი დიდი ნაწილი მკვლელობას "ღირსების დაცვად", თუ სამართლის აღსრულებად აღიქვამს და ჩვენდა საუბედუროდ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ბნელა… ძალიან ბნელა!

გურამ შეროზიას ბლოგი