სამარცხვინოა თუ არა "დედიკოს ბიჭობა"? ცუდი შვილის "აღსარება" - დედის დღესთან დაკავშირებით - კვირის პალიტრა

სამარცხვინოა თუ არა "დედიკოს ბიჭობა"? ცუდი შვილის "აღსარება" - დედის დღესთან დაკავშირებით

"დედიკოს ბიჭი" - ქართულ რეალობაში სალანძღავი ფრაზაა, თუმცა შევეცადოთ და უფრო სიღრმირეულად შევაფასოთ, რამდენად უხერხულია, იყო დედიკოს ბიჭი.

ტერმინს თუ ჩავუღრმავდებით, "სამარცხინო დედიკოს ბიჭები" გამოირჩევიან დედასთან ახლო ურთიერთობით, მათთვის დედის აზრი მნიშვნელოვანია, უყვართ, როცა მასზე დედა ზრუნავს, აქვს ხშირი ურთიერთობა, ა.შ.

იმისთვის, რომ უფრო სწორად შევაფასოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები, განვიხილოთ მაგალითის საფუძველზე. კრიტერიუმების განხილვის შედეგად, მარტივად დასაბუთდება, რომ მეც "დედიკოს ბიჭი" გამოვდივარ, შემდეგ მიზეზთა გამო:

• მე დავდივარ დედასთან ერთად თეატრში, კინოში, კაფეში, ვსეირნობ ქუჩაში, ვუყვები ჩემი პრობლემების შესახებ და რჩევასაც ვეკითხები გარკვეულ საკითხებში;

• მოგზაურობებისას, მე ვატარებ მეტ დროს ქალების სექციაში და დავსდევ დედაჩემის მსგავსი აღნაგობის ქალებს, რომ მივაზომო ტანსაცმელი და ჩამოსვლისას მისი გარდერობი სხვადასხვა ევროპული და ამერიკული ტანსაცმლით "გადავავსო";

• ბოლო სამი წელია დავნერგეთ ტრადიცია, ზაფხულობით მე ვმოგზაურობ დედასთან ერთად, ახლომდებარე ქვეყნებში: აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და ნამდვილად უკონკურენტოა თანამგზავრობაში;

• ყოველ საღამოს, თუ პირადად არა, გვაქვს კონტაქტი ტელეფონით და "ვაბარებ განვლილი დღის ანგარიშს", რომელიმე ქვეყანაში ჩასვლისას პირველს დედას ვწერ ფეისბუქზე, ან სმს-ად, რომ კარგად ვარ…

მოგზაურობაზე გამახსენდა, ყოველი მორიგი მოგზაურობის დაგეგმვის წინ, მაქვს მცირე ხანგრძლივობის კონფლიქტი დედასთან, მაგალითად, ვიღებ თვითმფრინავის ბილეთს, რომელსაც აწერია სტამბული და ვეუბნები, რომ 1 კვირით გადავწყვიტე სტამბულში დასვენება.

• რით არ მოგბეზრდა ეს ქალაქი, ან ასე ძალიან რამ გაგაგიჟა, ან ფრენა არ გეზარება… მოკლედ მიდის პროპაგანდა, რომ სტამბული ცუდია და რით ვერ დავეტიე სახლში.

თუმცა, მომენტალურად ყველაფერი იცვლება, როცა მეორე, აწ უკვე დედაჩემის ბილეთს ვიღებ და იგებს, რომ თურმე ისიც ჩემთან ერთად მოდის. ახლა უკვე სტამბული საუკეთესო ქალაქი ხდება, არც ფრენაა საშიში, სულ რომ ასჯერ წავიდეთ, მაინც საინტერესო ქალაქია და ა.შ. მეცინება ხოლმე და ვიწყებთ სამზადისს.

ფრენის პროცესიც სახალისოა. საკმარისია, რამდენჯერმე შეირყეს თვითმფრინავი, რომ ყოველ ათ წუთში მაღვიძებს, რომ ვკვდებით, რა დროს ძილია, პრობლემებია, ა.შ. ამის მარტივი გადაწყვეტაც არსებობს: ვუკვეთავ ორ-სამ ჭიქა ვისკის, სვამთ და ამის შემდეგ უკვე მე ვაღვიძებ ჩაფრენისას.

ალბათ მეგობრობაც ადრეული ბავშვობიდან იღებს სათავეს:

• ჩვენ ერთად ვმეცადინეობდით ადრეულ კლასებში "ლამპის" შუქზე, როცა წესით, სამსახურიდან მოსულ, დაღლილ დედას უნდა დაესვენა და დამატებით შრომის ენერგია არ ჰქონდა…

• ჩვენ ერთად ვარჩევდით წიგნებს, რომელიც უნდა წამეკითხა და სწორად შერჩეული წიგნების დამსახურებით, მქონდა პერიოდები, როცა გადიოდა დღეები და მე სახლიდან არ გავდიოდი, იმისთვის, რომ კონკრეტული წიგნების კითხვა დამესრულებინა…

• დედის აგიტაციით დავდიოდი სიმღერაზე, ცეკვაზე, ფორტეპიანოზე, ჭადრაკზე და კიდევ ათას რამეზე და დღეს ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

• დედა მიქმნიდა მოტივაციას, რომ კარგად მესწავლა, რაკი თუ ჩემ თავზე თავადვე არ ვიზრუნებდი, არაფერი გამომივიდოდა;

• დედა კითხულობდა ჩემ პირველ "ნაჯღაბნებს" და მაძლევდა მოტივაციას, რომ მეწერა და განვვითარებულიყავი;

• როცა მოწევა დავიწყე, ორივე ერთად ვუმალავდით მამას და ეს არ იყო მოწევის აგიტაცია, არამედ ის, რომ მას ერჩივნა მისი თანდასწრებით და დოზირებულად გამეკეთებინა ის, რასაც აკრძალვის შემთხვევაში, მის ზურგს უკან მაინც გავაკეთებდი;

• დედამ გამიგო, როცა დამოუკიდებლობის წყურვილით შეპყრობილი, 18 წლის ასაკში სახლიდან გავიქეცი, მარტო ცხოვრება გადავწყვიტე და ფინანსურადაც მეხმარებოდა (მშუამდგომლობდა მამასთან) და არასდროს ჰგავდა დედებს, რომლებით "რა დაგაკელი შვილო" ფრაზებით მოთქვამენ, როცა მათი 40 წლის შვილი მარტო ცხოვრებას წყვეტს…

ახლა გავიზარდე, დედა ისვენებს, არ ერევა პროცესებში და უბრალოდ ტკბება იმ შედეგებით, რასაც ოდესღაც, თავად ჩაუყარა საფუძველი ჩემში, ხანდახან ნერვიულობს, ასევე, ყველაზე მეტად მას სწყინს ჩემ აქტივობებზე ყველა ნეგატიური გამოხმაურება, თუმცა მიწევს ანგარიშს და არ ეხმაურება.

და აქვე:

• დედაჩემი ყველაზე ლამაზია, არა იმიტომ, რომ მე მას ვგავარ, უბრალოდ არის და მორჩა! ჟ

• დედაჩემი ფიცხიც არის, ესეც ჩემსავით, უბრალოდ ვანაცვლებთ ხოლმე, როცა ერთი მხარეა "აღელვებული" მეორე ვუთმენთ, როცა მეორე მხარე - პირიქით და მარტივად ვგვარდებით;

• დედაჩემი ცნობისმოყვარეა - საკმარისია ფეისბუქზე ფოტო დავდო მისთვის უცნობ გოგონასთან ერთად და მომენტალურად, მისი ფოტოალბომები შესწავლილი აქვს…

• მზრუნველიც - ხანდახან გული მწყდება, რომ ავად არ ვხდები ხოლმე… საშინლად სასიამოვნო პროცესია, როცა სიცხიანი საწოლში წევხარ, გარშემო ახლად მომზადებული კერძების, ცხელი კომპოტის სურნელი ტრიალებს, სახლში თბილა და შენც არ გეშინია, არაფრის დედამიწის ზურგზე…

ეჭვიც არ მეპარება, ვინც ახლა ამ წერილს კითხულობთ, ყველა თქვენგანის დედა ყველაზე მზრუნველი, ლამაზი, მეგობრული, თბილი და საუკეთესოა და მე არ გეკამათებით, ეს სუბიექტური დამოკიდებულების ყველაზე სასიამოვნო და ლამაზი გამოვლინებაა.

ადრეულ ასაკში ყველას გვაქვს პერიოდები, როცა ჩვენი თავი გვგონია ყოველთვის მართალი, ხოლო მშობლები - მტრები, ვეკამათებით, გულს ვტკენთ, მერე ვნანობთ.

ახლაც ბევრი ადამიანი მინახავს, ვისთვისაც დედასთან მეგობრობა სამარცხვინოა, განსაკუთრებით - ადრეულ ასაკში, შესაბამისად, დიდი სიამოვნებით გავხდებოდი ასეთი ხალხისთვის მაგალითი და ვეტყოდი, რომ მე ვარ "დედიკოს ბიჭი" ჩემი დამოკიდებულებით და ამის არ მრცხვენია, პირიქით, მეამაყება და იგივესკენ მოგიწოდებთ ყველას.

სამწუხაროდ დედას ხშირად ვანერვიულებ: როცა ვმოგზაურობ და ტელეფონი მიჯდება, როცა სამ საათს ვვარჯიშობ და მერე მშიერი ვიძინებ, როცა სახლში გვიან მივდივარ, ან არ მივდივარ, როცა ბევრს ვეწევია ან ვსვამ, მისთვის უცხო გარემოში, როცა საჭესთან ვარ და გარეთ თოვს ან ყინავს, როცა მორიგი ბლოგ პოსტის შემდეგ ერი უკანასკნელი სიტყვებით მლანძღავს, როცა ჩემთან არის და სახლში დაღლილი და მოწყენილი ვბრუნდები, ა.შ.

მე არ ვარ კარგი შვილი, მაგრამ მე ვცდილობ…

გილოცავთ 3 მარტს, ყველა დედას და ყველა შვილს!

გურამ შეროზიას ბლოგი