ქართული სერვისის ორი "მარგალიტი", ანუ კეთილი და ბოროტი მომსახურე პერსონალი საკვებ ობიექტებში - კვირის პალიტრა

ქართული სერვისის ორი "მარგალიტი", ანუ კეთილი და ბოროტი მომსახურე პერსონალი საკვებ ობიექტებში

ზაფხულის თბილი საღამო იყო, როცა სემესტრის ბოლოც დადგა და ტრადიციულად, უნივერსიტეტიდან გამოსული, ჩავუყევი ვაკის პარკის გვერდით დაღმართს, სადაც შესვენებაზე გავდიოდი ხოლმე. ახლაც მომშივდა და მომენტალურად გამახსენდა რამდენიმე თვის წინ მომხდარი ინციდენტი ერთერთ საკვებ ობიექტში, რომელსაც იდეაში მაღალ ხარისხზე აქვს პრეტენზია, თუმცა რამდენად ხარისხიანია მომსახურება - თქვენ დაასკვენით.

შევუკვეთე ქათმის მწვადი, კარტოფილი და 3 ცალი ყველის ხინკალი. 4 საათი იყო, შესაბამისად ვთხოვე, რომ რაკი 5-ზე ლექცია მეწყებოდა, მაქსიმუმ 20-25 წუთში თუ მომიტანდნენ - მოემზადებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვაგან მომიწევდა ლანჩზე გასვლა.

დამიდასტურეს, რომ 15 წუთში ჩაეტეოდნენ. კარტოფილი და მწვადი დროულად მოვიდა, ჭამაც მოვასწარი და 5 საათს ათი წუთი აკლდა, როცა გადასახდელად მივედი. ბარათი ამოვიღე და გვერდით ხინკლიანმა მიმტანმა ჩამიარა და მაგიდაზე დამიდო.

  • როგორც უკვე გითხარით, ძალიან მეჩქარება და ხინკლის ჭამას ვერ ვასწრებ - ვუთხარი თავაზიანად
  • ეს ჩვენი პრობლემა არ არის, ჩვენ მოგიტანეთ - შეტევაზე გადმოვიდა გოგონა.
  • არც ჩემი პრობლემაა შევთანხმდით, შესაბამისად, წესით და რიგით ხინკლის თანხას არ უნდა ვიხდიდე (2 ლარზე იყო საუბარი, შესაბამისად, უფრო ფაქტი არ მომწონდა, ვიდრე თანხის გადახდა)
  • ოოოო! აიქნია ხელი გოგონამ. - შეუკვეთეთ, მოგიტანეთ და უნდა გადაიხადოთ კიდეც.
  • კაცო არ მაქვს ამ გადახდაზე პრობლემა, ფაქტი აღვნიშნე და უბრალოდ მწყინს - ვუთხარი ღიმილით, ნახევრად ხუმრობით.
და როცა ამ მომღიმარ-შეწუხებული სახით ვუყურებდი და ღიმილს და მობოდიშებას ველოდი, გოგონამ ირონიული ტონით, ცალყბად მომახალა:

  • ცივი წყალი გვაქვს მაცივარში! მერე მიმტან გოგონას ნიშნის მოგებით გადახედა მზერით: ნახე, ან ნაძირალას როგორ მივუჩინე თავისი ადგილიო. ისიც აჰყვა: რა ენა გაქვს გოგო ჰაჰაჰ. ბარ(ვუ)მენ გოგონას მაკა ერქვა, რესტორანს რაც შეეხება - დაიხურა, სავარაუდოდ, ცუდი მომსახურების გამო, ამავე ბრენდის ქვეშ კიდევ არსებობს რამდენიმე ობიექტი, თუმცა რაკი მთავარი დამნაშავე ლიკვიდირებულია - სახელს არ გავთქვამ, მხოლოდ ამჯერად, სხვა შემთხვევაში უკვე აღარც დასახელებას მოვერიდები.

საკვები ძალიან გემრიელი იყო, ბევრი ხორცით, ბოსტნეულით და საინტერესო სფაისებით საკურას გვერდით თეთრი საინტერესო წარწერა შევნიშნე, შევედი და "დავბინავდი". ჯერ იყო და მენიუ ლამის ინგრედიენტებამდე ავახსნევინე მიმტანს, უამრავი "ჩამჭრელი" კითხვით და ბოლოს მოპასუხედ მზარეული მოვითხოვე, მაინტერესებდა აქაც თვალში ნაცარს გვაყრიდნენ, თუ მართლა ჩინელი ამზადებდა. გამოვიდა ძალიან საყვარელი ჩინელი კაცი, იმდენად კომუნიკაბელური, რომ ფოტოც გადავიღე მასთან. გვერდით მიმტანი იდგა და მის ჩინურს თარგმნიდა, მოკლედ, ამ შემთხვევაში მე ვიყავი მწვალებლის როლში, თუმცა ეს საერთოდ არ ასახულა მათ კეთილგანწყობაზე, ფაქტობრივად, სხვისი ჭრილობები ამათ მომიშუშეს. მზარეულიც ჩინეთში ქართველ ელჩს უპოვნია და გადმოუცია განძივით, თუმცა ზუსტად ამ დიალოგის დროს ამომიტივტივდა ფაქტი, რომ ერთერთ ჩინურ რესტორანში არც ისე დიდი ხნის წინ 40 კაცი მოიწამლა, ანტისანიტარიის გამო… მე კიდევ იმდენად დაშინებული ვარ ხოლმე, რომ ყველა პროდუქტს ვადას ვუმოწმებ ჯერ. ჰოდა, ეს რომ ვახსენე, ისე აღშფოთდა ეს ჩვენი ბატონი ჩინელი, რომ ლამის ყურებით შემათრია სამზარეულოში, სამაგიეროდ დავმშვიდდი და პანიკის გარეშე მოვემზადე გამოსაკვებად.

საკვები ძალიან გემრიელი იყო, ბევრი ხორცით, ბოსტნეულით და საინტერესო სფაისებით. პორცია უზარმაზარი და ფასებიც მომეჩვენა, რომ ყველა ჩინურზე დაბალი იყო. მოკლედ, დიდი სურვილი გამიჩნდა მათზე ორი სიტყვით მაინც დამეწერა, მით უმეტეს, რომ როცა ასე კარგად გექცევიან ამდენი აგრესიული ობიექტის შემდეგ, რაღაცნაირად ორმაგად ხდები დამოკიდებული მათზე და ისევ მიდიხარ, ჰოდა, მიდით თქვენც. მერე, რომ მნახეს შებმული მომხმარებელი, ლანჩმენიუც გვაქვს და მოდიო, მაგრამ აბა სად ვიარო 1 საათიანი შესვენების ფარგლებში აბაშიძეზე, ამ სიშორეზე, გახსენით ბატონო პლეხანოვზეც და მოვალ-მეთქი. :) მაშინ მიტანის სერვისიო, მოკლედ, ყველა კითხვაზე სხარტი პასუხები ჰქონდათ მომზადებული.

და ბოლოს, დღეიდან ვიწყებ საინტერესო კამპანიას: ყველა კომპანია, რომელზეც მექნება მკვეთრად გამოხატული ემოცია, პოზიტიური თუ ნეგატიური - აღარ დავმალავ ორი მიზეზის გამო:

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, სად უნდა მივიდეს, ან არ მივიდეს და არ დახარჯოს ფუჭად არც დრო და არც ნერვული რესურსი…

კომპანიებმა იცოდნენ, რომ საკუთარი ეგოს დაკმაყოფილების მიზნით აგრესიის გამოხატვა მომხმარებლებტან ძვირად დაუჯდებათ და ამის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად გაჟღერდება, ასევე არ დაეკარგებათ პოზიტივიც.

შესაბამისად, მოდით შევქმნათ, "მომხმარებელთა კლუბი" და ამავე პოსტის კომენტარებში დაწერეთ თქვენთვის საყვარელ კომპანიებზე, ან პირიქით, იმათზე, რომლებმაც იმედი გაგიცრუეს. იმ ობიექტებს, რომლებიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებენ, პირობას გაძლევთ, აუცილებლად ვეწვევი პირადად და მათ შესახებ ინფოს ბლოგზე განვათავსებ.

გურამ შეროზიას ბლოგი