ქართული კონფლიქტის 7 სახე, ანუ რადიკალიზმი “ღრუზინულად” - კვირის პალიტრა

ქართული კონფლიქტის 7 სახე, ანუ რადიკალიზმი “ღრუზინულად”

მოდით, ამჯერად რადიკალიზმის წინააღმდეგ გავილაშქროთ და შევეხოთ დოგმებს, როგორც ტრადიციულობით, ასევე, უაღრესი პროგრესულობით შენიღბულებს.

შესავლის სახით, ყველა ერთად შევთანხმდეთ იმაზე, რომ მუდმივად „მართალი“ ადამიანები არ არსებობენ და ისინი, ვინც ვერ იტანენ საწინააღმდეგო აზრს, კრიტიკას მტრობად აღიქვამენ და მხოლოდ საკუთარ ეგოს უსმენენ - ერთ ადგილს ტკეპნიან და განვითარება არ უწერიათ.

1. სექსუალური დაპირისპირებები - ერთი თვლიან, რომ ქალის ღირსების გამომხატველი საქალწულე აპკია და ყველა, ვინც მას ქორწინებამდე არ ინარჩუნებს - ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვება.

არც უაპკონი რჩებიან ვალში და ქალწულებს შუა საუკუნეების გადმონაშთებად აღიქვამენ. რა საჭიროა თითის გაშვერა, როცა არსებობს არჩევანის თავისუფლება: თუ ეს კომფორტს უქმნის ვინმეს, რატომ არ უნდა იყოს ქალწული და პირიქით, თუ გვაქვს სურვილი, რომ გვქონდეს სექსი - რატომ უნდა შევათანხმოთ ეს მეზობლებთან? თუმცა ცალკე პრობლემაა ის ქორწინებამდე სექსის თემა რა თქმა უნდა უფრო მტკივნეულად და აგრესიულად განიხილება, როცა ეს ქალებს ეხებათ ვიდრე კაცებს.

2. ზომბირებული მორწმუნეები vs ზომბი ათეისტები

ბრმადმადიდებლებს თუ დავუჯერებთ, ათეისტები ცოდვის შვილები არიან და ისინი უნდა გადაშენდნენ, უფრო მეტიც, ამას ჩვენ თვითონ უნდა ვებრძოლოთ, მუშტით, გინებით, აგრესიით და ჩვენივე სათაყვანებელი ღმერთის ფუნქციებს თვითნებურად ვითვისებთ

ბრმათეისტებიც არ რჩებიან ვალში და თვლიან, რომ ყველა მორწმუნე ბნელია, ნათელი მხარე ათეიზმია და სასულიერო პირების გინება - თანამედროვეობის გამოვლინება.

ვერცერთი მხარე ვერ ხვდება, რომ თუ ითხოვ შენი ფასეულობების პატივისცემას, ჯერ თავად უნდა სცე პატივი სხვისას.

3. ჩამოსულები VS „კარენოები“

გოიმი თბილისელისთვის ყველა ჩამოსულის ერთ ქვაბში მოხარშვა და მათი სიბნელის პროპაგანდა მთავარი სასაუბრო თემაა, ისევე, როგორც ვერ რეალიზებული და დაკომპლექსებული ჩამოსული - მუდმივად თავდაცვის რეჟიმშია და თბილისელების „ფსევდო-თანამედროვეობის“ დაცინვის ხარჯზე საკუთარი „მაღალი დონის“ ხაზმასმას ცდილობს.

არა და, ნორმალურ საზოგადოებაში განხილვის თემაც არ უნდა იყოს, ვინ რომელ ქალაქში, სოფელში თუ უბანში დაიბადა.

4. ტრადიციული „ღრუზინები“ VS პანიკორი ლგბტ პირები

ბნელი „სთრეითი“ გმობს ჰომოსექსუალობას, საკუთარ ცხოვრებაზე მეტად სხვისი სექსუალური ცხოვრებით ინტერესდება, ადარდებს, აღშფოთებას ვერ მალავს, ორლანდოს ტრაგედიაზე ტაშს უკრავს და თვლის, რომ ბედნიერება იქნება, თუ ყველა ამოწყდება.

ბნელი ლგბტ პირებიც - არ აკლებენ, აფერადებენ ეკლესიებს, ქმნიან „გეი პატრიარქის“ ფეიჯებს, მრჩება შთაბეჭდილება, რომ სიტუაციის გამოსწორების ნაცვლად - პრობლემის გაღრმავებას ცდილობენ. თუ დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ჰომოფობიის პარალელურად, ჰეტეროფობიაც შეინიშნება და „ღრუზინი გეებისთვის“ ყველა ჰეტერო გოიმი, მოუვლელი, უინტელექტოა, შესაბამისად შევთანხმდეთ, რომ სიბნელე ორივე მხარეს მრავლად მოგვეპოვება.

5. დამონებული ქალები vs პარანოიკი ფემინისტები

ქალები, რომლებიც არიან ქმრის მორჩილებაში და ანომალიად თვლიან ყველა იმ ურთიერთობას, სადაც თანასწორობა შეინიშნება, უნდათ, რომ მათსავით, სხვა ქალებსაც „უტყაპუნონ“ და მოძალადე შვილებს ზრდიან.

მეორე მხრივ, რადიკალი ფემინისტები, რომლებიც ცდილობენ დაანახონ მსგავს ქალებს ის, რომ „სიბნელეში“ ცხოვრობენ, რომ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სექსი ქორწინებამდე, რაკი მამაკაცებსაც აქვთ, რომ შეურაცხმოფელია სიტყვა „გათხოვება“, „ქალბატონი“ და უხეშად აფათურებენ ხელებს იმ ქალების ცხოვრებაში, რომლებიც ცალმხრივი „ოუფენ რელეშენშიფით“ ბედნიერები არიან და ამით არაფერს აფუჭებენ.

6. რადიკალი პოლიტიკურად აქტიური ადამიანები

აქ უბრალოდ იმას ვინატრებ, რომ მოვესწრო დღეს, როცა რადიკალი ქოცი და რადიკალი ნაცი ერთად მოძოვს ბალახს და განსხვავებულ პოლიტიკურ ხედვას ერთმანეთს სიდებილედ, თუ ფაშიზმად არ ჩაუთვლიან.

7. წარმატებულები vs წარუმატებლები

„ღრუზინი“ წარუმატებელი ადამიანი, მუდამ იმის მტკიცებაშია, რომ ნაცნობის გარეშე ვერაფერს მიაღწევ და ვინც რამე მოახერხა, ან ნაცნობობით, ან ვიღაცასთან იწვა. მათ სძულთ ყველა, ვინც ბედნიერია და ცდილობენ რამე მეთოდით ჩირქი მოსცხონ.

თავის მხრივ, „ღრუზინი“ წარმატებული ადამიანიც თავდაცვის რეჟიმში ცხოვრობს, ისვრის ქვებს იმ უმუშევრებისკენ, რომლებიც ვეღარ ახერხებენ მიზნების მიღწევას და მათ გაუნათლებლობაზე მიუთითებს. ქვები იმ ხალხსაც ხვდება, ვისაც არაფერი დაუშავებია, ან უბრალოდ ფული არ არის მათი ცხოვრების კრედო, აქედან გამომდინარე, ხიდჩატეხილობის პრობლემას კიდევ უფრო ვაღრმავებთ.

არა და როგორი მარტივია ყველაფერი: გინდა კდემამოსილება და სექსისგან თავშეკავება - შეიკავე, თუ სექსი გინდა - გქონდეს, მიეცი ხმა რომელი პოლიტიკური პარტიის ინტერესებსაც იზიარებ, თუ გწამს ღმერთის - იწამე, შენთვის… თუ არა, ნუ იწამებ, მაგრამ ქვებს ნუ ესვრი საპირისპირო აზრის მქონე ადამიანებს. თუ გინდა, რომ ქმარი იყოს ლიდერი, იყოს და ამისთვის ნურავინ გიწოდებს იდიოტს, როცა საპირისპირო წყვილიც ბევრია, სადაც ქალია დომინანტი და კაცს ურჩევნია პასიური როლის მორგება, ესეც წყვილის გადასაწყვეტია და არა ვინმე პოპულისტი აქტივისტის.

მოკლედ, ბედნიერება მიიღწევა განსხვავებული შეხედულების პატივისცემით და ზომბირებული რადიკალები, ერთობლივი ძალებით უნდა „გადავაშენოთ“, მე მჯერა, რომ ოდესმე გვეშველება.