"ნახე რას ჰგავს, რამხელა ცხვირი აქვს", ანუ სილამაზე სტანდარტების გარეშე - კვირის პალიტრა

"ნახე რას ჰგავს, რამხელა ცხვირი აქვს", ანუ სილამაზე სტანდარტების გარეშე

ყოველთვის, როცა ვხვდები ადამიანებს, არასდროს შემოვიფარგლები პირველი შთაბეჭდილებით. ალბათ გამოცდილების და ინტელექტის ამბავია ის, რომ ადამიანებში დიდი მკერდის და გრძელი ფეხების მიღმა რაღაც, უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი დაინახო.

უცნაურია ამაყობდე იმით, რაშიც შენი წვლილი საერთოდ არ არის და ბუნებამ, უფრო სწორად, გენეტიკამ გარგუნა... და ყოველთვის მეღიმება ადამიანებზე, ვინც მეტისმეტი თავმდაბლობით, გარეგნული მონაცემებიდან გამომდინარე, თავს სხვებზე დაბლა აყენებს.

სილამაზის კონკურსებიც, ცოტა არ იყოს და - მეგოიმება, თვალს უხარია, მაგრამ თვალები მთავარი არ არის, აშკარად არ უნდა დავივიწყოთ ყურების და მით უფრო, ტვინის როლი …

ჩვენს გაშემო მუდამ იარსებებენ ადამიანები, ვისთვისაც:

ოდნავ გავსუქდებით და ძროხები ვიქნებით, გავხდებით და - ძვლების გროვა

მაღლები - მუტანტები და დაბლები ლილიპუტები

გავიღიმებთ და იდიოტები, არ გავიღიმებთ - უჟმურები

დიდი ცხვირით - გრძელცხვირები, პატარათი - უცხვირპიროები

სექსი გვექნება - ბოზები, არ გვექნება და მწნილები…

დიდი თმით - გაწეწილები, მოკლე თმით - გაკორტნილები.

მოდურად ჩავიცვამთ - გადაპრანჭულები, უბრალო, სადა ჩაცმულობის შემთხვევაში - ბომჟები…

ჩვენც ვიზრდებით და ყოველი ნაბიჯით მაღლა ასვლისას, უფრო და უფრო ბუნდოვნად გვესმის, რას ქოთქოთებენ ვიღაცები, ქვემოთ, ჭაობში. მათ აგრესიულ სახეებსაც ვეღარ ვხედავთ სიმაღლიდან.

ბავშვობაში თავი ყველაზე მახინჯი მეგონა და იმის ნაცვლად, რომ დამეფასებინა ის, რაც კარგი მაქვს, პირიქით, ვკომპლექსდებოდი ჩემი ფიზიკური "ნაკლოვანებებით"… მერე მივხვდი, რომ შენ შეგიძლია შექმნა შენი "სილამაზე" და რეცეპტიც ძალიან მარტივია:

გაამახვილებ ყურადღებას იმაზე, რაც კარგი გაქვს, დაამატებ ცოტა განათლებას და ნაკითხობას, შემდეგ განავითარებ ნიჭს, რამდენიმესაც კი, დაიწყებ თავის მოვლას და იქნები გემოვნებიანი, დახვეწავ იუმორს, მეტყველებას და მანერებს, შეუთავსებ რამდენიმე მიღწევას, იქნები მეგობრული და კომუნიკაბელური, ნელნელა ცხოვრებისეული გამოცდილებაც კიდევ უფრო დაგამშვენებს და შენი მომხიბლველობაც კომპლექსურად შეიცვლება.

შეიძლება ბევრი გოგონა/ბიჭი იყოს შენზე ლამაზი, ან შენზე ჭკვიანი, ან ნიჭიერი, მაგრამ ლამაზიც, ჭკვიანიც, ნიჭიერიც, წარმატებულიც, საინტერესოც და ა.შ. ერთად - არც ისე ბევრი!

დაივიწყეთ დისკრიმინაციული გამონათქვამებიც:

რომ გოგონა ბიჭს უნდა სჯობდეს და ლამაზი უნდა იყოს, ბიჭი კიდევ მაიმუნზე ოდნავ ლამაზი

თავს მხოლოდ ქალები უვლიან, კაცებს უხეშობა ალამაზებთ

გოგო იმისთვის უნდა გალამაზდეს, რომ "გათხოვდეს" და ბიჭს თავი მოაწონოს (თავის მოწონებაზე ორივე სქესი თანაბრად ვზრუნავთ)

გახსოვდეთ, რომ გარეგნული უპირატესობა არსებობს მხოლოდ მანამ, სანამ პირს გააღებთ, აი ამის შემდეგ უკვე ნულიდან იწყება ათვლა! არასდროს მაინტერესებდა გოგონა, რომელსაც ვიზუალურად ვესექსუალურებოდი და იმის მიღმა არაფერი აინტერესებდა… და თქვენ გინდათ მხოლოდ მკერდზე/კუნთებზე ორიენტირებული თაყვანისმცემლები? სავარაუდოდ გაქვთ ამბიცია, რომ აღარ აღგიქვან ხორცად და დაგინახონ შიგნიდან…

არავინ უარყოფს, რომ ვიზუალური ეფექტურობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით - პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად, თუმცა ის ბათილია, შესაბამისი "გონებრივი სილამაზის" გარეშე და მეტისმეტად ხანმოკლეც.

რამდენიმე დღის წინ, ერთ, მასობრივ კონცერტზე წავედით მეგობრები… სხვების გამოწყობილობის ფონზე, შავი, 1 ზომით დიდი, სადა მაისური და ასევე სრული, აკეცილი შარვალი მეცვა, თავზე "შეტრიალებულად" მეფარა წითელი კეპი და თმაც ამავე კეპში მქონდა აკეცილი, ალკოჰოლურ მდგომარეობაშიც ვიმყოფებოდი და საერთოდ არ მადარდებდა, როგორ გამოვიყურებოდი ვიზუალურად… და მიუხედავად ამისა, მოტმასნილ მაისურიან და შარვლიან, კუნთებბატიბუტებივით დაყრილი ბიჭების ფონზე, თავს საერთოდ არ ვგრძნობდი "დამცირებულად".

არამხოლოდ გარეგნობაა საზომი, ხშირად ჩვენი წარმატება, ბედნიერება, სიხარულიც სტკივა საზოგადოებას.

1. წარმოიდგინეთ, რომ შიმშილისგან გონება დაკარგეთ, დაეცით, ფეხები გადაიყვლიფეთ… თქვენს დასახმარებლად ყველა ერთად მოვარდება, ხელს გამოგიწვდიან და გულის სიღრმეში ბედნიერების ნაპერწკლები აუთამაშდებათ, რომ ისინი თქვენს მდგომარეობაში არ არიან და რომ ერთით მეტ ადამიანზე უკეთეს პირობებში ცხოვრობენ;

2. ახლა საპირისპირო სცადეთ, მოულოდნელად მიაღწიეთ დიდ წარმატებას და ამის შესახებ საზოგადოებას ამცნეთ. ზოგი უნიჭოდ, ზოგიც მეტისმეტად ოსტატურად გაგიღიმებთ და ითამაშებს, თითქოს თქვენი ბედნიერება გაუხარდათ, შემდეგ კი, როგორც კი თქვენს ზურგს დაინახავენ, მომენტალურად დაიწყება ვერსიების გარჩევა: ფულით იყიდეთ წარმატება? თუ ვინმესთან იწექით? ან იქნებ მამათქვენის ნაცნობია ვინმე? და ასე, უსასრულოდ!

ისევ ვიზუალურ მხარეს თუ დავუბრუნდებით, დავამატოთ ისიც, რომ "ჰეითერებს" არ აქვთ საკმარისი ინტელექტუალური შესაძლებლობა. მათთვის რთულია შეაფასონ შენი განათლება, ინტელექტი, თუმცა სხეულზე "ნაკლოვანების", მაგ: ზედმეტი ხალის, ან ოდნავ მსხვილი კოჭის აღმოჩენა - ყველაზე ბედნიერად და მარტივად შეუძლიათ…

ხშირად მომისმენია რეპლიკა ჩემი მისამართით:

ამას თავი ვინ ჰგონია, ერთი ჩვეულებრივი ბიჭია გარეგნობით (დიახ, გარეგნობით ერთი, ჩვეულებრივი ბიჭი ვარ)

პრესის კუბიკის ნასახი არ აქვს, ეს როგორ შეიძლება იყოს სასურველი, ნეტა მანახა ვის მოსწონს!

ნახე რას ჰგავს, რამხელა ცხვირი აქვს

რა მოგწონთ ამ ნარცისში, ან საერთოდ, როგორ წარმოგიდგენიათ ასეთ ადამიანთან მეგობრობა?!

მსგავს რეპლიკებს, შემიძლია ერთი, მარტივი კომენტარით ვუპასუხო, უფრო სწორად, მშვენიერი, საყვარელი და ნიჭიერი - ქრისტინა აგილერას სიტყვები წავუღიღინო:

I am beautiful!

No matter what you/they say…

Words can’t bring me down!

ანალოგიურად თქვენც, ყველა, ვინც ამას ინდომებს და იმსახურებს.

გურამ შეროზიას ბლოგი