ჩემზე ყველა ჯიშის თუ ჯურის ჭორი გაუვრცელებიათ და თითოეული, სტრესის ნაცვლად, ორმაგად მიმაღლებს მოტივაციას - კვირის პალიტრა

ჩემზე ყველა ჯიშის თუ ჯურის ჭორი გაუვრცელებიათ და თითოეული, სტრესის ნაცვლად, ორმაგად მიმაღლებს მოტივაციას

წარმოიდგინეთ, რომ ხართ მოხუცი კაცი და მიდიხართ ათიოდე წლის ბავშვთან და ვირთან ერთად ქუჩაში… (ადრე წაკითხული იგავი, რომელიც ფრაგმენტებად მახსოვს)

  • თუ ორივე ფეხით ივლით და ვირს ისე წამოიყვანთ - გამვლელები სულელად ჩაგთვლიან, რაკი საშუალებას, რომელიც გაქვთ, არ იყენებთ.
  • თუ ბავშვს დასვამთ და ფეხით გამოჰყვებით, ბავშვის უზრდელობაზე ალაპარაკდებიან, რომელიც მოხუცი ბაბუის დაღლილობაზე საერთოდ არ ზრუნავს და თქვენვე დაგადანაშაულებენ, ბავშვის ცუდად აღზრდაში
  • თუ ბავშვს ჩამოსვამთ და თქვენ დაჯდებით, მაინც გაილანძღებით, ამხელა კაცი ვირზე შემომჯდარა და ბავშვი ფეხით მოჰყავსო
  • ბოლოს ორივე შემოსხდებით ვირზე და უარესი მოხდება, საცოდავი ცხოველი საერთოდ არ ეცოდება ამ ორ ვირსო (როცა ვირი დაცვის ობიექტიც არის და დამაკნინებელი ტერმინიც)

მოკლედ, რაც და როგორც არ უნდა გააკეთოთ, ადამიანები მაინც იპოვნიან უკმაყოფილების მიზეზს და სალანძღავი სიტყვებიც არასდროს დაელევათ.

ბუნებრივია, რაც უფრო მეტი ხელიდან, მეტ ხელში გადადის თქვენი ისტორია, მით მეტი ალბათობაა, მისი აბსურდულ ჭორად ქცევის.

  • მოჰკრავს ყურს ერთი და ნაგლეჯებად მოიყვება მეორეს, თან მეტი ეფექტისთვის საკუთარ "ნავაროტკებსაც" დაამატებს
  • მეორეც ნაგლეჯ-ნაგლეჯ იმახსოვრებს, თავის შელამაზებებს ისიც დაამატებს
  • და წარმოიდგინეთ რა ფორმით მივა ეს ისტორია მეორასე და მეტ ადამიანთან.

ამის შემდეგ, კიდვე იტყვით ვინმე, რომ კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს? შეიძლება არ არსებობს, მაგრამ კვამლის და ცეცხლის შემოქმედნიც, ამ შემთხვევაში უსაქმური ჭორიკნები არიან, თქვენ კიდევ, ისღა დაგრჩენიათ - იამაყოთ, რომ მათ ცხოვრებას აზრს სძენთ, ისინი კი, მადლიერების ნაცვლად…

რომ შევაჯამოთ წინა აბზაცი, გამოვა, რომ რაც უფრო აბსურდულია ჭორი, მით უფრო მეტი ადამიანი განიხილავს, ანუ მეტია ჩვენით დაინტერესებულთა რიცხვიც. რდგ. (თეორემა დამტკიცებულია)

აღქმის თეორია ვუწოდოთ პირობითად, ყველა იმ სუბიექტურ დამახინჯებას, რომლებიც ადამიანები თავს იხვევენ და მერე სხვებსაც ახვევენ.

წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცას უბრალოდ, ნეიტრალურად ჩახედეთ თვალებში და რამდენიმე წამით მზერა გაგიშეშდათ:

  • დაკომპლექსებულები მას ირონიულ მზერად მონათლავენ
  • სექსუალურად დაუკმაყოფილებლები - ჟინით ანთებულად და მოჰყვებიან, რომ თქვენ მათი - თქვენს მკლავებში მოქცევა გწყურიათ
  • ნარცისები - აღტაცებულ მზერად
  • ეგოისტები - განსაკუთრებულ ყურადღებად
  • ხელმოცარულები - სიბრალულით გაჟღენთილად
  • მზრუნველობას მოკლებულები - მზრუნველად

და ასე, უსასრულოდ… ვის რისი დეფიციტიც აქვს, იმ ფერის კუდს გამოაბამს, ერთი შეხედვით უმარილო, უფერო და უშაქრო ისტორიას.

მოუწოდეთ ადამიანებს, გადაამოწმონ წყაროს სანდოობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჭორის შემოქმედის და მით უფრო - მისი დამჯერებლის ალოგიკურობის პრობლემაა.

თქვენ კიდევ, შეგიძლიათ მხოლოდ იამაყოთ: განხილვის საგნები და უმიზეზოდ ბრალდებულები - მხოლოდ რჩეულები ვხდებით, ვიდრე ჩვენზე ჭორაობენ, გვახსოვდეს, რომ სწორად და საინტერესოდ ცხოვრობთ და "არსებობის" რეჟიმამდე ბევრი გვიკლია

გახსოვდეთ, რომ:

  • 5000 წიგნის წაკითხვის შემთხვევაში, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც 5001-ე წიგნის არ ცოდნას არ გვაპატიებს და სწორედ ეს უკანასკნელი წიგნი აღმოჩნდება ყველაზე მნიშვნელოვანი;
  • მილიონ სიკეთეს, 1 ფეხწამოკრული ქმედება გადაგიწონით ერთეულების თვალში;
  • ხშირად 50 ღირსებაზე მნიშვნელოვანი თქვენი 1 ნაკლოვანება გახდება…

მთავარია გავაცნობიეროთ, ვისთვის ვცხოვრობთ, ჩვენივე კომფორტისთვის, თუ იმისთვის, რას იტყვიან ჩვენზე ვიღაც იდიოტები (ბოდიში მომითხოვია), ვინც ასეც და ისეც, მაინც იპოვიან მიზეზს ტალახის სროლის. დაძაბული რეჟიმიც მოვიხსნათ და ვიცხოვროთ შეცდომებით, რომლებზეც აუცილებლად ვისწავლით, რაკი ჩვენ თუნდაც დაგვავიწყდეს, უფასო "რიმაინდერები" ამას მუდმივად შეგვახსენებენ, ჩვენც რაღა დაგვრჩება - მადლიერების გარდა.

თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, როგორი მძიმეა ცხოვრება, როცა მუდმივად ცილს გწამებენ და ვერც ხვდებით, ეს ვის რაში სჭირდება, გაიხსენეთ, რომ სადღაც, თბილისის ერთ-ერთ უბანში, ვარსებობ მე, რომელზეც ყველა ჯიშის თუ ჯურის ჭორი გაუვრცელებიათ და თითოეული მათგანი სტრესის ნაცვლად, ორმაგად მიმაღლებს მოტივაციას. არ მგონია, რამე უარესი თქვან თქვენზე, ჰოდა, წავედით, დავიშალეთ ამ თბილ ნოტაზე…

მაშასადამე:

მაშ, გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლევ,

დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი…!

გურამ შეროზიას ბლოგი