ჩემი პირველი სიყვარულის უცნაური ისტორია - კვირის პალიტრა

ჩემი პირველი სიყვარულის უცნაური ისტორია

მაშინ დაკომპლექსებული და შებოჭილი ბიჭი ვიყავი, მსუბუქ რეფრენად გამოყოლილი მეგრული აქცენტით, წიგნებში თავჩაკლული და ვიზუალურად სრულად გაურკვეველი, ჩამოუყალიბებელი, მოუვლელი.

ის პირიქით, დახვეწილი, აქტიური და ძლიერი გოგონა, რომელიც ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო და ეს ძალიანაც მოსწონდა.

პირველად ერთმანეთი გამოცდებზე შევნიშნეთ, სადაც ორივე – ინგლისურის ქულას ვაპროტესტებდით, ქართულსა და მათემატიკაში ორივეს მაქსიმალური ქულა გვქონდა. მან გააუმჯობესა ენის ქულა, მე ვერ. მახსოვს, როგორი ღრიალით გამოვარდა და მეც საკმაოდ ნეგატიურად განვეწყვე მის მიმართ. "თავშეუკავებლობას" დავაბრალე, თუმცა ქვეცნობიერში ალბათ უფრო ის მღრღნიდა, რომ მან შეძლო ის, რაც მე ვერ.

როგორც ჩანს, მასაც დავამახსოვრდი, უფრო მეტიც, მეგობრებში აქტიურად განიხილავდნენ, რომ მაშინდელი ერთერთი პოპულარული სერიალის, კლონის მთავარ გმირს ვგავდი, ვისთანაც მსგავსებას მე ვერ ვპოულობდი (მჯობდა აშკარად). როგორც ჩანს, მაშინვე დაისახა მიზნად ჩემი ახლოს გაცნობა, თუმცა ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა, მე ხომ რიგითი ასოციალური და დაკომპლექსებული ბიჭი ვიყავი, ვისაც აქტიური ხალხი კიდევ უფრო მეტად აკომპლექსებდა.

ჩემი ახლო მეგობარი (გოგონა) გაიცნო და დაუმეგობრდა, ავტომატურად ჩემი სამეგობროს წევრიც გახდა და ჩვენი გაცნობაც შედგა.

ორ თვეში მისი დაბადების დღე იყო, სადაც მე და ჩემი მეგობარიც მიგვიწვია. გადავწყვიტე ეს შავთეთრი ბიჭი, ცოტათი გავფერადებულიყავი. სადღაც "ვაგზალზე" სალათისფერი პერანგი და გახეხილი ჯინსი ვიყიდე და მომენტალურად, ჩემი თავი ოდნავ უფრო მომეწონა. ამავე პერიოდში, თმის გაზრდაც გადავწყვიტე და ნელი ტემპით გარეგნობამ ცვლილებებიც განიცადა. საჩუქრად, ამავე სადგურში ნაყიდი სუნამო მივიტანე, რომლის გამყიდველსაც ვაჭრობის შედეგად რის ვაი-ვაგლახით დავაკლებინე 3 ლარი.

კომპლექსების ნაწილი თითქოს მომეხსნა და დაბადების დღეზე საკმაოდ კარგად გავერთეთ. თუმცა სულ მქონდა განცდა, რომ მის ტემპს ვეღარ ვეწეოდი, მისი მეგობრებიც თითქოს რაღაცნაირ უცნაურ დამოკიდებულებას ავლენდნენ ჩემ მიმართ, მოკლედ, გადავწყვიტე – ყველა მხრიდან დამეწყო გაუმჯობესება. განსაკუთრებით ის ფაქტი არ მომწონდა, რომ მას უწევდა ყველასთან ჩემი დაცვა და ხალხთან დამაჯერებელ კონტექსტში საუბარი ტექსტებით: აი ნახავთ, როგორი წარმატებული და მაგარი ბიჭი დადგება მისგან! ამ მოლოდინის გაცრუების უფლება უბრალოდ არ მქონდა!

პირველი, რისთვისაც უნდა მიმეხედა – ეს მეტყველება იყო, ხმადაბალი, გაურკვეველი, სწრაფი, აი ერთი სული რომ გაქვს, როდის დაასრულებ და მოექცევი ისევ ჩრდილში. "ვარჯიშმა" რაღაც დოზით იმუშავა და მტკიცებულებებად ძველი ნაცნობების კომენტარებიც გამოდგა. უკეთესმა მეტყველებამ თავდაჯერებულობაც შემძინა, ახლა უკვე, აქტიურად ვებმებოდი ყველა დისკუსიაში. ვიზუალური კომპლექსებიც აღმოვფხვერი, ყოველ დილით აზიდვებით, როცა ჩემ ბრტყელ და ხმელ სხეულზე მოულოდნელად გაჩნდნენ: მკერდი, ოდნავ დაკუნთული ფეხები, მხრები, ა.შ.

ამის შემდეგ, ორივემ გადავწყვიტეთ სტიპენდიანტობა. ეს მარტივი არ იყო, არსებობდნენ ლექტორები, რომლებიც ოფიციალურად არ წერდნენ A შეფასებებს. დაიწყო ბრძოლა, ტონში სიმკაცრის შეტანა, რქებით გატანა შენი სიმართლის, ჩემ მორჩილ ხასიათში უკვე სიფიცხემაც გაიღვიძა.

ერთხელაც, გამომიცხადა, რომ ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში, საინტერესო ტრენინგები დაიწყო, თან უფასო და მონაწილეობა მიგვეღო. წავედით, ტრენინგების ციკლის შემდეგ ყველაზე კარგი შეფასებები მივიღეთ და ამავე ასოციაციაში მუშაობა შემოგვთავაზეს. აი ახლა უკვე ძალიან ვამაყობდით, 18 წლის ბავშვები, რომლებიც სპეციალობით მუშაობენ, ხელფასიც აქვთ და თან გაყიდვებში ყველა გამორჩეულ წყვილად გვასახელებდა.

პირველივე ზაფხულს, გამოცდების შემდეგ ფოთში წავედი. ნინოსაც აღმოაჩნდა ნათესავები და მოულოდნელად ისიც ფოთში აღმოჩნდა, რაც ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი იყო. ეს ის პერიოდია, მამაჩემმა მუშად სამუშაოდ რომ წამიყვანა და საღამოს ფრჩხილებიდან ცემენტი რომ ვეღარ ამომყავდა, ამიტომ უფრო ღამით ვხვდებოდით, კარგად რომ ვერ დავენახე.

ჩამოსვლის მეორე საღამოს, გადავწყვიტე, რომ შთაბეჭდილება მომეხდინა, მამაჩემის მანქანა მოვიპარე და უფრო მეტიც, გადავწყვიტე, რომ მისთვის მესწავლებინა ტარება, აეროპორტის ცარიელ ტრასაზე გავედით, სადაც გადაატრიალა გასაღები, ხელი აღარ გაუშვა, ჰოპ და სტარტერი დაიწვა.

სასწრაფოდ გავვარდით იქვე გაჩერებულ მანქანებთან, დახმარების სათხოვნელად და ორი გახურებული სექსის შემოფეთების შემდეგ ისევ უკან დავიხიეთ. მე საჭესთან ვიჯექი, ის უკნიდან აწვებოდა, ვერაფერი ვუშველეთ, მეგობრებიც ჩემსავით პატარები და არამძღოლები მყავდნენ, ჰოდა ისევ მამისთვის მომიწია დარეკვა… გასაღები მანქანაში ჩავტოვეთ და შემთხვევის ადგილიდან მივიმალეთ.

სწავლა როცა დაიწყო, ახალი ჰობი აღმოვაჩინეთ, ცნობილ და რეიტინგულ თოქ შოუებში, დარბაზში დავდიოდით ჩაწერებზე, წამყვანის უკან ვსხდებოდით და ტელე ვარსკვლავობით ვტკბებოდით. ერთხელ ქუჩაში მათხოვრობა წავაგეთ ერთერთ თამაშში, სხვა დროს მეტროში ჟეტონის გარეშე ჩაძრომა, თვალსა და ხელს შუა შემომეფანტა თითქმის ყველა კომპლექსი, რომლებითაც არც ისე დიდი ხნის წინ ასე დიდი დოზით ვიყავი დახუნძლული.

ხან ავტობუსში ვილანძღებოდით, ადგილის არ დათმობის გამო, ხან მეტროში, როცა ხელს არ ვკიდებდით არაფერს და წონასწორობას ვკარგავდით, ხან ბიბლიოთეკაში ვათენებდით, ხან კიდევ სახინკლეში, ან ვინმეს სახლში ვცეკვავდით ნებისმიერი ჟანრის მუსიკაზე.

ჩვენს ურთიერთობას ერთი უცნაურობა ახასიათებდა, არასდროს არ გვითქვამს ერთმანეთისთვის, რომ გვიყვარდა, შესაბამისად, ვინმეს რომ რამე ეკითხა, არც ვიცოდით რა უნდა გვეპასუხა, ანუ ვინ ვიყავით ერთმანეთისთვის, თუმცა ეს კითხვა არავის უჩნდებოდა, იმდენად ცხადი იყო ყველაფერი.

ორი წლის შემდეგ, უკვე დასაწყისისგან საკმაოდ განვსხვავდებოდი, თუმცა თითქოს მაინც მაკლდა რაღაც, შეიძლება თავისუფლება, ან უბრალოდ უკვე, ჩემში გაღვიძებულ ამბიციურ ბიჭს უკვე დისკომფორტს უქმნიდა, ურთიერთობის ცალმხრივად მართვა, მის მიერ.

ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ზურგში მაგრად ჩამარტყეს და წინ გადამაგდეს, მე კიდევ იმდენად სწრაფი ტემპი ავიღე, რომ რაღაც ფორმით დისტანციაც გაჩნდა.

  • ახლა უკვე, ორივე აქტიურად ვეძებდით ტრენინგებს, სამსახურებს, ვვითარდებოდით და დაგეგმვაშიც თანაბრად ჩავერთეთ;
  • პირველ კონფლიქტებშიც შევედით და იდილიური ურთიერთობა, საინტერესო და არაპროგნოზირებადმა შეცვალა;
  • პირველ წარმატებას უკვე გავუგეთ გემო და რაღაცნაირ, ამბიციურ კარიერისტებად ჩამოვყალიბდით;
  • ყურადღების ცენტრში ყოფნა უკვე მეც საკმაოდ მსიამოვნებდა. ალბათ იმიტომ, რომ ადრე არაფერი მქონდა სათქმელი და ახლა უამრავი რამ დამიგროვდა, რამაც გაზიარების სტიმული გამიჩინა…

უკვე ორი წელი იყო გასული, ჩვენი უსახელო ურთიერთობიდან, თითქმის ერთი წელი, ჩვენი დაკავებულობის გეომეტრიული პროგრესიით ზრდიდან და შედეგიც მალე დაგვიდგა… მისი წასვლიდან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ ვიგრძენი, რომ წავიდა… თავიდან ჩავთვალე, რომ დრო აღარ ჰქონდა, მერე ვიფიქრე, ალბათ უნებლიედ რამე ჩავიდინე და გამოვასწორებ-მეთქი, ბოლოს ჩემ თავს ვარწმუნებდი, რომ ტაიმ აუტი აიღო და მალევე დაბრუნდებოდა, სანამ არ მივხვდი, რომ ძალიან დამაგვიანდა.

…ახლა ერთმანეთის აქტივობებს სოციალური ქსელების მეშვეობით ვადევნებთ თვალყურს, რამდენიმე წელიწადში ერთხელ ვხვდებით და მაინც, მე მის მუდმივ გულშემატკივრად ვრჩები, როგორც ჩემ ცხოვრებაში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალის, რომელმაც ჩემში ასეთი დიდი გარდატეხა მოახდინა.

და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მისი ყველა წინასწარმეტყველება ამიხდა, ახლა სწორედ ისეთი ვარ, როგორიც ნინოს იმ პერიოდში, 10 წლის შემდეგ წარმოვედგინე.

გურამ შეროზიას ბლოგი