საქართველოს ისტორიის ქურდები - კვირის პალიტრა

საქართველოს ისტორიის ქურდები

სათაური მკითხველისთვის, ალბათ, უცნაური იქნება. დიახ, ისტორიის ქურდები მართლაც არიან და ჩვენს შემთხვევაში ისინი ქართველ ხალხს სტაცებენ ისტორიასა და კულტურას.

ლაპარაკია ოსებსა და მათ წამქეზებელ რუსებზე, რომლებიც სწორედ ისტორიის ქურდობით ცდილობენ, საფუძველი მოუძებნონ საქართველოს ძირძველი მიწა-წყლის მიტაცებას.

ისტორიის ფალსიფიკაციამ და მითოლოგემების შექმნამ განსაკუთრებული მასშტაბები ბოლო ოცი წლის განმავლობაში მიიღო, აგვისტოს ომის შემდგომ ხომ ამგვარმა პუბლიკაციებმა ყველაფერი წალეკა. იქმნება ატლასებიც (თანაც, სასკოლო!), რომლებშიც ქართლის მტკვრის მარცხენა მხარე ალანიის (ოსეთის) განუყოფელ ნაწილადაა წარმოდგენილი. ასეთი ავტორებისთვის არც საისტორიო წყარო და არც საბუთი არ არსებობს. ფალსიფიკაცია და ხშირად ქართული წყაროების გადაბრუნებული თარგმნა კი ისტორიის ქურდებისთვის ჩვეულებრივი ამბავია.

იმდენი ნაქურდალია უკვე დაგროვილი, რომ მიმტაცებელთა სამხილებლად იმავე მოცულობის ნაშრომები შეიძლება დაიწეროს, თუმცა ზოგჯერ უფრო დიდი ფორმატის პუბლიკაციის გამოქვეყნება შეიძლება დაგვჭირდეს. მაგალითად, 2010 წელს მოსკოვში დაბეჭდილი სქელტანიანი წიგნის - "აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარების შემდეგ:

ისტორიული და თანამედროვე კონტექსტი" - ავტორები (ვლადიმირ ზახაროვი, ანდრეი არეშევი, ელენა სემერიკოვა) წერენ (მითითების გარეშე), რომ სოფელ ერედვში, 1830-1831 წლების კამერალური აღწერით, ცხრა ოსური და მხოლოდ ერთი ქართული გვარი ცხოვრობდა და 1970-იან წლებში სოფელი უკვე ქართული იყო. გამოდის, ქართველებს თანდათან ოსები ერედვიდან გაგვიყრია და მათი სახლ-კარი მიგვითვისებია.

ისტორიული ფაქტის შეგნებულ გაყალბებას რით უნდა ვუპასუხოთ? საბედნიეროდ, საქართველოს სახელმწიფო საისტორიო არქივში დაცულია ერედვისა და შიდა ქართლის ყველა სოფლის მოსახლეობის აღწერის დავთრები, რომელსაც რუსეთის იმპერია აწყობდა. იმპერიამ ასეთი აღწერა თბილისის გუბერნიაში ექვსჯერ მოაწყო. ჩვენი ისტორიული სიმართლისთვის კი ქართველები ვალდებული ვართ, ზემოხსენებული 1830-1831 წლების კამერალური აღწერის დავთრების დედნები დავბეჭდოთ: მკითხველს, განსაკუთრებით არაქართველს, ვაჩვენოთ ჩვენი სიმართლე და ისტორიის ქურდების სიავკაცე.

ქვემოთ ერთ, სრულიად ახალ, შეგნებული უვიცობის ნიმუშს გაგაცნობთ. ესაა ცხინვალში გამომავალი რუსულენოვანი გაზეთის "რესპუბლიკა" (2011 წლის #9-10) პუბლიკაცია, უფრო სწორად, ინტერვიუ დოცენტ ზარბეგ ძაბითთან. მაშ ასე, მივყვეთ დოცენტის სიცრუეთ: ცხინვალს იქით, დიდი ლიახვის ხეობის ათი ქართული სოფლის (ქურთა, აჩაბეთი, კეხვი, მონასტერი, თამარაშენი, გუჯაბაური, ძარწემი, ქემერტი, ხეითი, სვერი) მოსახლეობა ძველად არასდროს ქართული არ ყოფილა და ქართველებად მხოლოდ 1920 წელს, ჟორდანიას მთავრობის ნაციონალ-შოვინისტთა შეჭრის შედეგად ქცეულან. "ამ ტერიტორიებზე ყოველთვის ცხოვრობდნენ ოსები, ებრაელები და მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობით სომხები და ქართველები.

ერთი ჩემი ნაცნობი გვარად ბასიშვილი, რომელიც აქ 1989 წლამდე ცხოვრობდა, მიყვებოდა, რომ მისი წინაპრები რამდენიმე თაობის განმავლობაში მკვიდრობდნენ სოფელ აჩაბეთში და XIX საუკუნეში ბასითის გვარს ატარებდნენ. მისი პაპა იხსენებდა, რომ 1920-იან წლებში მენშევიკების შემოჭრის მოლოდინში მათ განა ყურმოკვრით იცოდნენ ქართველი ნაციონალისტების სისხლის მწყურვალობის შესახებ და დასჯისა და ანგარიშსწორების შიშით (აქ კი მრავალი ოჯახი ცხოვრობდა) თავიანთი გვარი ქართული ვარიანტით შეიცვალეს. მეტიც, შიშობდნენ, რომ ბანდიტები წინაპართა საფლავებს წაუბილწავდნენ და მათაც საფლავის ქვები გადაატრიალეს, რომლებზედაც მითითებული იყო გვარები და სხვა მონაცემები ოსურ და რუსულ ენებზე".

რა უნდა ვთქვათ ამ ნაბოდვარსა და უვიცობაზე? უბრალოდ, საქმე გვაქვს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის მიტაცების, არამედ ისტორიის მიტაცების ფაქტთან. აღნიშნული სტრიქონების ავტორს ისტორიაში შეიძლება ახალი თეორიის შექმნაზეც კი ჰქონდეს პრეტენზია: ერთი თოფის გავარდნაზე ეთნიკური ცნობიერების შეცვლა ეთნოსის თეორიაში გაცნობიერებული ყველა ავტორისთვის აღმოჩენა იქნება. ანდა ოსებს საკმაოდ მყიფე ეთნიკური ცნობიერება ჰქონიათ, თუ ასე, შიშის გამო, დამფრთხალნი ქართველებად იქცნენ. სინამდვილეში დასახელებულ სოფლებში, ისევე როგორც თანამედროვე ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ყოველთვის ქართველები ცხოვრობდნენ.

ფაქტები უამრავი შეიძლება მოვუყვანოთ ფალსიფიკატორ ავტორს. რადგან ის აჩაბეთისა თუ ქურთის, კეხვისა თუ თამარაშენის, ხეითისა თუ ქემერტის მოსახლეობას საბჭოთა პერიოდში, XX საუკუნის 20-იან წლებში გაქართველებულად მიიჩნევს, ნებისმიერ დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია ზემოხსენებულ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში დაცულ რუსეთის იმპერიის შედგენილ მოსახლეობის 1818, 1830-1831, 1840, 1860 და 1873 წლების აღწერის დავთრებსა და 1886 წლის საოჯახო სიებს გაეცნოს, რომლებშიც არა მხოლოდ ზემოთ ნახსენები სოფლებია შეტანილი, არამედ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სხვა სოფლებიც, რომლებშიც ასევე ქართველები მკვიდრობდნენ და სადაც იმ პერიოდში ინტენსიურად ხდებოდა ოსთა მიგრაცია შიდა ქართლის მთის სოფლებიდან. რაც შეეხება ბასიშვილების გვარს, რომლებიც, თურმე, ბასითებად იწერებოდნენ 1920-იან წლებამდე, სოფელ ქურთის (და არა აჩაბეთის) 1860 წლის აღწერაში რვა კომლი ბასიშვილია აღრიცხული. ამ სოფლების მთელ მოსახლეობას და, კონკრეტულად, ბასიშვილებსაც მიწერილი აქვთ: Все грузины.

ბასიშვილთა ქართული გვარი სოფელ ქურთაში 1773 წლის ფიცის წიგნშიცაა მოხსენიებული. გარდა გიორგი ბასიშვილისა, ამ დოკუმენტში მისი მეზობელი სხვა ქართველებიც არიან დასახელებული: შოშია საყვარელიძე, გოგია ხაბარელი, ხოსია ბაბუციძე, ღვთისია ხეკაშვილი და სხვები. მეტიც: უფრო ადრეც ეს ქართული გვარი არაერთხელაა მოხსენიებული საისტორიო საბუთებში, მაგალითად, სუხიტა და გიუნა ბასიშვილები მაჩაბლების 1690 წლის წყალობის წიგნის მოწმეები ყოფილან.

"გაქართველებულ ოსებს" თავიანთი ოსური წარმომავლობა რომ წარეხოცათ, თურმე საფლავის ქვები გადაუტრიალებით, რათა აღარ გამოჩენილიყო ოსური და რუსული წარწერები. ფანტაზიას დიდი გასაქანი აქვს, მაგრამ ფალსიფიკატორებისა და ისტორიის ქურდების მხილება აქაც შეიძლება, თუ, რა თქმა უნდა, ამ ორი წლის განმავლობაში ოსებმა ქართველთა საფლავის ქვები სამშენებლო მასალად არ გამოიყენეს. საფლავის ქვებზე ეპიტაფიები სამ მხარეზე კეთდებოდა. გადატრიალებულ საფლავის ქვაზე ხომ დარჩებოდა კიდევ ორი გვერდი, რომელზედაც მათი წარმომავლობა და ოსური თუ რუსული წარწერები გამოჩნდებოდა? ორივე ლიახვის ხეობის საფლავის ქვები საფუძვლიანად შეისწავლა მკვლევარმა იოსებ მეგრელიძემ და მთელი კატეგორიულობით უნდა ითქვას, რომ ყველა მათგანი ქართულ ენაზე იყო შესრულებული, არა მარტო აღნიშნულ სოფლებში, არამედ მთის ოსურ სოფლებშიც. სად ჰყავდათ ოსებს საფლავის ქვების მკეთებელი ხელოსნები, ანდა სად არსებობდა ოსური დამწერლობა? ანდა საფლავის ქვის რომელმა ხელოსანმა იცოდა XVIII საუკუნესა და, თუგინდ, XIX საუკუნეში ოსური და რუსული ენები?

ზარბეგ ძაბითის მიხედვით, ზემოთ დასახელებულ ქართულ სოფლებში, სადაც ყოველთვის თავანკარა ქართულით ლაპარაკობდნენ, ოსებთან ერთად ებრაელებსაც და მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობით სომხებსა და ქართველებს უცხოვრიათ. ოსები რომ არასდროს ცხოვრობდნენ აქ, უკვე აღვნიშნეთ, რაც შეეხება დანარჩენ ეთნიკურ ერთეულებს - ქართველ ებრაელებს და ასევე ქართულენოვან სომხებს - ისინი მხოლოდ ქართველებთან ერთად ცხინვალში მკვიდრობდნენ და უმნიშვნელო რაოდენობით - ცხინვალის მიმდებარე სოფელ თამარაშენში, რომლებიც ასევე თავად მაჩაბლების ყმა გლეხები იყვნენ. 1830-1831 წლებში თამარაშენში ოთხი ოჯახი ეთნიკური ოსიც მკვიდრობდა, რომლებიც, როგორც დავთარშია მითითებული, 1820-იან წლებში ჯავის ხეობის სოფლებიდან (მუგუთი და კროჟა) იყვნენ მიგრირებული.

იგივე შეიძლება ითქვას ცხინვალის შესახებაც. აქ ოსური მოსახლეობა კანტიკუნტად მხოლოდ XX საუკუნის 10-იან წლებში გაჩნდა. ზემოხსენებული კამერალური აღწერის დავთრებში ცხინვალში არც ერთი ეთნიკური ოსი არ არის მითითებული. მხოლოდ 1828 წელს ჩამოსახლებულა მთიდან ერთი ოჯახი (ხუთი სული) ოსი, რომლებიც მალევე აქედან გადაბარგებულან. XIX საუკუნის პირველ მესამედში გერმანელი აიხვალდიც აღნიშნავდა, რომ ოსები ცხინვალს იქით, მთებში ცხოვრობენ. მისი სიტყვით, ადრე ისინი განუსაზღვრელად ძარცვავდნენ ქალაქს და ხოცავდნენ მის მცხოვრებთ. ახლა კი ქართველებს, ცხინვალის მცხოვრებთ, სთხოვენ შვილების მონათვლას.

კიდევ ერთ "შედევრს" შემოგთავაზებთ ზარბეგ ძაბითის ინტერვიუდან: "ხალხში ძველთაგანვე ლაპარაკობდნენ, რომ ალან-ოსეთის ტერიტორია მინიმუმ მცხეთამდე ვრცელდებოდა. ძველად მცხეთის სასულიერო კომპლექსს ქართველები ოსეთიცხოველს უწოდებდნენ და მხოლოდ უკანასკნელ წლებში ოფიციალურმა სახელწოდებამ ახალი ინტერპრეტაცია შეიძინა - "სვეტიცხოველი". მთაზე მდებარე ალანური მონასტერი, რომელსაც თბილისი შუა საუკუნეების საქართველოს სიმბოლოს უწოდებს, ჯვრის სახელს ატარებს. ეს რომ თარგმანია, ამაზე დაფიქრებაც არ ღირს, მით უმეტეს, რომ სიტყვა "ჯვარი" ქართულ ენაში ოსურიდანაა შესული".

საინტერესოა, მომავალში კიდევ რა სიურპრიზებს შემოგვთავაზებენ ოსი ავტორები? როგორც ჩანს, აღნიშნულის დამწერს არასდროს უნახავს არც ჯვრის მონასტერი და არც სვეტიცხოველი. მათზე განთავსებულ ქართულ ეპიგრაფიკას, ალბათ, მომავალში ოსური დამწერლობის ძეგლებად წარმოგვიდგენენ. ოსური "ძუარი"-დან ქართულში ჯვრის სახით შემოსვლაც იმის წინაპირობაა, რომ სულ ახლო მომავალში დაგვიწერენ: საქართველოში ქრისტიანობას ოსები ავრცელებდნენო. საკითხს ცოტა სერიოზულად რომ მივუდგეთ, ოსმა ახალგაზრდებმა, რომელთათვისაც ზარბეგ ძაბითის წერილია განკუთვნილი, იქნებ ეთნოგრაფ ბორის კალოევის, ტოპონიმისტ აზა ცაგაევასა და ენათმეცნიერ ოლღა თედეევას წიგნებში ჩაიხედონ, რომლებშიც შავით თეთრზე წერია, რომ ოსურ ენაში სიტყვა "ძუარი" ქართულიდანაა შესული და არა მხოლოდ ოსურ ენაში, არამედ იბერიულ-კავკასიურ ენებშიც (მაგალითად, ადიღეურში). საინტერესოა, აღიარებულ ოს ავტორთა ნააზრევსაც აღარ უწევენ ანგარიშს თანამედროვე "მეზღაპრეები"?

ოსებს ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან საკმაოდ დაშორებულ უნიკალური ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებზე აქვთ პრეტენზია, და ბუნებრივია, მთლად თავისად წარმოუდგენიათ შიდა ქართლის ჩრდილოეთ მონაკვეთში არსებული ქართული კულტურის ძეგლები. ამის შესახებ კი 2008 წლის 11 აგვისტოს რადიოსადგურ "ეხო მასკვიდან" ალექსანდრ კიბოვსკი და ანატოლი რახაევი გვამცნობდნენ და ქართული კულტურის 600 ძეგლს ალან-ოსური კულტურის ძეგლებად აცხადებდნენ. მათ ისიც აუწყეს მსმენელთ, რომ თურმე, ე.წ. სამხრეთ ოსეთი ძველთაგანვე ალანიის ეპარქიაში შედიოდა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში, დიდი ზელენჩუკის ხეობაში მდებარეობდა.

ზემოხსენებული დოცენტი მკითხველს იმასაც უამბობს, რომ მას ჰყავდა ნათლია, გვარად კარჩიძე, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა და მისი ყველა ნათესავი ოსად თვლიდა თავს, მათი ადრინდელი გვარი კი კარჩითი ყოფილა. ნათლიასთან ხშირი სტუმრობისას დაიარებოდა მრავალ სოფელსა და ხეობაში. ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა კი არ მალავდა თავის ალანურ-ოსურ წარმომავლობას. მითოლოგემების შემქმნელი ოსი ავტორი მხოლოდ ზოგადად საუბრობს: მალავს ნათლიის სახელს, არ იცის ნათლიის გვარი, რადგან ასეთი ქართული გვარი არ არსებობს. ქარჩაიძეები კი ცხოვრობენ მთიულეთში, მაგრამ მათ არავითარი ოსური წარმომავლობა არ აქვთ. აღნიშნულ ავტორს კონკრეტულად არ დაუსახელებია სოფლები და ხეობები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ოსყოფილებად, ნაოსრებად აცნობდა მას თავს.

ზემოხსენებული ზღაპარი კი იმისთვის სჭირდებოდა ისტორიის მიმტაცებელ ავტორს, რომ დაამტკიცოს ოსთა საქართველოში უძველესი დროიდან მკვიდრობის ფაქტი. ამისათვის კი აღიარებულ ქართველ მეცნიერებსაც მოიხმობს - ივანე ჯავახიშვილსა და გერონტი ქიქოძეს. თურმე ივანე ჯავახიშვილის "ქართველი ერის ისტორიის" პირველი ტომის 1960 წლის გამოცემაში წერია, რომ ქართველების აქ - საქართველოს ტერიტორიაზე - მოსვლამდე ალანები ცხოვრობდნენ. გერონტი ქიქოძეს კი, თურმე, 1917 წლის გაზეთ "საქართველოში" დაუწერია: თანამედროვე ოსების წინაპარმა ალანებმა ქართველები შეგვიფარეს, მოგვცეს მიწა, გვასწავლეს სამხედრო საქმე, გადმოგვცეს თავიანთი კულტურა, წეს-ჩვეულებები და გვიცავდნენ გარეშე მტრისგანო. რა უნდა უპასუხო ზნეობაზე ხელაღებულ ხანში შესულ ავტორს, რომელსაც, თავის დროზე ფილოლოგიის სამეცნიერო ხარისხი ქართველმა ირანისტებმა უბოძეს და რომელიც, ცხინვალელთა სიტყვით, თავიდანვე ქართველთა სიძულვილით გამოირჩეოდა? არც ივანე ჯავახიშვილსა და არც გერონტი ქიქოძეს ანალოგიური რამ არსად უწერიათ. სიმართლის დამალვის გამოა, რომ ძაბითი არც "ქართველი ერის ისტორიის" შესაბამისი გამოცემის გვერდს და არც ყოველდღიური გაზეთის ნომერს უთითებს.

ცხინვალურ გაზეთში იმასაც ვკითხულობთ, რომ თურმე 1989 წლის აღწერით, საქართველოში 1,5 მლნ ოსი ცხოვრობდა და ეს რაოდენობა ერთ-ერთ თბილისელ პროფესორს, ეთნიკურ ოსს, გამოუთვლია. რომ თურმე მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში, იმავე პროფესორის სიტყვით, საქართველოს არქივსაცავებში ქართველები შეგნებულად ანადგურებდნენ ოსი ხალხის ისტორიის დამადასტურებელ ყველა საბუთს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტოპონიმები ესაა ოსურ ტოპონიმთა დამახინჯებული და კალკირებული ფორმები (ოსურ ტოპონიმებადაა გამოცხადებული: თეძამი, დუშეთი, ჭონტილი, შინდისი, ბაკურიანი, ნადარბაზევი, ერგნეთი, კუცხოეთი, სარაბუკი...). ისტორიის ქურდობის, ძარცვის ანალოგიური ფაქტი მეცნიერებამ არ იცის. ძირითადი მიზანი კი რუსი და ოსი ახალგაზრდების სულის დამახინჯება და ქართველთა სიძულვილით აღზრდაა. როგორც ჩანს, ასეთი პრიმიტივიზმის, პროვინციული შოვინიზმის, ისტორიის ძარცვის ფაქტებს მომავალშიც უნდა ველოდოთ.

როლანდ თოფჩიშვილი

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”