დავით მაღრაძე: "მამულიშვილად მაშინ ჩაითვლება ადამიანი, თუ სამშობლოს ისტორია განცდილი აქვს, როგორც საკუთარი სულიერი თავგადასავალი" - კვირის პალიტრა

დავით მაღრაძე: "მამულიშვილად მაშინ ჩაითვლება ადამიანი, თუ სამშობლოს ისტორია განცდილი აქვს, როგორც საკუთარი სულიერი თავგადასავალი"

ამბობს, რომ წიგნს საოცარი განცდები მოაქვს. ბავშვობიდანვე აქტიური მკითხველი იყო, ოჯახში კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდათ, წასაკითხ ნაწარმოებებს უფროსები ურჩევდნენ, ისტორიული ჟანრის ლიტერატურას ხშირად ეცნობა.

გული სტკივა, რომ მისი მოსწავლეობის დროს, სკოლაში საქართველოს ისტორია საინტერესოდ არ ისწავლებოდა. მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და საქართველოს ისტორიას საჭირო საათებს არ უთმობდნენ. ეს დანაკლისი მოგვიანებით სხვადასხვა ლიტერატურის გაცნობით შეივსო. "ერუდიტის" სტუმარი პოეტი დავით მაღრაძე გახლავთ.

ბატონო დავით, რატომ არის სამშობლოს ისტორიის ცოდნა საჭირო?

- მოქალაქედ და მამულიშვილად მაშინ ჩაითვლება ადამიანი, თუ სამშობლოს ისტორია განცდილი აქვს, როგორც საკუთარი სულიერი თავგადასავალი, მეხსიერებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. რას ემემკვიდრები სულიერად - ეს შენი არჩევანია. სულიერებას, ზნეობრივ ღირებულებებს უნდა ვემემკვიდროთ. მე სულ მგონია, რომ კულტურის ისტორია არის თავშეკავების ისტორია. როგორ ღირებულებებს ემსახურება საზოგადოება, ამის მიხედვით იხატება ერის სახე და ხასიათი...

ამ ქრისტიანულ სიწმინდეზე "ისტორიანის" წინა ნომერში საინტერესო სტატია დაიბეჭდა. პირველი კითხვა სწორედ ამ სტატიის მიხედვით შევადგინე.

- სამწუხაროდ, ეს ჟურნალი ჯერ არ მინახავს, მაგრამ მისი ქება ბევრი ისეთი ადამიანისგან მოვისმინე, რომლის აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. აბა, ყურადღებით გისმენთ.

იტალიის ერთ-ერთი ქალაქის საკათედრო ტაძარში, ქრისტიანული სამყაროს უდიდესი სიწმინდე ინახება. თანამედროვე ღვთისმეტყველები მას "მეხუთე სახარებას" უწოდებენ. გადმოცემის თანახმად, ის თავდაპირველად წმინდა პეტრე მოციქულთან ინახებოდა. ქრისტიანობის დევნის დროს მას მალავდნენ, რადგან იუდეველები და რომაელები ქრისტიანული რელიგიის განადგურებას ცდილობდნენ. დაასახელეთ, რომელ სიწმინდეზეა ლაპარაკი?

- ტურინის სუდარაზე, რომელშიც მაცხოვარი გარდაცვალების შემდეგ გაახვიეს. ცნობილია, რომ ერთხელ ტაძარში ცეცხლიც გაჩნდა, მაგრამ სუდარა გადარჩა, იტალიაში არაერთი სიწმინდე ინახება. სამსჭვალები, რომლითაც უფლის ჯვარცმა მოხდა, თავად მაქვს ნანახი. ტურინის სუდარის მეცნიერული გამოკვლევის დროს ძაფი გამოაძვრეს და შეისწავლეს. არ დადასტურდა, რომ ეს ქსოვილი ქრისტეს დროინდელი იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ძაფი შემდეგ გადაქსოვილი ნაწილიდან იყო აღებული, რამაც მეცნიერები შეცდომაში შეიყვანა, საბოლოოდ დადგინდა, რომ ქსოვილი ქრისტეს ცხოვრების ხანას ზუსტად ემთხვევა.

1978 წელს საბჭოთა საქართველოში მორიგი კონსტიტუცია უნდა მიეღოთ. თითქოს ამაში არაჩვეულებრივი არაფერი იყო, მაგრამ ამ ფაქტმა ქართველთა აღშფოთება გამოიწვია. საპროტესტო აქციების გამართვის მიზეზი რა იყო?

- ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. ეს დღე კარგად მახსოვს, მაშინ მოსწავლე ვიყავი, აქციაზე რომ არ გავსულიყავით (არავინ იცოდა, იქ რა მოხდებოდა), მასწავლებელმა კლასის კარები ჩაგვიკეტა. პირველ სართულზე ვიყავით, ფანჯრიდან გადავხტით და მაინც წავედით. პირველ სკოლასთან რომ მივედით, იქ ვნახეთ, გოგონებს თეთრ წინსაფრებზე "აი ია" ეწერათ. ასე შემორჩა ეს დღე ჩემს მეხსიერებას.

"ცოტნე გმირია, / დიდებული გმირი... ოღონდაც / თუ ვაჟკაცნი ვართ, / ნუ ვადიდებთ მარტოდენ ცოტნეს, / ვახსენოთ სახედაღრეჯილი ლომი მონღოლიც, / გმირობისა და ვაჟკაცობის უბადლო მცოდნე"... - ამ ლექსს "ქართველების გასაგონად" ჰქვია. ვინ არის მისი ავტორი?

- შოთა ნიშნიანიძე.

ტროას ომში ვინ იყო ბერძენთა ლაშქრის სარდალი?

- აგამემნონი.

რას ნიშნავდა შუა საუკუნეების საქართველოში ზედწოდება ალასტნელი?

- არ ვიცი.

უფლისწულს. ალასტანი იყო ჯავახეთში უფლისწულთა აღსაზრდელი ცენტრი. პირველი იქ ლაშა-გიორგი აღიზარდა. რომელ მმართველს ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: "თუ მე ამ ერის წინამძღოლად ამირჩევთ, ახალ, საყოველთაო წესრიგს დავამყარებ, რომელიც ათასწლეულებს გაუძლებს".

- (ფიქრობს) თითქოს ვიცოდი, ძალიან მეცნობა, მაგრამ ვეღარ ვიხსენებ.

ადოლფ ჰიტლერს. რა იყო ფაშისტური გერმანიის მიერ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ წამოწყებული ომის გეგმის კოდური სახელწოდება?

- "ბარბაროსა".

მეფეთა ერთ ჯგუფში შედიან: ალექსანდრე მაკედონელი, იულიუს კეისარი, ნაპოლეონ ბონაპარტე, ერეკლე II. მეორე ჯგუფში - ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, პეტრე I. რა ნიშნის მიხედვით არიან დაჯგუფებულები?

- გთხოვ, კითხვა გამიმეორეთ. (გამეორების შემდეგ) პირველ ჯგუფში ტანდაბალი მმართველები შედიან, მეორეში - ტანმაღალი. ამის გარდა კიდევ რა შეიძლება ვიფიქრო?

ეს სწორი პასუხია. თუ იცით, რატომ ატარებდა ხშირად იულიუს კეისარი თავზე დაფნის გვირგვინს?

- არა.

სიქაჩლის დასაფარავად. რომელი მხედართმთავარი აარსებდა დაპყრობილ ტერიტორიებზე თავის მოსახელე ქალაქებს?

- ალექსანდრე მაკედონელი.

რომელმა ისტორიკოსმა აღწერა ვახტანგ გორგასლის ცხოვრება?

- ჯუანშერმა.

ძველ რომში, როცა კონსული თანამდებობას იბარებდა, ფიცს დებდა, რომ კანონებს კეთილსინდისიერად დაიცავდა. რას აკეთებდა ერთი წლის შემდეგ, როცა მისი თანამდებობიდან წასვლის დრო მოდიოდა?

- ვერ გიპასუხებთ.

ისევ ფიცს დებდა, რომ სიტყვა პირნათლად შეასრულა.

- ეს მეთოდი ჩვენთანაც ხომ არ შემოგვეღო?

გაამართლებდა?

- არ მგონია, ტყუილზე დაფიცების არავის შერცხვება.

ეს მოგზაური 1643 წელს პარიზში დაიბადა. 1671-1679 წლებში იმოგზაურა აღმოსავლეთის ქვეყნებში და დაწერა ვრცელი თხზულება "მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში". თხზულების საკმაოდ დიდი ნაწილი საქართველოსაც შეეხება. წერილობით წყაროებიდან ამ ნაწარმოებშია პირველად მოხსენიებული ქალაქი ზუგდიდი. რომელ ევროპელ მოგზაურზეა ლაპარაკი?

- კასტელიზე, არა?

ცდებით.

- უნდა დავფიქრდე და გიპასუხებთ (პაუზის შემდეგ): შარდენი. სწორად ვამბობ?

დიახ. საქართველოს რომელი მეფეა დაკრძალული ყუმში შაჰ-აბასის გვერდით?

- როსტომი. ამ მეფემ მაჰმადიანობა მიიღო, მაგრამ როცა გარდაიცვალა, აღმოაჩინეს, რომ ჩუმად ჯვარს ატარებდა.

ნათლობის გარდა, კიდევ როდის სცხებენ მირონს ადამიანს?

- ზიარების დროს? არა, ვიცი, ეს სწორი პასუხი არ არის.

მიგანიშნებთ, ეს ყველა ადამიანის ხვედრი არ არის.

- დავიბენი.

მეფად კურთხევის დროს.

- მართალია, აქედან მოდის გამოთქმა მირონცხებული მეფე.

რომელ მშობლიურ ენაზე ლაპარაკობს ყველაზე მეტი ადამიანი მსოფლიოში?

- ჩინურზე.

ინგლისის მეფე რიჩარდ IV აქტიურად მონაწილეობდა ჯვაროსანთა III ლაშქრობაში, საფრანგეთის მეფე ფილიპე II-სთან ერთად დიდ წარმატებასაც მიაღწია. გასაოცარი შეუპოვრობისა და მამაცობის გამო რა უწოდეს მას მეტსახელად?

- ლომგული.

გადმოცემით, რომელიც "ქართლის ცხოვრებაშია" დაცული, ერთ-ერთი შემოსევის დროს, მდინარეების ნაპირზე დაბანაკებული არაბთა ლაშქარი წყალდიდობის მსხვერპლი გახდა. ერთმა მდინარემ არაბთა ჯარში მყოფი 23 000 აბაში (აბასინელი) წალეკა, ხოლო მეორე მდინარემ 35 000 ცხენი დაახრჩო. რას უწოდებენ დღეს ამ მდინარეებს?

- ცხენისწყალს.

მეორეს - აბაშისწყალს. ვინ დააარსა პეტრიწონის მონასტერი და რომელ ქვეყანაში მდებარეობს დღეს იგი?

- გრიგოლ ბაკურიანის ძემ. ის ბიზანტიის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე იყო. მონასტერი ამჟამად ბულგარეთის ტერიტორიაზეა. მონასტრის ტიპიკონს აკაკი შანიძემ მიაკვლია, ამ ფაქტთან დაკავშირებით უწერია, ქართულმა ხელნაწერმა შემომცინაო.

1138 წელს დემეტრე I-მა განდგომილი განძის ამირა დაიმორჩილა. რა მოიმოქმედა მეფემ გამარჯვების აღსანიშნავად?

- ქალაქს რკინის კარი ჩამოხსნა და ჩამოიტანა, უფრო სწორად, გელათის მონასტერს შეწირა. მერე ბერად აღიკვეცა, მას ეკუთვნის ცნობილი საგალობელი "შენ ხარ ვენახი".

ვის მიუძღვნა იგი?

- საგალობელი ღვთისმშობელს ეძღვნება.

1952 წელს სოციალისტურ შეჯიბრში მეორე ადგილზე გასულ კოლმეურნეს ოქროს საათი აჩუქეს, რა აჩუქეს პირველ ადგილზე გასულს?

- (იცინის) მგონი ლენინის სურათი.

იგი XIX საუკუნის საქართველოში ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე იყო. 1886 წელს გადააყენეს ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა მარშლის თანამდებობიდან, ხოლო 1887 წელს სტავროპოლში მოკლეს. მკვლელობის ორგანიზატორი ბრილიანტის ჯვრით დააჯილდოეს. რომელ ქართველ მოღვაწეზეა ლაპარაკი?

- დიმიტრი ყიფიანზე.

რომელი ლექსი უძღვნა მას აკაკი წერეთელმა?

- "განთიადი".

"რუსეთისთვის კავკასიის პრობლემა ფაქტობრივად საქართველოს პრობლემაა, არ იქნება საქართველო, არ გვექნება კავკასიის პრობლემაც". რომელ რუს გენერალს ეკუთვნის ეს სიტყვები?

- (ფიქრობს) ნაცნობი სიტყვებია, კავკასიის მთავარმმართებელი იყო, გვარს ვეღარ ვიხსენებ.

მიგანიშნებთ, ის მთავარმმართებელი 1817-1827 წლებში იყო, 1819-1820 წლების დასავლეთ საქართველოს აჯანყება სისხლში ჩაახშო, "აჯანყებულები კიდევ დიდხანს ვერ აღიდგენენ ადრინდელ მდგომარეობას, მათი სასჯელი უკიდურესი სიღარიბე იქნება" - წერდა იგი.

- ერმოლოვი არ იყო?

დიახ. "ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები / მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები, / მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ, ვით ფოლადის ფარები / და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ / საქართველოს ქალები"... ლადო ასათიანის ამ ლექსში რომელი გმირი ქართველი ქალები არიან მოხსენიებული?

- "... ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი / გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი". ამ ლექსში თინა წავკისელიც არის მოხსენიებული.

საქართველოს რომელ მხარეს ეწოდებოდა ძველად თაკვერი?

- რაჭა-ლეჩხუმს.

დაასრულეთ ფრანკლინის ცნობილი გამონათქვამი: "გამოცდილება ისეთი სკოლაა, სადაც ყოველი გაკვეთილი ძვირად გვიჯდება, მაგრამ მაინც კი ერთადერთი სკოლაა, სადაც უჭკუონიც...

- "...კი ჭკუას სწავლობენ".

თამარ კვინიკაძე

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”