გიორგი თუხარელი - "პარაშუტისტთა საქმე"
"ქართული ისტორიოგრაფიისათვის უცნობია ე.წ. "პარაშუტისტთა საქმე". ჯგუფების შემადგენლობა. მათი გვარები ომში გერმანელთა მხარეზე დაღუპულ მებრძოლთა აქამდე გამოქვეყნებულ სიებში არ ირიცხება. მწირია ის ინფორმაციაც, რაც 1999 წელს უხუცესმა ქართველმა ემიგრანტმა შოთა ბერეჟიანმა მოგვაწოდა და რაც საქართველოს არქივებსა და ემიგრაციაში გამოქვეყნებულ ლიტერატურაში ამოვიკითხეთ. 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, საქართველოში დესანტად ჩამოსმულ პარაშუტისტთა ჯგუფთან ერთად დაიღუპა ახალგაზრდა გიორგი თუხარელი, ერთ-ერთი უძველესი ფეოდალური საგვარეულოს თუხარელების წარმომადგენელი... " ამბობს ცნობილი ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი, რომელმაც უკვე ქართველი ემიგრანტების შესახებ ამდენი საინტერესო ისტორია უამბო ჩვენს ერთგულ მკითხველს
რუსუდან დაუშვილი: - თუხარელთა გვარი IX საუკუნის ციხე-ქალაქ თუხარისს უკავშირდება, რომელიც, ლეონტი მროველის მიხედვით, ქართველთა ლეგენდარული მამამთავრის ქართლოსის შვილს მცხეთოსს აუშენებია: "აღაშენა ორნი ციხე-ქალაქნი: ოძრხე და თუხარისი". თუხარისის ციხე დღეს თურქეთის ტერიტორიაზეა და ტურისტულ მარშრუტებშია შეტანილი.
ერთ დროს ძლიერი თავად თუხარელთა გვარი კი, სამცხიდან დევნილი, XVI საუკუნეში შიდა ქართლში აზნაურებად დამკვიდრდა. XVII საუკუნეში გვარი ორ - თეძმისა და საკორინთლოს შტოდ გაიყო. საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირებს შორის იყვნენ 1812 წლის კახეთის აჯანყების აქტიური მონაწილეები და ალექსანდერე ბატონიშვილის თანამებრძოლები გიორგი და იპოლიტე თუხარელები. XIX საუკუნის 70-იან წლებში თუხარელთა ფეოდალური სახლის ისტორია დასრულდა, თუხარელებია გვარი ოჯახებად დაიშალა.
გიორგი თუხარელი (ტუხია) თეძმის შტოს ჩამომავალი იყო. დაიბადა თბილისში 1908 წლის 25 აგვისტოს, რკინიგზის ინჟინრის ოჯახში. მამა - ივანე გიორგის ძე თუხარელი "სტატსკი სოვეტნიკის" გიორგი ანდრიას ძე თუხარელის უფროსი ვაჟიშვილი იყო, დედა – ანა შენგელია თბილისელი მოქალაქის, შეძლებული მეწარმის, მიხეილ გრიგოლის ძე შენგელიას ქალიშვილი.
1925 წელს გიორგიმ თბილისის #1 საშუალო სკოლა დაამთავრა. სკოლაში ჩაება ქართულ სპორტულ ორგანიზაციაში – "შევარდენი", იყო ფეხბურთის ნაკრების წევრი. მონდომებით სწავლობდა ფრანგულ ენას. ძალიან უყვარდა საგვარეულო მამულში, მეტეხში საზაფხულო არდადეგების გატარება. 1926-28 წლებში აბარებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, მაგრამ არ ჩარიცხეს. 1924 წლის აჯანყების შემდეგ თავად-აზნაურთა ოჯახებიდან სტუდენტების მიღება ძალზე გამკაცრდა.
არსებულმა ვითარებამ გიორგი თუხარელი აიძულა, საქართველო დაეტოვებინა. 1928 წლის 17 ნოემბერს მეგობრებთან - ოთარ ჩიჯავაძესთან, ოთარ ჯავახიშვილთან და სტანკო მამულაშვილთან ერთად, ახალციხის მხრიდან თურქეთში გადავიდა. სტამბოლიდან 1929 წლის თებერვალს ფრანგული გემით "ტადლა" გაემგზავრნენ მარსელში. შოთა გედევანიშვილი ერთი თვის ჩასული იყო პარიზში და მეგობრებს ელოდა. იმ ხანად მშობლებისადმი მიწერილ წერილში, გამგზავრების მიზეზად გიორგი სწავლის გაგრძელების სურვილს ასახელებს.
- პარიზში როგორ გაგრძელდა მისი ცხოვრება
-პარიზში ჩასვლისას გიორგი თუხარელი აქტიურად ჩაება ქართული ემიგრაციის კულტურულ, პოლიტიკურ და სპორტულ ცხოვრებაში, გახდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულის, შალვა ნებიერიძის მიერ 1931 წელს დაარსებული ქართული თეატრალური დასის წევრი. დასმა პირველ სპექტაკლად 4 ივნისს წარმოადგინა აკაკის "პატარა კახი", 1932 წლის 7 თებერვალს ტრისტან ბერნარის თეატრში ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი". 1934 წლის 8 ნოემბერს "Lანცორყ"-ს თეატრში წარმოადგინეს დავით ერისთავის "სამშობლო", 1935 წლის ალბერტის თეატრში - სანდრო შანშიაშვილის "ლატავრა". სპექტაკლების გარდა დროდადრო იმართებოდა დრამატული საზოგადოების საღამოებიც, რომლებშიც გიორგი ასევე აქტიურად მონაწილეობდა. ქართული ემიგრანტული პრესა მამულაიშვილის, ერისთავის, ჯავახიშვილის, ხერხეულიძის, ნებიერიძის, სულხანიშვილისა და ზალდასტანიშვილის გვერდით ახალგაზრდა თუხარელის თამაშსაც აღნიშნავდა. გიორგი 1930 წელს შოთა ნიკოლაძისა და მედეა ღამბაშიძის თაოსნობით დაარსებულ სასპორტო-სატანვარჯიშო საზოგადოება "შევარდენის" ფეხბურთელთა ნაკრების წევრი გახდა. გაწევრიანდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაშიც. მან პარიზში ბევრი მეგობარი და ნათესავი ნახა, რომლებიც საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ საფრანგეთში გადავიდნენ და ემიგრაციის I ტალღას შეუერთდნენ.
1929-33 წლების მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისის დროს გიორგი ელექტროინჟინრის სპეციალობას დაეუფლა და მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ ფრანგულ საინჟინრო კომპანიაში, რომელმაც პარიზის 1937 წელს მაისში გახსნილი მსოფლიო გამოფენის ელექტროფიცირებაზე კონტრაქტი მოიპოვა. ამ კონტრაქტით გიორგი თუხარელი ინგლისის პავილიონის სამუშაოებს ხელმძღვანელობდა და სამშობლოში დაბრუნების იმედს არ კარგავდა.
- რა ბედი ეწია შემდეგ?
-საბჭოთა კავშირში აგორებულ რეპრესიებს კი თუხარელთა ოჯახიც ვერ გადაურჩა: 1937 წელს დახვრიტეს გენერლები გიორგი ალექსანდრეს ძე და გიორგი სიმონის ძე თუხარელები. დააპატიმრეს და გადაასახლეს გიორგი თუხარელის ბიძა ნიკოლოზ გიორგის ძე და ბიძაშვილი მიხეილ სიმონის ძე. თუხარელთა მცირერიცხოვანი გვარისათვის ეს დიდი ტრაგედია იყო. გიორგის მამა, რკინიგზის ინჟინერი ივანე გიორგის ძე თუხარელი სამსახურიდან დაითხოვეს, მაგრამ გადაურჩა დახვრეტა-გადასახლებას.
1937 წელს საფრანგეთის მთავრობამ ყველა უცხოელი ემიგრანტი დაიბარა და საფრანგეთის ქვეშევრდომობა შესთავაზა, რაზეც გიორგი თუხარელმა, სხვა ქართველთა მსგავსად, უარი განაცხადა. 1938 წლოს 7 აგვისტოს გამოგზავნილ წერილში მშობლებს სწერდა: "მე ეხლა მოლაპარაკება მაქვს ეგების სადმე უცხოეთში წავიდე სამხედრო სკოლაში. მირჩევნია იქ ვიყო ოფიცრად ვინემ საფრანგეთში ჯარისკაცად". როგორც ჩანს, მას მოლაპარაკებები ჰქონდა მიხეილ კედიასთან, რომელიც ქართველ ემიგრანტებს გერმანიის სამხედრო სასწავლებლებში სწავლას სთავაზობდა და გიორგიც შტუტგარტის სამხედრო სკოლაში შევიდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან ოჯახთან კავშირი გაწყდა...
- რატომ?
- მეორე მსოფლიო ომის დროს ქართული ემიგრაცია ორ ბანაკად გაიყო: ნაწილი ანტიგერმანულ ბანაკში აღმოჩნდა, ნაწილმა კი საქართველოს გათავისუფლება ომში გერმანიის გამარჯვებას დაუკავშირა. მათ კარგად ახსოვდათ გერმანიის როლი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცვის საქმეში. კავკასიისა და საქართველოს საკითხის გადაწყვეტა უშუალოდ იყო დაკავშირებული იმ სამხედრო ძალასთან, რომელსაც მოუწევდა რუსეთის ომში დამარცხებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სახელმწიფოს საზღვრების დაცვა, იმ ბავარიულ ბატალიონთა მსგავსად, რომლებიც გენერალ კრეს ფონ კრესენშტაინის მეთაურობით 1918 წელს საქართველოში შემოვიდნენ. ამიტომ გადაწყდა გერმანულ ჯარში კავკასიელი და ქართველი ემიგრანტებისა და ტყვეებისაგან ბატალიონების ჩამოყალიბება. გერმანიის კავკასიაში შემოსვლისთანავე საქართველო დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა. ქართული სამხედრო ნაწილები, გერმანულ ჯართან ერთად, წესრიგსა და საზღვრებს დაიცავდნენ, შემდეგ კი მომავალი არმიის ბირთვი გახდებოდნენ. ამ გეგმას ქართველთაგან ბევრი იზიარებდა. საჭირო იყო ეს საქართველოშიც შეეტყოთ. ამ მიზნით შტეტინში მიულერმა მოამზადა ქართველ მედესანტეთა ჯგუფი შოთა თაქთაქიშვილის, ალექსანდრე სულხანიშვილის, გიორგი თუხარელის, ფაშალიშვილისა და სხვათა შემადგენლობით. მოგვიანებით მათ სულხანიშვილი ჩამოშორდა. სადესანტო ჯგუფის ნაწილი სმოლენსკთან გადასვეს. მათგან თითქმის ყველა შეიპყრეს და დახვრიტეს.
მიხეილ კედიას შუამავლობით ემიგრანტებისაგან შექმნილ ნაწილებში მრავალი მოხალისე ჩაეწერა. საჰაერო-სადესანტო ნაწილს "თამარ პირველს" მათე კერესელიძის მეთაურობით რუსეთთან ომის დაწყებამდე ახალ ორლეანთან წვრთნიდნენ, როგორც პარტიზანულ რაზმს. ასწავლიდნენ აფთიაქში ნაყიდი წამლებით ბომბების დამზადებას, კავშირგაბმულობას, რუკების კითხვას, ორიენტირებას და ა.შ. ნაწილზე დაწვრილებით მოგვითხრობს ემიგრანტი, ეროვნულ-დემოკრატი მიხეილ ქავთარაძე. იგი შეიქმნა სსრკ-სთან ომის გამოცხადების დღეს - 22 ივნისს ვენაში და მასში 17 კაცი იყო გაერთიანებული: მიხეილ თარაშვილი, შოთა ბერეჟიანი, გოგი ჭაჭიაშვილი, კობა ხოჭოლავა, გოგი გაბუნია, გოგი ბერძენიშვილი და სხვები. 1942 წლის ზაფხულში საქართველოში დესანტის ჩასმის შემდეგ მისი წევრების დიდი ნაწილი დაიღუპა, ნაწილი ტყვედ ჩაიგდეს გამანადგურებელმა ბატალიონებმა ან საბჭოთა მოქალაქეებმა ჩააბარეს ხელისუფლებას. მათე კერესელიძე 15 წელი იყო დატყვევებული ციმბირის გერმანელთა ბანაკში, სანამ მოსკოვში საფრანგეთის საელჩოს ძალისხმევით გაათავისუფლებდნენ, როგორც საფრანგეთის მოქალაქეს. "თეთრგიორგელი" შოთა ბერეჟიანი მოგვითხრობს, რომ 1 ივლისს რუმინეთში, ქალაქ ოტობეში სოლომონ ზალდასტანიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილ "თამარ მეორეს" შეუერთეს "თამარ პირველის" ჯგუფიდან გადარჩენილები და შტუტგარტში მომზადებული თაქთაქიშვილი, დარაშვილი, თუხარელი, წაწალაშვილი, ქიტიაშვილი.
1942 წელს დესანტი საქართველოს რამდენიმე რაიონში გადმოსვეს. 5 სექტემბერს ჭიათურის რაიონის სოფლების: კაცხის, ქვაციხისა და ვაჭევის მიდამოებში ჩამოსმული ჰაინრიჰ ციპკი და ბეკი (ვლადიმერ ბურძგლა) მალევე შეიპყრეს ბ. მახათაძის გამანადგურებელი ბატალიონის წევრებმა. 13 სექტემბერს ქვემო სვანეთში, დობიერის მთაში შეპყრობისას დაიღუპა რუბენ მაისურაძე. 1943 წელს ახალი ჯგუფი - ბაქსოლიანი და ჩხეიძე დესანტად ჩასხეს ჭიათურის რაიონში, 4 კაცი - ამბროლაურის რაიონში. არის ცნობები გურიასა და კახეთში დესანტის ჩასხმის შესახებ. რომელ რაიონში და ვისთან ერთად იყო გიორგი თუხარელი, ვერ დავადგინეთ.
1942 წელს ივანე თუხარელმა შეიტყო, რომ მისი შვილი გიორგი პარაშუტისტებთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე დახვრიტეს. იგი დაიბარეს უშიშროების კომიტეტში და ხელი თბილისიდან გაუსვლელობაზე მოაწერინეს. მან ეს ტრაგედია არ გაანდო თავის მეუღლეს. ანა თუხარელს სიკვდილამდე სწამდა, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო და რომელიღაც ქვეყანაში ცხოვრობდა. ივანე თუხარელი მეუღლის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ, 1967 წელს გარდაიცვალა.
ახალგაზრდა გიორგი თუხარელის ცხოვრება ისე დასრულდა, რომ ოჯახი და მემკვიდრე არ დარჩენია. მისი ძმის, დიმიტრის თუხარელის შთამომავალები თბილისში ცხოვრობენ.
მანანა გაბრიჩიძე (სპეციალურად საიტისთვის)