როგორ სჯიდნენ ძველ საქართველოში - კვირის პალიტრა

როგორ სჯიდნენ ძველ საქართველოში

ქართულმა წერილობითმა ძეგლებმა შემოგვინახეს ცნობები ქვეყანაში ადამიანის დასჯის სხვადასხვა ფორმის შესახებ. ძველ საქართველოში  დასჯის ორგვარი ფორმა გამოიყენებოდა: ფიზიკური და გამაწბილებელი სასჯელი.

ვარსქენის მიერ შუშანიკის საპყრობილეში ჩასმის ცალკეული დეტალის აღწერისას ჩანს, რომ საპყრობილეში მოთავსებულს სჯიდნენ ქედზე ჯაჭვის დადებითა და ფეხებზე ბორკილის შებმით. შუშანიკს "ჯაჭვ იგი, რომელ ედვა ქედსა მისა ზედა, ეგრეთვე ედვა, დაჰბეჭდა ურჩულომან ვარსქენ" - გადმოგვცემს იაკობ ხუცესი. ჩორს წასულ პიტიახშს ჰერეთის საზღვარზე წამოეწევა მისი ძმა ჯოჯიკი "და ევედრებოდა მას ფრიად, რაითამცა ბრძანა საკრველთა მათგან განტევებაი მისი". ჯოჯიკის დიდი ხვეწნის შემდეგ ვარსქენმა "ბრძანა განტევებაი საკრველთაგან ოდენ. და ვითარ მოვიდა ჯოჯიკ, აღჰხადა ჯაჭვი იგი ქედსა მისსა, ხოლო ბორკილთაი არა თავს-იდვა წმიდამან შუშანიკ". მოგვიანებით ამ ბორკილის გამო ეპისკოპოსნი და აზნაურნი ევედრებიან შუშანიკს, "რაითა ბორკილი იგი ფერხთაი ბრძანოს საცოდ და ნაკურთხევად ყოველთათვის". აქ ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი უძველესი დადასტურება წმინდანის კულტის გამოვლინებისა, როდესაც მის მიერ ნაქონი ნივთები ამ შემთხვევაში მისი წამების იარაღი, მიჩნეულია როგორც სასწაულმოქმედი, მცველი და მაკურთხებელი ყოველთა.

ქედზე ჯაჭვის დადება და ფეხებზე ბორკილის შებმა, როგორც დასჯის ერთ-ერთი ფორმა, ასევე გვხვდება "ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში". საერთოდ ეს ნაწარმოები გამოირჩევა დასჯის სხვადასხვა ფორმის აღწერით, რომელთაც ქვემოთ განვიხილავთ.

ნაწარმოებში აღნიშნულია, რომ ევსტათი და სხვა მისი თანამზრახველები, რომლებიც ქრისტიანობაზე მოიქცნენ, მიიყვანეს მსაჯულთან, ხოლო მან "უბრძანა მსახურთა თვისთა პირსა ცემა ნეტართა მათ და გარე განყვანება ყოველთა და უბრძანა: და ჰყვნეთ მაგათ თავი და წუერი და განუხურიტენით მაგათ ცხვირნი და ჯაჭვ დასდევით ქედსა მაგათსა და ბორკილნი შეუხსენით ფერხთა, და შესხენით ეგენი საპყრობილესა".

ამჟამად ჩვენთვის საინტერესოა ადამიანთა ჯაჭვით დაბმა, როგორც მართლმსაჯულების აღსრულების ერთ-ერთი ფორმა და, მასთან დაკავშირებული ეთნოგრაფიული ფაქტორები.

ჯაჭვით ადამიანთა დაბმის შესახებ ქართულმა ეთნოგრაფიულმა ყოფამ მრავალი ფაქტი შემოგვინახა. აღსანიშნავია, რომ ადამიანთა დასაბმელი ჯაჭვები სტრაბონის მიხედვით, ძვ.წ. I საუკუნისთვის ალბანელთა ყოფაშიც დასტურდება. ამ ფაქტის ანალიზის საფუძველზე ივანე ჯავახიშვილმა წარმოადგინა ალბანელთა წარმართული რელიგიისთვის დამახასიათებელი წესები. კერძოდ, ალბანელები თაყვანს სცემდნენ მზეს და მთვარეს, რომლის მთავარი ტაძარი, თურმე, იბერიის მახლობლად მდებარეობდა. მეფის შემდეგ ყველაზე პატივსაცემად ითვლებოდა ის, ვინც ტაძარს ემსახურებოდა; იგი განაგებდა ხატის დიდსა და მჭიდროდ დასახლებულ მამულს და ითვლებოდა ხატის ყმების უფროსად. ხატის ყმებს შორის ბევრი ქადაგად დაეცემოდა, წინასწარმეტყველებდა. მათ შორის ბევრი - წინასწარმეტყველებითა და ქადაგებით ზედმეტად გატაცებული, ტყეებში მარტოკა დახეტიალობდა. ქურუმები მათ იჭერდნენ, კისერზე ჯაჭვს დაჰკიდებდნენ და ერთი წლის განმავლობაში ზვარაკად ასუქებდნენ. ხოლო შემდეგ მათ - უკვე ამ გზით მირონცხებულებს, სხვა საღმრთო შესაწირავებთან ერთად ღმერთს შესწირავდნენ.

საერთოდ ჯაჭვს, როგორც მართლმსაჯულების იარაღს ან როგორც რიტუალურ ნივთს, ან კიდევ როგორც სულით ავადმყოფთა სამკურნალო მაგიურ საგანს შორეულ წარსულში მოეპოვება საფუძვლები. მისი სხვადასხვა ფუნქცია მითებსა და თქმულებებშიც აისახა. მაგალითად, საყოველთაოდ ცნობილ მითში ამირანის შესახებ, სომხურ გადმოცემაში მეფე არტავაზდის შესახებ და სხვ. ეს გადმოცემები, როგორც ვიცით, გვაუწყებენ, რომ როგორც ამირანი, ისე არტავაზდი ღვთის წინაშე ურჩობისთვის ქედზე იყვნენ მიჯაჭვულნი.

სანამ უშუალოდ დასჯის სხვა ფორმებს შევეხებოდეთ, "შუშანიკის წამებაში" დაცულ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საინტერესოდ მიგვაჩნია აღვნიშნოთ შემდეგი: შუშანიკის ზნეობრივი შეხედულებებისა და მორალური მრწამსის დასახასიათებლად განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ქმრის ასეთ, შეიძლება ითქვას, მდაბიურ სასჯელს (ქედზე ჯაჭვის დადებას და ფეხებზე ბორკილის შებმას, ამასთან, რამდენიმეგზის ცემასა და მიმოთრევას), ის უპირისპირებს ზეციურ სამართალს და იმქვეყნად მოელის მასა და ქმარს შორის სამართლის მოპოვებას: "განვისაჯეთ მე და ვარსქენ პიტიახში მუნ, სადა - იგი არა არს თუალღებაი მსაჯულისა მის მსაჯულთაისი და მეუფისა მის მეუფეთაისა, სადა არა არს რჩევაი მამაკაცისა და დედაკაცისაი. სადა მე და მან სწორი სიტყუაი ვთქუათ წინაშე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა". აქ განსაკუთრებით საყურადღებოა შუშანიკის ამ სიტყვებში გატარებული იდეა მამაკაცისა და დედაკაცის თანაბრად განსჯის (ზეციური სამართლის) არსებობის შესახებ. მისი სიტყვები, გადმოცემული ნაწარმოების ავტორის, იაკობ ხუცესის მიერ "სადა არა არს რჩევაი მამაკაცისა და დედაკაცისაი", ეხმაურება პავლე მოციქულის სიტყვებს ეპისტოლეში გალატელთა მიმართ. "არა არს ჰურიება, არცა წარმართება, არა არს მონება, არცა აზნაურება. არა არს რჩევა მამაკაცისა და დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუის მიერ".

ამრიგად, იდეამ მამაკაცისა და ქალის თანასწორობის შესახებ, რომლის დასაბამს საღმრთო წერილში ვპოულობთ და რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის უმაღლესი აყვავების პერიოდში (XII-XIII სს.) წამყვან საზოგადოებრივ შეხედულებას წარმოადგენდა, დასრულებული გამოხატვა "ვეფხისტყაოსანში" მიიღო, ("ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა - ხვადია"), ქართულ მწერლობასა და საზოგადოებრივ აზროვნებაში ჯერ კიდევ "შუშანიკის წამებაშია" ასახული და შუშანიკის ზემოთ მოყვანილ სიტყვებშიც ჩანს, ოღონდ ამ იდეის განხორციელების შესაძლებლობა გადატანილია იმ ქვეყნად.

"ევსტათი მცხეთელის მარტვილობის" ზემოთ მოყვანილი ამონაწერიდან, აგრეთვე ამ ნაწარმოების სხვა ადგილებიდან ჩანს, რომ იმ დროს საქართველოში სპარსელთა მიერ, ქედზე ჯაჭვის დადებისა და ბორკილების შებმის გარდა შემოღებული იყო დასჯის სხვა ფორმებიც: თავისა და წვერის დაყუენა (ანუ მოპარსვა), ცხვირის გახვრეტა, პირის ცემა. არვანდ გუშნასპმა, ქართლის მარზპანმა, - გადმოგვცემს მარტვილობის ავტორი, - "უბრძანა მსახურთა თვისთა პირისა ცემაი ნეტართა მათ" - ქრისტიანობაზე მოქცეული სპარსელებისაო.

დამნაშავის დაპატიმრებას, მის დაჭერასა და ამ მდგომარეობაში ყოფნას, როგორც "ევსტათი მცხეთელის მარტვილობიდან" ჩანს, "პყრობილებაი" ეწოდებოდა: "ამისა კაცისა პატიჟი მე არარაი ხელ-მეწიფების, არცა აღბმაი ძელსა, არცა პყრობილებაი", - ამბობს მცხეთის ციხისთავი უსტამი და ევსტათისა და სხვა ქრისტიანობაზე მოქცეულ სპარსელებს თბილისს გაგზავნის.

"კოსტანტი კახის" მარტვილობიდან კი ჩანს, რომ დამნაშავეს, პატიმარს "საპყრობილეში" მოათავსებენ. ჯაფარის, თბილისის ამირის, ბრძანებით კოსტანტი ჩასვეს "საპყრობილესა ფიცხელსა", სადაც მას მიუჩინეს ორი სომეხი ერისთავი, რომლებსაც რჯული (ქრისტანობა) უარუყვიათ, ემსახურებოდნენ ჯაფარს და ცდილობდნენ კოსტანტის გადაბირებასაც.

საინტერესოა, რომ გარდა ჯაჭვის ქედზე დადებისა, შეპყრობილის რკინის საკრველით შეკვრაც სცოდნიათ. კოსტანტი კახის შესახებ მის მარტვილობაში აღნიშნულია, რომ იგი, "შეკრეს ფიცხელითა საკრველითა რკინისაითა და წარსცეს იგი ქუეყნად ბაბილოვნისა, ქალაქსა, რომელსა ჰრქვან სამარაი".

"ევსტათი მცხეთელის მარტვილობიდან" ისიც ჩანს, რომ დასჯის ერთ-ერთი ფორმა ყოფილა "ძელსა აღბმაი".

ჩვენ მიერ წარმოდგენილი დასჯის ფორმები ფიზიკურ სასჯელს განეკუთვნება. მაგრამ ამასთან ერთად, როგორც იგივე წერილობითი წყაროები მოწმობენ, არსებობდა გამაწბილებელი სასჯელიც - ვირზე შესმა და შეიძლება მასვე მივაკუთვნოთ ზემოთ დასახელებული თავისა და წვერის მოპარსვა.

"შუშანიკის წამებიდან" ჩანს, რომ ქმრის მიერ ცოლის დასჯის ერთ-ერთი ფორმაა მისი გასახლება. მკვლევართა ერთი ნაწილის შეხედულებით - მისი მშობლების სახლში უკან დაბრუნება. ვარსქენი შუშანიკს ემუქრებოდა თუ "ტაძრად" (ე.ი. სამთავრო სახლში) არ მოხვალ, "ჩორდ წარგცე შენ ანუ კარად კარაულითა". გამოდის, რომ ვარსქენი შუშანიკს კარაულით, ე.ი. სახედარზე შესმით გაგზავნას ემუქრებოდა. ნაწარმოების ამ ეპიზოდში მინიშნებულია, შეიძლება ითქვას, დადასტურებულია ჩვენი წარსული ეთნოგრაფიული სინამდვილისთვის ცნობილი ფაქტი - ქმრისგან უარყოფილი ცოლის მშობლების სახლში დაბრუნება სახედარზე შესმით.

ცნობილია, რომ სახედარზე, ანუ ვირზე შესმა ძველ საქართველოში მიღებული იყო, როგორც დასჯის, გამაწბილებელი სასჯელის ერთ-ერთი სახე. ის ცნობილი იყო ბიზანტიელთა ყოფისთვის და ქართული სინამდვილისთვისაც. ასე მაგალითად, ვახტანგ VI-ის სამართლის კრებულში "სამართალი ბერძნულის" მიხედვით ვირზე შესმა არის დასჯის ერთ-ერთი სახე სხვადასხვა დანაშაულისთვის: მოსამართლის მიერ უსჯულის კანონი სამართლის ქმნისათვის (მუხ. 2), მსაჯულის გინებისათვის (მუხ. 56), წამლის მიცემით დედაკაცის მუცელში შვილის მოკვლისათვის (მუხ. 77) და სხვ. ვირზე შესმას გამაწბილებელ სასჯელად მიიჩნევს აკადემიკოსი ისიდორე დოლიძე. ვირზე უკუღმა შესმამ და ასეთი სახით სოფელ-სოფელ ჩამოტარებამ, როგორც ქმრის მოღალატე ცოლის დასჯის, მისი გაწბილების ფორმამ ასახვა პოვა ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში.

"პერანგა ქალი უკუღმა შეესვათ ვირზე...

ახლაც მაგონდება იმ ქალის კუნთების თრთოლა, ეტყობოდა, სციოდა, სცხელოდა და იგმირებოდა, ალბათ, ენატრებოდა სიკვდილი, მაგრამ სიკვდილი არსად ჩანდა და მისი ტანჯვა კი ძნელი იყო, ვითარცა სიკვდილი!

იმწამს იგი ათჯერ მოკვდა, ისევ ათჯეთ ძალით აცოცხლებდნენ!..

თრთოდნენ ქალის ანგელოზი მხრები და ბრბო კი ტალახსა და საქონლის ფუნას ესროდა თეთრ პერანგზე, რომელსაც თანდათან ფერი ეკარგებოდა" - ვკითხულობთ გიორგი ლეონიძის მოთხრობების კრებულში "ნატვრის ხე".

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ სახის სასჯელს ასევე სხვაგანაც ვხვდებით ქართულ წერილობით წყაროებში. კერძოდ XI საუკუნის საისტორიო თხზულებაში "მატიანე ქართლისაში" აღნიშნულია, რომ ისაკ ტოლობელის ძემ, მესხმა აზნაურმა, "დაიჭირა ხელითა და გასუა ჯორსა ფადლონ - თბილისის ამირა, ამის წინ კი მოთხრობილია, რომ მან გაძარცვა ერი ფადლონისა და გარდაყარა ისინი ცხენებიდან.

ამრიგად, როგორც ძველი ქართული წერილობითი ძეგლებიდან ჩანს, ძველ საქართველოში გავრცელებული ყოფილა დასჯის შემდეგი ფორმები: 1. ქედზე ჯაჭვის დადება. 2. ფეხებზე ბორკილის შებმა. 3. თავისა და წვერის გაპარსვა. 4. ცხვირის გახვრეტა. 5. ძელსა აღბმაი. 6. პირის ცემა. 7. პყრობილებაი. 8. შეკვრაი საკრველითა რკინისაითა. 9. სახედარზე დასმა. 10. გასახლება.

სიკვდილით დასჯის, თავის მოკვეთის, დასახიჩრების შესახებ არაფერს აღვნიშნავთ, თუმცა კი მარტვილობათა წიგნები დასჯის ამგვარ ფაქტებსაც გვაწვდიან.

სოსო ჭანტურიშვილი

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”