1945-1953 წლებში საბჭოთა კავშირის ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთისადმი - კვირის პალიტრა

1945-1953 წლებში საბჭოთა კავშირის ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთისადმი

1945 წლის მიწურულიდან მოყოლებული მთელი საქართველო მოელოდა, რომ საბჭოთა არმიის ნაწილები თურქეთის რესპუბლიკის საზღვრებს გადალახავდნენ და ისტორიული საქართველოს კუთვნილ მიწა-წყალს კვლავ დედასამშობლოს დაუბრუნებდნენ.

ბევრს არც კი ეეჭვებოდა, რომ ეს დიდი ისტორიული მოვლენა სულ ახლო მომავალში მოხდებოდა, იმდენად დიდი პოლიტიკური თუ სამხედრო სამზადისი უძღოდა წინ ე.წ. "თურქეთის საქართველოს" შემოერთებას.

საბჭოთა კავშირის მთავრობამ საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ეს საკითხი პირველად საგანგებოდ პოტსდამის კონფერენციაზე წამოჭრა.

საბჭოთა კავშირი თურქეთს სთხოვდა არტაანის, ართვინისა და ყარსის ოლქების დათმობასა და 1936 წლის 20 ივნისის მონტრეს ხელშეკრულების პირობების გაუქმებას - ბოსფორის სრუტეში თავისუფალი ნავიგაციის უფლებასა და ასევე, სრუტეში საბჭოთა გემებისთვის სამხედრო-სარემონტო ბაზის შექმნას.

ეს საკითხები საგანგებოდ განიხილეს "დიდი სამეულის" (საბჭოთა კავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, ინგლისი) პოტსდამის კონფერენციაზე.

1945 წლის 22 ივლისის სხდომაზე ინგლისის პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა განაცხადა: "თავს უფლებას მივცემ გენერალისიმუსის ყურადღება მივაქციო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, თურქეთი არ შევაშინოთ. თურქეთი უდავოდ შეშფოთებულია საბჭოთა და ბულგარეთის არმიების კონცენტრაციით ბულგარეთში, აგრეთვე საბჭოთა პრესისა და რადიოს გამუდმებული თავდასხმებით. აგრეთვე ელჩის ბატონ მოლოტოვთან მოლაპარაკებით, რომლის დროსაც ნახსენები იყო თურქეთის აღმოსავლეთი საზღვრის ცვლილება და სრუტეში საბჭოთა ბაზა".

პრემიერის ამ განცხადების შემდეგ იოსებ სტალინმა საგარეო საქმეთა კომისარ ვიაჩესლავ მოლოტოვს სთხოვა კონფერენციისთვის მოეხსენებინა საქმის ვითარება.

ოქმში ვკითხულობთ:

"სტალინი: გთხოვთ სიტყვა მივცეთ მოლოტოვს.

მოლოტოვი: "სრუტეების საკითხზე წერილობით წარმოვადგენთ დოკუმენტს, შესრულებულს რუსულ და ინგლისურ ენებზე. მაგრამ მანამდე განგიმარტავთ საკითხის წინაისტორიას.

თურქეთის მთავრობის ინიციატივით დადგა საბჭოთა მთავრობასთან სამოკავშირეო ხელშეკრულების დადების საკითხი, ჯერ ანკარაში ჩვენს ელჩთან, ხოლო მაისის ბოლოს თურქეთის ელჩის მეშვეობით მოსკოვში.

ივნისის დასაწყისში ორჯერ ვესაუბრე ელჩ სარფერს. მივეცით თანხმობა ხელშეკრულების დადებაზე, განსაზღვრული პირობით. ჩვენ უნდა მოვაგვაროთ ურთიერთპრეტენზიები.

ჩვენ გვაქვს ორი საკითხი. სამოკავშირეო ხელშეკრულების დადება გულისხმობს საზღვრის ერთობლივ კონტროლს, მაგრამ ზოგიერთ უბანზე სსრკ-თურქეთის საზღვარს მივიჩნევთ უსამართლოდ. მართლაც, 1921 წელს თურქეთმა საბჭოთა საქართველოსა და საბჭოთა სომხეთს ჩამოაჭრა ყარსის, ართვინისა და არდაგანის ოლქები (წარმოადგენს რუკას). ამიტომ განვაცხადე, რომ ხელშეკრულების დასადებად აუცილებელია საკითხის მოგვარება, უნდა დაუბრუნდეთ მათ ეს ტერიტორიები".

საბჭოთა დელეგაცია მხოლოდ დიპლომატიური მოლაპარაკებებისას არ აყენებდა ამ საკითხს. საზოგადოების სათანადოდ შემზადებისთვის საბჭოთა პროპაგანდამ მძლავრი იდეოლოგიური კამპანია დაიწყო თურქეთის მიერ 1921 წელს მიტაცებული მიწების დასაბრუნებლად. პროპაგანდისტული მანქანა მთელი სიმძლავრით ამუშავდა. ამ საქმეში ჩართული იყვნენ არა მარტო საბჭოთა მეცნიერები და მწერლები, პარტიული და საზოგადო მოღვაწეები, არამედ ქართული და სომხური პოლიტიკური ემიგრაცია, საქართველოსა და სომხეთის ეკლესია. ისტორიული სამართლიანობის აღდგენასა და თურქეთისგან ქართულ-სომხური მიწების დაბრუნებას ყველა ითხოვდა.

საზღვრის გადასინჯვის მოთხოვნით პირველად სომხები გამოვიდნენ. სომხეთის პარტიული ელიტა თუ ინტელიგენცია აქტიურად ჩაება ამ კამპანიაში. წამოწყებას მხარი აუბა სომხეთის პოლიტიკურმა ემიგრაციამ. სომეხი ერის მოთხოვნას გამოეხმაურნენ უცხოელი მეცნიერები, მათ შორის გამოირჩეოდა ინგლისელი საზოგადო მოღვაწე, კენტერბერის ტაძრის წინამძღვარი, დოქტორი ჰიულეტ ჯონსონი.

ეს საკითხი დაისვა 1945 წლის ივნისში ეჩმიაძინში გამართულ საეკლესიო კრებაზე. მას ესწრებოდა 111 დელეგატი მსოფლიოს 15 ქვეყნიდან. მოწვეული იყვნენ სომეხთა სათვისტომოების წარმომადგენლები ინგლისიდან, საფრანგეთიდან, აშშ-დან, ინდოეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, სირიიდან და სხვ. საეკლესიო კრებას ესწრებოდნენ კილიკიის კათალიკოსი გარეგინ I, იერუსალიმის პატრიარქი გიურექ I, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ევროპის ეპარქიის მღვდელთმთავარი არტავაზ სიურმეიანი და სხვა მაღალი საეკლესიო იერარქები. ეჩმიაძინს ეწვია ინგლისის დელეგაციაც ჰიულეტ ჯონსონის ხელმძღვანელობით. 1945 წლის ივნისის მიწურულს ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰიულეტ ჯონსონმა განაცხადა: "მე მთლიანად და მთელი გულით ვეთანხმები იმას, რომ თურქეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები რაც შეიძლება მალე უნდა დაუბრუნდეს სომხეთს".

1945 წლის ოქტომბრის დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულმა სომხურმა ორგანიზაციებმა საგარეო საქმეთა მინისტრთა ლონდონის საბჭოს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც ითხოვდნენ საბჭოთა სომხეთისთვის დაებრუნებინათ ყველა სომხური ტერიტორია, რომელიც თურქეთის შემადგენლობაში შედიოდა.

თურქეთის მიერ მიტაცებული მიწა-წყლის დაბრუნების კამპანიაში 1945 წლის დეკემბრიდან აქტიურად ჩაერთო ქართული მხარეც.

სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილის საგაზეთო სტატია - "თურქეთისადმი ჩვენი კანონიერი პრეტენზიების შესახებ", საქართველოში ამ კამპანიის დასაწყისი იყო. გაზეთ "კომუნისტში" 1945 წლის 14 დეკემბერს ამ სტატიის გამოქვეყნებიდან მალევე, იგი რუსულად ითარგმნა და უკვე 20 დეკემბერს საკავშირო პრესაში დაიბეჭდა (გაზეთ "პრავდასა" და "იზვესტიაში"), 22 დეკემბერს კი იგი გადაბეჭდა უკრაინის წამყვანმა გაზეთმა "პრავდა უკრაინიმ".

მიუხედავად სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილის ტიტულებისა, არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ეს სტატია აბსოლუტურად პოლიტიკური დაკვეთით მომზადდა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიჩნიოთ ქართველ ისტორიკოსთა ინიციატივად. ეს კარგად იცოდნენ ევროპისა და აშშ-ის პოლიტიკურმა წრეებმა და ამიტომაც საკავშირო პრესაში გამოქვეყნებისთანავე სტატია უცხოურმა გაზეთებმაც გადაბეჭდეს.

სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილის სტატიას მოჰყვა არნოლდ ჩიქობავას, დავით ზავრიევის, ექვთიმე თაყაიშვილისა და სხვათა პუბლიკაციები. ამ კამპანიაში ჩაერთო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) და ამიერკავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს წევრი, აჭარის ყადი რასიხ ბერიძე.

თურქეთისადმი ტერიტორიული პრეტენზიების საკითხი უმაღლეს პარტიულ შეკრებებზეც არაერთხელ დასმულა. მასზე ღიად საუბრობდნენ საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერები. საბჭოთა საქართველოს 25 წლისთავისადმი მიძღვნილ მოხსენებაში კანდიდ ჩარკვიანი აღნიშნავდა: "ქართველი ხალხი რესპუბლიკაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 25 წლისთავს ეგებება დიდი სასიხარულო მიღწევებით, რომლებმაც მიგვიყვანეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის საბოლოო განმტკიცებამდე სოციალისტური საზოგადოებრივი წყობილების გამარჯვების საფუძველზე.

მაგრამ ჯერ კიდევ არ განხორციელებულა ქართველი ხალხის საუკუნეობრივი ოცნება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მის საზღვრებს გარეთ ჯერ კიდევ რჩება ოდითვე ქართული მიწა-წყალი: არტაანის (არდაგანის), ართვინის, ოლთისის, თორთუმის, ბაიბურთის, ისპირის, გიუმიშხანეს, ლაზისტანის რაიონები. ამიტომ გასაგებია ქართველი საბჭოთა საზოგადოებრიობის დაჟინებითი მოთხოვნები იმის შესახებ, რომ საქართველოს დაუბრუნდეს ჩვენი სამშობლოსგან მოწყვეტილი ტერიტორიები, რომლებიც ქართველი ხალხის კულტურისა და სახელმწიფოებრიობის აკვანს წარმოადგენდა".

ლაშა ბაქრაძე თავის საინტერესო სტატიაში "ოცნება ტრაპიზონის ოლქკომზე, თურქეთი-საქართველო: 1945/1946" აღნიშნავს, რომ საქართველოს ცეკას ამ პერიოდისთვის ჯერ შემოუერთებელ ტერიტორიებზე პარტიული უჯრედების ჩამოყალიბების თადარიგი დაუჭერია. შესაბამის კანდიდატებს წინასწარ ამზადებდნენ ართვინის, არტაანის, ტრაპიზონის მხარეების რაიკომის მდივნებად. როგორც ჩანს, გრიგოლ აბაშიძის ლექსს, "ოცნება ტრაპიზონის ოლქკომზე", რეალური საფუძველი ჰქონდა:

გზის გასწვრივ დგანან ალვები მწკრივად,

თეთრად გაჰკვრია ზეცას ღრუბლები...

მე ტრაპიზონის ოლქკომში ვზივარ,

ოლქკომის მდივანს ვესაუბრები...

წუხელ გვიანღამ ჰქონდა თათბირი,

დღეს რაიონი თვითონ არკვია...

რეკავს თბილისი და პირდაპირი

ხაზით მდივანი უსმენს ჩარკვიანს.

1946 წლის შუა ხანებიდან პროპაგანდისტული კამპანია თანდათან შენელდა. ცენტრალურ პრესაში უკვე აღარ იბეჭდებოდა მკვეთრი სტატიები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თურქეთის შემადგენლობაში არსებული ქართული მიწების შემოერთების საკითხი ამის შემდეგაც არ მოხსნილა. პერიოდული გამოცემებიდან ძირითადად გაზეთი "საბჭოთა აჭარა" აქტიურობდა. ქართველი მწერლებიდან ირაკლი აბაშიძემ, გიორგი ლეონიძემ, გრიგოლ აბაშიძემ, ილო მოსაშვილმა და სხვებმა არაერთი ნაწარმოები უძღვნეს ამ პრობლემას.

ირაკლი აბაშიძემ ქართველ პოეტთაგან პირველმა 1945 წლის დეკემბერში ქართველი ერის საუკუნოვანი ოცნება ლექსად გამოხატა. "რა დაგავიწყებს..." გაზეთ "კომუნისტში" დაიბეჭდა 28 დეკემბერს, რასიხ ბერიძის სტატიასთან ერთად. პოეტი ქართველ ხალხს მოუწოდებდა:

იქ არის შენი აკვნის გამთლელი,

შენი დაშლილი ოდა-სართული;

ქართველო, სანამ გქვიან ქართველი,

გეძახის შენი მიწა ქართული.

1946 წლის 16 ივნისს გაზეთი "კომუნისტი" აქვეყნებს დუტუ მეგრელის "ოლთისის ციხეს":

ვით მგლოვიარე მიჯნურსა

იზიდავს სატრფოს სამარე,

რომ მოგონებით წარსულის

დაიტკბოს აწმყო მან მწარე;

აგრევე აქ გადმოტყორცნილს

მოკლებულს მშობელს მხარესა,

ძეგლი ძველ საქართველოსავ,

იზიდავ სულს მწუხარესა.

როს უცხოთ შორის მარტოდ მყოფს,

გულს სევდა შემომაწვება,

რომ მცირედ არის მაინცა,

მივცე საბრალო თავს შვება,

მოვრბივარ... შენს ნანგრევებზე

ვისვენებ დაღონებული

და დროთ სივრცეში მიმოვფრენ,

ოცნებით გატაცებული!

ვიგონებ იმ დროს, როდესაც

შენ იდექ მტკიცე, ძლიერი

და შენში მედგრად ხვდებოდა

მოსულს მტერს ქართველი ერი.

და შორს, შორს, ძვირფას მამულში

მიმაფრენს ეს მოგონება

და გული მიძგერს სიამით,

სანამ არ ქრება ოცნება!..

ამავე პერიოდში დაიწერა გიორგი ლეონიძის "მესხეთი". მოკლე ხანში ეს ლექსი რამდენიმე თაობის უსაყვარლეს პოეტურ ქმნილებად იქცა:

ისე დავბერდი,

ვეღარ ვნახე ტბეთი, შატბერდი..

ვერც არტანუჯი, ოშკი, ხახული...

...ბუმბერაზები, გოლიათები,

გორგასლანიდან, ვიდრე ჩვენამდის,

ყველა ფეხზეა, ერთი გაფრენით,

რომ შენთან გაჩნდეს მტრის გაჩენამდის!..

1948 წელს გაზეთების "საბჭოთა აჭარისა" და "ახალგაზრდა კომუნისტის" ფურცლებზე დაბეჭდილ ნაწარმოებებში დახატულია თურქეთში მცხოვრებ ქართველთა მძიმე მდგომარეობა. ვარლამ ჟურული თავის ლექსში "მიტაცებულ მიწაზე" გულნაკლული აღნიშნავს:

ტაო-კლარჯეთში კვნესის ნიავი,

ცრემლის გუბეა ყრმათა აკვანთან.

გმინავს ჭანეთი თურქთა სიავით,

შფოთავენ ძვლები მამა-პაპათა.

ალიო ადამიას ლექსი "ლაზური ბალადა" გამსჭვალულია თურქეთისადმი სიძულვილით. ასეთი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება ამ კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო:

... - იყო, არ არის, ვაჟკაცო,

სარფი - სოფელი ლაზური!

ღამით, სულ მოულოდნელად,

როგორც ქურდი და ლაჩარი,

თურქთა ჯარები დაგვესხნენ

და გულში დაგვცეს ლახვარი...

აი, შეხედე, იქ არის

დედაშვილობის გამყოფი

უსწორმასწორო საზღვარი!

ასეთივე პათოსითაა დაწერილი ნესტორ მალაზონიას ლექსი "ქორწილი":

შინ არ დარჩა ახალგაზრდა,

მოხუცი და ხანშესული,

მტრის საჟლეტად ყველა აღდგა

სატევარ და ხმალასხმული...

მაგრამ მტერმა ეს სოფლები

გადაწვა და გადათქერა,

დააცილა მეზობლები,

გაუცივა მრავალს კერა...

ან:

მაყრად აწვიეთ მესხეთი -

ტბეთიდან არზრუმს გასვლამდე,

უარს ვერ იტყვის ვერც ერთი

ართვინ - არტანუჯ - ყარსამდე...

1948 წელს დაიწერა და უკვე 1949 წლიდან რუსთაველის თეატრის სცენაზე დაიდგა ილო მოსაშვილის "ჩაძირული ქვები". ამ სპექტაკლს დიდი წარმატება ხვდა. პიესის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ყოფილი მასწავლებელი, ტომით ქართველი ბეჟან-აღა ახალგაზრდებს მიმართავს: "ოსმალებსა და მათს დღევანდელ ბატონებს - ამერიკელ სოვდაგრებს კი უნდათ ჩვენი გულიდან სამუდამოდ ამოშალონ სამშობლოს სიყვარული... მათ სწადიათ დაგვავიწყონ ჩვენი ქართული დედაენა, რომ პირუტყვებს დაგვამსგავსონ და უფრო ადვილად იბატონონ ჩვენზე!.. მათ უნდათ ჩვენს შვილებსა და მამებს თოფი მისცენ ხელში და თავისუფლების დიდ ქვეყანას მიუსიონ, სადაც ძმები ქართველები სხვა ტომის ხალხთან ერთად ბედნიერი ცხოვრებით სტკბებიან... ხომ გაიგონეთ, ჩემო შევარდნებო?.."

ამავე პერიოდში გამოდის გრიგოლ აბაშიძის ლექსების კრებული "სამხრეთ საზღვარზე". ეს წიგნი მოკლე ხანში პოპულარული გახდა მთელ საქართველოში. მასში შევიდა ავტორის ის პოეტური ქმნილებები, რომლებიც თურქეთის სახელმწიფოს საზღვრებში მოქცეული ქართული ტერიტორიების ბედ-იღბალს ეხებოდა. ლექსებში "ტაო", "რაც ჩვენს მეზობლად დასახლდა თურქი", "ოცნება ტრაპიზონის ოლქკომზე" პოეტი გამოთქვამს იმედს, რომ ახლო მომავალში საბჭოთა სახელმწიფო იზრუნებს ამ ტერიტორიების დაბრუნებაზე:

შენი ხანძთა, შენი ტბეთი,

როდის აღსდგეს იავარო,

როდის იქნეს შენი ბედი

ჩვენს სადროშოს მიაბარო!

("ტაო")

"როცა თურქთაგან ასჯერ გათელილ

ტაოს გამოხსნას ტაშით ახარებს,

ჩემი თაობის გმირი ქართველი -

ჩვენი წარსულის ბაირახტარებს".

("რაც ჩვენს მეზობლად დასახლდა თურქი")

1951 წელს ილო მოსაშვილს პიესისათვის "ჩაძირული ქვები" და გრიგოლ აბაშიძეს, ლექსების ციკლისთვის "სამხრეთ საზღვრებზე" და "სამგორის ველზე", მიენიჭათ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია.

* * *

მსოფლიო დიპლომატია აქტიურად ამოქმედდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ბოლოს და ბოლოს იოსებ სტალინი იძულებული გახდა, თურქეთისადმი საბჭოთა კავშირის ტერიტორიულ პრეტენზიებზე უარი ეთქვა და ამ მიწების შემოერთებაზე ხელი აეღო. ამით საქართველომ საბოლოოდ დაკარგა ტაო-კლარჯეთის, კოლა-არტაანისა და ლაზეთ-ჭანეთის დაბრუნების შანსი. აღსანიშნავია, რომ თურქეთის რესპუბლიკამ ამ მოვლენების შემდეგ თითქმის მთელი XX საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში მოახერხა საფუძვლიანად შეეცვალა ამ პროვინციების დემოგრაფიული სურათი. ქართველთა დიდი ნაწილი თურქეთის შიდა პროვინციებში გადაასახლეს. ესეც ჩვენი ერის უახლესი ისტორიის დიდი ტრაგედია იყო.

1953 წლის 30 მაისს საბჭოთა კავშირის მთავრობამ ოფიციალურ დონეზე და საბოლოოდ უარი თქვა ქართულ-სომხური მიწების დაბრუნებაზე. თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისადმი მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნებისა და მშვიდობის განმტკიცების მიზნით, საბჭოთა საქართველო და სომხეთი უარს ამბობენ თურქეთისადმი თავიანთ ტერიტორიულ პრეტენზიებზე.

ჯაბა სამუშია

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”