არსებობდა თუ არა სინამდვილეში ტროას ცხენი?
არსებობდა თუ არა სინამდვილეში ტროას ცხენი?
22-08-2012
როგორ აღიწერა მიკენელებისა და ხეთების ომი ბერძენთა და ტროელთა ომად

მსოფლიო ისტორიაში დღემდე განსჯის საგნად რჩება ძველი ბერძნული ისტორია ტროას ათწლიანი ალყის შესახებ. ამბავმა, რომელიც ბერძენმა პოეტმა ჰომეროსმა აღწერა, ისე მყარად გაიდგა ფესვი ადამიანთა ცნობიერებაში, რომ იგი დღემდე ყველა დროის უდიდეს გამოცანად რჩება. ეს მხოლოდ მითია, როგორც უწინ მიაჩნდათ, თუ როგორც ზოგი ფიქრობს, ახლა უფრო მეტი საფუძველი არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ რაც ჰომეროსმა დაწერა, სიმართლეა?

ტროას ადგილას დღეს ლეგენდარული ცხენის უზარმაზარი ასლი დგას. როგორც ჰომეროსი "ოდისეაში" აღწერს, ბერძნებს გიგანტური ცხენის მეშვეობით სურდათ დაესრულებინათ ქალაქის ათწლიანი ალყა და ომში საბოლოო გამარჯვება მოეპოვებინათ. ამბავი მართლაც შთამბეჭდავია. ბერძენთა მშვენიერი დედოფალი ელენე ტროელთა უფლისწულმა პარისმა მოიტაცა და ტროაში წაიყვანა, სადაც მამამისი პრიამოსი მეფობდა. ბერძენთა მეფე აგამემნონი სათავეში ჩაუდგა ბერძენთა ფლოტს ტროას დასალაშქრად და მშვენიერი ელენეს დასაბრუნებლად. ქალაქის ალყა ათ წელიწადს გაგრძელდა და მასში როგორც ბერძენი (აიაქსი, აქილევსი), ასევე ტროელი (ჰექტორი) არაერთი გმირი მონაწილეობდა. ბერძნებმა რჩეული მეომრები ხის ცხენში ჩასხეს და ქალაქის კარიბჭის წინ დატოვეს, თვითონ კი ვითომ იქაურობას გაეცალნენ. წინასწარმეტყველი ქალის, კასანდრას (პრიამოსის ქალიშვილი) გაფრთხილების მიუხედავად, ტროელებმა ცხენი ქალაქში შეიტანეს. ღამით ცხენიდან მეომრები გამოვიდნენ, კარიბჭე გააღეს და ბერძნები ქალაქში შეუშვეს. მართლაც შესანიშნავი ისტორიაა, მაგრამ შეესაბამება კი ის სინამდვილეს?

ჰომეროსი იდუმალებით მოცული პიროვნებაა. ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით ამ კაცზე ან იქნებ ქალზე. შემორჩენილია მხოლოდ მისი ორი ეპიკური პოემა "ილიადა" და "ოდისეა", რომლებიც დაახლოებით ძვ.წ. 730 წელს დაიწერა (თავად ამბები, რომლებიც მასშია მოთხრობილი, ზეპირსიტყვიერებით გადაეცემოდა თაობებს). პოემების გადარჩენაში დიდი წვლილი მიუძღვით რომაელებს, რომლებიც მოხიბლული იყვნენ ჰომეროსით. რომაელებს, რომელთაც მოგვიანებით ბერძნები დაამარცხეს, სჯეროდათ, რომ ტროას ომში გადარჩენილთა შთამომავლები იყვნენ, - იმათი, ვინც დაცემული ქალაქიდან გამოქცეულებმა, იტალიას შეაფარა თავი.

ტროას ომის ამბავი საუკუნიდან საუკუნეს გადაეცემოდა და არაერთხელ გამხდარა მეცნიერების შესწავლის საგანი. ერთხანს სწავლულები ერთსულოვნად ამტკიცებდნენ, რომ ეს ლეგენდა იყო.

მართალია, ჰომეროსმა დაწვრილებით აღწერა ტროა და მისი შემოგარენი, თანამედროვე მსოფლიოსთვის მაინც უცნობი იყო ქალაქის ზუსტი ადგილმდებარეობა. მეცნიერთა ვარაუდით, ქალაქი უნდა ყოფილიყო თანამედროვე თურქეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ სანაპიროზე, სადღაც დარდანელის სრუტის შესასვლელთან, მაგრამ სახელდობრ სად, ვერავის დაედგინა.

XIX საუკუნის შუა ხანებისთვის ქალაქის ადგილმდებარეობის შესაძლო ვარიანტად განიხილებოდა ჰისარლიყის ბორცვი (თურქეთში), მაგრამ არ არსებობდა ხელჩასაჭიდი საბუთი იმის დასამტკიცებლად, რომ ზუსტ ადგილს მიაკვლიეს. 1871 წელს გერმანელმა მეწარმემ და მოყვარულმა არქეოლოგმა ჰაინრიხ შლიმანმა (1822-1890 წწ.) ჰისარლიყის ბორცვის გათხრა დაიწყო.

ჰომეროსის დიდი თაყვანისმცემელი შლიმანი, გარდა იმისა, რომ არქეოლოგიით იყო დაინტერესებული, მილიონერიც გახლდათ.
ბევრ რამეს, რაც მისი ვარაუდით, ტროას ომს არ უკავშირდებოდა, ყოფილი დიდვაჭარი უარყოფდა. ამიტომ მან მოპოვებულ მასალათა უმრავლესობა დაუდევრად გაანადგურა და კულტურული ფენებიც ძალიან დააზიანა. შლიმანს აღმოჩენების თაობაზე ბევრ სიცრუესაც სწამებდნენ და როგორც ამბობდნენ, უკანონოდ, მალულად გაჰქონდა ქვეყნიდან გათხრებისას ნაპოვნი ძვირფასი ნივთები. თუმცა მან მართლაც აღმოაჩინა ტროა და ამას ისტორიკოსებიც ადასტურებენ.

სინამდვილეში შლიმანმა იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე უბრალოდ აღმოჩენა იყო. ჰისარლიყი, როგორც მას თანამედროვე არქეოლოგები უწოდებენ, არის ბორცვი, რომელიც დასახლებათა რამდენიმე ფენისგან შედგებოდა.

შლიმანმა ცხრა ფენა აღმოაჩინა, რომელთაგან ყველაზე ძველი ძვ.წ. 3000 წლით თარიღდება. მეორე ფენაში შლიმანმა ტროას არსებობის ყველაზე მეტი ნივთმტკიცება იპოვა. მათ შორის სკივრი, განუზომელი ღირებულების ოქროს განძეულით, რომელიც მისი აზრით, ტროელთა მეფე პრიამოსს ეკუთვნოდა. მანვე იპოვა იმის მტკიცებულებაც, რომ მეორე ფენასაც იგივე ბედი ეწია, რაც ჰომეროსის ქალაქს, - იგი ერთიანად გაენადგურებინათ. ეს საკმარისი აღმოჩნდა შლიმანისთვის, რათა დაესკვნა, რომ მან სწორედ ტროა აღმოაჩინა.

შემდგომმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ შლიმანი მართალი გახლდათ, თუმცა ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხის დეტალებში ცდებოდა. მეორე ფენა საკმაოდ პატარა იყო, უფრო ადრეულ ხანას განეკუთვნებოდა და საეჭვოა, ის ბერძნების მიერ ალყაში მოქცეული კოშკები ყოფილიყო.
შლიმანის შემდგომი არქეოლოგები ჰომეროსის პოემაში მოხსენიებულ ქალაქად მეშვიდე ფენას მიიჩნევდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ მისი ასაკი და ზომა ზუსტად შეესაბამებოდა იმ ეპოქას. თავდაპირველად მის განადგურებას მიწისძვრას მიაწერდნენ, მაგრამ ახლა ფიქრობენ, რომ ეს იმ ძლევამოსილი ლაშქრის ნამოქმედარი იყო, რომელმაც ქალაქი ალყაში მოაქცია.

შლიმანის აღმოჩენა აღიარეს. ცინიკოსები კი ქილიკობდნენ და კითხულობდნენ: თუ ჰისარლიყი ტროა იყო, მაშ სადღა იყო მისი მტრების ნაშთები? არ არსებობდა რამე სამხილი, გარდა ჰომეროსის მონათხრობისა, რომ ხალხი, რომელმაც ტროა დაარბია, ბერძნები იყვნენ. შლიმანმა, ჰომეროსის მონათხრობზე დაყრდნობით, აგამემნონის ქალაქის ადგილმდებარეობის დასადგენად გათხრები მიკენში დაიწყო და მიაღწია კიდეც წარმატებას. მან აღმოაჩინა კარგად გამაგრებული ციხესიმაგრე და მდიდრული სამეფო სამარხები. მოყვარული არქეოლოგი დარწმუნებული იყო, რომ ბერძენთა მეფის სასახლე იპოვა. მან სხვა ადგილებიც გათხარა და საფორტიფიკაციო ნაგებობებსა და ნეშტებს მიაგნო. შლიმანის აზრით, ეს სწორედ იმ მეომართა ნეშტები იყო, რომლებიც ხომალდებით მიადგნენ ტროას და ალყაში მოაქციეს. როგორც არქეოლოგები აცხადებენ, იმ დროისთვის გაბატონებული უარყოფითი აზრის მიუხედავად, შლიმანის თეორიები სწორი აღმოჩნდა.

ხმელთაშუა ზღვის რეგიონში წარმართულმა უამრავმა არქეოლოგიურმა გათხრამ ცხადყო, რომ ზღვაოსანი ხალხი საბერძნეთში დაახლოებით ძვ.წ. 1550 წელს გამოჩნდა.
მატერიკის დაპყრობის შემდეგ მიკენელები, როგორც მათ უწოდებდნენ, შეიჭრნენ კრეტაზე და დაეპატრონნენ მინოსის უდიდეს ცივილიზაციას, რომელიც ამ კუნძულზე არსებობდა. დაახლოებით ძვ. წ.1350 წელს მიკენელთა ძალაუფლება განუსაზღვრელად გაიზარდა. ისინი გაცხოველებულ ვაჭრობას მისდევდნენ და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონშიც იჭრებოდნენ.

ეს თარიღები იყო რეალური საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მიკენელები და ჰომეროსის ბერძნები ერთი და იგივე ხალხი იყო. განსაკუთრებით მაშინ, როცა ტროაში მიკენელთა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები აღმოჩნდა. როგორც ბევრს მიაჩნდა, ამის ყველაზე თვალსაჩინო მტკიცებულებაა თიხის ფირფიტებზე მიკენურ ენაზე შესრულებული წარწერების გაშიფვრა, რომელიც ხაზოვანი დამწერლობა B-ს სახელით არის ცნობილი. ეს კი, ეჭვგარეშეა, ბერძნული ენის ადრეულ ფორმას წარმოადგენდა. ფირფიტები გვამცნობს, რომ მიკენელები მებრძოლი მონათმფლობელები იყვნენ, რომლებსაც სწორედ ისეთივე გემები ჰყავდათ, როგორიც ჰომეროსმა აღწერა. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს აგრეთვე მიკენელთა ბრინჯაოს საჭურველი და ტახის ეშვებისგან დამზადებული მუზარადი. მისი აღწერილობა ზედმიწევნით ემთხვევა "ილიადაში" აღწერილს.

ახლა უფრო ნაკლებად საეჭვო ჩანდა, რომ მიკენელები და ბერძნები ერთი და იგივე ხალხი იყო. მართალია, უამრავი საბუთი არსებობდა ამ მოსაზრების განსამტკიცებლად, მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი ცდილობდა, დაეკნინებინა ჰომეროსის მონათხრობი და აცხადებდა, რომ ის ნაკლებად შეესაბამებოდა რეალურ ამბავს. მადლობა ღმერთს, უამრავი ნივთმტკიცებაა აღმოჩენილი. ისინი, ვისაც ეჭვი ეპარებოდათ, ცდებოდნენ.

გერმანელი არქეოლოგი, დოქტორი მანფრედ ოსმან კორფმანი, რომელიც 1988 წლიდან ინტენსიურ გათხრებს წარმართავდა ტროაში, დარწმუნებულია, რომ მიაკვლია საფუძვლიან მტკიცებულებას - ქალაქი გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ეგონათ. კორფმანის აზრით, ქალაქი, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 10 ათას კაცს შეადგენდა, რაც იმ დროისთვის მართლაც შთამბეჭდავი ციფრი იყო, გვიანი ბრინჯაოს ხანის უმდიდრეს ცენტრს წარმოადგენდა, რისთვისაც ბრძოლა ღირდა. კორფმანის აზრით, ჰომეროსის ეპიკურ პოემებს აქვს, როგორც ის უწოდებს, "ისტორიული ფესვები", თუმცა მისი აღმოჩენები დეტალებში განსხვავდება იმ აღწერილობისგან, რასაც ჰომეროსი იძლევა. მეცნიერი მიუთითებს საფორტიფიკაციო ნაგებობების სიმრავლეზე, რომლებსაც ტროელები ქალაქის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე აგებდნენ, რათა თავიანთ კონტროლქვეშ მოექციათ ეგეოსისა და შავ ზღვებს შორის გამავალი საზღვაო გზები. მეცნიერის აზრით, ტროელებს მრავალი ბრძოლის გადატანამ მოუწიათ და სწორედ ეს ომები დაედო საფუძვლად ჰომეროსის ეპიკურ პოემებს.
ზოგიერთი არქეოლოგი კორფმანის მოსაზრებას სადავოდ მიიჩნევს. ასევე სადავოდ მიაჩნიათ ხეთების კულტურის ცნობილ მკვლევართა, ფრენკ სტარკისა და დევიდ ჰოკინსის დასკვნები, რომლებიც ხეთების იმპერიის სამეფო ციტადელის არქივში ნაპოვნი მასალების საფუძველზე გაკეთდა.

ხეთების სახელმწიფო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა იყო ცენტრალურ ანატოლიაში (თურქეთი). მათ მაღალგანვითარებული ცივილიზაცია შექმნეს და ომის დროს დიპლომატიის გამოყენების ხელოვნებასაც ფლობდნენ. ჩანაწერებში, რომელიც ძვ.წ. XIII საუკუნეს განეკუთვნება, დეტალურად არის ასახული, როგორ საგარეო პოლიტიკას წარმართავდნენ ხეთები მეზობელ ქვეყნებთან.

სტარკისა და ჰოკინსის მტკიცებით, ხეთების იმპერიის ჩრდილოეთ-დასავლეთით, დარდანელის სრუტის შესასვლელში, არსებობდა ეკონომიკურად დამოუკიდებელი სახელმწიფო ვილუსა (ჭილუსა). თუ ამ სახელს წინა ჭ-ს ჩამოვაცილებთ (ბერძნები ამ ასოს არ იყენებდნენ), მაშინ ილუსა ძალიან წააგავს ილუმს, იმავე ილიონს. ამ სახელითაც მოიხსენიებს ხოლმე ჰომეროსი ტროას. ხეთებმა იცოდნენ, რომ ვილუსას დასავლეთით ცხოვრობდნენ აქაველები (ასე უწოდებს ჰომეროსი ბერძნებს).

ხეთი იმპერატორები აქაველთა მეფეებს, როგორც თანასწორნი თანასწორებს, ოფიციალურ მიმოწერაში უწოდებდნენ "მეფე ძმას".
სტარკსა და ჰოკინსს თავიანთი მოსაზრებების განსამტკიცებლად მაგალითად მოჰყავთ ხეთების მეფე ხათუსილის წერილი, რომელიც მან აქაველთა მეფეს გაუგზავნა. ხათუსილი ტროას დაცემის პერიოდში მართავდა ხეთების სამეფოს. წერილში აღნიშნულია, რომ ომში, რომელიც ქალაქ ვილუსას გამო წამოიწყეს, შეთანხმებას მივაღწიეთო. ფირფიტებზე გადმოცემული ინფორმაცია მწირია, არაფერია ნახსენები იმის შესახებ, თუ რა იყო ომის დაწყების მიზეზი, რამდენ ხანს გრძელდებოდა კონფლიქტი ან როგორი იყო შეთანხმების პირობები. ხეთური ჩანაწერიდან კარგად ჩანს, რომ ჰომეროსმა მხოლოდ 500 წლის შემდეგ აღწერა ეს ისტორია.

გასაგებია, რომ ბერძნული და ხეთური ვერსიები ზედმიწევნით არ ემთხვევა ერთმანეთს. მიკენელებისთვის ეს დიდი გამარჯვება იყო, ხეთებს სულ კუდით ქვა ასროლინეს და ამიტომაც ამბები უფრო გაზვიადებულია. რაც შეეხება ხეთებს, ტროას ომი მათთვის მხოლოდ გამაღიზიანებელი ეპიზოდი შეიძლებოდა ყოფილიყო და ისიც მარჯვე იმპერიული დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდა.

ცხადია, რომ მართლაც არსებობდა ტროა და ომიც ნამდვილად მოხდა, შესაძლოა, არაერთიც, და მასში ჩართული იყვნენ ძველი ბერძნები. თანამედროვე გეოგრაფიული და გეოლოგიური მონაცემები გვიჩვენებს, რომ ჰომეროსის მიერ აღწერილი ტროა და მისი შემოგარენი ზედმიწევნით ზუსტია. ერთადერთი, რასაც ვერასოდეს გავიგებთ, არის ის, მართლა ათ წელიწადს გრძელდებოდა თუ არა ომი. ნამდვილად იმ მიზეზით დაიწყო ბრძოლა, როგორც ჰომეროსი აღწერს - როცა ღმერთებმა და ქალღმერთებმა სხვადასხვა მხარე დაიჭირეს - თუ ეს იყო ბრძოლა მხოლოდ კომერციული უპირატესობის მოსაპოვებლად.
როგორც ჩანს, ტროას ცხენის არსებობის იდეას მყარი საფუძველი აქვს, რომელიც ახლა ჩვენთვის ცნობილ მიკენელთა სამხედრო ტექნოლოგიის მიხედვით შეიქმნა. ძვ.წ. XIII საუკუნეში ომის დროს უკვე იყენებდნენ ხის საალყო კოშკურებსა და კედლის სანგრევ მორებს (იგივე ტარანი). ჰომეროსის პოეტური ენით გადმოცემულ ამბავში ის, რამაც ტროას კედელი შეანგრია და შიგ შესვლა გააადვილა, თავისუფლად შეიძლებოდა ხის ცხენი ყოფილიყო. ჰომეროსისთვის დამახასიათებელი იყო ამბის შელამაზებით გადმოცემა. ის უფრო პოეტი გახლდათ, ვიდრე ისტორიკოსი. სწორედ მისმა პოემებმა შემოინახა ტროაზე და ტროას ომების შესახებ ამბავი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო.

მომზადებულია National Geographic-ის გამოცემა "ისტორიის საიდუმლოებანის" მიხედვით
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”

sara
28 აგვისტო 2012 06:54
ძალიან საინტერესოდ წასაკითხი იყო, დიდი მადლობა.
მოსკოვიდან 36 კმ-ში, კაშირის ტრასაზე მდებარე 570კვ.მ....
3.5-ოთახიანი, 85 კვ.მ. მზიანი ბინა ლამაზი ხედით,...
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 9(10), 56 კვ.მ. უცხოვრებელი...
სხვა სიახლეები
სპორტულ მოედნებზე დატრიალებული უდიდესი ტრაგედიები
დაწვრილებით...
"ზარა" ხელმოკლეებსაც აცმევს და მდიდრებსაც
დაწვრილებით...
შუმერულ მითოლოგიაში ბიბლიური ნოეს მსგავსი რამდენიმე პირი არსებობდა. მათ შორის გამორჩეული იყო უთნაფიშთიმი, რომელმაც ცოლთან ერთად ააშენა კიდობანი და შესაბამისად, წარღვნას მხოლოდ იგი გადაურჩა.
დაწვრილებით...
XIX საუკუნე პაპის ინსტიტუტის გაძლიერებისა და განმტკიცების ხანაა.
დაწვრილებით...
XVII საუკუნის ბოლო წლებში ყველა ქრისტიანი მისიონერი და ევროპელი ვაჭარი იაპონიიდან ახალმა, ძლიერად შეიარაღებულმა მმართველებმა განდევნეს.
დაწვრილებით...
რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი და ერთი პოლონური ოჯახის ტრაგედია

1939 წლის აგვისტოში საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის გაფორმებული შეთანხმება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის სახელითაა ცნობილი, ოფიციალურად ურთიერთთავდაუსხმელობას გულისხმობდა, რეალურად კი ორი დანაშაულებრივი რეჟიმის გარიგებას წარმოადგენდა, რომელსაც გერმანიისა და საბჭოთა კავშირის მიერ პოლონეთის დაპყრობა-განაწილება მოჰყვა.


აქ მოთხრობილია ნამდვილი ამბავი, ერთი პოლონური ოჯახის ტრაგედია, ყოველგვარი დრამატიზაციის გარეშე. ამ ამბის მთავარი გმირები არიან იუზეფ ძიუბანსკი, მისი პირველი მეუღლე კაზიმირა და მათი ქალიშვილი ლეონია. ეს ამბავი თქვენი მონა-მორჩილისთვის ცნობილი გახდა პოლონელი მეგობრისგან, იუზეფის ვაჟის - მაჩეი ძიუბანსკისგან, რომელიც თავის დროზე მოძრაობა "მებრძოლი სოლიდარობის" აქტიური წევრი გახლდათ.

1938 წელს ახალგაზრდა პოლონელი ცოლ-ქმარი, იუზეფი და კაზიმირა პარიზში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. ევროპის თავზე უკვე ავის მომასწავებელი ღრუბლები იკრიბებოდა. ფეხმძიმე მეუღლე იუზეფმა პოლონეთში, თავიანთ მშობლიურ ლვოვში გაგზავნა იმ პირობით, რომ ბავშვი ერთი წლის რომ გახდებოდა, დედა-შვილი ისევ პარიზში დაბრუნდებოდა. იუზეფ ძიუბანსკი პარიზში დარჩა. მაშინ მათ არ იცოდნენ, რომ როგორც ცოლ-ქმარი, სამუდამოდ ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს. გოგონა, ლეონია, 1939 წლის მარტში დაიბადა ლვოვში. 1939 წლის 1-ელ სექტემბერს პოლონეთს დასავლეთიდან გერმანია დაესხა თავს, 17 სექტემბერს კი აღმოსავლეთიდან უკვე საბჭოთა ჯარები შეიჭრნენ "სლავი ძმების დასაცავად". იუზეფ ძიუბანსკის ომმა პარიზში მოუსწრო.
საბჭოთა კავშირის თავდასხმა პოლონეთისთვის, რომელიც მარტოდმარტო ცდილობდა გერმანელთა თავდასხმის მოგერიებას, ზურგში დანის ჩაცემას უდრიდა, და არა იმიტომ, რომ პოლონეთს განსაკუთრებული კეთილმეზობლობა და მეგობრობა აკავშირებდა რუსეთთან და მისგან ამას არ ელოდა, არამედ იმ მშრალი იურიდიულ-პოლიტიკური მიზეზის გამო, რომ პოლონეთის მთავრობას თავდაუსხმელობის ხელშეკრულება ჰქონდა დადებული საბჭოთა კავშირთან. რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი ნდობა არ შეიძლებოდა და რომ მისთვის პოლონეთთან დადებულ სამშვიდობო ხელშეკრულებას იმ ქაღალდზე მეტი ფასი არ ჰქონდა, რაზეც ის ეწერა. პოლონეთის ზურგს უკან საბჭოთა კავშირი ფარულად იყო გარიგებული ფაშისტურ გერმანიასთან და რიბენტროპ-მოლოტოვის დანაშაულებრივი პაქტიც მომზადებული ჰქონდა. 1939 წლის აგვისტოში გერმანიასა და საბჭოთა კავშირს უკვე ხელი ჰქონდათ მოწერილი "ურთიერთთავდაუსხმელობის პაქტისთვის", რომლის საიდუმლო პროტოკოლში ზუსტად იყო განსაზღვრული ორივე ქვეყნის ტერიტორიული ამბიციები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მიმართ. ამ პროტოკოლის მიხედვით, პოლონეთი გერმანიასა და საბჭოთა კავშირს უნდა გაენაწილებინათ, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და ფინეთი კი საბჭოთა კავშირის "ინტერესების სფეროდ" ცხადდებოდა.

1939 წელს საბჭოთა ჯარებმა ლვოვი დაიკავეს. სტალინმა ლვოვსა და მის შემოგარენში მცხოვრები პოლონელები საკუთარი მიწა-წყლიდან აყარა და 1940 წელს საბჭოთა კავშირის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში გადაასახლა. 1941-1944 წლებში ლვოვი გერმანელთა მიერ იყო ოკუპირებული. 1945 წელს კი სტალინმა ეს ქალაქი პოლონეთს ჩამოაჭრა და საბჭოთა კავშირს მიუერთა.

საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან პოლონელთა პირველი მასობრივი დეპორტაცია 1940 წლის 10 თებერვალს მოხდა. 1,2 მილიონი პოლონელი არხანგელსკის, ჩელიაბინსკის, ირკუტსკის, ჩკალოვსკის, ნოვოსიბირსკის, სვერდლოვსკისა და ომსკის რაიონებში და კრასნოიარსკისა და ალტაის მხარეებში გადაასახლეს. საბჭოთა მხარის მონაცემების მიხედვით, გადასახლებულთაგან 760 ათასი კაცი დაიღუპა. გარდაცვლილთა დიდ ნაწილს - ერთ მესამედს ბავშვები წარმოადგენდნენ. ასე აღმოჩნდა 1940 წელს ოცდახუთი წლის პოლონელი ქალი ათი თვის ბავშვით ჯერ კრასნოიარსკის მხარის მანსკის რაიონში, ერთი წლის შემდეგ კი - ყაზახეთის ტრამალებში ჩაკარგულ პატარა და უსახურ ქალაქ ჯამბულში.

ორ ფრონტზე ერთდროულად ორი აგრესორის წინააღმდეგ გმირული და თავგანწირული ბრძოლების შემდეგ, რომლებიც მარცხისთვის იყო განწირული, ძალთა არაპროპორციული შეფარდების გამო, პოლონეთის მთავრობამ საზღვარი გადაკვეთა და ჯერ რუმინეთში, მერე კი საფრანგეთში გადავიდა. 1939 წლის 6 ოქტომბრისთვის გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა მთლიანად დაიკავეს პოლონეთი, ერთმანეთში გაინაწილეს და ქვეყნის სრული ანექსია მოახდინეს.
საფრანგეთ-პოლონეთის სამხედრო შეთანხმებამ საშუალება მისცა პოლონეთის ჯარებს, საფრანგეთში განლაგებულიყნენ. ემიგრაციაში მყოფმა პოლონეთის მთავრობამ სწრაფად ჩამოაყალიბა 80-ათასკაციანი ჯარი, რომელიც საფრანგეთის არმიას ექვემდებარებოდა. როდესაც 1940 წლის მაისში გერმანია საფრანგეთს დაესხა თავს, პოლონური ნაწილები პარიზის დასაცავად მოემზადნენ. მაგრამ გერმანიასა და საფრანგეთს შორის ომი (რომელსაც 6 ათასი პოლონელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა) სწრაფად დამთავრდა და 22 ივნისს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

გენერალმა ვლადისლავ სიკორსკიმ, პოლონეთის ჯარების მთავარსარდალმა და ემიგრაციაში მყოფი პოლონეთის მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, საფრანგეთის დაცემის შემდეგ პოლონური საბრძოლო ნაწილების ევაკუირება მოახდინა დიდ ბრიტანეთში. 1940 წლის ივნისში პოლონეთის საბრძოლო ნაწილები ოკუპირებული საფრანგეთის პორტებიდან ბრიტანეთში გადავიდნენ. ბრიტანეთსა და პოლონეთს შორის გაფორმებული სამხედრო შეთანხმების თანახმად, ბევრი პოლონელი ჯარისკაცი გაიგზავნა შოტლანდიაში, რადგან ბრიტანეთის ეს ნაწილი სრულიად დაუცველი იყო გერმანიის აგრესიის წინაშე და რეალური საფრთხეც ემუქრებოდა. ახალჩამოსულ პოლონელებს შოტლანდიაში დიდი სიხარულით შეხვდნენ. სწორედ დასავლეთის ფრონტზე, გენერალ ვლადისლავ სიკორსკის არმიაში იბრძოდა იუზეფ ძიუბანსკი ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ გენერალი სიკორსკი, როგორც ლონდონში ბაზირებული დევნილობაში მყოფი პოლონეთის მთავრობის პრემიერ-მინისტრი, მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირთან პოლონეთის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას, რომელიც გერმანია-საბჭოთა კავშირის პაქტისა და 1939 წელს პოლონეთში საბჭოთა ჯარების შეჭრის გამო გაწყვეტილი იყო. მაგრამ როდესაც 1943 წლის 13 აპრილს ნაცისტური გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კატინის ტყეში 20 ათასი პოლონელი ოფიცრის მასობრივი დახვრეტის ადგილი აღმოაჩინა (როგორც ცნობილია, ტყვე პოლონელი ოფიცრები პირადად სტალინის ბრძანებით 1940 წლის აპრილ-მაისში დახვრიტეს კატინში), საბჭოთა კავშირმა კატინის დანაშაული გერმანიის მხარეს დააბრალა და ყოველგვარ პასუხისმგებლობაზე უარი განაცხადა. როდესაც გენერალმა სიკორსკიმ არ მიიღო საბჭოთა მხარის განმარტება და მოითხოვა, ეს სამხედრო დანაშაული საერთაშორისო წითელ ჯვარს გამოეძიებინა, საბჭოთა კავშირმა პოლონეთის მთავრობას ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობა დასდო ბრალად და 26 აპრილს დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა სიკორსკის მთავრობასთან. იმავე წლის 4 ივლისს, როცა სიკორსკი წინა აზიაში განლაგებული პოლონეთის სამხედრო ძალების ინსპექტირების შემდეგ უკან ბრუნდებოდა, მისმა თვითმფრინავმა გიბრალტარის აეროპორტიდან (ბრიტანეთის ტერიტორია) აფრენიდან 16 წამში კატასტროფა განიცადა და ზღვაში ჩავარდა. ამ ბურუსით მოცულ და საეჭვო ავიაკატასტროფაში გენერალთან ერთად დაიღუპა მისი ქალიშვილი, ასევე შტაბის უფროსი ტადეუშ კლიმეცკი და კიდევ შვიდი თანმხლები პირი. სიკორსკის სიკვდილი საბჭოთა კავშირის დასავლელ მოკავშირეებსაც ხელ-ფეხს უხსნიდა საბჭოთა კავშირთან კარგი ურთიერთობისთვის – პოლონეთის საკითხი ხელის შემშლელი ბარიერი იყო დასავლეთისა და საბჭოთა კავშირის თანამშრომლობისთვის, კატინის დანაშაულის აღმოჩენის შემდეგ კი გენერალი სიკორსკი მოითხოვდა, რომ ჩერჩილს ურთიერთობა გაეწყვიტა სტალინთან. მართალია, საჯაროდ ჩერჩილი მხარს უჭერდა სიკორსკის მთავრობას და ხშირად შეახსენებდა სტალინს ნაცისტურ გერმანიასთან 1939 წელს გაფორმებულ პაქტსა და პოლონეთზე გერმანია-საბჭოთა კავშირის ერთობლივ შეთანხმებულ თავდასხმას, მაგრამ რუზველტთან საიდუმლო კონსულტაციებისას მანვე აღიარა, რომ პოლონეთი განსაზღვრულ დათმობებზე უნდა წასულიყო ძლიერი საბჭოთა კავშირის დასაშოშმინებლად. სიკორსკის სიკვდილით დასრულდა ის ეტაპი მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში, როდესაც პოლონეთი ანგარიშგასაწევი ფაქტორი იყო დასავლელი მოკავშირეებისთვის.

გენერალი ვლადისლავ სიკორსკი კრაკოვის ვაველის სასახლის კრიპტშია დაკრძალული.
ყაზახეთში იძულებით გადასახლებულ კაზიმირას კოლმეურნეობაში ამუშავებდნენ, ყაზახეთშივე გაზრდილ მის გოგონას კი ორჯერ უთხრეს უარი უნივერსიტეტში მიღებაზე – შენ, გადამთიელ პოლონელს, ჩვენს უნივერსიტეტში რა გესაქმება, ჩვენ მხოლოდ ჩვენს ახალგაზრდებს ვასწავლით უმაღლეს სასწავლებლებშიო. ერთხელ, როცა ლეონიამ სამედიცინო უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ კედელზე გამოკრულ სიაში ჩარიცხულთა შორის თავისი გვარიც ამოიკითხა, უცებ კედელთან ვიღაც კაცი მივიდა, შავი ბოლშევიკური ჩანთიდან წითელი ბოლშევიკური ფანქარი ამოიღო და პოლონელი გოგონას გვარი სიიდან ამოშალა: - შენ პოლონელი ხარ, შენი ადგილი აქ არ არის და არც უმაღლესში სწავლაა შენი საქმეო. ის კაცი და მისი წითელი ფანქარი ახლაც მახსოვსო, იგონებს მრავალი წლის შემდეგ პანი ლეონია. მეორედ, როცა უკვე სხვაგან ჩააბარა გამოცდები და ფარმაციის შესწავლას შეუდგა, ლექციების დაწყებიდან ორი თვის შემდეგ წერილი მიიღო - თქვენი სწავლა დამთავრებულიაო. ასე, ერთი წინადადებით, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.

ყაზახეთის ტრამალებში უვადოდ გადასახლებულმა დედა-შვილმა, რომელთაც პოლონეთში დაბრუნების არავითარი იმედი აღარ ჰქონდათ, მხოლოდ სტალინის სიკვდილიდან ხუთი წლის შემდეგ, 1958 წელს შეძლო სამშობლოში დაბრუნება. მაგრამ ეს ის პოლონეთი აღარ იყო, მათ რომ დატოვეს ცხრამეტი წლის წინ. ეს უკვე კომუნისტური პოლონეთი იყო, სადაც პოლონელი კომუნისტები რუსებზე არანაკლები სისასტიკითა და დაუნდობლობით უსწორდებოდნენ სხვაგვარად მოაზროვნეებს. პოლონელ გოგონას, იმ მოტივით, რომ მან პოლონური არ იცოდა, კომუნისტურ პოლონეთში უფლება არ მისცეს, ვროცლავში დასახლებულიყო, სადაც მამამისი იუზეფი ცხოვრობდა.

ლეონიას, რომელსაც ყაზახეთში "პოლიაჩკას" ეძახდნენ დამცინავად, პოლონეთშიც ბევრი გულისტკივილი შეხვდა, ბევრი ეუბნებოდა აგდებულად, რუსი ხარო. სამშობლოდაკარგულმა ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ყაზახეთში პოლონელი იყო, პოლონეთში კი "რუსი" და რომელმაც მშობლიური ენაც კი არ იცოდა, პოლონეთში რომ დაბრუნდა, ყველაფერს დამოუკიდებლად მიაღწია, უდიდესი ნებისყოფისა და სიმტკიცის წყალობით. პოლონური ენის შესწავლის შემდეგ ლეონია ძიუბანსკამ სამედიცინო კოლეჯი დაამთავრა და მრავალ წელიწადს ექთანად მუშაობდა. პანი ლეონია ახლაც ხშირად ესწრება "ციმბირელთა კავშირის" - სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა გაერთიანების შეკრებებს.

დღეს დედა-შვილი, რომელთა ცხოვრების ისტორია XX საუკუნის პოლონეთის ტრაგედიისა და მეორე მსოფლიო ომის ისტორიაა, ომისა, რომელმაც ცხოვრება დაუნგრია და სამშობლო დაუკარგა ერთ პოლონურ ოჯახს, სამხრეთ პოლონეთის ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობს. დედა, პანი კაზიმირა ოთხმოცდაჩვიდმეტი წლისაა, მისი ქალიშვილი პანი ლეონია კი - სამოცდათორმეტის. ლეონია ძიუბანსკა დღესაც ხშირად ფიქრობს ყაზახეთის ტრამალებზე, სადაც მისი უსიხარულო ბავშვობა და ყმაწვილქალობა დარჩა.

ქეთი ტოროტაძე
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”
დაწვრილებით...
მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ჰიტლერმა გერმანიიდან ევა ბრაუნთან ერთად გაღწევა და არგენტინაში ჩასვლა მოახერხა! მეტიც, მან სტალინის სიკვდილის შემდეგ კიდევ ცხრა წელიწადს იცოცხლა!
დაწვრილებით...
ქრისტიანული სიწმინდე, ტურინის სუდარა შუა საუკუნეების ნაყალბევი არ არის და ნამდვილად ის არის, რითაც იესო ქრისტე დაკრძალეს. ახალი კვლევა ამ საკითხზე იტალიელმა მეცნიერებმა მოაწყვეს.
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელია: