არსებობდა თუ არა სინამდვილეში ტროას ცხენი? - კვირის პალიტრა

არსებობდა თუ არა სინამდვილეში ტროას ცხენი?

როგორ აღიწერა მიკენელებისა და ხეთების ომი ბერძენთა და ტროელთა ომად

მსოფლიო ისტორიაში დღემდე განსჯის საგნად რჩება ძველი ბერძნული ისტორია ტროას ათწლიანი ალყის შესახებ. ამბავმა, რომელიც ბერძენმა პოეტმა ჰომეროსმა აღწერა, ისე მყარად გაიდგა ფესვი ადამიანთა ცნობიერებაში, რომ იგი დღემდე ყველა დროის უდიდეს გამოცანად რჩება. ეს მხოლოდ მითია, როგორც უწინ მიაჩნდათ, თუ როგორც ზოგი ფიქრობს, ახლა უფრო მეტი საფუძველი არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ რაც ჰომეროსმა დაწერა, სიმართლეა?

ტროას ადგილას დღეს ლეგენდარული ცხენის უზარმაზარი ასლი დგას. როგორც ჰომეროსი "ოდისეაში" აღწერს, ბერძნებს გიგანტური ცხენის მეშვეობით სურდათ დაესრულებინათ ქალაქის ათწლიანი ალყა და ომში საბოლოო გამარჯვება მოეპოვებინათ. ამბავი მართლაც შთამბეჭდავია. ბერძენთა მშვენიერი დედოფალი ელენე ტროელთა უფლისწულმა პარისმა მოიტაცა და ტროაში წაიყვანა, სადაც მამამისი პრიამოსი მეფობდა. ბერძენთა მეფე აგამემნონი სათავეში ჩაუდგა ბერძენთა ფლოტს ტროას დასალაშქრად და მშვენიერი ელენეს დასაბრუნებლად. ქალაქის ალყა ათ წელიწადს გაგრძელდა და მასში როგორც ბერძენი (აიაქსი, აქილევსი), ასევე ტროელი (ჰექტორი) არაერთი გმირი მონაწილეობდა. ბერძნებმა რჩეული მეომრები ხის ცხენში ჩასხეს და ქალაქის კარიბჭის წინ დატოვეს, თვითონ კი ვითომ იქაურობას გაეცალნენ. წინასწარმეტყველი ქალის, კასანდრას (პრიამოსის ქალიშვილი) გაფრთხილების მიუხედავად, ტროელებმა ცხენი ქალაქში შეიტანეს. ღამით ცხენიდან მეომრები გამოვიდნენ, კარიბჭე გააღეს და ბერძნები ქალაქში შეუშვეს. მართლაც შესანიშნავი ისტორიაა, მაგრამ შეესაბამება კი ის სინამდვილეს?

ჰომეროსი იდუმალებით მოცული პიროვნებაა. ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით ამ კაცზე ან იქნებ ქალზე. შემორჩენილია მხოლოდ მისი ორი ეპიკური პოემა "ილიადა" და "ოდისეა", რომლებიც დაახლოებით ძვ.წ. 730 წელს დაიწერა (თავად ამბები, რომლებიც მასშია მოთხრობილი, ზეპირსიტყვიერებით გადაეცემოდა თაობებს). პოემების გადარჩენაში დიდი წვლილი მიუძღვით რომაელებს, რომლებიც მოხიბლული იყვნენ ჰომეროსით. რომაელებს, რომელთაც მოგვიანებით ბერძნები დაამარცხეს, სჯეროდათ, რომ ტროას ომში გადარჩენილთა შთამომავლები იყვნენ, - იმათი, ვინც დაცემული ქალაქიდან გამოქცეულებმა, იტალიას შეაფარა თავი.

ტროას ომის ამბავი საუკუნიდან საუკუნეს გადაეცემოდა და არაერთხელ გამხდარა მეცნიერების შესწავლის საგანი. ერთხანს სწავლულები ერთსულოვნად ამტკიცებდნენ, რომ ეს ლეგენდა იყო.

მართალია, ჰომეროსმა დაწვრილებით აღწერა ტროა და მისი შემოგარენი, თანამედროვე მსოფლიოსთვის მაინც უცნობი იყო ქალაქის ზუსტი ადგილმდებარეობა. მეცნიერთა ვარაუდით, ქალაქი უნდა ყოფილიყო თანამედროვე თურქეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ სანაპიროზე, სადღაც დარდანელის სრუტის შესასვლელთან, მაგრამ სახელდობრ სად, ვერავის დაედგინა.

XIX საუკუნის შუა ხანებისთვის ქალაქის ადგილმდებარეობის შესაძლო ვარიანტად განიხილებოდა ჰისარლიყის ბორცვი (თურქეთში), მაგრამ არ არსებობდა ხელჩასაჭიდი საბუთი იმის დასამტკიცებლად, რომ ზუსტ ადგილს მიაკვლიეს. 1871 წელს გერმანელმა მეწარმემ და მოყვარულმა არქეოლოგმა ჰაინრიხ შლიმანმა (1822-1890 წწ.) ჰისარლიყის ბორცვის გათხრა დაიწყო.

ჰომეროსის დიდი თაყვანისმცემელი შლიმანი, გარდა იმისა, რომ არქეოლოგიით იყო დაინტერესებული, მილიონერიც გახლდათ.

ბევრ რამეს, რაც მისი ვარაუდით, ტროას ომს არ უკავშირდებოდა, ყოფილი დიდვაჭარი უარყოფდა. ამიტომ მან მოპოვებულ მასალათა უმრავლესობა დაუდევრად გაანადგურა და კულტურული ფენებიც ძალიან დააზიანა. შლიმანს აღმოჩენების თაობაზე ბევრ სიცრუესაც სწამებდნენ და როგორც ამბობდნენ, უკანონოდ, მალულად გაჰქონდა ქვეყნიდან გათხრებისას ნაპოვნი ძვირფასი ნივთები. თუმცა მან მართლაც აღმოაჩინა ტროა და ამას ისტორიკოსებიც ადასტურებენ.

სინამდვილეში შლიმანმა იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე უბრალოდ აღმოჩენა იყო. ჰისარლიყი, როგორც მას თანამედროვე არქეოლოგები უწოდებენ, არის ბორცვი, რომელიც დასახლებათა რამდენიმე ფენისგან შედგებოდა.

შლიმანმა ცხრა ფენა აღმოაჩინა, რომელთაგან ყველაზე ძველი ძვ.წ. 3000 წლით თარიღდება. მეორე ფენაში შლიმანმა ტროას არსებობის ყველაზე მეტი ნივთმტკიცება იპოვა. მათ შორის სკივრი, განუზომელი ღირებულების ოქროს განძეულით, რომელიც მისი აზრით, ტროელთა მეფე პრიამოსს ეკუთვნოდა. მანვე იპოვა იმის მტკიცებულებაც, რომ მეორე ფენასაც იგივე ბედი ეწია, რაც ჰომეროსის ქალაქს, - იგი ერთიანად გაენადგურებინათ. ეს საკმარისი აღმოჩნდა შლიმანისთვის, რათა დაესკვნა, რომ მან სწორედ ტროა აღმოაჩინა.

შემდგომმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ შლიმანი მართალი გახლდათ, თუმცა ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხის დეტალებში ცდებოდა. მეორე ფენა საკმაოდ პატარა იყო, უფრო ადრეულ ხანას განეკუთვნებოდა და საეჭვოა, ის ბერძნების მიერ ალყაში მოქცეული კოშკები ყოფილიყო.

შლიმანის შემდგომი არქეოლოგები ჰომეროსის პოემაში მოხსენიებულ ქალაქად მეშვიდე ფენას მიიჩნევდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ მისი ასაკი და ზომა ზუსტად შეესაბამებოდა იმ ეპოქას. თავდაპირველად მის განადგურებას მიწისძვრას მიაწერდნენ, მაგრამ ახლა ფიქრობენ, რომ ეს იმ ძლევამოსილი ლაშქრის ნამოქმედარი იყო, რომელმაც ქალაქი ალყაში მოაქცია.

შლიმანის აღმოჩენა აღიარეს. ცინიკოსები კი ქილიკობდნენ და კითხულობდნენ: თუ ჰისარლიყი ტროა იყო, მაშ სადღა იყო მისი მტრების ნაშთები? არ არსებობდა რამე სამხილი, გარდა ჰომეროსის მონათხრობისა, რომ ხალხი, რომელმაც ტროა დაარბია, ბერძნები იყვნენ. შლიმანმა, ჰომეროსის მონათხრობზე დაყრდნობით, აგამემნონის ქალაქის ადგილმდებარეობის დასადგენად გათხრები მიკენში დაიწყო და მიაღწია კიდეც წარმატებას. მან აღმოაჩინა კარგად გამაგრებული ციხესიმაგრე და მდიდრული სამეფო სამარხები. მოყვარული არქეოლოგი დარწმუნებული იყო, რომ ბერძენთა მეფის სასახლე იპოვა. მან სხვა ადგილებიც გათხარა და საფორტიფიკაციო ნაგებობებსა და ნეშტებს მიაგნო. შლიმანის აზრით, ეს სწორედ იმ მეომართა ნეშტები იყო, რომლებიც ხომალდებით მიადგნენ ტროას და ალყაში მოაქციეს. როგორც არქეოლოგები აცხადებენ, იმ დროისთვის გაბატონებული უარყოფითი აზრის მიუხედავად, შლიმანის თეორიები სწორი აღმოჩნდა.

ხმელთაშუა ზღვის რეგიონში წარმართულმა უამრავმა არქეოლოგიურმა გათხრამ ცხადყო, რომ ზღვაოსანი ხალხი საბერძნეთში დაახლოებით ძვ.წ. 1550 წელს გამოჩნდა.

მატერიკის დაპყრობის შემდეგ მიკენელები, როგორც მათ უწოდებდნენ, შეიჭრნენ კრეტაზე და დაეპატრონნენ მინოსის უდიდეს ცივილიზაციას, რომელიც ამ კუნძულზე არსებობდა. დაახლოებით ძვ. წ.1350 წელს მიკენელთა ძალაუფლება განუსაზღვრელად გაიზარდა. ისინი გაცხოველებულ ვაჭრობას მისდევდნენ და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონშიც იჭრებოდნენ.

ეს თარიღები იყო რეალური საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მიკენელები და ჰომეროსის ბერძნები ერთი და იგივე ხალხი იყო. განსაკუთრებით მაშინ, როცა ტროაში მიკენელთა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები აღმოჩნდა. როგორც ბევრს მიაჩნდა, ამის ყველაზე თვალსაჩინო მტკიცებულებაა თიხის ფირფიტებზე მიკენურ ენაზე შესრულებული წარწერების გაშიფვრა, რომელიც ხაზოვანი დამწერლობა B-ს სახელით არის ცნობილი. ეს კი, ეჭვგარეშეა, ბერძნული ენის ადრეულ ფორმას წარმოადგენდა. ფირფიტები გვამცნობს, რომ მიკენელები მებრძოლი მონათმფლობელები იყვნენ, რომლებსაც სწორედ ისეთივე გემები ჰყავდათ, როგორიც ჰომეროსმა აღწერა. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს აგრეთვე მიკენელთა ბრინჯაოს საჭურველი და ტახის ეშვებისგან დამზადებული მუზარადი. მისი აღწერილობა ზედმიწევნით ემთხვევა "ილიადაში" აღწერილს.

ახლა უფრო ნაკლებად საეჭვო ჩანდა, რომ მიკენელები და ბერძნები ერთი და იგივე ხალხი იყო. მართალია, უამრავი საბუთი არსებობდა ამ მოსაზრების განსამტკიცებლად, მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი ცდილობდა, დაეკნინებინა ჰომეროსის მონათხრობი და აცხადებდა, რომ ის ნაკლებად შეესაბამებოდა რეალურ ამბავს. მადლობა ღმერთს, უამრავი ნივთმტკიცებაა აღმოჩენილი. ისინი, ვისაც ეჭვი ეპარებოდათ, ცდებოდნენ.

გერმანელი არქეოლოგი, დოქტორი მანფრედ ოსმან კორფმანი, რომელიც 1988 წლიდან ინტენსიურ გათხრებს წარმართავდა ტროაში, დარწმუნებულია, რომ მიაკვლია საფუძვლიან მტკიცებულებას - ქალაქი გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ეგონათ. კორფმანის აზრით, ქალაქი, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 10 ათას კაცს შეადგენდა, რაც იმ დროისთვის მართლაც შთამბეჭდავი ციფრი იყო, გვიანი ბრინჯაოს ხანის უმდიდრეს ცენტრს წარმოადგენდა, რისთვისაც ბრძოლა ღირდა. კორფმანის აზრით, ჰომეროსის ეპიკურ პოემებს აქვს, როგორც ის უწოდებს, "ისტორიული ფესვები", თუმცა მისი აღმოჩენები დეტალებში განსხვავდება იმ აღწერილობისგან, რასაც ჰომეროსი იძლევა. მეცნიერი მიუთითებს საფორტიფიკაციო ნაგებობების სიმრავლეზე, რომლებსაც ტროელები ქალაქის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე აგებდნენ, რათა თავიანთ კონტროლქვეშ მოექციათ ეგეოსისა და შავ ზღვებს შორის გამავალი საზღვაო გზები. მეცნიერის აზრით, ტროელებს მრავალი ბრძოლის გადატანამ მოუწიათ და სწორედ ეს ომები დაედო საფუძვლად ჰომეროსის ეპიკურ პოემებს.

ზოგიერთი არქეოლოგი კორფმანის მოსაზრებას სადავოდ მიიჩნევს. ასევე სადავოდ მიაჩნიათ ხეთების კულტურის ცნობილ მკვლევართა, ფრენკ სტარკისა და დევიდ ჰოკინსის დასკვნები, რომლებიც ხეთების იმპერიის სამეფო ციტადელის არქივში ნაპოვნი მასალების საფუძველზე გაკეთდა.

ხეთების სახელმწიფო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა იყო ცენტრალურ ანატოლიაში (თურქეთი). მათ მაღალგანვითარებული ცივილიზაცია შექმნეს და ომის დროს დიპლომატიის გამოყენების ხელოვნებასაც ფლობდნენ. ჩანაწერებში, რომელიც ძვ.წ. XIII საუკუნეს განეკუთვნება, დეტალურად არის ასახული, როგორ საგარეო პოლიტიკას წარმართავდნენ ხეთები მეზობელ ქვეყნებთან.

სტარკისა და ჰოკინსის მტკიცებით, ხეთების იმპერიის ჩრდილოეთ-დასავლეთით, დარდანელის სრუტის შესასვლელში, არსებობდა ეკონომიკურად დამოუკიდებელი სახელმწიფო ვილუსა (ჭილუსა). თუ ამ სახელს წინა ჭ-ს ჩამოვაცილებთ (ბერძნები ამ ასოს არ იყენებდნენ), მაშინ ილუსა ძალიან წააგავს ილუმს, იმავე ილიონს. ამ სახელითაც მოიხსენიებს ხოლმე ჰომეროსი ტროას. ხეთებმა იცოდნენ, რომ ვილუსას დასავლეთით ცხოვრობდნენ აქაველები (ასე უწოდებს ჰომეროსი ბერძნებს).

ხეთი იმპერატორები აქაველთა მეფეებს, როგორც თანასწორნი თანასწორებს, ოფიციალურ მიმოწერაში უწოდებდნენ "მეფე ძმას".

სტარკსა და ჰოკინსს თავიანთი მოსაზრებების განსამტკიცებლად მაგალითად მოჰყავთ ხეთების მეფე ხათუსილის წერილი, რომელიც მან აქაველთა მეფეს გაუგზავნა. ხათუსილი ტროას დაცემის პერიოდში მართავდა ხეთების სამეფოს. წერილში აღნიშნულია, რომ ომში, რომელიც ქალაქ ვილუსას გამო წამოიწყეს, შეთანხმებას მივაღწიეთო. ფირფიტებზე გადმოცემული ინფორმაცია მწირია, არაფერია ნახსენები იმის შესახებ, თუ რა იყო ომის დაწყების მიზეზი, რამდენ ხანს გრძელდებოდა კონფლიქტი ან როგორი იყო შეთანხმების პირობები. ხეთური ჩანაწერიდან კარგად ჩანს, რომ ჰომეროსმა მხოლოდ 500 წლის შემდეგ აღწერა ეს ისტორია.

გასაგებია, რომ ბერძნული და ხეთური ვერსიები ზედმიწევნით არ ემთხვევა ერთმანეთს. მიკენელებისთვის ეს დიდი გამარჯვება იყო, ხეთებს სულ კუდით ქვა ასროლინეს და ამიტომაც ამბები უფრო გაზვიადებულია. რაც შეეხება ხეთებს, ტროას ომი მათთვის მხოლოდ გამაღიზიანებელი ეპიზოდი შეიძლებოდა ყოფილიყო და ისიც მარჯვე იმპერიული დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდა.

ცხადია, რომ მართლაც არსებობდა ტროა და ომიც ნამდვილად მოხდა, შესაძლოა, არაერთიც, და მასში ჩართული იყვნენ ძველი ბერძნები. თანამედროვე გეოგრაფიული და გეოლოგიური მონაცემები გვიჩვენებს, რომ ჰომეროსის მიერ აღწერილი ტროა და მისი შემოგარენი ზედმიწევნით ზუსტია. ერთადერთი, რასაც ვერასოდეს გავიგებთ, არის ის, მართლა ათ წელიწადს გრძელდებოდა თუ არა ომი. ნამდვილად იმ მიზეზით დაიწყო ბრძოლა, როგორც ჰომეროსი აღწერს - როცა ღმერთებმა და ქალღმერთებმა სხვადასხვა მხარე დაიჭირეს - თუ ეს იყო ბრძოლა მხოლოდ კომერციული უპირატესობის მოსაპოვებლად.

როგორც ჩანს, ტროას ცხენის არსებობის იდეას მყარი საფუძველი აქვს, რომელიც ახლა ჩვენთვის ცნობილ მიკენელთა სამხედრო ტექნოლოგიის მიხედვით შეიქმნა. ძვ.წ. XIII საუკუნეში ომის დროს უკვე იყენებდნენ ხის საალყო კოშკურებსა და კედლის სანგრევ მორებს (იგივე ტარანი). ჰომეროსის პოეტური ენით გადმოცემულ ამბავში ის, რამაც ტროას კედელი შეანგრია და შიგ შესვლა გააადვილა, თავისუფლად შეიძლებოდა ხის ცხენი ყოფილიყო. ჰომეროსისთვის დამახასიათებელი იყო ამბის შელამაზებით გადმოცემა. ის უფრო პოეტი გახლდათ, ვიდრე ისტორიკოსი. სწორედ მისმა პოემებმა შემოინახა ტროაზე და ტროას ომების შესახებ ამბავი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო.

მომზადებულია National Geographic-ის გამოცემა "ისტორიის საიდუმლოებანის" მიხედვით

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”