ბოლო შეხვედრა თავის თილისმასთან
ბოლო შეხვედრა თავის თილისმასთან
22-10-2012
ფარაჯანოვთან სნეულებაზე საუბარიც კი დიდ სპექტაკლად გადაიქცეოდა ხოლმე

ეს იყო ბოლო შეხვედრა... სოფიკო ჭიაურელმა - მსახიობმა, რომლისგანაც ენით აუწერელ მშვენიერებას ძერწავდა, ვისი სახეც ნამდვილ შემოქმედებით აღმაფრენას ანიჭებდა, სერგო ფარაჯანოვი საავადმყოფოში ინახულა...

ცხადია, სასაუბრო ბევრი რამ ექნებოდათ - თბილისი, რომელიც ძალიან მალე ენატრებოდა თუკი დატოვებდა, თუკი არ დატოვებდა, მაშინაც! კინო, ურომლისოდ სიცოცხლე ვერ წარმოედგინა და ფილმები, რომელიც უნდა გადაეღო, მაგრამ ვერ გადაიღებდა, რადგან ორიოდ პარასკევი რჩებოდა ამქვეყნად ყოფნისა.
სოფიკოს უწერდა სცენარებს და უდგამდა ფილმებს... უღებდა ფოტოებს, რაც თავისთავად იყო დიდი შემოქმედება.
მოგვიანებით, როცა დიდი რეჟისორი უკვე ცოცხალი აღარ იყო, სოფიკო ჭიაურელმა თქვა, - სერგო ფარაჯანოვი ჩემი ცხოვრების დღესასწაული იყოო.

ეს დღესასწაული დიდხანს გრძელდებოდა.
როდესაც ფილმს არ იღებდა, ულამაზეს კოლაჟებს აკეთებდა, წერდა... თამაშობდა. თამაში მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, ამიტომ ზუსტად ვერ გაიგებდი, როდის რჩებოდა ნამდვილი სერგო ფარაჯანოვი და როდის თამაშობდა თავისსავე გამონაგონ საკუთარ თავს...
უნდოდა გადაეღო "შუშანიკის წამება" - მთავარ როლს სოფიკო ითამაშებდა...  
ოცნებობდა, გადაეღო "აღსარება", რომელშიც ბავშვობის მოგონებებზე მოგვითხრობდა. საკუთარი დედის როლს სოფიკოს ათამაშებდა.

დიდ რეჟისორს თავისი ფილმებით ახალი რეალობა უნდა შეექმნა, ზღვარი წაიშლებოდა ამქვეყნიურსა და იმქვეყნიურს, რეალურსა და ირეალურს შორის და ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც ისედაც იყო - სერგო ფარაჯანოვისებურად!

ამბობდა, - მას შემდეგ, რაც "ჰუმანურმა ხელისუფლებამ" ძველი სასაფლაოს ადგილას კიროვის სახელობის კულტურის ბაღი გააშენა და საფლავები გააპარტახა, დედის, დეიდის და ახლო ნათესავების სულები ჩემთან მოდიან, ფორტეპიანოსთან სხდებიან, რადგანაც წასასვლელი აღარსად აქვთო...

სერგო ფარაჯანოვმა "აღსარების" გადაღება დაიწყო სცენით, რომელმაც ბავშვობაში მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის მეზობლის გოგოს გარდაცვალებას უკავშირდებოდა. თუმცა, ფილმზე მუშაობის დაწყებიდან მეორე დღეს შეუძლოდ გახდა. პარიზში გადააფრინეს... 1990 წლის 20 ივლისს გარდაიცვალა.
სოფიკომ გულწრფელად იდარდა სერგოს გარდაცვალება: "თავის თილისმას, მუზას მეძახდა. ასეთი ადამიანი ყოველ შემოქმედს ჰყავს. გიორგი დანელიასთვის თილისმა ევგენი ლეონოვი იყო. სერგოსთვის - მე. ერთხელ გადაღებაზე უარი ვუთხარი. მომწერა, - უშენოდ ფილმს არ გადავიღებო! ზოგჯერ სულ პატარა როლებს მთავაზობდა, როგორც "აშუღ ყარიბში", მაგრამ ეს ყოველთვის დაუვიწყარი იყო....

დაწერა გენიალური სცენარი "შუშანიკის წამება". ამის მსგავსი არაფერი წამიკითხავს. მე შუშანიკი უნდა მეთამაშა, ამ როლს მე მიძღვნიდა. სურათის გადაღების საშუალება არ მისცეს - მიდიოდა დიდი კამათი, რომელიც არავის სჭირდებოდა, - შუშანიკი ქართული ნაწარმოები იყო, თუ სომხური. სცენარი დაუჩეხეს, ფილმი დაუხურეს. ამ დროს ჩამოვიდა "არმენფილმის" დირექტორი და მეხვეწა, - სოფიკო, წამოდი ერევანში, დღესვე ჩავუშვებ ამ ფილმსო. წარმოვიდგინე, რა მოხდებოდა ფარაჯანოვის ფილმი სომხეთში რომ გადაეღოთ. ახლა ვნანობ, რომ არ გადავიღეთ. საშინელებაა. პოლიტიკური ვნებათაღელვა წარმავალია, გენიალური ფილმი კი დარჩებოდა.

და კიდევ: ფარაჯანოვმა ვერ მოასწრო ფილმ "აღსარების" გადაღება. ეს ავტობიოგრაფიული იქნებოდა და მე დედამისი უნდა მეთამაშა. მხოლოდ გადაღების სამი დღე დაინიშნა. გადაღებული მასალა უნდა ნახოთ - ეს ფერმწერის დიდი ტილოა, სულისშემძვრელია"...

ბოლო შეხვედრისას მაესტრო და მისი შემოქმედების თილისმა  ისევ შემოქმედებით საკითხებზე საუბრობდნენ. ცხადია, ყოფით თემებსაც ეხებოდნენ, მაგრამ ფარაჯანოვთან არასოდეს არაფერი იყო ჩვეულებრივი, ამიტომ სნეულებაზე საუბარიც კი დიდ სპექტაკლად გადაიქცეოდა ხოლმე.
საავადმყოფოს გარეთ ცხოვრება გრძელდებოდა. იქ სოფიკოს ფარაჯანოვის დედის როლი უნდა ეთამაშა... იქ ფარაჯანოვსაც ელოდა თავისი - სერგო ფარაჯანოვის როლი!
ლილი კობახიძე
24 ოქტომბერი 2012 22:40
რამოდენიმე წლის წინ მარჩელო მასტროიანის ფარაჯანოვთან სტუმრობის შესახებ დაიბეჭდა თკვენს გაზეთში იქნებ გაიმეოროთ
Nutsa
23 ოქტომბერი 2012 16:46
აბრა კი არა სახლიც გაიკიდა მისი.გულდასაწყვეტია რომ სახლი სადაც ის ცხოვრობდა სახესჰეცვლილია და ფარაჯანოვისეული იქ არაფერია დარჩენილი. მალე ალბათ ეს გენიალური ადამიანი მხოლოდ ჩვენს გულებში დარჩება, ვინც ვიცნობდით და რამე შეხება გვქონდა
სხვა სიახლეები
ქრისტიანული სიწმინდე, ტურინის სუდარა შუა საუკუნეების ნაყალბევი არ არის და ნამდვილად ის არის, რითაც იესო ქრისტე დაკრძალეს. ახალი კვლევა ამ საკითხზე იტალიელმა მეცნიერებმა მოაწყვეს.
დაწვრილებით...
საქართველოს დიდი მეგობრის უსამართლოდ დავიწყებული შეუფასებელი ღვაწლი
დაწვრილებით...
რას იხსენებს რუსუდან ბოლქვაძე თავის სახელოვან წინაპრებზე
დაწვრილებით...
ასაკს არ ჰქონია მნიშვნელობა. ნულიანის წინ რა რიცხვიც უნდა გეწეროს, სიცოცხლე ერთნაირად სასურველია... იმიტომ, რომ გიყვარს!
დაწვრილებით...
სიძულვილი ამერიკულად, მუჰამედ ალი - ჯო ფრეზერი
დაწვრილებით...
"უხილავი იმპერიის" აღმასვლა და დაცემა XX საუკუნეში
დაწვრილებით...
გაბრიელ ჩაჩანიძე ძნელბედობისას ეკლესიის პირადად განმამტკიცებელი
დაწვრილებით...
კიდევ ერთხელ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ვერსიებზე...
დაწვრილებით...
სიმონ ივანოვიჩ სალაგოვს ხშირად სამწუხაროდ სომხური, უკეთეს შემთხვევაში სომხურ-ქართული წარმომავლობის გენერალთა რიცხვში თვლიან, და ამის შესახებ აქტიურად იწერება ინტერნეტსივრცეში თუ რუსულ ბეჭდვით გამოცემებში.
დაწვრილებით...
შერლოკ ჰოლმსზე შექმნილი საქვეყნოდ ცნობილი დეტექტიური რომანების ავტორი არტურ კონან დოილი, პროფესიით ექიმი, საკმაოდ გულუბრყვილო ადამიანი იყო და ამ მხრივ სრულიად არ ჰგავდა თავის ლეგენდარულ პერსონაჟს.
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. უნდა განადგურდეს თუ არა, წინა ხელისუფლების დროს შექმნილი, ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები?