ლუი XVI ბურბონის აღსასრული - კვირის პალიტრა

ლუი XVI ბურბონის აღსასრული

1715 წელს საფრანგეთის მეფედ გამოცხადდა ლუი XV. მისი მმართველობის დროს აბსოლუტიზმის პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი უკიდურესად გაღრმავდა. სამი წარუმატებელი ომი, მონარქის გულგრილობა სახელმწიფო საქმეებისადმი, სამეფო კარისა თუ არისტოკრატიის უსაშველოდ გაზრდილი ხარჯები - ყოველივე ამან ქვეყნის ხაზინა გააჩანაგა. "ჩემს ცხოვრებაში მეყოფა, ხოლო ჩვენ შემდეგ თუნდაც წარღვნა მოხდესო", - განაცხადა ლუი XV-მ. ცხადია, ასეთმა ფუქსავატურმა პოლიტიკამ ფრანგული მონარქიზმი კატასტროფამდე მიიყვანა. "წარღვნამ" კი მომდევნო მონარქს - ლუი XVI-ს უწია.

1793 წლის 21 იანვარია. პარიზში სამარისებური სიჩუმე სუფევს. მხოლოდ ტამპლის კარიბჭესთან სუსტად გაისმა სასოწარკვეთილი ამოძახილი: "შეიწყალეთ! შეიწყალეთ!" ყველაზე მეტად უჩვეულო კი ის არის, რომ ქალაქში 80 ათასი კაცი თითქოს მარილის სვეტებად ქცეულა. რევოლუციის სახელობის მოედანზე შეკრებილ ხალხში მოლოდინი იგრძნობა.

გაისმის დაფდაფების ხმა. ტამპლის ციხესიმაგრიდან ნელ-ნელა ეკიპაჟი გამოდის. მას სიკვდილმისჯილი გილიოტინისკენ მიჰყავს. თუმცა ამჯერად ეს არ არის უბრალოდ მორიგი პატიმარი. ამ ეკიპაჟში სრულიად განსაკუთრებული პერსონა იმყოფება - თვით საფრანგეთის მონარქი, მისი სამეფო უდიდებულესობა ლუი XVI ბურბონი. როგორ მოხდა, რომ ეს ტიტული, ეს რეგალიები უკვე აღარაფერს ნიშნავს? რატომ და როდის შეიცვალა ასე საფრანგეთი? ამ გადმოსახედიდან თითქოს ჯადოსნურ ზღაპარსაც კი დაემსგავსა "მეფე მზის" - ლუი XIV-ის ეპოქა.

ლუი XVI თითქოს ვერაფერს ამჩნევს ირგვლივ და მომაკვდავის ლოცვებს კითხულობს. ეკიპაჟი რევოლუციის მოედანს მიუახლოვდა. მეფე ეტლიდან გადმოვიდა. კვლავ გაისმის დაფდაფების ხმა. "გაჩერდით!" - შეჰყვირა ლუი XVI-მ. იგი ნელი ნაბიჯით ადის ეშაფოტზე. მონარქს, რომელსაც ერთ დროს მთელ ევროპაში საუკეთესო მკერავები ემსახურებოდნენ, ამჯერად სადად აცვია: ყავისფერი კამზოლი, ნაცრისფერი პანტალონები, თეთრი წინდები. და აი, მეფე ეშაფოტზეა. მან კამზოლი გაიხადა და თეთრი პერანგის ამარა დარჩა. ჯალათები მიუახლოვდნენ ხელების შესაკრავად, მეფე წინააღდმეგობას უწევს მათ. მოძღვარმა, აბატმა ეჯუორთმა შეახსენა მონარქს, რომ სამყაროს მხსნელმა იესო ქრისტემაც თავმდაბლობით დაითმინა ყოველივე... ლუი XVI-ს ხელები შეუკრეს. მონარქმა ძალა მოიკრიბა, რათა უკანასკნელად მიმართოს ფრანგ ხალხს, ერთ დროს მის ქვეშევრდომად წოდებულთ. "ფრანგებო, მე უდანაშაულო ვკვდები, გეუბნებით ამას ეშაფოტიდან და ვემზადები ღმერთის წინაშე წარსადგომად. მე ყოველივეს ვაპატიებ ჩემს მტრებს, მსურს, რომ საფრანგეთი..." - თუმცა მონარქის ბოლო სიტყვები ვეღარავინ გაიგო. დაფდაფებმა ლუი XVI-ის ხმა მთლიანად გადაფარა.

- ჯალათებო, შეასრულეთ თქვენი მოვალეობა! - გაისმა ბრძანება. ექვსმა ჯალათმა მეფე გილიოტინის დაფაზე მიაბა. აბატი მონარქისკენ დაიხარა უკანასკნელი დარიგების მისაცემად. რამდენიმე წამიც და გილიოტინის ბასრმა მახვილმა საფრანგეთის მეფეს თავი მოჰკვეთა. ლუი XVI, სრულიად ახალგაზრდა, 38 წლის ასაკში გამოეთხოვა სიცოცხლეს. ჯალათმა მეფის მოკვეთილი თავი მოედანზე შეკრებილთა დასანახად ჰაერში ასწია. აღფრთოვანებული ხალხის შეძახილებმა მეხივით გადაუარა იქაურობას: "გაუმარჯოს ნაციას! გაუმარჯოს რესპუბლიკას!" ბედნიერი შეძახილები არ წყდება. გახარებული ხალხი ქუდებს აფრიალებს. სახალხო ზეიმს სტუდენტებიც უერთდებიან. მეფის დაღვრილ სისხლში ზოგი შუბის თავს აწობს, ზოგიც ცხვირსახოცს. ჯალათი ლუი XVI-ის თმას ყიდის... ხალხი მეფის კამზოლსაც ანაწევრებს თან წასაღებად.

გზა ეშაფოტისკენ

1774 წელს გარდაიცვალა საფრანგეთის მეფე ლუი XV. ტახტზე ავიდა მისი შვილიშვილი - 19 წლის ლუი XVI. სამწუხაროდ, ლუი XVI-ს არ აღმოაჩნდა მონარქისთვის აუცილებელი თვისებები, სახელმწიფო რომ ღირსეულად ემართა. ეპოქა და ვითარება სრულიად სხვა ტიპის მმართველს საჭიროებდა. ლუი XVI კეთილი და ლმობიერი ბუნების ადამიანი გახლდათ. მისი პიროვნული თვისებებიდან თანამედროვენი ასევე გამოყოფდნენ სუსტ ნებისყოფას, მორიდებულობას, მერყეობასა და ენერგიის უქონლობას.

ლუი XVI-მ იმთავითვე აღიქვა, რომ საფრანგეთის მთავარი პრობლემა იყო მოსახლეობის სიღარიბე და სიღატაკე. მონარქს ჭეშმარიტად შესტკიოდა გული ამ მდგომარეობის გამო. მაგრამ იმავდროულად ვერ გააცნობიერა მონარქიის არსებული მძიმე და რთული ვითარება. მისი მერყეობა და არაკომპეტენტურობა კიდევ უფრო საგანგაშო გარემოებებს ქმნიდა არსებული სისტემისთვის. მეფის გარემოცვაშიც არ აღმოჩნდა შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი, რომელიც დაეხმარებოდა მას, რათა მიმდინარე პროცესებში გარკვეულიყო.

მონარქმა თავიდანვე აქტიური ეკონომიკური რეფორმების წარმართვა დაიწყო. ამ საქმეში მისი დასაყრდენი იყვნენ იმ პერიოდის ევროპის საუკეთესო ფინანსისტები: მიშელ ეტიენ ტიურგო და ჟაკ ნეკერი. ლუი XVI-ის მთელი მეფობის განმავლობაში დედოფალმა მარია-ანტუანეტამ და მისმა გარემოცვამ მძიმე ზეგავლენა იქონია მონარქის რეპუტაციაზე. სამეფო კარისა და დედოფლის დაუსრულებელი ბალ-მასკარადები, არისტოკრატიის ფუფუნება და განცხრომა, მაღალი წოდების სამღვდელოების დიდძალი ქონება - ამგვარ ფონზე ვერც ეკონომიკური რეფორმები იძლეოდა შედეგს. საბოლოო ჯამში, მეფისა და მისი აპარატის უუნარო ბრძოლამ მოუსავლიანობის, შიმშილის, მრავალი გადასახადის, სიდუხჭირისა და სიღატაკის წინააღმდეგ, საფრანგეთში ქაოსსა და რევოლუციურ პროცესს დაუდო საფუძველი.

1789-1792 წლებში განვითარებულმა მოვლენებმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ბურბონთა აბსოლუტიზმს. რევოლუციამ ეტაპობრივად ყველა პრივილეგია და უფლებამოსილება ჩამოართვა ლუი XVI-ს. ომიანობამ, პოლიტიკურმა ინტრიგებმა, სამეფო ოჯახის ემიგრაციაში ფარულად გამგზავრების წარუმატებელმა მცდელობამ კი გამოუსწორებელი ზიანი ლუი XVI-ის სახელს მიაყენა.

დასასრულის დასაწყისი

1792 წლის 21 სექტემბერს რევოლუციის შედეგად აღზევებულმა ნაციონალურმა კონვენტმა (ითავსებდა უმაღლეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ფუნქციებს) მეორე სხდომაზე ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო "საფრანგეთში სამეფო ხელისუფლების გაუქმების შესახებ", საგანგებო კომისიას კი მეფის პირადი საბუთების შესწავლა დაევალა. სულ მალე კომისიამ განაცხადა, რომ მიმდინარე ეტაპზე უკვე საკმარისად აღმოაჩინა სამხილები მეფის სახელმწიფო ღალატში დასადანაშაულებლად. რევოლუციის პერიოდში ლუი XVI დიდ იმედს ამყარებდა მეზობელ მონარქისტულ სახელმწიფოებზე და მათი სამხედრო დახმარების გამოყენებით გეგმავდა საფრანგეთში არეულობის ლიკვიდაციას, საკუთარი ხელისუფლების აღდგენასა და ვითარების სტაბილიზაციას. მეფის ეს კურსი კონვენტის გადმოსახედიდან სახელმწიფო ღალატს ნიშნავდა. კონვენტმა შექმნა 21-წევრიანი კომისია, რომელსაც სასამართლო პროცესზე ლუი XVI-ის წინააღმდეგ უნდა შეემუშავებინა საბრალდებო დასკვნა.

ამასობაში კი ლუი XVI ოჯახთან (დედოფალთან, ორ შვილსა და დასთან) ერთად ტამპლის ციხესიმაგრეში ჰყავდათ დაპატიმრებული.

11 დეკემბერს ლუი XVI კონვენტის დარბაზში გამოცხადდა. მას ელოდებოდნენ საბრალდებო აქტის მოსასმენად და დასაკითხად. სამი საათის განმავლობაში ლუი XVI-მ 57 კითხვა მოისმინა, რის შემდეგაც მან დარბაზი დატოვა.

ტამპლის ციხეში დაბრუნებული მონარქი ოჯახს დააშორეს და ცალკე საპატიმროში მოათავსეს. სრულიად მარტომ გულწრფელი, მშვიდი და თავმდაბლური ანდერძი შეადგინა. კონვენტმა ხანგრძლივი დებატების შედეგად მისცა უფლება ლუი XVI-ს, თავისი შეხედულებისამებრ აერჩია ადვოკატი. ერთ დროს სახელოვანმა იურისტმა ტარჟემ უარი თქვა ლუი XVI-ის ადვოკატობაზე და მიზეზად ასაკი დაასახელა (54 წელი). სამაგიეროდ, დაახლოებით 10 წლით უფროსი ადვოკატი ტრონშე თანხმდება მეფის თხოვნას. აღსანიშნავია 70 წლის იურისტის, მალზერბის გამბედაობა, რომელმაც საკუთარი ინიციატივით იტვირთა მონარქის ადვოკატობა. "მე მოვალე ვარ მეფეს ვემსახურო სწორედ ახლა, როდესაც ბევრს ეს სახიფათოდ მიაჩნია", - განაცხადა მალზერბმა. მეფის მესამე ადვოკატი ხდება ახალგაზრდა, ენერგიული და ნიჭიერი დე სეზი. სწორედ მას დაევალა დაცვის მხარის სიტყვის წარმოთქმა.

კონვენტი ჩქარობდა. საბოლოო ჯამში, კონვენტმა გადაწყვიტა, რომ ლუი XVI 26 დეკემბერს უნდა გამოცხადებულიყო თავის დასაცავად. დაცვის მხარემ თავისი უფლებისამებრ გააპროტესტა ეს გადაწყვეტილება. ადვოკატების აზრით, ასეთი სიჩქარე შესაძლოა საბედისწერო აღმოჩენილიყო ბრალდებულისთვის, მაგრამ კონვენტმა არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა.

26 დეკემბერს, დილის 9 საათზე, ხალხით სავსე დარბაზში გამოჩნდა ლუი XVI თავის ადვოკატებთან ერთად. ბრძოლის ველზე დე სეზი გამოდის. ნაჩქარევად შედგენილ დაცვის სიტყვას ადვოკატი სამი საათის განმავლობაში ამცნობდა დარბაზში მსხდომთ. დე სეზის გამოსვლა იყო უკიდურესად ბრძნული, დახვეწილი და, იმავდროულად, გაბედულიც. ვიდრე დაცვის მხარე დარბაზს დატოვებდა მეფესთან ერთად, ლუი XVI-მ კონვენტის წინაშე უკანასკნელი სიტყვები წარმოთქვა: "ყველაზე მეტად ჩემს გულს თრგუნავს ის, რომ... მე ბრალს მდებენ ამა თუ იმ სისხლის ღვრაში ან სურვილში, დაღვრილიყო ფრანგული სისხლი". დარბაზიდან გასვლის შემდეგ ადვოკატის გამოსვლით აღფრთოვანებული ლუი XVI დე სეზს მოეხვია და ცრემლმორეულმა შესძახა: "ჩემი საბრალო დე სეზი!"

მეფის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესში ლუი XVI-ის დასახმარებლად ერთვებიან მონარქისტული ესპანეთი და ინგლისი, თუმცა კონვენტი უყურადღებოდ ტოვებს მათ შუამდგომლობას. 1793 წლის 15 იანვარს კონვენტი კვლავ შეიკრიბა. იმ დღეს სამ საკითხს ეყარა კენჭი: 1. დამნაშავეა თუ არა ლუი XVI თავისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებაში? - "დამნაშავეა" (აბსოლუტური უმრავლესობით); 2. უნდა იყოს თუ არა კონვენტის გადაწყვეტილება საბოლოო, თუ საჭიროა მისი რატიფიკაციის მიზნით მთელი ერის განსახილველად გადაცემა? - "არ არის საჭირო" (ორი ერთის წინააღმდეგ უმრავლესობით); 3. თუ ლუი დამნაშავეა, რა სასჯელს იმსახურებს იგი? - ამ საკითხის განხილვა მომდევნო დღისთვის გადაიდო.

სხდომა 16 იანვარს, დილით განახლდა. ღია კენჭისყრა უკიდურესად დაძაბულ ატმოსფეროში მიმდინარეობდა. მეზობლად მდებარე ყავახანებში პარიზელები მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე ნაძლევს დებდნენ. კენჭისყრა მთელ დღესა და ღამეს გაგრძელდა და მხოლოდ 17 იანვრის გვიან ღამით დასრულდა. დარბაზის სამარისებურ სიჩუმეში თავმჯდომარემ დელეგატებს შედეგები გააცნო: "განვაცხადებ, რომ კონვენტის სახელით, სასჯელი, რომელიც ეკისრება ლუი XVI-ს, არის სიკვდილი" (სიკვდილით დასჯას 387-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 334-მა დეპუტატმა - მეფის ციხეში ჩასმას). გადაწყვეტილების გამოცხადების უმალვე დარბაზში დე სეზი, ტრონშე და მალზერბი შევიდნენ. ადვოკატებმა მეფის სახელით პროტესტი განაცხადეს კენჭისყრის შედეგზე. დე სეზმა და ტრონშემ წამოაყენეს მოთხოვნა: საკითხის განხილვაში საფრანგეთის მთელი მოსახლეობა ჩართულიყო და სიკვდილით დასჯა გადადებულიყო. ცრემლმორეული მოხუცი მალზერბი, უკიდურესად ანერვიულებული და აღელვებული, გულწრფელად, მთელი თავისი ენერგიით ცდილობდა დაერწმუნებინა დეპუტატები დე სეზისა და ტრონშეს მოთხოვნის სისწორეში. ადვოკატთა მოთხოვნის ეს მხარე არ დააკმაყოფილეს. რაც შეეხება სიკვდილით დასჯის გადავადებას, ამასთან დაკავშირებით დეპუტატებმა კენჭისყრა მომდევნო დღისთვის გადაიტანეს. საბოლოო ჯამში, კვირას, დილის 3 საათზე, თავმჯდომარემ გადაწყვეტილება გამოაცხადა: "გადავადება უარყოფილია 70 ხმის უმრავლესობით. სიკვდილით დასჯა უნდა აღსრულდეს 24 საათის განმავლობაში!"

სამი წუთი სიკვდილამდე

იუსტიციის მინისტრმა დომინიკ ჟოზე გარამ ტამპლში კონვენტის გადაწყვეტილება გააცნო ლუი XVI-ს. მალზერბის ცნობით, მეფემ გარასგან შეტყობინება სრული სიმშვიდით მოისმინა და წარმოთქვა: "სიკვდილი მე არ მაშინებს, მე ღვთის მოწყალების იმედად ვარ". მეფემ მოითხოვა სასულიერო პირი და სამი დღე მაინც სიკვდილისთვის მოსამზადებლად. კონვენტმა სამ დღესა და ყველანაირ გადავადებაზე უარი თქვა, მოძღვრის შესვლაზე კი დეპუტატებმა თანხმობა განაცხადეს. ყველაფერი ასე გადაწყდა! ერთგულმა ადვოკატებმა ყველაფერი მოიმოქმედეს, რაც შეეძლოთ, თუმცა უშედეგოდ. ლუი XVI-ს უკვე ვეღარავინ უშველიდა. იგი ტამპლის ყრუ, სქელ კედლებში იყო დაპატიმრებული და მისი წუთები - დათვლილი. ვერც მეფის მომხრე როიალისტური ძალები მოიმოქმედებენ რამეს, რევოლუციამ მათ დიდი დარტყმა მიაყენა და ახლა ემიგრაციაში იყვნენ გაფანტული. სიკვდილით დასჯის წინა ღამით მხოლოდ რამდენიმე ერთგულმა როიალისტმა მღვდელმა მეფის შეწყალებისა და გათავისუფლების მოთხოვნის პროკლამაციები გამოაკრა. კონვენტში გავრცელდა ხმა, თითქოს ლუი ჟოზეფ დე ბურბონი - პრინცი კონდე, სამეფო კარის ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო ხელმძღვანელი, საიდუმლოდ პარიზში იმყოფებოდა და კონვენტზე როიალისტების თავდასხმა იგეგმებოდა. ქალაქის ხელისუფლებამ პატრული გაასამმაგა. არავითარი როიალისტური არმია არ გამოჩენილა და ვერც გამოჩნდებოდა.

ლუი XVI-სთან აბატი ეჯუორთი მივიდა. მეფემ ნათესავებისა და ახლობლებისთვის წერილები შეადგინა. ყველაზე საშინელი მომენტიც მოახლოვდა - ლუი XVI თავის ოჯახს საბოლოოდ გამოემშვიდობა.

21 იანვრის დილის 5 საათზე ლუი XVI კამერდინერმა კლერიმ გააღვიძა. კლერიმ მონარქი დავარცხნა, მოაწესრიგა. რვის ნახევარზე მეფე ეზიარა, შემდეგ კი აბატ ეჯუორთთან ერთად ლოცვა განაგრძო. რვა საათზე მუნიციპალიტეტის წევრები გამოჩნდნენ. მათ ჩაიბარეს მეფის პირადი ნივთები. ცხრა საათზე გაისმა ბრძანება: "დროა!" ლუი XVI-მ ითხოვა, სამი წუთით განმარტოების საშუალება მიეცათ. სამი წუთიც გავიდა და... პროცესია გილიოტინისკენ დაიძრა.

მიხეილ ბარნოვი

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”