დამარცხებაში მოპოვებული სინდისი - კვირის პალიტრა

დამარცხებაში მოპოვებული სინდისი

რუსეთ-საქართველოს 1812-1813 წლების ომი

2012 წლის 31 იანვარს 200 წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს 1812-1813 წლების ომიდან, რომელიც დღემდე კახეთის 1812 წლის აჯანყების სახელითაა ცნობილი.

1999 წელს გამოცემული "ადამიანთა უფლებების დაცვის ლექსიკონის" მიხედვით "აჯანყება, ეს არის ბუნტი, როგორც წესი, კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ".

ომი კი, "პირდაპირი, ფიზიკური ძალადობის გამოყენებაა, როცა ბრძოლის ველზე წლიურად იღუპება არანაკლებ 1000 ადამიანი".

1812 წლის კახეთის ე.წ. აჯანყება, რომელიც ნამდვილად არ ყოფილა კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა, წელიწადსა და სამ თვეს გაგრძელდა და 5000 კაცზე მეტი შეიწირა.

ასე რომ, დროა, 1812 წელს კახეთში დატრიალებულ მოვლენებს 200 წლის შემდეგ მაინც დაერქვას თავისი სახელი და მას რუსეთ-საქართველოს ომი ეწოდოს.

ამის საფუძველს თავის დროზე თვით იმპერიაშიც აღიარებდნენ. მთავარმართებელი პაულუჩი მას ქართველი ხალხის უძლიერეს პოლიტიკურ გამოსვლად მიიჩნევდა, რომლის შედეგად, რუსული ჯარი ლამის მთლიანად გაწყდა საქართველოში.

თავისი ხასიათითა და მასშტაბით ეს ბრძოლა ბევრად აღემატება იმპერიის წინააღმდეგ მიმართულ ყველა მოძრაობას. კარგად ორგანიზებული და მრისხანე ხასიათის გამო თანამედროვენი მას "საფრანგეთის რევულუციას" ადარებდნენ და აღიარებდნენ: "აჯანყების ორგანიზაცია ეჭვგარეშე ხდის, რომ აქ იფარებოდა შეგნებული შეთქმულება, რომლის შემდეგაც კავკასია მთლიანად ეკარგებოდა რუსეთს".

კახეთის 1812 წლის აჯანყების ორგანიზებულობა და საფუძვლიანი მომზადება იმაშიც გამოიხატა, რომ იგი დაიწყო ურთულეს საგარეო ვითარებათა ფონზე, როცა საქართველო თავისი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფუნქციის გამო კვლავ მოექცა დიდ სახელმწიფოთა - რუსეთის, ინგლისის, საფრანგეთის, ირანისა და ოსმალეთის ინტერესების სფეროში და მათ შორის წარმოქმნილ წინააღმდეგობათა ჯაჭვში. საქართველოში მოქმედი ძალები შეეცადნენ, ამ სიტუაციით ესარგებლათ. ალექსანდრე ბატონიშვილი უშუალოდ მონაწილეობდა ირან-ოსმალეთის დაზავებათა შესახებ მოლაპარაკებებში. თეიმურაზ ბატონიშვილთან ერთად უგზავნიდა წერილებს ნაპოლეონს და რუსეთთან ომის შემთხვევაში კავკასიის მხარდაჭერას პირდებოდა. იმავდროულად, ირანის ტახტის მემკვიდრე აბას-მირზასთან ერთად გეგმავდა და ახორციელებდა რუსთა საწინააღმდეგო ლაშქრობებს კავკასიაში. ახლო კონტაქტებს ამყარებდა ინგლისელ და ფრანგ დიპლომატებთან.

ურთულეს ვითარებაში მყოფმა საქართველომ ძლიერი წინააღმდეგობის წამოწყებით რუსეთის წინააღმდეგ ომებში ჩაბმულ სახელმწიფოთა მხარდაჭერა და მოკავშირეობა გამოხატა.

ომის წინაპირობებს საერთო უკმაყოფილებაც ემატებოდა. ბაგრატიონებმა სამეფო ტახტი დაკარგეს, თავადაზნაურობამ – პრივილეგიები, ეკლესიამ - ავტოკეფალია, გლეხობამ შეგუებული ყოფა და ბევრად უკეთესი მდგომარეობა. ყველა მათგანს კი აერთიანებდა მთავარი უკმაყოფილება, რაც სახელმწიფოებრიობის დაკარგვას მოჰყვა.

ომის წარმართვა, როგორც ისტორიულად ხდებოდა, ახლაც ბაგრატიონებმა და ქართულმა არისტოკრატიამ ითავა. შეიარაღებული გამოსვლები რამდენიმე ადგილას ერთობლივად დაიწყო და უცებ მოედო მთელ კახეთს. ქართველებმა თავადების, სვიმონ და ადამ ბებურიშვილების, ნინია ანდრონიკაშვილის, ოთარ ქართველიშვილის, იოსებ სიდამონიშვილის, ივანე მაყაშვილის, პაატა ჯანდიერის, დავით ქართველიშვილისა და სხვათა მეთაურობით დაიკავეს ყველა მნიშვნელოვანი ქალაქი, ციხე თუ პუნქტი. გადაიკეტა რუსთა დამაკავშირებელი კომუნიკაციები. რუსთა დანაკარგი ასეულებით ითვლებოდა.

ქართველი მეომრები ავჭალას მოადგნენ. ომის ალი გადასწვდა არაგვის ხეობას, ფშავს, ხევსურეთს. მათ დასახმარებლად გამოეშურა ლეკთა, ოსთა და ჩერქეზთა დიდი ნაკადი. შეშფოთებული მთავარმართებელი იმპერატორს მოახსენებდა, რომ "აჯანყება, რომელიც დაიწყო კახეთში, უკვე არყევდა მთელ აღმოსავლეთ საქართველოს. მისი გავლენით დაიწყო შეიარაღებული გამოსვლები დაღესტანსა და შირვანში, აჯანყებას უკვე შეუერთდა 1000 ლეკი, ყაზახის თათრებიც იარაღს ისხამდნენ".

მდგომარეობა რუსებისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი გახდა მას შემდეგ, რაც თებერვლის მეორე ნახევარში ქართველებმა ოფიციალურად გამოაცხადეს საქართველოს მეფედ ბატონიშვილი გრიგოლ ბაგრატიონი (1789-1830). იგი იყო შვილთაშვილი მეფე ერეკლე II-ისა, შვილიშვილი მეფე გიორგი XII-ისა და ერთადერთი ვაჟი იოანე ბატონიშვილისა, ანუ პერსპექტივაში ლეგიტიმური მემკვიდრე ქართლ-კახეთის სამეფოსი, ვინაიდან ოფიციალურ მემკვიდრეს, დავით ბატონიშვილს (იოანეს უფროს ძმას) შვილი არ ჰყავდა.

მეორე ბატონიშვილი, ალექსანდრე დამხმარე ძალთა მობილიზაციისა და ომში ირანელთა ჩართვის გამო აყოვნებდა ჩამოსვლას.

გადამწყვეტ მომენტში რუსებს მხსნელებად ისევ ქართველები გამოუჩნდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებული მონდომებით გამოირჩეოდნენ კონსტანტინე მუხრანბატონი, გაბრიელ ყაზბეგი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, ზაზა ანდრონიკაშვილი, ელიფთარ ზუკაკაშვილი და სხვანი. მათი ჩარევითა და მონდომებით მოხდა რუსეთიდან გადმოსასვლელი დარიალის გზის გახსნა, რის შემდეგაც რუსებს ახალი დამხმარე ძალები შეუერთდნენ.

მტერმა დაატყვევა გრიგოლ I, ბაგრატოვანთა ათასწლოვანი დინასტიის წარმომადგენელი უკანასკნელი მეფე, რომლის სამეფო ხელისუფლებაც ყველაზე გვიან ვრცელდებოდა საქართველოს ტერიტორიის განსაზღვრულ ნაწილზე (კერძოდ, კახეთსა და ქართლის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთზე).

მარტის დასაწყისისთვის ომი დროებით მინელდა. თუმცა 15 აპრილიდან იგი კვლავ განახლდა და უსწრაფესად მოედო თელავის მაზრასა და ქიზიყს.

რუსული მმართველობა დიდ საგონებელში იყო ჩავარდნილი. ჯარს პურის მარაგიც ელეოდა უკვე. დამპყრობელმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და გენერლების, ორბელიანისა და სტალის მეშვეობით სისხლიანი საბრძოლო ოპერაციები მოაწყო კახეთში.

იმის გამო, რომ გარეშე ძალების დახმარება აგვიანებდა, ქართველმა მეომრებმა დროებით შეჩერება ამჯობინეს.

ამ დროიდან იწყება კახეთში ალექსანდრე ბატონიშვილის წერილების გავრცელება, რომელიც არნახულ საბრძოლო ჟინსა და განწყობას ბადებდა ხალხში. იმავე გავლენით მოქმედებდა სოლომონ II-ის წერილები.

მთავრობის მაქსიმალური ცდის მიუხედავად, აქამდე ირანში მყოფმა ალექსანდრე ბატონიშვილმა 1812 წლის 1-ელ სექტემბერს მაინც შეძლო საქართველოში შემოღწევა, რაც ომის ახალი ენერგიით გაშლის საფუძველი გახდა. მთელი კახეთი და ფშავ-ხევსურეთი ფეხზე დადგა, აღელვებამ იმატა ქართლშიც, გავრცელდა ცნობები, რომ აწყურის ციხეში იმყოფებოდა სოლომონ II.

შეშფოთებულმა მთავარმართებელმა საერთო მობილიზაციითა და დამხმარე ძალებით სცადა მდგომარეობის განმუხტვა. აქეთ გადმოისროლეს დრაგუნთა, ეგერთა, ნიჟეგოროდის, ასევე იმერეთში განლაგებული პოლკები. ცნობილი სარდლები სიმანოვიჩი, ტიხანოვსკი, ორბელიანი, უშაკოვი და სხვანი დიდი ძალებით ცდილობდნენ ალექსანდრეს განეიტრალებას, მაგრამ რადგან ბატონიშვილმა წვრილ რაზმებად დაყო თავისი ნაწილები, მათთვის მისაღები დიდი საბრძოლო ოპერაციების წარმართვას ვერ ახერხებდნენ. ალექსანდრე კი ქართველი მეომრებითა და ლეკთა დამხმარე ძალებით მცირე შეტაკებებით ჟლეტდა დამპყრობლებს. მაშინ რუსები კიდევ ერთ სამარცხვინო მეთოდზე გადავიდნენ და იმ საბაბით, რომ "მეამბოხეები" ქართულ სოფლებში მხარდაჭერით სარგებლობდნენ, მშვიდობიან მცხოვრებთა ხოცვა-ჟლეტა დაიწყეს. სოფლები აივსო სახრჩობელებით. ხშირი იყო სოფლების მასობრივად გადაწვის, ასევე ქალთა და ჩვილ ბავშვთა დახოცვის შემთხვევებიც. დიდი მცდელობის მიუხედავად, ბოლომდე არ დაიმალა ხაშმის შემზარავი ტრაგედია, როცა "შეესივა და მოასვრევინა უბრალონი ქრისტიანენი მარკიზმან ვიდრე ასამდე ჩვილითურთ მსგავსად იროდისა. მუნვე მოკლეს მონაზონი აბაშიძის ქალი მარიამ ოთხმოცისა წლისა დედაკაცი" (დავით ბატონიშვილი).

ბატონიშვილმა ქართული სოფლების საბოლოო განადგურების თავიდან აცილების მიზნით გადაწყვიტა, პირისპირ შებმოდა ორბელიანის ჯარებს. სისხლიანი ბრძოლები გაიმართა სიღნაღსა და მელაანთან, რის შემდეგაც ქართველები ჩალაუბნის ხეობაში გამაგრდნენ, სადაც ორბელიანი შესვლას ვერ ბედავდა. 20 ნოემბერს მის დასახმარებლად თბილისიდან ფიოდორ სიმანოვიჩის ჯარები გამოვიდნენ. ალექსანდრემ, მათი შეერთება რომ არ დაეშვა, გომბორის გადმოსასვლელის დასაკავებლად ჯარის ნაწილები გაგზავნა. თვითონ კი 23 ნოემბერს ხეობიდან გამოვიდა და ორბელიანს შეება.

ამ შეტაკებაში რუსებს 300-მდე კაცი დაუკარგავთ. ბატონიშვილმა კი საგარეჯოსკენ დაიხია და თამარის ეპოქაში აგებულ მანავის ციხეში გამაგრდა, რომელსაც "უკანასკნელი პატრონობა უნდა გაეწია წამებული ქართველებისთვის".

28 ნოემბერს ციხისკენ 2 000 მეომრითა და რამდენიმე ზარბაზნით გაემართა ორბელიანისა და პოლკოვნიკ ტიხანოვსკის გაერთიანებული ჯარი.

ალექსანდრემ მათ შეტევა დაასწრო და ქართველთა და ლეკთა ცხენოსანი რაზმით მტრის რიგებში შეიჭრა, რასაც 200-ზე მეტი რუსის გაჟლეტა მოჰყვა.

ლეკთა და ქართველთა კავშირით შეშფოთებულმა ორბელიანმა ღამით თავისი კაცები მიუგზავნა ლეკთა ბელადს და დაარწმუნა ალექსანდრეს ბრძოლის უიმედობაში. ამასთან, დიდ საჩუქრებს აღუთქვამდა, თუკი ისინი ომს მიატოვებდნენ.

ღამით ლეკთა მოწინავე რაზმმა ბელად ალისკანტის მეთაურობით ციხე მიატოვა და ჭერმისხევის გავლით გავაზისკენ გაემართა. ფაფრის მინდორზე მას ტიხანოვსკის ჩასაფრებული რაზმი ელოდა, რომელმაც დიდი ზარალი მიაყენა მწარედ მოტყუებულ ლეკებს.

ალექსანდრე დანებებას არ აპირებდა. მან გომბორის ქედი გადაკვეთა და თიანეთს ავიდა, სადაც შეუერთდა 80-მდე კახელი და ქართლელი თავადი და აზნაური.

ნაპოლეონის მარცხმა, საფრანგეთისგან, ინგლისისგან, ოსმალეთისგან თუ ირანელთაგან მიუღებელმა დახმარებამ დაარწმუნა ალექსანდრე, რომ ომის გაგრძელება ქართული გენოფონდისა და მოსახლეობის ამოჟლეტას გამოიწვევდა მხოლოდ. თუმცა არ აპირებდა ქვეყნის დატოვებას და ხევსურეთს შეხიზნული, ხელსაყრელი მომენტის დადგომას ელოდებოდა, ამასთან, ირანთან წარმართავდა მოლაპარაკებებს.

რუსებს კარგი მიზეზი მიეცათ დაუმორჩილებელი ფშავ-ხევსურეთის გასანადგურებლად. ერთი მუჭა ხევსურების წინააღმდეგ გადაისროლეს კავკასიაში მდგარი მთელი რუსული გენერალიტეტი უზარმაზარი ჯარითა და არტილერიით.

ხევსურები, ძალთა დიდი უთანასწორობის მიუხედავად, ალექსანდრეს მეთაურობით ხმალდახმალ გადაეშვნენ ბრძოლაში და საგრძნობი ზიანიც მიაყენეს მტერს. ბრძოლა 36 საათს გაგრძელდა. ზედიზედ ეცემოდნენ გმირი ხევსურები. დანარჩენებმა შატილისკენ დაიხიეს. რუსები გზად პირწმინდად წვავდნენ და ანადგურებდნენ სოფლებს. განადგურდა ხევსურთა ოცი და ქისტების ცხრა სოფელი.

შატილისთვის ბრძოლაში ხევსურებს ქისტებიც ამოეშველნენ. დიდი იყო რუსების დანაკარგი. ხევსურები და ქისტები კი თითქმის ამოწყდნენ ამ ბრძოლაში, რომელსაც რუსები ძირითადად არტილერიის გამოყენებით წარმართავდნენ.

ამის შემდეგ რუსებმა "მეამბოხეთა ბუდე" ახმეტა ისე გაანადგურეს, რომ იგი 1813 წლის საბუთებში უკვე დაუსახლებელ ნასოფლარადაა მოხსენიებული. ასეთივე დღე დაადგა საბუეს, თიანეთს, მატანს...

სადამსჯელო რაზმები კახეთს შეესივნენ. მასობრივი ხასიათი მიიღო ტყვეთა ჩამოხრჩობამ, სოფლების გადაწვამ, ვენახებისა და ბაღების გაკაფვამ, "მოსახლეობა ძალიან შემცირდა. ათასობით ადამიანი ბრძოლაში დაიღუპა, ბევრი კი დასჯის შიშით სამშობლოდან გადაიხვეწა".

* * *

კახეთის 1812 წლის ომის მნიშვნელობას დიდად ზრდის ის გარემოება, რომ ამ დროს კავკასია ძალიან ახლოს მივიდა საერთო ომის გაჩაღების შესაძლებლობასთან. თვით საბჭოთა ისტორიკოსებიც კი ადასტურებენ, რომ "კახეთის აჯანყება" სტიმული ხდებოდა რუსეთის წინააღმდეგ დიდი კავკასიური ომის წამოსაწყებად, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართული ამიერკავკასიის სამფლობელოები, დაღესტნელები, ოსები.

აჯანყების უდავო გავლენას მიეწერება 1812 წლის სისხლიანი გამოსვლები ყარაბაღში, ყაბარდოსა და დაღესტანში.

სამწუხაროდ, 1812 წელს ქართველთა გათვლილი მიზნები არ გამართლდა. მოვლენები ყველაზე უარესი გზით წარიმართა. რუსეთმა წარმატებით დაასრულა აღმოსავლეთში წარმოებული ბრძოლები და რუსეთის სამამულო ომი ნაპოლეონის წინააღმდეგ.

რაც შეეხება მარცხის საშინაო მიზეზებს, ეს ომის არეალის ტრადიციული გაუვრცელებლობა იყო. დაპყრობილი ქვეყნის სხვა კუთხეებმა მხარი არ აუბეს მეომარ კახეთს. არ იყო ერთსულოვნება არისტოკრატიასა და გლეხობაში. ეს უკანასკნელი ხშირად გაუმართლებელ არასერიოზულობას იჩენდა ომისადმი. უმძიმესი იყო ომის შემდგომ განხორციელებული რეპრესიები, რომლის შედეგად ამოწყდა ქვეყნის მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი. მოსახლეობას დაეკისრა უდიდესი ფულადი და ნატურალური გადასახადი.

განსაკუთრებული სისასტიკით დაისაჯნენ სასულიერო პირები, რამდენადაც ომში მონაწილეობით მათ ფაქტობრივად აკურთხეს იგი და დამპყრობლის წინააღმდეგ მიმართული, მამულისა და სარწმუნოებისთვის წმინდა ომის სახე მისცეს.

ასობით გლეხმა დაამთავრა სიცოცხლე სახრჩობელაზე. დაიღუპა უამრავი მშვიდობიანი მოსახლე, გადაიწვა და გაუდაბურდა ათობით სოფელი.

ქონება, მამული, წოდება ჩამოერთვა აჯანყების ყველა მონაწილეს. მათგან 62 კაცი გადაასახლეს ციმბირს, მათ შორის იყვნენ ორი გმირი ქალი ეკატერინე ჩოლოყაშვილი და გულქან ნათალიშვილი. გზაში ან გადასახლებაში დაიღუპნენ უდიდესი პატრიოტები გიორგი ციციშვილი, ასლან ვაჩნაძე, არსენ მაყაშვილი, სიმონ ანდრონიკაშვილი, დავით ჯანდიერი, დიმიტრი ჭავჭავაძე, ნინია ჩერქეზიშვილი, ფილიპე შატბერაშვილი, ეკატერინე ჭავჭავაძე, სასულიერო პირები ჩიხტაური, დემეტრაშვილი, ხირსელიშვილი, მეჭურჭლიშვილი, ექვთიმე ქრისტესიაშვილი და სხვები.

მაგრამ 1812 წლის ომმა არა მარტო მატერიალური გაჩანაგება და ზიანი მოუტანა ქვეყანას, არამედ სახელი და დიდებაც. როგორც მიხაკო წერეთელი ბრძანებდა, ქართველობამ დაამტკიცა, რომ "მაშინ ჯერ კიდევ თურმე კაცები ვყოფილვართ და ქუდი გვხურებია. ვიბრძოლეთ, როგორც შეგვეძლო. დამარცხებაში მაინც მოვიპოვეთ საუკუნო სინდისი შთამომავლობის წინაშე".

აკაკი გელაშვილი

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”