"ტფილისის უნიკა" დღეს მილიონი დოლარი ღირს - კვირის პალიტრა

"ტფილისის უნიკა" დღეს მილიონი დოლარი ღირს

ჟურნალ "ისტორიანის" პირველ ნომერში მკითხველს შევთავაზეთ წერილი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და მაშინდელ რუსეთის იმპერიაში გამოშვებული პირველი საფოსტო მარკის, "ტფილისის უნიკის" (Тифлисская уника) შესახებ, რომელიც საქართველოში, ანუ მაშინდელ თბილისის გუბერნიაში 1857 წელს მცირე ტირაჟით დაბეჭდეს. საფოსტო მარკა თბილისსა და კოჯორს (სადაც მეფისნაცვლის ზაფხულის სასახლე იყო) შორის 1857-1858 წლებში საფოსტო გზავნილებისთვის გამოიყენებოდა.

"ტფილისის უნიკა" მსოფლიოს ორმოც უიშვიათეს და ათ უძვირფასეს საფოსტო მარკათა რიცხვში შედის. მისი ფასი უკვე მილიონ დოლარს მიუახლოვდა. ბოლოს, 2008 წელს მისმა ერთ-ერთმა მფლობელმა ზბიგნევ მიკულსკიმ მარკა აუქციონზე 480 ათას ევროდ (დაახლოებით 700 ათასი დოლარი) გაყიდა. თუმცა აუქციონებზე მის საწყის ფასად უკვე ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს ასახელებენ.

დღემდე "ტფილისის უნიკის" მხოლოდ ოთხი ეგზემპლარი იყო ცნობილი, ამათგან ერთი ე.წ. პარიზული ასლია, რომელიც 1870-1880 წლებში უნდა იყოს დამზადებული. იგი საკმაოდ სქემატური და ორიგინალისგან განსხვავებული გამოსახულებაა.

ახლახან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში, სმითსონის ინსტიტუტის საფოსტო მარკების მუზეუმში, რუსეთის იმპერიის მარკების კოლექციაში "ტფილისის უნიკის" ახალი, გამოუყენებელი, მეხუთე ეგზემპლარი აღმოჩნდა.

"ტფილისის უნიკის" უცნობი ეგზემპლარი დიდ ბრიტანეთში მცხოვრები რუსი ფილატელისტის, გ. კასტლინის კოლექციაში ინახებოდა. მარკა მუზეუმისთვის მის შთამომავლებს 1984 წელს გადაუციათ.

ალექსანდრე ბოშიშვილი

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”