თინა წავკისელი - კვირის პალიტრა

თინა წავკისელი

"საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი"

ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,

გმირი თინა წავკისელი და მაია წყნეთელი.

მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,

საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის,

მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი,

საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი...

ლადო ასათიანი

XVIII საუკუნეში საქართველოს ძნელბედობის ხანა დაუდგა. ხალხი შეწუხებული იყო ოსმალ თუ ირანელ დამპყრობელთაგან, რომელთა შემოსევები ქვეყანას მუდმივი ომის პირობებში ამყოფებდა. ცალკე პრობლემა იყო ლეკების გაუთავებელი თავდასხმები. ამიტომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩნდებოდნენ დაბალი სოციალური წარმომავლობის სახალხო გმირები, რომლებიც თავისი სოფლისა თუ მხარის წინამძღოლი ხდებოდნენ და ვაჟკაცურად ებრძოდნენ მტერს. განსაკუთრებით საინტერესოა ქალების აქტიურობა და გამბედაობა. ამ კუთხით, ვფიქრობთ, მხოლოდ მაია წყნეთელის, თამარ ვაშლოვნელისა და თინა წავკისელის სახელთა ხსენებაც საკმარისია.

თინა წავკისელის შესახებ შემორჩენილია ფრაგმენტული ცნობები და გადმოცემები. ხალხური პოეზიის ნიმუშები, რომლებიც მის დროშივე, XVIII საუკუნეშია შექმნილი და შემდეგ ნელ_ნელა ივსებოდა. პირველად, ყველაზე სრულად და ვრცლად თინა წავკისელის შესახებ მასალები შეაგროვა და 1882 წლის გაზეთ :ივერიაში: გამოაქვეყნა დიმიტრი ჯანაშვილმა. მისთვის თინას ამბები, წავკისის მებატონისა და თბილისის უკანასკნელი მელიქ_მამასახლისის დარჩიას შვილს, თავად ასლან ბებუთაშვილს (1785_1866 წწ.) უამბია. თინა წავკისელის შესახებ გადმოცემები ზეპირად გადადიოდა, XX საუკუნის 50_იან წლებში შინდისელი 108 წლის მოხუცი ყაზარ ტოტოღაშვილი იხსენებდა, რომ თინა წავკისელი გვარად ფეიქრიშვილი ყოფილა. ეს ცნობა მიხეილ ჯანგიძემ 1959 წელს ჩაიწერა.

თინა წავკისელი XVIII საუკუნეში ცხოვრობდა. იგი წავკისელი გლეხის ასული ყოფილა. მას თანასოფლელებისთვის ისეთივე გმირობა და გულშემატკივრობა გამოუჩენია, როგორიც მაია წყნეთელს. სიყმაწვილეში შეურაცხყოფისთვის თავისი ბატონი მოუკლავს, მაგრამ თინაზე ეჭვი არავის მიუტანია. არსებობს გადმოცემა, რომ იგი ერთხანს კოჯრის ციხეს აფარებდა თავს.

ამის შემდეგ გავიდა დრო, თინა და კიდევ მისი თანატოლი სხვა გოგო_ბიჭები სპარსელებს მიჰყიდეს. მყიდველებს გზაზე მათზე ძალადობა მოუნდომებიათ. თინამ მათი ეს განზრახვა შეიტყო და თანასოფლელები დაარიგა, სპარსელებისთვის ხანჯლები წაერთმიათ. მართლაც, ასე მოქცეულან და ყველანი დაუხოცავთ. შემსხდარან მათივე ცხენებზე და მეფე ერეკლესთან წასულან. მეფეს ყველაფერი დაწვრილებით უამბეს. ერეკლეს მათი მხნეობა ძალიან გაჰკვირვებია. სხვები დაითხოვა, თინა კი სასახლეში დატოვა თურმე. სასახლეში ყოფნისას თინამ კარგად შეისწავლა თოფის სროლა, ხმლით ბრძოლა და ცხენზე ჯდომა. ამის შემდეგ ყოველთვის მეფე ერეკლეს გვერდით იდგა. მამაკაცური სამოსი ეცვა და არაერთხელ უსახელებია თავი გამბედაობითა და მხნეობით.

ერთ_ერთი ბრძოლისას, თინასა და ერთ გლეხს ისე მამაცურად უომიათ, რომ მეფეს ძალიან მოეწონა ისინი, ორივე თავისთან მიიწვია და შეუღლება უბრძანა. ისინი მართლაც დაქორწინდნენ და წავკისს დასახლდნენ. თინა წავკისელს ორი ვაჟი შეეძინა, მაგრამ ქვეყანას სამსახურს მაინც არ აკლებდა. ის თავისი სოფლის, წავკისის მტრებისგან მცველი ყოფილა.

ერეკლე II_ის დროს, 1774 წელს ქართლ_კახეთში მორიგე ჯარი შეიქმნა, "მორიგეში გასვლა" წელიწადში ერთი თვით, თავისი ხარჯებით ყველა ბრძოლისუნარიან მამაკაცს ევალებოდა

ერთხელ, ერეკლემ წავკისიდან თითქმის ყველა გლეხი გაიყვანა ჯარში, სოფელს კი მტერი თავდასხმასა და დარბევას უპირებდა. თინამ ქალები, ბავშვები და მოხუცები სოფლის კოშკში შეხიზნა (წავკისში კოშკი XX საუკუნის 30_იან წლებში დაანგრიეს). კოშკის კიბის სათოფეებზე ფუტკრის სკები დააწყო, ორივე მხარეს კარი შიგნიდან ჩაკეტა და თბილისში წავიდა, რათა მტრის თავდასხმა მეფისთვის შეეტყობინებინა. კოშკში შეხიზნულებს კი დაუბარა, თუ მტერი მიუახლოვდებოდათ, მათ სკიდან ფუტკრები უნდა გაეშვათ და ამით შეეჩერებინათ. ასეც მოხდა და მტერი სასტიკად დამარცხდა. ამ გამარჯვების შემდეგ თინა წავკისელის მეუღლე მალევე გარდაიცვალა.

თინა წავკისელი კრწანისის ბრძოლაშიც (1795 წ.) მონაწილეობდა. აღა_მაჰმად ხანის მოსვლის წინ იგი ტყვედ ჩავარდნილა და მეფისთვის შემოუთვლია: თუ მოვახერხე გათავისუფლება, დაგეხმარები ბრძოლაშიო.

შენ გენაცვალე, მეფეო,

შენ გენაცვალე, შენაო,

გიორგი არ მომიშიო,

სულ შეიჯერე თემიო.

მეც მალე დაგეხმარები,

თუ რომ გამიხსნეს ხელიო,

თუ არადა მომაშველეთ

ნახშირფორელი მღვდელიო.

მეფემ თინა ტყვეობიდან გამოიხსნა.

თინიავ რამ შეგაშინა,

ნუ შეგეცვალა ფერიო!

შენ დაგვეკარგე, მაგრამა

არვინ არს შენი ფერიო.

მაგრამ, უკან გაბრუნებისას მტრებს ისევ ჩაუგდიათ ხელში და ბოლნისის მხარეს მოუკლავთ. ერეკლემ იქვე, ბოლნისის სიონთან დაასაფლავებინა ქმრის გვერდით. საფლავის ქვაზე მათი სახე ამოაჭრევინა, მათი ობლები კი წაიყვანა და სამეფო სასახლეში ზრდიდა.

გმირი ქალის შესახებ სულ ეს ცნობებია შემორჩენილი, რომელიც დაცულია ხალხურ პოეზიაში, გადმოცემებში და მცირე ისტორიულ ცნობებში.

ალექსანდრე ბოშიშვილი ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”