ყველაზედ მეტად დამახსოვდა ერთის ახალის წლის წინა ღამე. ჩვენ, პატარებს, არ ვიცი, ხვალის ლოდინისაგან, თუ მეტის-მეტ გართობისაგან, ძილი აღარ მოგვეკიდა. არა ერთხელ და ორჯელ გვიბრძანა დედამ წადით, შვილებო, დაიძინეთო, და ჩვენ კი თითით ყელს ვუწევდით და ისე ვეხვეწებოდით: დედას ჭირიმე, ნუ გაგვრეკავ, არ გვეძინებაო. დედა გოზინაყებისა და ალვახაზის სამზადისში გართული იყო, გარს ჯამები, ბადიები და ტაბაკები ედგა ნუშით, ნიგოზით და თაფლითა. მამაჩვენი კი ბოლთასა სცემდა ოთახში ჩიბუხით ხელში. ჩვენმა პატარა დამ, რო დაცუცუნებდა ჯამებსა და ტაბაკებს შორის, როგორღაც ფეხი წამოჰკრა ერთს უშველებელს ბადიას და შიგ ყოფილი თაფლი კი პირქვე წამოაქცია. დედას ძალიან ეწყინა და არ იყო რომ გაჯავრებით უთხრა მამას: ერთი თავიდან მომაშორე, ღვთის გულისათვის, ეს ბაჯაჯღანები!.. გაასხი იქით ოთახში, ზღაპარი რამე უამბე, იქნება დაეძინოთ და მომასვენონო.მამა-ჩემმა ძალიან კარგი ზღაპრები იცოდა და ჩვენც ძალიან გვიყვარდა ყურის-გდება ზღაპრისა. გვიამა, რომ დედამ დაავალა მამას ზღაპარი ეთქვა. მივცვივდით ჩვენც, ზოგი ხელზე ჩამოვებობღენით, ზოგი ახალუხის კალთაზედ.
- შენი ჭირიმე, მამილო, ზღაპარი გვითხარი, - შევბღავლეთ აქეთ-იქიდამ - დედა აქედან გვერეკება და შენ ზღაპარი მაინც გვითხარ, არ გვეძინება.
- ბატონი ხართ. აბა, წავიდეთ.
მამა გავიდა მეორე ოთახში და ჩვენც გავყევით. ოთახში ბუხარს ერთი ამბავი გაჰქონდა აპრიალებულის ცეცხლისაგან. ბუხრის პირდაპირ ერთი გრძელი ტახტი იდგა, ავიდა მამა-ჩვენი, ტახტზედ მოიკეცა, ჩვენც გარშემო შემოვუსხედით. ჩვენი პატარა და გულდაღმა წამოუწვა მამას, იდაყვებზედ დაებჯინა, თავისი პატარა თავი ხელებზედ დაანდო და ისე შეაჭყიტა მაყვალსავით შავი თვალები, თითქო მართლა ზღაპრის მოსმენა უნდოდა. ის კი არა თუ, როგორც იმას, ისეც იმაზედ მომდევარს მესამე ძმას, მაშინვე ჩაეძინებოდათ ხოლმე ორიოდე სიტყვის შემდეგ.
მამამ დაიწყო:
"მე ადრევაც მიამბნია, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან ემტერებოდნენ თათრები. მოსვენებას არ გვაძლევდნენ, ხან აქედამ, ხან იქიდამ მოგვესეოდნენ ხოლმე. ჩვენც რაც შეგვეძლო, რაც ძალი და ღონე გვქონდა, ვებრძოდით, ვეომებოდით. ყველას უყვარს შვილებო, თავისი ქვეყანა, და როცა უჭირს, ძნელია კაცმა უმტყუნოს და თავი არ გამოიმეტოს. ბევრიც იმეტებდა თავს და ბევრმაც სახელი დაიგდო, სახელი გაითქვა თავისის ვაჟკაცობითა და ქვეყნისათვის თავდადებით. აი, ერთი ამისთანა ვაჟკაცის ამბავს გეტყვით და კარგად დაიხსომეთ.
ერთ დროს ჩვენა გვყოლია ქართლის მეფე გიორგი მეთერთმეტე. იმ დროს ყიზილბაშების ყეინად დაჯდა შაჰ-სულთან-უსეინ. ამ ყეინმა გამოჰგზავნა დიდის ჯარით თავისი სარდალი, რომ საქართველო აიკლოს და თავისად დაიჭიროს. დაიძახეს ჩვენშიაც ჯარიანობა და თავი მოიყარეს ქართველებმა მტრის დასახვედრად. შეიყარა ორი ერთმანეთზედ სამტროდ გამართული ჯარი საომრად. ერთს მხარეს დაეწყვნენ ყიზილბაშნი, მეორე მხარეს ქართველები, გაიმართა ომი. რით გათავდა ეს ომი, ამის ამბავი გრძელია. მე მარტო ერთს რასმე გიამბობთ, რაც ამ ომში მოხდა. როცა გაცხარდა ბრძოლა, მაშინ გამოჰქუსლა ერთმა ყიზილბაშმა ცხენი და გამოვარდა და მოედანზედ რაზმიდან, გაუქროლ-გამოუქროლა ჩვენებს ეინ ცხენი, თითქო ჯირითშია და არა ომშიაო. ეწყინა ქართველ ყმაწვილობას ასე თამამად და გაბედულად ნავარდობა ყიზილბაშისა, - დახე, როგორ გვბრიყვობს?! კაცად აღარ გვაგდებს თუ, რა ამბავია, რომ ასე უშიშრად გაგვირბის და გამოგვირბისო, იძახდნენ.
ჰკრა ერთმა მოსხეპილმა ყმაწვილ-კაცმა ცხენს ქუსლი და ზედ მიაგდო ყიზილბაშსა. ყიზილბაშმა ჰკრა შიგ გულის-ფიცარში შუბი და საბრალო ვაჟკაცი ჯერ ჩამოეკიდა ცხენს და მერე უსულოდ დაეცა დედამიწაზედ.
- აი, ქუდიც არა მხურებია, აი, დედის ძუძუც არ შემრგებია, თუ მაგის სისხლი შეგარჩინოვო, - დაიძახა ახლა სხვამ და მიაგდო ცხენი ყიზილბაშს. ყიზიბლაშმა ესეც ჩამოაგდო ცხენიდამ და უფრო გახალისებულმა გამარჯვებით გაათამაშ-გამოათამაშა ცხენი მოედანზედ. გავიდა მესამე, გავიდა მეოთხე, გავიდა მეხუთე და ყველას ცალკე იგივე დღე დააყენა თათარმა. ასეთი ყმაწვილი კაცები დაჰხოცა, რომ უკეთესს კაცი ვერ ინატრებდა. შეწუხდა ქართველობა: ეს სირცხვილი როგორა ვჭამოთო, შინ რა სახელით-ღა მივიდეთო. არ იცოდნენ, რა ექმნათ. ყველას შიში და ფიქრი მიეცა. ვეღარავინ ჰბედავდა გასვლას. ის ყიზილბაში კი ათამაშებდა მოედანზედ ცხენს, თითქო ყაბახობაზე გამოსულა და ამოდენა ქართველობა აინუნშიაც არ მოსდისო.
- ნიკოლოოზ სად არის, ნიკოლოოზი! - დაიძახეს ქართველებმა: - ის თუ გვიშველის, თორემ ლამის ამ ურჯულო თათარმა დედაკაცის ლეჩაქი თავზე დაგვხუროს და ისე გაგვისტუმროს შინაო.
- ნიკოლოოზ გოსტაშაბიშვილო, ნიკოლოოზ! - გაჰკივლეს აქეთ-იქიდამ ჩვენებმა.
გოსტაშაბიშვილი თურმე გაცხარებულ ომში იყო და ამ კივილზე ომიდან გამოვიდა. ჩოხის კალთით გასისხლიანებულ ხმალსა სწმენდავდა, როცა მისცვივდნენ ჩვენები და თავისი სირცხვილი უამბეს. გოსტაშაბიშვილი, მართალია, ძალიან გათქმული და სახელოვანი ვაჟკაცი იყო, მაგრამ მაშინ სიბერე მორეული ჰქონდა და უწინდებურად აღარც მკვლავი ერჩოდა, აღარც მუხლი.
- სად შემიძლიან მე ეხლა დაბერებულსა და დაჩაჩანაკებულს იმასთან ომის გასწორება, - უთხრა ყმაწვილებს გოსტაშაბიშვილმა, - ვერა ჰხედავთ, ახლად ულვაშ-აშლილი ვაჟკაცია, კაცი ლომსა ჰგავს.
- ხუთი ვაჟკაცი მოგვიკლა, იმათ სისხლს ნუ შეარჩენ. იმ ურჯულოსაგან სირცხვილს ნუ გვაჭმევ, - შეევედრნენ ჩვენები.
გოსტაშაბიშვილმა ახსენა ღმერთი, აუკრიბა სადავე ცხენს და ჰკრა ქუსლი. ცხენმა ერთი ორიოდე კამარა შეჰკრა, ისკუპა და თვალის დახამხამების უმალ ვაჟკაცი ვაჟკაცს წინ დაუდგა. ყიზილბაშმა წამოუღერა თავისი შუბი. გოსტაშაბიშვილმა ხელი აუკრა და აიცდინა. ეს ისე მარჯვედ მოუვიდა, რომ ქების კიჟინა დასცეს. მინამ ყიზილბაში მეორედ შეუტევდა შუბით, გოსტაშაბიშვილი ცხენ-და-ცხენ ეცა, წასწვდა, ერთი-ორი ღონივრად შეჰბღერტა და ცხენიდამ ძირს დასცა, ასე რომ დაცემულს ფეხზედ ადგომა გაუძნელდა. ჩამოხტა ცხენიდამ გოსტაშაბიშვილი, ააყენა ყიზილბაში ფეხზე და უთხრა:
- ნუ გეშინიან, მე თავს არ მოგჭრი. შენი თავი შენის ვაჟკაცობისათვის მიპატიებია. ცოდვაა შენი გაფუჭება. წადი და ღმერთმა გზა მშვიდობისა მოგცესო.
- მე სიცოცხლეს თუ ვისგანმე ვიჩუქებდი, მარტო შენისთანა ვაჟკაცისაგანაო, - უპასუხა ყიზილბაშმა, სალამი მისცა და წავიდა".
1880წ












ხომალდის ერთ-ერთი დიდი ოთახი ძვირფასი ხალიჩებითა და ნოხებით იყო მორთულ-მოფენილი. სკამების მაგივრად ხავერდ-აბრეშუმ გადაკრული ბალიშები იყო ჩამწკრივებული. ოთახი კარგად ჩაცმულ-მოკაზმულ ოსმალებით იყო სავსე:
შაბათობა იყო ალბათ, და იმ დღესაც, როგორც პარადზე იცოდნენ ხოლმე, ათასი გაფრთხილებითა და კატეგორიული მითითებით მოაგროვებდნენ სამსახურებიდან ადამიანებს. სატვირთო მანქანების ძარებზე გადაანაწილებდნენ და რა ვიცი, სად წაიყვანდნენ... იქნებ ხეებსაც არგვევინებდნენ, ან, მაგალითად, ძველი ნანგრევებით სავსე ტერიტორიას აწმენდინებდნენ...
18 ივნისს ხობში ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის იატაკის არქეოლოგიური გათხრის დროს უძველესი ქრისტიანული აკლდამა იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, სამარხი სამეგრელოს მთავართა - დადიანების ძველისძველი საძვალეა.
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში კოტე მარჯანიშვილის არქივია დაცული. ამ უნიკალურ საგანძურში მარჯანიშვილის დის, დედა ფამარის უცნობი და დღემდე გამოუქვეყნებელი რამდენიმე ფოტო ინახება.













იყავი პირველი!