750 წლის მაკეტი არქიტექტურის შედევრისთვის - კვირის პალიტრა

750 წლის მაკეტი არქიტექტურის შედევრისთვის

ფლორენციის კათედრალთან, მუზეუმის გაფართოების სამუშაოების დროს იტალიელმა მეცნიერებმა მინიგუმბათი გათხარეს. სპეციალისტთა განცხადებით, იგი ხუროთმოძღვარ ფილიპო ბრუნელესკის (1377-1446) დიდებული ნამუშევრის სტრუქტურული მოდელია.

გუმბათი აგურისგან არის დამზადებული და ნაძვის ფორმის განლაგება აქვს, მისი გარშემოწერილობა 2,7 მეტრია. მინიგუმბათში თაღების სიმძიმის განაწილების პრინციპი ზუსტად ისეთივეა, როგორიც გიგანტურ ნაგებობაში. "ეს სამშენებლო ტექნიკა ადრე სპარსულ გუმბათებში გამოიყენებოდა. მაგრამ ბრუნელესკი პირველი იყო, ვინც ის ევროპაში შემოიტანა", _ ამბობს ფლორენციის უნივერსიტეტის ძეგლთა რესტავრაციის პროფესორი ფრანჩესკო გურიერი. ცნობილია, რომ მცირე გუმბათი, როგორც ბრუნელესკის გეგმის სადემონსტრაციო მოდელი, 1420-1436 წლებში შეიქმნა, როცა ის ინჟინერიის ერთ-ერთ შედევრზე მუშაობდა. ფრანჩესკო გურიერი ამბობს, რომ სწორედ ამ მოდელს მიაკვლიეს მეცნიერებმა.

სახელგანთქმული ტაძრის, სანტა მარია დელ ფიორეს გუმბათის დიამეტრი 43,5 მეტრია. ტაძარი 1436 წელს აკურთხეს, როცა მშენებლობა დასრულებული არ იყო. იმდროისთვის სანტა მარია დელ ფიორეს ტაძარი ყველაზე დიდი იყო ევროპაში _ მასში 30 ათასი კაცი ეტევა.

მეცნიერები საუკუნეების განმავლობაში სწავლობენ ბრუნელესკის ორიგინალურ სამშენებლო-ტექნიკურ გამოგონებებს, რომელთა წყალობით მან უზარმაზარი რვაკუთხა გუმბათი ააგო არა ფოლადისა და ბეტონის, არამედ 25 ათასი ტონა ქვისა და აგურისგან, თანაც ხეტყის გამოუყენებლად. ბრუნელესკიმდე ტაძრის მშენებლობა 40 წლით იყო შეჩერებული, რადგან არავინ იცოდა, როგორ უნდა აეგოთ ამხელა გუმბათი.

"მცირე ზომის გუმბათი შესაძლოა მივიჩნიოთ ნაძვისებური სტრუქტურის პირველ ნიმუშად ევროპაში", _ აღნიშნა ფრანჩესკო გურიერიმ. იტალიის კულტურული მემკვიდრეობის მინისტრის მოადგილე რობერტო ჩეკის განმარტებით, "ნაძვისებური ტექნიკა არის დაკავშირებული ბრუნელესკისა და ფლორენციასთან. ქალაქგარეთ ამ ტექნიკის გამოყენების მხოლოდ რამდენიმე მაგალითი გვაქვს და ისინი XVI საუკუნეზე გვიანდელია".

როგორც კი მინიგუმბათის გათხრა და რესტავრაცია დასრულდება, მას ახალ, ოპერა დი სანტა მარია დელ ფიორეს მუზეუმში გადაიტანენ, რომელიც 2015 წლის ოქტომბერში გაიხსნება.

მომზადებულია Discovery-ს მასალების მიხედვით

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”