ვინ გაიმარჯვებდა – ქართველი მეომარი თუ რომაელი გლადიატორი? - კვირის პალიტრა

ვინ გაიმარჯვებდა – ქართველი მეომარი თუ რომაელი გლადიატორი?

"ქართველ მეომარს საომრად ზრდიდნენ, გლადიატორს კი უხეში, სისხლიანი, სანახაობრივი, სპორტული ღონისძიებისთვის..."

"მაინტერესებს, რა შანსი მექნება რომაული სტილით აღჭურვილ მებრძოლთან"

19-21 აპრილს, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნები" Natale di Roma–ზე ქართული კულტურის რამდენიმე მიმართულებას წარადგენენ; ფესტივალის მაყურებელს ისინი საქართველოს საბრძოლო ისტორიას, ქართულ ისტორიულ იარაღს, ქართულ სამოსს და ქართულ სიმღერას გააცნობენ, რაზეც პასუხისმგებელი ანსამბლი "ჩვენებურები " იქნება.

ჩვენ დავინტერესდით, რა შანსი ექნებოდა "შავფაროსნებში" "გაცოცხლებულ" ქართველ მეომარს სხვა ერების ცნობილი მებრძოლების წინააღმდეგ.

ზურა მახარაძე, "შავფაროსნების" გენერალური მდივანი:

- თუ იაპონიასა და ან სხვა რომელიმე ქვეყანაში, საბრძოლო გამოცდილება, მამიდან შვილზე გადაეცემოდა და თითქმის უდანაკარგოდ შემოინახეს, ჩვენთან თუნდაც საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული, ბევრი რამ დაიკარგა... 90-იანი წლებიდან მოყოლებული, თითქმის მთელი საქართველო მოვიარეთ და რეგიონში მცხოვრები უხუცესი ადამიანებისგან ვისწავლეთ, რისი გაცოცხლებაც შევძელით - ის ეხება ბრძოლის ილეთებს, იარაღის ტიპებს, ეთნოგრაფიულ მასალებს, რითაც შემდგომში საბრძოლო ხელოვნება აღვადგინეთ.

- საბრძოლო აღჭურვილობასა და ტექნიკაზე, ალბათ ყველა ჯურის მომხვდურის გავლენა იგრძნობა, არა?..

- დიახ, ასეა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ყველა იარაღს ქართველები ქართულად ვაწარმოებდით. მაგალითად, ხევსურული მოკლე, კომპაქტური ფარ-ხმალი მხოლოდ შოტლანდიასა და ინდოეთში ვნახეთ, ორივე ქვეყნის წარმომადგენელს მთა-გორიან ადგილებში უწევდა ბრძოლა და სხვა ტიპის იარაღს ფიზიკურად ვერ გამოიყენებდა... თუმცა, ვერსად ისე ოსტატურად ვერ ხმარობენ ამ იარაღს, როგორც ჩვენში.

- როგორ ფიქრობთ, "შავფაროსნების" მიერ "გაცოცხლებულ" ქართველ მეომარს, სხვა ქვეყნების მებრძოლთან რა შანსი ექნებოდა?

- ძნელია ამის თქმა, ვინაიდან, მაგალითისთვის, თუ ჩვენი და რომაელების შესაძლებობებს შევადარებთ, სრულიად სხვადასხვა რეალობა გვქონდა, - ქართველი ადგილობრივი მმართველები, ჯარს ხშირად სპონტანურად აგროვდებდნენ, რომს კი, მკაცრად ცენტრალიზებული, მოწესრიგებული არმია ჰყავდა. წესრიგმა და გამართულმა სამხედრო მანქანამ, რა თქმა უნდა, სხვა "შედეგი დადო"... მართალია, რომაელებთან ბრძოლის ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ პარტიზანული ომებით ქართველები მათ მოსვენებას არ აძლევდნენ. ამიტომ გადაწვეს პომპეუსის ბრძანებით მთელი ტყე. შემდეგ გაირკვა, რომ მამაკაცების გვერდით ქალებიც ომობდნენ და რომში გავრცელდა, - პომპეუსი ამაზონებს ებრძვისო...

- ქართველი მეომრისა და მისი თანამედროვე მებრძოლის ორთაბრძოლის სავარაუდო შედეგი როგორ წარმოგიდგენიათ?..

- "რაც კარგები ვართ ქართველების ვართ-მეთქი, არ ვიტყვი, მაგრამ იმ პატარა ქვეყნის კვალობაზე, რომელსაც მუდმივად დიდი შემოსევების მოგერიება უწევდა, საამაყო ნამდვილად გვაქვს.

ქართველ მეომრებს საკმაოდ დიდი პოტენციალი ჰქონდათ, რასაც ჩვენთან საუბარისას, სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, იგივე იტალიელებიც ხშირად აღნიშნავენ. ორთაბრძოლისას, არანაკლებ მნიშვნელოვანია მეომრის შინაგანი მომზადება... გლადიატორების შებრძოლებას უფრო სპორტული დატვირთვა ჰქონდა. უმეტეს შემთხვევაში, მათი შერკინება ერთ-ერთი მათგანის დაჭრით სრულდებოდა. სიკვდილის შემთხვევები ძალიან იშვიათი იყო, რადგან ამ სანახაობის გამართვა, გლადიატორის გაწვრთნა, იმპერატორს, ან რომელიმე რომაელ არისტოკრატს ძვირი უჯდებოდა...

თუ რა შანსი ექნებოდა ქართველ მეომარს მათთან ორთაბრძოლაში, ეს დაახლოებით ისეთია, ბრიუს ლი მოერევა თუ ჩაკ ნორისი, ან ქართველი მეომარი მოერევა თუ სამურაიო... ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით. ქართველ მეომარს საომრად ზრდიდნენ, გლადიატორს კი, უხეში, სისხლიანი, სანახაობრივი, სპორტული ღონისძიებისთვის... გლადიატორის საბრძოლო არსენალი შეზღუდული იყო, ქართველი მეომარი კი, როდესაც ომში მიდიოდა, ყველა იარაღი მიჰქონდა, რაც შესაძლოა, დასჭირვებოდა.

ახლა, რომში გამართულ წარმოდგენაზე სხვა ქვეყნების წარმოადგენენ საკუთარ სანახობას და მაინტერესებს, რომაულ სტილით აღჭურვილ მებრძოლთან, "ორთაბრძოლისას", მე, როგორც ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენელს რა შანსი მექნება...

- ზურა, ამ ყველაფერს დაფინანსება სჭირდება, არა?

- დიახ, გზის ხარჯებს, საქართველოს კულტურისადა ძეგლთა დაცვის სამინისტრო გვიფინანსებს, ხოლო სამოსი, რითაც რომში გამართულს სანახაობაზე უნდა წარსვდგეთ, ლუდმა "მთიელი" დაგვიფინანსა, რომელიც ასევე დარბაზის ხარჯებზე ზრუნავს, სადაც ვვარჯიშობთ.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)