როგორ ცდილობდნენ ქალები გალაკტიონის გულის მოგებას - კვირის პალიტრა

როგორ ცდილობდნენ ქალები გალაკტიონის გულის მოგებას

"ეს იყო რაისა ჩიხლაძე, ქუთაისელი ლამაზმანი. წერილებსაც სწერდა რაისას..."

სოფელ ფარცხნალში 1910 წლის გაზაფხულზე დაწყებით სკოლაში მასწავლებლად გაანაწილეს 19 წლის გალაკტიონ ტაბიძე. მისი პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი, რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი იზა ვეფხვაძე მოგვითხრობს:

- გალაკტიონი ფარცხნალის დაწყებითი სკოლის პედაგოგად 1910 წლის გაზაფხულზე დაინიშნა. 19 წლის პოეტმა ხარაძეების უბანში, დიმიტრი ხარაძის სახლში დაიდო ბინა.. ფარცხნალის დაწყებითი სკოლა სოფლის შუაგულში, ეკლესიის ეზოში, უხეირო ხის ქოხში ყოფილა მოთავსებული. სკოლის ინვენტარს ხელით გამოჩორკნილი ხის მერხები და სკამები შეადგენდა, რომელზეც ათიოდე ბავშვი იჯდა. ზოგიერთი მათგანი თურმე ლოდზე ჩამომჯდარი სწავლობდა. მოსწავლეებს ორი პედაგოგი ჰყავდათ: გალაკტიონი და ღვთისმეტყველების მასწავლებელი, დეკანოზი სიმონ ხარაძე. ღვთისმეტყველების მოძულე გალაკტიონი ვერ იქნა და ვერ შეეთვისა, ვერ გაუშინაურდა სიმონს. დეკანოზი ბრაზობდა, რადგან ვერაფერი მოუხერხა თავისუფლების იდეით შეპყრობილ ახალგაზრდა პედაგოგს, რომლის სიტყვა და მოწოდება ანდამატივით იზიდავდა ბავშვებს.

- სოფელში მის პირად ურთიერთობებზე თუ არის რამე ცნობილი?

- დღემდე ამბობენ, - გალაკტიონმა საცხოვრებლად ხარაძეთა უბანი იმიტომ აირჩია, რომ იქ სოფლის ლამაზმანები ცხოვრობდნენო. ვინ იცის, იქნებ, ასე არც იყო, ის კი დანამდვილებით იცოდნენ სოფლის ჭორიკანა დედაკაცებმა, რომ ყმაწვილ მასწავლებელს ბუაჩიძეთა და ხარაძეთა გაუთხოვარი ქალიშვილები ნამდვილად აწონებდნენ თავს. სოფლის წყაროსთან, სადაც სკოლისკენ მიმავალ გალაკტიონს უნდა გაევლო, მისი ყურადღების მისაპყრობად, ყმაწვილი ქალები მთელი დღე რეცხავდნენ. ამის შემხედვარე აბესალომ ბუაჩიძეს უხუმრია: ჩვენმა სოფლის მასწავლებელმა გოგონებს რეცხვა ასწავლაო. თავად გალაკტიონს სოფელში ხანმოკლე, მაგრამ მხურვალე გატაცება ეწვია. ეს იყო რაისა ჩიხლაძე, ქუთაისელი ლამაზმანი. წერილებსაც სწერდა რაისას, თუმცა გრძნობის აშკარა გამხელას ერიდებოდა, მხოლოდ საკუთარ პოეზიაზე ესაუბრებოდა. რაისა თავშეკავებული გახლდათ. მომავალში გალაკტიონს არასოდეს მოუხსენიებია ეს გრძნობა ამაღლებულად. ერთ წერილში ამ ურთიერთობას უარყოფითადაც კი აფასებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ რაისას უნდა ვუმადლოდეთ რამდენიმე კარგი ლექსის დაბადებას...

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში