"დაკარგული" საქართველოს ისტორია - მსოფლიო მკითხველისთვის - კვირის პალიტრა

"დაკარგული" საქართველოს ისტორია - მსოფლიო მკითხველისთვის

აღმოსაჩენი საქართველო ამერიკელმა მეცნიერმა "აღმოაჩინა"

პიტერ სკინერი ბრიტანული წარმოშობის თანამედროვე ამერიკელი ისტორიკოსია, მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი და რედაქტორი. როგორც მკითხველს "ისტორიანის" 2014 წლის იანვრის ნომერში, რუბრიკით "აღმოსაჩენი საქართველო" ვატყობინებდით, პიტერ სკინერი დაინტერესებულია საქართველოს ისტორიითა და კულტურით. მან რამდენჯერმე იმოგზაურა საქართველოში და გადაწყვიტა, ჩვენი ქვეყანა უფრო ახლოს გაეცნო მსოფლიოსთვის, რადგანაც, მისი აზრით, საქართველოს მსოფლიო ისე არ იცნობს, როგორც საჭიროა და რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია უცხოურ გამოცემებში ხშირად წარმოდგენილია, როგორც ერთი უმნიშვნელო ნაწილი სპარსეთის, თურქეთისა და რუსეთის ისტორიისა.

ამერიკელი მეცნიერი მუშაობდა დაპირებულ წიგნზე თჰე Land Below The Caucasus ("საქართველო: მიწა კავკასიის ძირას"). ეს სწორედ ის წიგნია, რომლითაც პიტერ სკინერს ინგლისურენოვან მკითხველამდე საქართველოს ისტორია მიაქვს. როგორც აღვნიშნავდით, სკინერი თავის ფუნდამენტურ ნაშრომში ეყრდნობა ინგლისურ ენაზე არსებულ, მაგრამ აქამდე უგულებელყოფილ მრავალ წყაროს. მკვლევარმა ამასთანავე, მოიპოვა არაერთი ისეთი საინტერესო წყაროც, რომლებსაც ქართველი მკითხველი ჯერ არ იცნობს.

ამდენად, შეიძლება ითქვას, ეს ძალიან საფუძვლიანი მცდელობაა, საქართველო და მისი ისტორია მსოფლიომ დაუმახინჯებლად გაიცნოს, ისეთი სახით, როგორითაც იგი არაერთ უცხოელ მოგზაურსა თუ მკვლევარს ხიბლავდა ჯერ კიდევ შორეულ წარსულში.

"როგორ შეიძლება ეფექტიანად წარმოვაჩინოთ საქართველო ფართო მასშტაბის სარბიელზე რიგითი, მოყვარული მკითხველისთვის (იგულისხმება ინგლისურენოვანი მკითხველი. - რედ.)? უმთავრესი, რაც უნდა გაკეთდეს, ასევე პირველი სასიცოცხლო ნაბიჯი მიმზიდველი წიგნის გამოცემაა - კარგად ილუსტრირებული, მკითხველისთვის შთამბეჭდავი, საქართველოს ისტორია არაქართველებისთვის, რომელიც მუდმივად გამოიცემა ხელახლა და რაც მთავარია, ხელმისაწვდომ ფასებში. დღევანდელ ვიზუალურ სამყაროში, სადაც ყველაფერი ეკრანიზებულია, წიგნი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ფერად რუკებს. ქვეყნის ისტორია უნდა წარმოგვიდგეს არა მხოლოდ თხრობის საშუალებით, არამედ მოვლენებიც სხვადასხვა ვიზუალური საშუალებით უნდა დაგვანახვოს. ეს შეიძლება მოხდეს რუკებით ან ძველი ჩანახატებით, რაც სათანადო წარმოდგენას შეუქმნის მკითხველს", - წერდა ბატონი პიტერ სკინერი.

აღსანიშნავია, რომ "ისტორიანის" იანვრის ნომრის გარეკანს სწორედ ამ წიგნის ერთ-ერთი ილუსტრაცია ამშვენებდა, ხოლო სტატიაში მოყვანილი იყო მანანა შეყილაძის მიერ ამ გამოცემისთვის სკრუპულოზურად შედგენილი სხვადასხვა ეპოქის საქართველოს ისტორიული რუკები.

ახალგამოცემული წიგნით თჰე Land Below The Caucasus-ი ამერიკელმა მეცნიერმა შეძლო დანაპირების შესრულება. წიგნი უკვე იყიდება ნიუ-იორკში, ნაწილი გაიგზავნა ლონდონში, ოქტომბერში კი მას თბილისში ჩამოიტანენ. ავტორებისგან წიგნს ითხოვენ აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკა, ოქსფორდის, ჰარვარდის უნივერსიტეტები და მრავალი სხვა ინსტიტუტი. ერთი სიტყვით, დასავლეთის ისტორიული და სამეცნიერო წრეებისთვის საქართველოს მიუკერძოებელი ისტორიის გაცნობა უკვე დაწყებულია.

სალომე შოშიტაშვილი

"ისტორიანი"