ვალუტის კურსი
31/07/2010
USD
1
USD
1.8391
EUR
1
EUR
2.3897
RUB
100
RUB
6.0924
18-01-2010
აფხაზებისთვის ისტორია, ქართველებისთვის - სიამაყე
აფხაზებისთვის ისტორია, ქართველებისთვის - სიამაყე აფხაზი მეცნიერი მიიჩნევდა, მთელ ჩრდილოეთ კავკასიას დამწერლობად ქართული ანბანი უნდა ჰქონდესო

სოხუმში მშვიდობის გამზირს აფხაზი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის - სიმონ აშხვაცავას სახელი დაარქვეს

ძალიანაც რომ გინდოდეს, აფხაზების ამბავს ისე ვერ მოჰყვები, ქართველები რომ არ ახსენო...


მას შემდეგ, რაც აფხაზებმა ქართველები გამოდევნეს და ვითომდა დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტეს, ბევრი რამ შეიცვალა. შვილებს ახალი ისტორია დაუწერეს, ქუჩებს სახელები გადაარქვეს და ქართული კვალის წაშლას დიდი მონდომებით მიჰყვეს ხელი. არაფერს მოგახსენებთ, რისი ამოშლა და დავიწყება გადაწყვიტეს თავისი ცხოვრებიდან აფხაზებმა, მხოლოდ იმაზე მინდა გიამბოთ, რაც ახსოვთ და ვისი პატივისცემაც შერჩათ. სოხუმში მშვიდობის გამზირს აფხაზი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის - სიმონ აშხვაცავას სახელი დაარქვეს.

KvirisPalitra.Geვინ იყო სიმონ აშხვაცავა, ცხადია, საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისთვის. დღევანდელი აფხაზეთის მცხოვრებთ კი აუცილებლად დააინტერესებთ, რომ მათი სასიქადულო შვილის  შვილიშვილი თამარ აშხვაცავა თბილისში ცხოვრობს, უსაზღვროდ უყვარს წინაპართა მიწა და თვალცრემლიანი გვიამბობს იმას, რაც ხვალ შორეული ისტორია გახდება და, ვინ იცის, როგორ "შეფუთულს" მიაწოდებენ შთამომავლებს... დღეს კი ქალბატონი თამარი ცოცხალი მატიანეა, მომსწრე ადამიანებისა, ვინც პირადად იცნობდნენ სიმონ აშხვაცავას და მის ოჯახს.


სიმონ აშხვაცავა გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში დაიბადა. აშხვაცი - თავადური გვარია (დაბოლოება "ვა" მოგვიანებით მიამატეს)... მისი ბებიებიც თავადის ქალები იყვნენ, დედაც... ლაკერბაის, ინალიფას, შარვაშიძის ჩამომავალნი.

ქართული ენა არ იცოდა, სულით და მსოფლმხედველობით აფხაზი იყო. ყველაფერს აკეთებდა, რომ აფხაზეთი წინ წასულიყო... სხვათა შორის, ზოგიერთი მისი სტატია, რომელიც ეხებოდა საქართველოსა და აფხაზეთის ერთიანობის საკითხს, ხშირად კამათის საგანი გამხდარა მეცნიერთა შორის.

ტარტუს უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული, პირველი აფხაზი ენათმეცნიერი და არქეოლოგი გახლდათ.

ის ნიკო მართან და ივანე ჯავახიშვილთან ერთად მუშაობდა და მეცნიერული ანალიზით დაასკვნა, რომ არა მარტო აფხაზებს, მთელ ჩრდილოეთ კავკასიას დამწერლობად ქართული ანბანი უნდა ჰქონდესო, ასე არც ერთი ანბანი არ უხდება კავკასიურ ენებსო. ერთი პერიოდი ეს საკითხი გადაწყვეტილიც იყო. სიმონ აშხვაცავა ოცნებობდა, წასულიყო შვეიცარიაში, დაემზადებინა შრიფტი და სოხუმში ჩამოეტანა...

მაგრამ რუსეთი შორსმჭვრეტელი იყო და ყველანაირად ეცადა, სლავურ ანბანს განედევნა ქართული, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებად შეექმნებოდა აფხაზებისა და ქართველების საუკუნოვან მეგობრობა-ნათესაობას.

სიმონ აშხვაცავამ სოხუმში დააარსა ორი ინსტიტუტი, სადაც ბუნებისმეტყველებასა და ენათმეცნიერებას ასწავლიდა.

მართალია, ერთ სისტემაში მოღვაწეობდნენ, მაგრამ ნესტორ ლაკობას ბევრ საკითხთან დაკავშირებით უპირისპირდებოდა. ყოველთვის ინარჩუნებდა დამოუკიდებელ აზრსა და შეხედულებას.

სიმონი ლიტერატურულ საქმიანობასაც ეწეოდა. დაწერა ორი პიესა აფხაზეთის ცხოვრებაზე - "საფარ ბეი" და "ომარ ბეი", რომლებიც სოხუმში დაუდგამს კიდეც.
ბოლოს განათლების მინისტრი იყო... სწორედ მინისტრობისას, 1938 წლის დასაწყისში დახვრიტეს. ზღვის სანაპიროზე გამოასალმეს სიცოცხლეს.

მოგვიანებით სოხუმში, გორკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი გაიხსნა. მის საზეიმო გახსნას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის გახლდათ ტარტუს უნივერსიტეტის რექტორი. მან თურმე აღშფოთებულმა მიმართა საზოგადოებას - მე უნივერსიტეტში თქვენი თანამემამულე მეცნიერის, სიმონ აშხვაცავას პორტრეტი მიკიდია, თქვენ კი მის სახელს უმაღლეს სასწავლებელს არ არქმევთო?!

საწყენია, რომ დღევანდელ აფხაზეთში არ სურთ გაიხსენონ, რომ სიმონ აშხვაცავას სიცოცხლე აჩუქა ქართველმა თავადმა ნიკოლოზ (კოლა) ერისთავმა.

ბარემ აქვე შეგახსენებთ: კოლა ერისთავი იყო ეროვნული მოღვაწე, ქველმოქმედი, ილიას თანამებრძოლი. ილიამ ის ბანკის მმართველად გაგზავნა ქიზიყში, სადაც არაერთი კარგი საქმე გააკეთა. ხალხს ძალიან უყვარდა.  ნიჭის პირუთვნელი დამფასებელი გახლდათ, ვაჟასთან მეგობრობდა, ხელს უწყობდა დიდ მწერალს...
სტუდენტობისას სიმონ აშხვაცავა აფხაზეთისთვის საუკეთესო პოლიტიკური მომავლის ძიებაში რევოლუციას მიემხრო, მერე კი მათ აუმხედრდა... პოლიტიკური აზრის გამო ერთხანს მეტეხის ციხეშიც იჯდა. იქ მძიმედ დაავადდა და ნახევრად მკვდარი გადმოაგდეს ციხიდან. ამ დროს მეტეხთან კოლა ერისთავს ეტლით ჩაუვლია.
ვიღაც კავკასიელი გადმოუგდიათ, - უთქვამს მეეტლისთვის, - ჩადი, ნახე, იქნება ცოცხალიაო.

მისულა მეეტლე, - ჯერ კიდევ სუნთქავს, ბატონოო.

კოლა ერისთავმა უცნობი  ახალგორში წაიყვანა, ერისთავების მამულში. წელიწადი მკურნალობდნენ სიმონ აშხვაცავას ერისთავები. იმ დროს საუკეთესო ექიმი მესხიშვილი დაუყენებიათ თავზე. რომ იტყვიან, სიკვდილს გამოსტაცეს ხელიდან მხოლოდ აფხაზურად მეტყველი ახალგაზრდა კაცი.
მაშინ კოლა ერისთავის უმცროსი ქალიშვილი ნინა 19 წლისა ყოფილა. შეჰყვარებია სიმონი. მანაც სიყვარულით უპასუხა მშვენიერ ასულს. სიმონ აშხვაცავა და ნინა ერისთავი დაქორწინდნენ და აფხაზეთში წავიდნენ საცხოვრებლად.

ერისთავის ქალს იქ სულ სხვა კულტურა დახვდა, რძალი ფეხებს ჰბანდა მამამთილს... კერძებიც იმდენად ცხარე ჰქონდათ, ქართლურ სალბინობელს მიჩვეული ასული ვერაფრით შეეგუა... როგორც ჩანს, თავს ცოტა გაუცხოებულადაც გრძნობდა, ცხენს მოაჯდებოდა და დილიდან საღამომდე ჯირითობდა. სათუთად ნაზარდი ერისთავის ასული ჭლექით დაავადდა და 31 წლისა გარდაიცვალა. ერთადერთი შვილი დარჩა - შალვა, რომელსაც სახელი ერთადერთი ძმის, 1921 წელს დაღუპული იუნკრის, შალვა ერისთავის პატივსაცემად დაარქვეს.

სიმონ აშხვაცავა რომ დახვრიტეს, მისი 13 წლის ვაჟი ძაღლივით გამოაგდეს გაგრის სახლიდან, ბავშვი 6 თვე ბოტანიკურ ბაღში იმალებოდა და მცენარეებით იბრუნებდა სულს...

რამდენისთვის უთქვამს შალვას, - დედას არ ვუყვარდი, არასოდეს მეფერებოდაო... არადა, სნეულ ნინას ეშინოდა, ჭლექი შვილს არ გადასდებოდა და ახლოს ამიტომ არ ეკარებოდა.

მამის დახვრეტა ბიჭისთვის სამყაროს დასასრულს ჰგავდა. უძვირფასესი ნოხი დარჩა სახლში, ზედ ჩამოკიდებული იარაღით. სასოწარკვეთილი ბავშვი თურმე შინსახკომელებს ევედრებოდა, იარაღი მაინც მომეცითო. ისინი კი თურმე დასცინოდნენ და ცემით იგერიებდნენ.

კიდევ კარგი, რამდენიმე თვის ძებნის შემდეგ დეიდამ იპოვა და დედულეთში წაიყვანა საცხოვრებლად. აფხაზეთი მაინც ტკივილად დარჩა ბავშვის მეხსიერებაში.
შალვა აშხვაცავამ 1956 წელს მიიღო მამის რეაბილიტაციის ცნობა. აღმზრდელმა დეიდამ ურჩია, - წადი, იქნებ კუთვნილი ნივთებიდან რამე მაინც დაგიბრუნონო. იმ დროს აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ბღაჟბა იყო. თბილისში ცხოვრობთ და ვერ დაგეხმარებითო - ბღაჟბამ, - სოხუმში თუ გადმოხვალთ, ყველაფერს მოგცემთო...

აშხვაცავების სახლი დაენგრიათ. შალვა ძალიან მოკრძალებული კაცი იყო: ბევრი არაფერი მინდა, სადმე ორი ოთახი მომეცითო. მისცეს.

მაგრამ მამის სახსოვრად ძალიან უნდოდა, რამე მაინც ეპოვა ძველი ნივთებიდან. აღმოჩნდა, ერთ-ერთი პარტიული მოღვაწის ოჯახში ინახებოდა მათი ავეჯი. ეს რომ უნახავს, უნდა წავიღოო, უთქვამს. გამოვარდნია დიასახლისი: - 25 წელი შინ მედგა ეს სამეული და ჩემია, არ დაგანებებთო.

მეორე დღეს წამოსაღებად რომ მისულა, დაჭრილ-დასერილი დახვედრია სამეულის გადასაკრავი.

მაინც წამოიღო. მისთვის ეს სიმდიდრე კი არა, ხსოვნა იყო...

აშხვაცავების ოჯახი დღესაც რუდუნებით ინახავს სიმონისეულ, სრულიად უბრალო, დრო-ჟამით ფერგაცრეცილ სამეულს... კედელზე კი ნინა ერისთავისეული მათრახი კიდია... ეს არის ხსოვნა, რომელიც უმთავრესია როგორც ადამიანების, ისე ერების ცხოვრებაში. და კიდევ: ამ ამბავს ერთი საოცარი თავისებურება აქვს, ძალიანაც რომ გინდოდეს, აფხაზების ამბავს ისე ვერ მოჰყვები, ქართველები რომ არ ახსენო, არ გამოგივა...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge ხომალდის ერთ-ერთი დიდი ოთახი ძვირფასი ხალიჩებითა და ნოხებით იყო მორთულ-მოფენილი. სკამების მაგივრად ხავერდ-აბრეშუმ გადაკრული ბალიშები იყო ჩამწკრივებული. ოთახი კარგად ჩაცმულ-მოკაზმულ ოსმალებით იყო სავსე:
KvirisPalitra.Ge შაბათობა იყო ალბათ, და იმ დღესაც, როგორც პარადზე იცოდნენ ხოლმე, ათასი გაფრთხილებითა და კატეგორიული მითითებით მოაგროვებდნენ სამსახურებიდან ადამიანებს. სატვირთო მანქანების ძარებზე გადაანაწილებდნენ და რა ვიცი, სად წაიყვანდნენ...  იქნებ ხეებსაც არგვევინებდნენ, ან, მაგალითად, ძველი ნანგრევებით სავსე ტერიტორიას აწმენდინებდნენ...
KvirisPalitra.Ge საუბარ-საუბრით ხუცესი და პატარა ხვიჩა შავ ღელეში შევიდნენ. ტყეში უკუნეთს დაესადგურებინა. ის იყო, ამ უდაბურ ტყეში მომხდარი თავისი ყმაწვილკაცობის ამბის მოყოლა დაიწყო ხუცესმა, რომ სიტყვა პირზე შეაშრა, ერთი მწარედ დაიკვნესა და ჯორიდან გადმოვარდა.
KvirisPalitra.Ge სანამ მარკოზ ხუცესი და მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი პატარა ხვიჩა შინისკენ მიაბიჯებდნენ, თავადიშვილი ალექსანდრე თავის ამფსონებთან ერთად სუფრას მიჯდომოდა და ბრაზით აღსავსე, წყევლა-კრულვას უთვლიდა მარკოზს, სარფიანი საქმე რომ ჩაუშალა მოძალადეებს.
KvirisPalitra.Ge თავადი გიორგი ტყვეთა ყიდვა-გაყიდვაში მხურვალე მონაწილეობას იღებდა. ყველა წვრილმან მტაცებელს მყუდრო ბინა ჰქონდა მის სახლში, რადგან თვით გურიელიც ადვილად ვერ გაბედავდა მის სახლში შეჭრას, ან რაიმე პასუხის მოთხოვნას. თავადს ფოთის ციხეში მჯდომ ოსმალთ ფაშასთან, ოსმალეთის მდიდარ სოვდაგრებთან ჰქონდა ურთიერთობა.
KvirisPalitra.Ge 18 ივნისს ხობში ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის იატაკის არქეოლოგიური გათხრის დროს უძველესი ქრისტიანული აკლდამა იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, სამარხი სამეგრელოს მთავართა - დადიანების ძველისძველი საძვალეა.
KvirisPalitra.Ge საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში კოტე მარჯანიშვილის არქივია დაცული. ამ უნიკალურ საგანძურში მარჯანიშვილის დის, დედა ფამარის უცნობი და დღემდე გამოუქვეყნებელი რამდენიმე ფოტო ინახება.
KvirisPalitra.Ge ერეკლე II-ის წარმატებულმა ომებმა ურჯულოთაგან ქართლ-კახეთის დასახსნელად და იმერეთის ტახტზე მრავალგვარი სიკეთითა და სათნოებით აღჭურვილი სოლომონ II-ის ასვლამ იმედი ჩაუსახა ხალხს.
KvirisPalitra.Ge უდაბურ ტყეში ორი ღვთისპირისაგან გადავარდნილი ყაჩაღი, ქუჩუია და თენგიზი შეხვდნენ ერთმანეთს. თენგიზმა ჩუმადო, ანიშნა მოსულს და ხელი მუხის ფუღუროსკენ გაიშვირა, სადაც დაღლილ-დაქანცულ ხვიჩას ჩასძინებოდა.
KvirisPalitra.Ge მჭვარტლისაგან გამურულ ფიცრული სახლის დერეფანში ქალები მოგროვილიყვნენ და ერთი ტირილი და ვაება გაემართათ.   სახლის წინ შეშფოთებული მოხუცები შეყრილიყვნენ და მსჯელობდნენ: - ესეც შენი ქვეყნის დამშვიდება და დაწყნარება! ჩვენი საშველი მაინც არ ყოფილა. ქე მაინც ყველანი ერთად ამოვწყდებოდეთ... - ღმერთო დიდებულო, რა შეგცოდე ისეთი... კვირაში სამი დღე ბატონის სახლში ვმუშაობ.