ვალუტის კურსი
31/07/2010
USD
1
USD
1.8391
EUR
1
EUR
2.3897
RUB
100
RUB
6.0924
18-01-2010
ბურებთან
ბურებთან ნიკო ბური (ბაგრატიონი)

მოგონება

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #50-51, 2009; #1-2, 2010)


ნიკოლოზ II-ის რუსეთის მეფედ კურთხევის ცერემონიალის შემდეგ ნიკო ბური ნიჟნი-ნოვგოროდს გაემგზავრა მდინარე ვოლგGით თავად ნიკოლოზ ორბელიანთან ერთად. სწორედ მან შესთავაზა აფრიკაში ლომებზე სანადიროდ გამგზავრება ბუნებისა და ნადირობის მოყვარულთა ჯგუფთან ერთად, რამაც დიდად აღაფრთოვანა თავგადასავლების მოყვარული ახალგაზრდა. "ლომებზე ნადირობა ჩემთვის იყო მხოლოდ საბაბი - გავმგზავრებულიყავი შორეულ ქვეყნებში, მენახა უცხო ხალხები, გავცნობოდი მათ ზნეს, ჩვეულებას, კულტურას, დავმტკბარიყავი უცხო ბუნების სილამაზით. თუმცა მჯეროდა - საქართველოს მსგავსი მეორე ქვეყანა არსად იყოო, - წერდა მოგვიანებით ნიკო ბური. და აი, 1899 წელს პეტერბურგიდან პარიზში ჩასულმა ნიკო ბაგრატიონმა გეზი აფრიკისკენ აიღო, მაგრამ ნადირობისა და ბუნებით ტკბობის ნაცვლად ინგლისელებსა და ბურებს შორის გაჩაღებულ ომში ჩაება ამ უკანასკნელთა მხარდამხარ.

ფართოდ გაღებული კარებიდან შოპენის პოლონეზის მომაჯადოებელ ხმებზე გამოვიდა მბრწყინავი მწკრივი, სამჯერ შემოუარეს დარბაზს ირგვლივ და ყოველ შემოვლაზე ინაცვლებდნენ წყვილში მყოფ მანდილოსნებს, შემდეგ დაიწყო ცეკვები.

ამ წვეულებაზე ჩემი ძველი მეგობრები საშა და გრიცკო ვიტგინტეინები ვნახე, ისინი თავს ქართველებად თვლიდნენ, რადგან მათი დედა დადიანის ქალი იყო.
რუსეთში ყოფნის დროს ვცდილობდი, გავცნობოდი რუს ინტელიგენციას, რომელიც ძალიან მაღლა იდგა, დაუფლებული იყო ყოველ დარგს და წინ მიჰყავდა თავისი მშობლიური მხარის ცივილიზაცია. ამ ინტელიგენციას შეადგენდნენ ნიჭიერი მწერლები, პოეტები, მუსიკოსები და მხატვრები.

დეპუტაციასთან ერთად უკან დაბრუნებაზე უარი ვთქვი. ნიჟნი-ნოვგოროდში გახსნილი გამოფენა მინდოდა, მენახა, მთავარი კი ის იყო, რომ ვოლგით, ამ რუსეთის დედა მარჩენალით, წამოსვლა მაინტერესებდა. სანახავი ბევრი რამ იყო: მზის სხივებით მოოჭვილი განიერი, ფირუზისფერი მდინარე ნელა მიტორტმანობდა, მისი ზვირთები ოდნავი ხმაურით გადადიოდნენ ერთიმეორეზე და იცვლიდნენ ფერს; ღამით მთვარე მიცურავდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე, თავის ანარეკლს თითქოს წყალზე ტოვებდა. ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე მაოცებდა რუსეთის ბუნების სხვადასხვაგვარი სილამაზე.

ჩემს ბედად, ჯერ კიდევ მოსკოვში შევხვდი ჩემს მეგობარს, ნადირობის დიდ მოყვარულს, თავად ნიკოლოზ ვახტანგის ძე ორბელიანს. ვთხოვე, წამოსულიყო ჩემთან ერთად ნიჟნი-ნოვგოროდამდე, რაზედაც სიამოვნებით დამეთანხმა. ის კარგ გუნებაზე იყო, რადგან კნეინა ელისაბედ დიმიტრი ორბელიანის ასულის, ბარიატინსკის მეუღლის ქონების ნახევარი მიიღო მემკვიდრეობით, მეორე ნახევარი დარჩა ევგენი დავითის ძე ქობულაშვილს.

ვოლგაზე მოგზაურობის დროს მან წინადადება მომცა, ბუნებისა და ნადირობის მოყვარულთა მთელ ჯგუფთან ერთად, წავსულიყავით ლომებზე სანადიროდ ცხელ ქვეყნებში.

აი, აქ ხელახლა წარმომიდგა ტარიელი მთელი თავისი ვაჟკაცობით და გამბედაობით. მე უკვე შემეძლო ვყოფილიყავი მისი ორეული. სუსტსა და უძლურს ბავშვობაში, ახლა ისეთი ძალა მქონდა, რომ ვერცხლის აბაზიანს სულ იოლად ვტეხდი შუაზე.

ამ წინადადების გაგონებაზე სიხარულისაგან ზეზე წამოვხტი. ალერსიანად მოვხვიე ხელი ჩემს მეგობარს, ვთხოვე, საქმის კურსში ვყოლოდი და სამზადისის ყოველგვარი ამბავი ეცნობებია ჩემთვის. ნიჟნი-ნოვგოროდში ერთმანეთს დავშორდით. იქიდან ასტრახანამდე სულ სხვა ხასიათით მივდიოდი, თითქოს ყველაფერი წარსულში გადავიდა, ახალი ცხოვრება მელოდა წინ და მასზე ოცნებამ გაიტაცა მთელი ჩემი არსება.

აუარებელი შთაბეჭდილებებით აღსავსე დავბრუნდი სახლში. ნახული და ჩემ მიერ უშუალოდ განცდილი პირველად დედაჩემს გავუზიარე, მერმე კვლავ შევუდექი მამულის საქმეების მოწესრიგებას. ჩემი შინ არყოფნის დროს მეურნეობა დაქვეითებულიყო, დაუდევრობისა და უყაირათობის გამო განადგურების პირას იდგა. მინდოდა ოჯახი უზრუნველმეყო და დღე-ღამეს ვასწორებდი მუშაობაში, თან ორბელიანის წერილს ველოდი.

ცდა თითქმის ორ წელიწადს მომიხდა. ბოლოს, როგორც იყო, დადგა სანატრელი დღე - პეტერბურგიდან მივიღე ორბელიანის დეპეშა, რომლითაც საჩქაროდ მიხმობდა. დაუყოვნებლივ შევუდექი მზადებას, მაგრამ დედაჩემს ვუმალავდი, რომ ვტოვებდი არათუ საქართველოს, არამედ რუსეთის საზღვრებსაც, რადგან ვშიშობდი მის ცრემლებს არ დავებრკოლებინე.

1899 წელს, ზამთრის მიწურულს გავემგზავრე პეტერბურგს.

თბილისის სადგურზე მიმაცილეს ნათესავებმა და მეგობრებმა. ყველანი გარს მეხვეოდნენ, მისურვებდნენ კეთილ მგზავრობას და შინ მშვიდობით დაბრუნებას.
მესამედ დარეკეს ზარი.

სათითაოდ გადავკოცნე ჩემი კეთილისმდომნი და შევედი ვაგონში.

მატარებელი დაიძრა.

გავშორდი საყვარელი თბილისის საზღვრებს. მატარებლის თანაბარი სვლა ბრაზს მგვრიდა. მეგონა, კი არ მიდიოდა, მიღოღავდა.

მეორე დღეს უკვე დაუსრულებელ ტრამალებზე მივქროდი. ყველაფერი თოვლით იყო დაფარული. დაბლა გაწოლილი რუხი ღრუბლები ჩემს აღტაცებულ გუნებას არ ეხამებოდა. ზოგჯერ მასევდიანებდა კიდეც.

როდის იყო, როდის არა, მატარებელი შეგრიალდა პეტერბურგში. ვაგონიდან გადმოსვლისთანავე კოლა ორბელიანი გადამეხვია. თავის ბინაში წამიყვანა. იგი მცირე საზღვაო ქუჩაზე ცხოვრობდა.

მიუხედავად ხანგრძლივი, მოსაწყენი მგზავრობისა, თავს მხნედ ვგრძნობდი და ვჩქარობდი, გავდგომოდი უფრო შორეულ გზას. კოლას მეგობრებს სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ ჩემი ჩქარა გამგზავრების სურვილი და როგორც დონ კიხოტს, ისე მიცქეროდნენ.

ლომებზე ნადირობა ჩემთვის იყო მხოლოდ საბაბი - გავმგზავრებულიყავი შორეულ ქვეყნებში, მენახა უცხო ხალხები, გავცნობოდი მათ ზნეს, ჩვეულებას, კულტურას, დავმტკბარიყავი უცხო ბუნების სილამაზით. თუმცა მჯეროდა - საქართველოს მსგავსი მეორე ქვეყანა არსად იყო. აბა, სად შეიძლება არსებობდეს კიდევ ასეთი მხარე, სადაც ყოველგვარი მცენარე ხარობდეს, ყოველგვარი ყვავილი ჰყვაოდეს, სადაც ამდენი ჩანჩქერები და ნაკადულები ჩქეფდნენ, უკუღმა გადაგდებული მარცვალიც კი წაღმა ამოდიოდეს; სადაც ქალი და კაცი ასეთი ლამაზები იყვნენ. განსაკუთრებით ქართველი ქალი იყო და არის არა მარტო ლამაზი, არამედ იგი მამაკაცის ცხოვრების დამამშვენებელია, მისი მხნეობის, სიამაყის წყარო, მისი შთამაგონებელი და ვაჟკაცური სულის აღმზრდელი.

ფენელონი (ფენელონი იყო XVII საუკუნის ფრანგი საეკლესიო მწერალი და მოაზროვნე) ამბობს: "მამაკაცებს, რომელთაც დიდი გავლენა აქვთ საზოგადოებაში, არ შეუძლიათ ქალის დაუხმარებლად რაიმე სასარგებლო გააკეთონ ცხოვრებაში". ეს უწინარეს ყოვლისა, შეიძლება ითქვას ქართველ ქალზე, რომელიც მამაკაცთან ერთად იბრძოდა და იბრძვის უკეთესი მერმისისათვის.

აი, მე უკვე რუსეთის სატახტო ქალაქში ვარ. დიდებული ნევა გრანიტის კალაპოტში ნელა მიატორტმანებს თავის ტალღებს. ნაპირზე დგას საუცხოოდ ნაგები ე.წ. საზამთრო სასახლე, შორს მოჩანს პეტრე-პავლეს ციხის გუმბათი.

აგერ შესანიშნავი ტაძარი, მეფეთა სამუდამო სავანე; ირგვლივ ძვირფასი სახლები; სწორი, თვალუწვდენი ქუჩები. მათ შორის ყველაზე უფრო შესანიშნავია ნევის პროსპექტი ორივე მხრივ მდიდარი სავაჭროების გაჩახჩახებული ვიტრინებით. უთვალავი ეტლები, კარეტები.

ყველაფერი ეს რაღაც საარაკო იერს აძლევს ჩემს თვალში ამ ქალაქს, მაგრამ არა, ეს არაა "ათას ერთი ღამის" ზღაპარი, ესაა ნამდვილი, ყოველმხრივ შემკული დიდი ქალაქი.

ერმიტაჟი? იგი ყველა საუკუნის და ყველა ხალხთა ხელოვნების ნიმუშების საგანძურია. ძნელია თვალი მოსწყვიტო მასში მოთავსებულ მაგიურ ტილოებს. სადღა არიან მათი შემქმნელი ჯადოქრები? რა ხელმა შეახამა ეს უთვალავი ფერები და ჩვეულებრივი ფუნჯით გააცოცხლა ასეთი საოცრებანი? აქ შეიძლება განუწყვეტლივ იარო წლების განმავლობაში და ყოველი მისვლისას გეგონოს, თითქოს ყველაფერ ამას პირველად ხედავდე.

არანაკლებ შთაბეჭდილებას ტოვებენ ყაზანისა და ისაკის ტაძრები.

ძეგლები? აგერ პეტრე დიდის ძეგლი. ამ კუნთებდაძაბულ ფიგურაში, მისი ცხენის მიმართებაში გამოსახულია მთელი ხალხის ძალა და წინსვლის დაუშრეტელი სურვილი.

ყველაფერი ეს კარგია, მაგრამ ჩვენი გამგზავრება რომ ყოვნდება? გაზაფხული დგება და ისევ პეტერბურგში ვარ. კოლას, როგორც იურისტს, რაღაც საქმე გაუჭიანურდა სასამართლოში და იძულებული ვარ, ველოდო მის დამთავრებას.

ამ ხნის განმავლობაში ერთი წუთიც არ დამიკარგავს ტყუილუბრალოდ - ყველაფერს ვათვალიერებდი და ვაკვირდებოდი. ვიყავი სმოლნის ინსტიტუტშიც, სადაც იზრდებოდნენ ჩემი ნაცნობი თავად გრუზინსკის ქალიშვილები. ზამთრის მზის მცხრალი შუქი ოდნავ აშუქებდა სვეტებიან დარბაზს და განსაკუთრებულ სინაზეს მატებდა თეთრწინსაფრებიან ქალწულთა სახეებს.

ვიყავი მარინის თეატრშიაც. მართალია, დიდად გამიძნელდა ბილეთის შოვნა, მაგრამ სამაგიეროდ მრავინას მომჯადოებელმა ხმამ პირდაპირ ფრთები გამომასხა, თუმცა ანტრაქტების დროს მრავინასაგან მიღებულ შთაბეჭდილებას მიშხამავდნენ ჩემკენ მომართული ლორნეტები და ბინოკლები.

მე გამოწყობილი ვიყავი ეროვნულ ტანისამოსში - ქულაჯაში, რითაც ვიქცევდი მშვენიერ ბანოვანთა განსაკუთრებულ ყურადღებას. ძლიერ ვნანობდი, რომ დავუჯერე კოლას და ქულაჯით წავედი თეატრში, რადგან ჩემი ქულაჯის წყალობით შებორკილად ვგრძნობდი თავს, რაც ხელს მიშლიდა უფრო ღრმად განმეცადა მრავინას ხმა.
როგორც იყო, კოლა მორჩა თავის საქმეს და ორივე გავემგზავრეთ პარიზს. იქ უნდა დაგვეცადა დანარჩენი ამხანაგებისათვის, რომლებიც ჩვენთან ერთად უნდა წამოსულიყვნენ ცხელ ქვეყნებში ლომებზე სანადიროდ.

ისევ თოვს, მიწა მთლად დაფარულია თეთრად. ყინავს, ულვაშები და წვერი თოშით მევერცხლება, მაგრამ გულში გაზაფხული მიღვივის, თვალწინ საჰარის ცხელი უდაბნო მესახება...

ვარშავის მატარებელი უკვე პარიზისაკენ, ევროპის ამ ახალი ბაბილონისაკენ მიგვაქროლებს.

მივედით შეპეტოვკაში.

აქ პოლონეთის საზღვარია. ეს ოდესღაც ბრწყინვალე სახელმწიფო, თავის უხეირო მეფეთა წყალობით, ახლა უფლებააყრილი და დაქუცმაცებული ქვეყანა იყო. მისი დიდი ნაწილი გერმანიის იმპერატორმა ფრიდრიხ II-მ მიიტაცა.

თოვლნარევი წვიმიანი ამინდი დაგვხვდა პარიზში, მაგრამ ცუდი დარი სრულებითაც არ უშლიდა ხელს მრავალმილიონიანი ქალაქის მოუსვენარ ცხოვრებას. პირიქით, ამჟამად პარიზი განსაკუთრებული სიცხოველით მოძრაობდა. მალე უნდა გახსნილიყო მსოფლიო გამოფენა და გამალებული ემზადებოდნენ დედამიწის ყოველი კუთხიდან სტუმრების მისაღებად.

გამოფენის ადგილას დღედაღამ განუწყვეტელი მუშაობა იყო.

მთელი პარიზი ცდილობდა ერთხელ კიდევ დაემტკიცებინა ქვეყნიერებისათვის, რომ უმეფოდაც შეიძლება ცხოვრება, რომ პარიზი ახლა უფრო ცივილიზაციის კერაა, ვიდრე იყო ლიუდოვიკების დროს.

მართლაც, პარიზის ყოველი ძარღვი განსაკუთრებული ინტენსიურობით ფეთქდა.

ტყუილად როდი უყვარდა პარიზი გერცენს. კარლ V-მ კი პარიზს უწოდა მთელი სამყარო.

აი, ეიფელის კოშკი. მისი მწვერვალიდან გადმოხედვის დროს პარიზი მომეჩვენა უსასრულო ზღვად, ადამიანთა ტალღები ბობოქრობდნენ და ქალაქის ნაპირებს ეხეთქებოდნენ.

მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამ მღელვარე ცხოვრებიდან განზე იდგნენ. არსებული წესწყობილების გარდა, მათ არც ის მოსწონდათ, რომ მსოფლიო გამოფენისათვის ასეთი აურზაური იყო ატეხილი.

საღამოს მე და კოლა ვისხედით ერთ კაფეში. გამოველაპარაკეთ უცნობ მოქალაქეს. ჭიქა ღვინოზე საუბრის დროს ამ მოქალაქეს შევატყვეთ, რომ იგი ალმაცერად უყურებდა არსებულ წესწყობილებას და მსოფლიო გამოფენის წინააღმდეგიც იყო. "ამ კოსმოპოლიტური ფუსფუსისაგან, - თქვა მან, - საფრანგეთი, ფრანგი ხალხი, ზარალის მეტს ვერაფერს გამორჩება. აი, თქვენ ნახავთ, ეს გამოფენა მსოფლიო გასართობი უფრო იქნება, ვიდრე ხალხთა შორის კულტურის, ცოდნისა და მეცნიერების გადანერგვის საშუალება. ჩამოვლენ ამერიკელები, ვიღაც პრინცები, პარიზის საკვირველებათა ნახვის სურვილით აღტკინებულნი სხვადასხვა ქვეყნის მილიონერები და გაიმართება ორგია. საკვები პროდუქტები კი გაძვირდება და ღარიბი ხალხი კიდევ უფრო მეტ გაჭირვებაში ჩავარდება".

***
მთელი ქალაქი გაჩირაღდნებულია. სენის ნაპირებზე ხეებზედაც კი სანათურები ჰკიდია.

ჩვენ დავდექით კონტინენტალის ქ.#3 მდებარე სასტუმროში. სასტუმრო მაინცდამაინც ვერ იყო პირველხარისხოვანი, მაგრამ ამ ორომტრიალში უკეთესი ბინის შოვნაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო. ყველა სასტუმრო უკვე დაკავებული იყო უცხოელი სტუმრების მიერ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge ხომალდის ერთ-ერთი დიდი ოთახი ძვირფასი ხალიჩებითა და ნოხებით იყო მორთულ-მოფენილი. სკამების მაგივრად ხავერდ-აბრეშუმ გადაკრული ბალიშები იყო ჩამწკრივებული. ოთახი კარგად ჩაცმულ-მოკაზმულ ოსმალებით იყო სავსე:
KvirisPalitra.Ge შაბათობა იყო ალბათ, და იმ დღესაც, როგორც პარადზე იცოდნენ ხოლმე, ათასი გაფრთხილებითა და კატეგორიული მითითებით მოაგროვებდნენ სამსახურებიდან ადამიანებს. სატვირთო მანქანების ძარებზე გადაანაწილებდნენ და რა ვიცი, სად წაიყვანდნენ...  იქნებ ხეებსაც არგვევინებდნენ, ან, მაგალითად, ძველი ნანგრევებით სავსე ტერიტორიას აწმენდინებდნენ...
KvirisPalitra.Ge საუბარ-საუბრით ხუცესი და პატარა ხვიჩა შავ ღელეში შევიდნენ. ტყეში უკუნეთს დაესადგურებინა. ის იყო, ამ უდაბურ ტყეში მომხდარი თავისი ყმაწვილკაცობის ამბის მოყოლა დაიწყო ხუცესმა, რომ სიტყვა პირზე შეაშრა, ერთი მწარედ დაიკვნესა და ჯორიდან გადმოვარდა.
KvirisPalitra.Ge სანამ მარკოზ ხუცესი და მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი პატარა ხვიჩა შინისკენ მიაბიჯებდნენ, თავადიშვილი ალექსანდრე თავის ამფსონებთან ერთად სუფრას მიჯდომოდა და ბრაზით აღსავსე, წყევლა-კრულვას უთვლიდა მარკოზს, სარფიანი საქმე რომ ჩაუშალა მოძალადეებს.
KvirisPalitra.Ge თავადი გიორგი ტყვეთა ყიდვა-გაყიდვაში მხურვალე მონაწილეობას იღებდა. ყველა წვრილმან მტაცებელს მყუდრო ბინა ჰქონდა მის სახლში, რადგან თვით გურიელიც ადვილად ვერ გაბედავდა მის სახლში შეჭრას, ან რაიმე პასუხის მოთხოვნას. თავადს ფოთის ციხეში მჯდომ ოსმალთ ფაშასთან, ოსმალეთის მდიდარ სოვდაგრებთან ჰქონდა ურთიერთობა.
KvirisPalitra.Ge 18 ივნისს ხობში ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის იატაკის არქეოლოგიური გათხრის დროს უძველესი ქრისტიანული აკლდამა იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, სამარხი სამეგრელოს მთავართა - დადიანების ძველისძველი საძვალეა.
KvirisPalitra.Ge საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში კოტე მარჯანიშვილის არქივია დაცული. ამ უნიკალურ საგანძურში მარჯანიშვილის დის, დედა ფამარის უცნობი და დღემდე გამოუქვეყნებელი რამდენიმე ფოტო ინახება.
KvirisPalitra.Ge ერეკლე II-ის წარმატებულმა ომებმა ურჯულოთაგან ქართლ-კახეთის დასახსნელად და იმერეთის ტახტზე მრავალგვარი სიკეთითა და სათნოებით აღჭურვილი სოლომონ II-ის ასვლამ იმედი ჩაუსახა ხალხს.
KvirisPalitra.Ge უდაბურ ტყეში ორი ღვთისპირისაგან გადავარდნილი ყაჩაღი, ქუჩუია და თენგიზი შეხვდნენ ერთმანეთს. თენგიზმა ჩუმადო, ანიშნა მოსულს და ხელი მუხის ფუღუროსკენ გაიშვირა, სადაც დაღლილ-დაქანცულ ხვიჩას ჩასძინებოდა.
KvirisPalitra.Ge მჭვარტლისაგან გამურულ ფიცრული სახლის დერეფანში ქალები მოგროვილიყვნენ და ერთი ტირილი და ვაება გაემართათ.   სახლის წინ შეშფოთებული მოხუცები შეყრილიყვნენ და მსჯელობდნენ: - ესეც შენი ქვეყნის დამშვიდება და დაწყნარება! ჩვენი საშველი მაინც არ ყოფილა. ქე მაინც ყველანი ერთად ამოვწყდებოდეთ... - ღმერთო დიდებულო, რა შეგცოდე ისეთი... კვირაში სამი დღე ბატონის სახლში ვმუშაობ.