სიფხიზლის "წამალი" ჰაიდნისაგან - კვირის პალიტრა

სიფხიზლის "წამალი" ჰაიდნისაგან

დიდმა ავსტრიელმა კომპოზიტორმა, იოზეფ ჰაიდნიმ, ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე 104 სიმფონია, 83 სიმებიანი კვარტეტი, 24 ოპერა და კიდევ ასეულობით სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოები შექმნა. მარტო ის რად ღირს, რომ გენიალური კომპოზიტორებით განებივრებულმა გერმანელებმა თავიანთი ქვეყნის ჰიმნად სწორედ ჰაიდნის მიერ შექმნილი მელოდია აირჩიეს.

კომპოზიტორისთვის უცხო არ იყო იუმორის გრძნობა, რაზეც მისი ნაწარმოებებიც მეტყველებს. ამ მხრივ საყურადღებოა ჰაიდნის 45-ე სიმფონია, რომელსაც "გამოსათხოვარი" დაერქვა, და 103-ე სიმფონია, სახელად "ლიტავრების ტრემოლოთი" (ლიტავრა - დასარტყამი ინსტრუმენტია).

თითქმის 30 წლის განმავლობაში ჰაიდნის უნგრელი თავადის, პაველ ესტერჰაზის კარზე კაპელმაისტერის თანამდებობა ეკავა. თავადს ძალზე უყვარდა მუსიკა, თუმცა, მუსიკოსებს მსახურებისგან არ ასხვავებდა და წლების განმავლობაში არ აძლევდა შვებულებას. ამგვარი მოპყრობით დატანჯულმა მუსიკოსებმა ჰაიდნის მიმართეს საშველად. შედეგად შეიქმნა სიმფონია, რომელსაც შემდგომ "გამოსათხოვარი" ეწოდა. ახალი სიმფონიის მოსასმენად თავადის სასახლის დარბაზში შეკრებილი მასპინძელი და სტუმრები უცნაური ამბის მოწმენი გახდნენ. ნაწარმოები ისე იყო აგებული, რომ თანდათან მცირდებოდა შემსრულებელთა რიცხვი. ამგვარად, თავიანთი პარტიის შესრულების შემდეგ მუსიკოსები კეცავდნენ ნოტებს, აქრობდნენ სანთელს და ტოვებდნენ დარბაზს. ბოლოს ჩაბნელებულ დარბაზში მხოლოდ ჰაიდნი და ორი მევიოლინე შემორჩნენ. თავადი ყველაფერს მიხვდა და სათანადოდაც დააფასა ჰაიდნის მიერ მოფიქრებული ორიგინალური მინიშნება - მუსიკოსებს ვენაში გამგზავრებისა და ოჯახების მონახულების უფლება მისცა.

თავად ესტერჰაზის გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილმა სასახლის გუნდი და ორკესტრი დაშალა, ამიტომ ჰაიდნის სხვადასხვა ქალაქსა და ქვეყანაში უხდებოდა მოღვაწეობა. ინგლისში გამგზავრების წინ კომპოზიტორი გააფრთხილეს; ინგლისელები ოპერაში მუსიკის მოსასმენად კი არა, ტრადიციის ერთგულების გამო დადიან და ნუ გაგიკვირდება, თუ დირიჟორობა სანახევროდ ჩაძინებული აუდიტორიის წინაშე მოგიხდესო. ეს ვარაუდი პირველივე კონცერტზე გამართლდა. სამაგიეროდ, მეორე კონცერტისთვის ჰაიდნის უკვე მზად ჰქონდა გამოსაფხიზლებელი "წამალი". საზოგადოება შეიკრიბა და ახალი სიმფონიის შესრულებაც დაიწყო. გაისმა ჰარმონიული და მშვიდი მელოდია, რომელიც სულ უფრო ნაზდებოდა და ძლიერ წააგავდა ძილისპირულს, შედეგმაც არ დააყოვნა - დარბაზმა ჩათვლიმა, მაგრამ უეცრად ლიტავრების ისეთი ბაგაბუგი გაისმა, რომ ოპერის ჰოლში ჩამომჯდარ მთვლემარე მოსამსახურეებსაც კი დაუფრთხო ძილი. რაღა თქმა უნდა, დარბაზშიც გამოიღვიძეს. ამ უეცარი ბრახუნის შემდეგ კვლავ წყნარი მუსიკა გაისმა, რომელიც კვლავინდებურად სულ უფრო ნაზდებოდა, დარბაზშიც კვლავ ჩაჰკიდეს თავი და... ისევ დაიგრიალა ლიტავრებმა. აუდიტორიამ არათუ გამოიღვიძა, ზოგიერთ ქალბატონს გულიც შეუწუხდა. როცა სიმფონია დასრულდა, ჰაიდნიმ ორაზროვანი ღიმილით დაუკრა თავი ინგლისის მაღალ საზოგადოებას, რომელიც ავსტრიელის "ხულიგნობას" ბრიტანული თავდაჭერილობით შეხვდა და აპლოდისმენტებიც არ დაიშურა.

ლადო გოგუაძე