როგორ მოხვდა კახი კავსაძესთან სტალინის ჩიბუხი - კვირის პალიტრა

როგორ მოხვდა კახი კავსაძესთან სტალინის ჩიბუხი

ავად რომ იყო ბაბუა, სტალინმა წერილი გამოუგზავნა, რომელიც სპეციალურ, გერბიან ქაღალდზე მელნით არის ნაწერი: "ტოვარიშუ ალექსანდრუ კავსაძე, ოტ ი. სტალინა"

ცნობილი ქართველი მსახიობი კახი კავსაძე იგონებს:"ძალიან პატარა ვიყავი, ბაბუაჩემი, ცნობილი ლოტბარი სანდრო კავსაძე რომ გარდაიცვალა. ოთხი წლის ვიქნებოდი, მშობლებმა მის სანახავად საავადმყოფოში წამიყვანეს. იწვა, ხელები გულზე ეწყო...

სანდრო კავსაძემ შექმნა პირველი პროფესიული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, სათავე დაუდო კავსაძეების დინასტიას ქართულ ხალხურ საგუნდო მუსიკასა და ზოგადად ქართულ ხელოვნებაში. ბაბუაჩემი გორის სასულიერო სემინარიაში დაეუფლა ქართულ სიმღერას, იქვე ჩამოაყალიბა ბავშვთა ანსამბლი, რომელშიც სოსო ჯუღაშვილიც მღეროდა. წლების შემდეგ სტალინმა ბაბუაჩემი კრემლში ვახშმად მიიწვია. სტუმრებთან ერთად თურმე სტალინიც მღეროდა.

სტალინს ბაბუასთვის უთქვამს: სანდრო, ხომ იცი, მე დიდი კაცი ვარ და ბევრი რამე შემიძლია გაგიკეთო, რამე ხომ არ გინდაო. სხვა სტუმრებსაც შესთავაზა თურმე დახმარება. ზოგმა ბინა სთხოვა, ზოგმა მანქანა. ბაბუაჩემს კი უთქვამს: აი, ეგ ჩიბუხი მაჩუქე, ხელში რომ გიჭირავსო. სტალინს გაეღიმა თურმე, - შენ არ შეცვლილხარო. ჩადო ჩიბუხი ტყავის ბუდეში და ბაბუას მისცა.

ავად რომ იყო ბაბუა, სტალინმა წერილი გამოუგზავნა, რომელიც სპეციალურ, გერბიან ქაღალდზე მელნით არის ნაწერი: "ტოვარიშუ ალექსანდრუ კავსაძე, ოტ ი. სტალინა"

"სანდროს გაუმარჯოს! გავიგე შემთხვევით ეგნატაშვილისგან, რომ საავადმყოფოში ყოფილხართ. ამბობენ თქვენზე, ჩქარა მოკეთდებაო. ეს კარგია. თუ საჭიროა რაიმეთი მოგეხმაროთ, მითხარით. მე მზად ვარ მოხმარებისთვის. იცოცხლეთ ათასი წელიწადი.

სალამი! თქვენი სოსო. 09. IX. 37 წელი"

დღეს ბაბუას ჩიბუხიცა და ეს წერილიც ჩემთან ინახება."