როგორ დაასრულა მოხელის კარიერა იაკობ გოგებაშვილმა - კვირის პალიტრა

როგორ დაასრულა მოხელის კარიერა იაკობ გოგებაშვილმა

"ის იყო კარგად მოსული, ჩასხმული, მაღალი, მხარბეჭიანი და ლამაზი ვაჟკაცი. მისი ომახიანი და მჭექარე ხმა ჩვეულებრივ ლაპარაკშიც ისეთს შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ვიღაცას უჯავრდებაო", - ამგვარად გვიხატავენ თანამედროვენი დიდ ქართველ მამულიშვილს, იაკობ გოგებაშვილს. თუმცა, როგორც ამბობენ, გაჯავრებული და განრისხებული შეიძლებოდა გენახათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანურობისა და ქართული საქმის საწინააღმდეგოდ ჩადენილ უმსგავსობას გადაეყრებოდა სადმე. ასე იყო, როდესაც სრულიად ახალგაზრდა პედაგოგი სასულიერო სასწავლებელში მივიდა და იქ გამეფებული სისასტიკე იხილა, როდესაც ეგზარქოსმა პავლემ ქართველი ერი დაწყევლა, როდესაც ილიას მკვლელობა გაიგო, როდესაც ვიღაც-ვიღაცები მეზობელ ერთან შუღლის გაღვივებას ცდილობდნენ. სხვა მხრივ, მასზე თავშეკავებულ და სათნო ადამიანს იშვიათად შეხვდებოდით.

ერთხელ მასთან მისულ ნიკო ლომოურს ბუხართან მიმჯდარი დახვდა - რაღაც ქაღალდებს უკეთებდა ცეცხლს და ამბობდა: ესენი ჩემი გემებია, რომ უკან დაბრუნება აღარ შემეძლოსო. ეს "გემები" მისი დიპლომები და მოწმობები აღმოჩნდა, რომელთა წარდგენის გარეშე სახელმწიფო სამსახურში ვერ შევიდოდა. ასე დაასრულა მოხელის კარიერა და უკან დასაბრუნებელი გზაც მოისპო - ახლა მთელ თავის ნიჭსა და შეძლებას ერის სამსახურს შეალევდა. მისი "დედა ენა" ქართველი ბავშვების უსაყვარლესი წიგნი გახდა, "რუსსკოე სლოვო" კი რუსეთის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე ისწავლებოდა. სახელმძღვანელოებიდან შემოსულ თანხას ანაწილებდა. ერთი ნაწილი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცემოდა, მეორე ნაწილი - სტიპენდიანტებს, მესამე - სხვადასხვა საქველმოქმედო მიზნისთვის იხარჯებოდა. წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მან 13 ათასი მანეთი (ოქროთი) უანდერძა.

ერთი სისუსტე ჰქონდა - ახალგაზრდობაში გადატანილი ტუბერკულოზის შემდეგ ძალზე ეშინოდა ავადმყოფობის და გამუდმებით ეჭვობდა, რომ რაღაცით დაავადდა. გულდასმით ეცნობოდა სამედიცინო ლიტერატურას და როდესაც მეგობრები ასეთ წიგნს დაუნახავდნენ ხელში, ხუმრობდნენ - დავიღუპეთ, იაკობმა ახალი წიგნი იშოვა და რაღაც ახალ დაავადებას დაიმართებსო.

ძალიან უყვარდა სტუმრების მიღება, თუმცა, თვითონ ღვინოს არ ეტანებოდა.  ჭიქას სანახევროდ წყლით შეავსებდა, შემდეგ ღვინოს დაამატებდა და მშვენიერ სადღეგრძელოებს ამბობდა... ყოველდღე სტუმრობდა თბილისში ცნობილ "ადამიას სარძევეს" და თუ ვინმე ახლობელი შეხვდებოდა, მასაც უთუოდ დაპატიჟებდა.

ერთხელ ვაჟა-ფშაველას, შიო მღვიმელს, იროდიონ ევდოშვილსა და გიგო კასრაძეს შეხვდა. ქართველი მწერლები "ქოსების დუქნისკენ" მიეშურებოდნენ, სადაც ვაჟას თბილისში ჩამოსვლა უნდა აღენიშნათ. იაკობმა გაიხარა მათი ნახვით და სარძევეში დაპატიჟა. იაკობ გოგებაშვილს უარს როგორ ჰკადრებდნენ - ჩაჰყოლიან და მოუტანინებია მათთვისაც რძე და ნამცხვარი. სხედან საქეიფოდ აღერღილები სარძევეში და აღარ იციან, როგორ დაიხსნან თავი. ბოლოს ისევ იროდიონ ევდოშვილს უყოჩაღია - მუცელზე უტაცია ხელი და მოურთავს კვნესა - ვაიმე, მიშველეთ, მუცელი მეწვისო. "შეშფოთებულან" დანარჩენებიც, წაუვლიათ ხელი "ავადმყოფისთვის" და სასწრაფოდ "ექიმთან" გაუქანებიათ.

ლადო გოგუაძე