ეროსი და ტანგო - კვირის პალიტრა

ეროსი და ტანგო

რუმინეთში საგასტროლოდ წასვლაზე მხოლოდ იმიტომ თქვა უარი, ტანგოს წაყვანის ნებართვა რომ არ მისცეს.

მსახიობებიც და მეგობარ-მეზობლებიც ბევრს ხუმრობდნენ ეროსი მანჯგალაძის ძაღლზე - ტანგოზე. ეს სახელი ბავშვობაში ეროსის საყვარელ ძროხას ერქვა თურმე და მერე ძაღლს დაარქვა... ეს იყო იაპონური ჯიშის, როგორც ამბობდნენ, ძალიან უჯიშო ძაღლი. ნუგზარ ჯუღელის თქმით, სტუმრისათვის ტანგოს შეიძლება შარვლის ტოტიც მოეჭამა და წინდაც მიეყოლებინა ზედ... მერე იყო და, ძაღლი წამდაუწუმ იკარგებოდა. ბარნოვის ქუჩის მცხოვრებნი თავგამოდებით ეძებდნენ ტანგოს... აბა, რა ექნათ, ეროსის სიხარული იყო ეს ძაღლი.

საარაკო ამბავია: რუმინეთში საგასტროლოდ წასვლაზე მხოლოდ იმიტომ თქვა უარი, ტანგოს წაყვანის ნებართვა რომ არ მისცეს... შოკში ჩავარდა თეატრი... ვიდრე ეროსი არ დაარწმუნეს, საუკეთესო კინოლოგი ჩაიბარებს შენს ტანგოსო, მანამ ვერ დაითანხმეს. როცა რუმინეთში გამართულ ბანკეტზე სადღეგრძელოს თქმა სთხოვეს, მოკლედ მოჭრა: - ტანგოს გაუმარჯოსო... აბა, ვინ გაიგებდა, რას ამბობდა ეროსი. ელჩმა ნიშანი მისცა და ტანგო დაუკრეს.

ამბობენ, ტანგო რომ მოკვდა, პატივით დაასაფლავა კუს ტბაზეო... დოდო აბაშიძემ კი დეპეშა აფრინა მასთან: - ვიზიარებ შენს მწუხარებას ტანგოს გარდაცვალების გამოო...