მარო მაყაშვილი - ქართველი ჟანა დარკი - კვირის პალიტრა

მარო მაყაშვილი - ქართველი ჟანა დარკი

"არც სიცოცხლის, არც სიკვდილის აღარა მაქვს ხალისი,

თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი!

გულზე სევდა შემომაწვა თავის მძიმე ლოდებით;

საქართველო გაიჟღინთა მაყაშვილთა გოდებით!"

ეს სტრიქონები მარო მაყაშვილის მამას კოტე მაყაშვილს ეკუთვნის. ლექსში ყველა იმ ქართველი მშობლის ტკივილია ასახული, რომელთა შვილებიც 1921 წლის სუსხიან ზამთარში ქვეყნის დასაცავად იბძოდნენ და გმირულად დაეცნენ. მარო იმ დროის პოპულარულ ოჯახში დაბადებული გოგო იყო, რომელსაც თავისუფლად შეეძლო არათუ ომს, არამედ გასაბჭოების პირას მდგარ საქართველოსაც გარიდებოდა და სადმე, ევროპის მშვიდ ქვეყანაში დასახლებულიყო... იმ დღიურებში, რომელიც მაროსგან დაგვრჩა, მისი ნატიფი სული და საოცარი გონიერება ჩანს. ეს პატარა გოგონა წერს: "უსათუოდ საფრანგეთში უნდა წავიდე და იქ შევისწავლო სამეურნეო საქმე. ჩემი ფიქრი აი, ეგ არის. მე თვითონ მინდა ვიმუშაო ჩემ მიწა-წყალზედ... ძალიან და ძალიან პარიზში მინდა და იტალიაში. ნუთუ რამე შემიშლის ხელს?", მაგრამ მის ოცნებებს ახდენა არ ეწერა.

მარო კოტე მაყაშვილისა და ცნობილი მწერლის, ეკატერინე გაბაშვილის ასულის თამარის ქალიშვილი გახლდათ.

ბედნიერი იყო 1918 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, აი რას წერს დღიურში: "ეს დღე ისტორიულია ქართულ ცხოვრებაში. ამ დღეს შესრულდა ნახევარი წელიწადი, რაც საქართველოს თავისუფლება აღიარეს. მთელმა ქართველობამ თბილისისა თავი შეიყარა სასახლის წინ. აქ მოხდა "პარადი". ყოველი ქართველი გრძნობდა თავს თავისუფლად. აღტაცების ღიმილი უკრთოდა ყოველს და თითქოს ეს ეწერათ - "ოჰ, ძლივს გვეღირსა, გვეღირსა! გვეღირსა!". არა, ნუ ვჩქარობთ, მტერი გარშემო გვყავს და გვითვალთვალებს." უხაროდა, მაგრამ თითქოს წინასწარ გრძნობდა იმ ტრაგედიას, რაც საქართველოში 3 წლის შემდეგ დატრიალდა.

1921 წელს, როდესაც თბილისს მე-11 არმია მოუახლოვდა, ქართველი ახალგაზრდების ყველაზე გულმხურვალე, რჩეული ნაწილი კოჯორ-ტაბახმელასაკენ დაიძრა, რათა საკუთარი მკერდით შეეკავებინა სამშობლოსაკენ მიმართული მტრის ტყვია. გამონაკლისი ამ მხრივ არც მაყაშვილების ოჯახი ყოფილა: ჯერ უფროსი ვაჟი, შალვა გაემართა ბრძოლის ველზე. სულ მალე კი, მშობლების ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, მაროც მის გზას დაადგა. ის ამ დროს უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი იყო.

17 თებერვალს ჩაეწერა წითელ ჯვარში, სულ რაღაც 2 დღის შემდეგ, მის გვერდით გამსკდარმა ყუმბარამ შეიწირა მარო მაყაშვილის სიცოცხლე. ამ ამბის გამგები კოტე მაყაშვილი ერთ ღამეში გაჭაღარავებულა თურმე.

სამხედრო ტაძრის გალავანთან დაკრძალეს კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში გმირულად დაღუპული იუნკრები. მარო მაყაშვილის ცხედარი ყველაზე თვალსაჩინო და გამორჩეულ ადგილას დაუკრძალავთ. (ცნობილია, რომ ამ ტაძრის საძირკველზე შემდეგ მთავრობის სასახლე აშენდა.) მთელი თბილისი და საქართველო გლოვობდა არა მარტო უდროოდ დაღუპული შვილების, არამედ იმ საფრთხის გამოც, რომელიც ქვეყანას კარს მოსდგომოდა.

მოგვიანებით, ზაქარია ფალიაშვილს "დაისის" მთავარი გმირისთვის მარო სწორედ მაყაშვილების ასულის პატივსაცემად დაურქმევია. მისი სათნოება, ღვთისმოსაობა, კეთილშობილება ქართველ შემოქმედთათვის შთაგონების წყარო გამხდარა. მას ხშირად იხსენიებდნენ ნინოს, თამარის, ქეთევანის გვერდით, "ქართველ ჟანა დარკსაც" ეძახდნენ მანამ, სანამ საქართველოში ბოლშევიზმი მოიკიდებდა ფეხს და კოჯორ-ტაბახმელას გმირების ხსენებაც კი საშიში არ გახდებოდა.

სტატიის მთავარ ფოტოზე 19 წლის მარიამ მაყაშვილია აღბეჭდილი. ერთი შეხედვით უბრალო, ჩვეულებრივ გოგონას ჰგავს, მაგრამ თუ მისი ცხოვრების გზას გაეცნობით, მიხვდებით, როგორ შეიძლება გახდეს ერთი შეხედვით უბრალო, პატარა გოგონა უკვდავების ბინადარი!