დათუნი ბოსტაშვილის შთამომავალი და მეფე ერეკლეს ნაჩუქარი ხმალი - კვირის პალიტრა

დათუნი ბოსტაშვილის შთამომავალი და მეფე ერეკლეს ნაჩუქარი ხმალი

"შაქის ხანს, აჯი-ჩალაბს, რომელიც წარმოშობით სარწმუნოებაშეცვლილი სომეხი იყო, ხელს არ აძლევდა რეგიონში ქართველთა ბატონობა. 1751 წლის თებერვალში, მდინარე აგრი–ჩაისთან, აჯი–ჩალაბმა დაამარცხა ქართველები. ამ ბრძოლაში, მდინარეში ცხენიანად ჩავარდნილი ერეკლე პაპა ბებურიშვილი-ვაჩნაძის დახმარებით გამოვიდა წყლიდან, მაჩხაანელმა გლეხმა დათუნა ბოსტაშვილმა კი თავისი ცხენი დაუთმო და ერეკლე დატყვევებას გადარჩა. მადლიერების ნიშნად მეფე ერეკლემ ბოსტაშვილს აზნაურობა, მიწები და საკუთარი ხმალი უბოძა." - ვკითხულობთ ისტორიულ ჩანაწერებში.

ამჟამად, ერეკლეს ნაქონი ხმალი ზემო მაჩხაანში, ბოსტაშვილის შთამომავლების ოჯახში ინახება. იმ ადგილზე, სადაც სამი საუკუნის წინ პატარა კახმა შეისვენა, ბოსტაშვილების სახლი დგას, ხოლო ლოდი, რომელზეც მეფე იჯდა სახლის საძირკველს ჩაატანეს. იქვე ინახება იმდროინდელი ქვევრებიც.

სახელოვანი წინაპრის და პატარა კახის ნაქონი ხმლის შესახებ "კვირის პალიტრას" ბოსტაშვილის შთამომავალი, ისტორიკოსი და პოეტი ვასილ ბოსტაშვილი ესაუბრება.

- ეს საგანძური თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მე მამამ გადმომცა, შემდეგ ჩემს შვილებს გადავცემ და როცა გაიზრდებიან, ამ საგანძურით იამაყებენ. ჩემი სურვილია, რომ მეფის ნაქონი ხმალი, რომელიც ჩვენს წინაპარს უსახსოვრა, ჩვენს ოჯახში იყოს. მაჩხაანში ჩვენი კოშკიც გვაქვს, რომელსაც ბოსტაანთ კოშკს ეძახიან, სადაც ვაჟა-ფშაველა და სიკო ფაშალიშვილი იმყოფებოდნენ და ეს ხმალიც ნანახი აქვთ. თავდაპირველად ხმალი კოშკში ინახებოდა, სადაც დათუნი ბოსტაშვილი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა... აზნაურობის სიგელი, რომელიც მეფე ერეკლემ დათუნი ბოსტაშვილს უბოძა, დღესდღეობით ცენტრალურ არქივშია დაცული. სიგელი 1753 წლის 10 ივნისით თარიღდება. ამ სიგელს ხელს აწერენ ერეკლე მეფე, მისი მეუღლე დარეჯანი, ვახტანგ და ლევან ბატონიშვილები. დათუნი ერეკლეს საყვარელი მეომარი იყო. ყვარლის ციხის აღებაშიც იხსენიება დათუნი ბოსტაშვილი. მას გრიგოლ ორბელიანი თავის პოემაში ბოსტად მოიხსენიებს.

- რა მასალისგან არის ჩამოსხმული ხმალი და რამდენად აქვს შენარჩუნებული პირვანდელი სახე?

- მე-18 საუკუნის ხმალია, პირვანდელი მდგომარეობა თითქმის შენარჩუნებულია. სამი სასისხლე აქვს, ქარქაშის თავზე მამაკაცის თავია გამოსახული, თითქოს მეფეს ჰგავს, მაგრამ იმდენად გაცრეცილია, რომ ჭირს კარგად გარჩევა. ქარქაში ხისგან არის, პრიალა ზედაპირით, რომელიც ვერცხლითაა მოვარაყებული. ხმლის ქარქაში მომწვანო-მოყავისფრო ფერისაა. ძალიან ლამაზი ორნამენტები აქვს. საკმაოდ მძიმე ლითონისგან არის ჩამოსხმული. ხმლის სიგრძე ერთი მეტრი და ოცი სანტიმეტრია. დათუნი ბოსტაშვილის ისტორია ლევან სანიკიძის "უქარქაშო ხმლებშიც" არის მოხსენიებული. საქართველოში ბევრმა კარგად მეფე ერეკლესა და ბოსტაშვილის ისტორია, მაგრამ არ იციან, რომ მეფე ერეკლეს დროინდელი ხმალი არსებობს და ჩვენთან ინახება...

სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)