ბარბარე თურქესტანიშვილი - რუსული ჯოკონდა - კვირის პალიტრა

ბარბარე თურქესტანიშვილი - რუსული ჯოკონდა

ნეიზვესტნაია", ანუ "უცნობი ქალი" მხატვარ ივან კრამსკოის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქმნილებად ითვლება. მას ხშირად რუსულ ჯოკონდასაც უწოდებენ. მხატვრის ოსტატობასთან ერთად, ამ შედევრისადმი ინტერესს მასზე გამოსახული ქალბატონის ვინაობაც იწვევს.

ცნობილი ფერწერული ტილო 1883 წელს შეიქმნა. უცნობი ქალის ვინაობა დიდხანს იყო გამოცანა. კრამსკოის არც პირად წერილებში, არც დღიურებში, არ უთქვამს, ვინ იყო მისი მუზა. მეცნიერებსა და ხელოვნებათმცოდნეებს შორის გაჩნდა არაერთი ვერსია ამ ქალბატონის ვინაობის შესახებ. ერთ-ერთის თანახმად, ტილოზე გამოსახული ქალი ქართველი თავადის - ბაადურ თურქესტანიშვილის შვილიშვილი ბარბარეა, რომელიც 1775 წელს თელავში დაბადებულა. თავადი ბაადური ვახტანგ მეექვსის მიერ პეტრე პირველთან გაგზავნილი პირველი დესპანი გახლდათ, რომელიც შემდგომ იმპერატორის კარზე დარჩენილა.

ქართველი ასული თავდავიწყებით შეჰყვარებია იმპერატორ ალექსანდრე პირველს. სიყვარულის ნიშნად ძვირად ღირებული კამეა მიურთმევია, რომელზეც ეწერა: "ის, ვინც მე ავირჩიე და ის, ვინც მე ამირჩია". მათი სიყვარული ორმხრივი იყო, თუმცა, ეს ისტორია ტრაგიკულად დასრულდა - ბარბარეს გოგონა გაუჩნდა, მშობიარობის შემდეგ კი თავი მოიკლა. დაობლებული ჩვილი იმპერატორმა აღიარა და საიმპერატორო გენეალოგიაშიც შეიყვანა.

ამბობენ, რომ ივან კრამსკოიმ "უცნობი ქალი" სწორედ ბარბარეს კამეას მიხედვით შექმნა.

დღეს თბილისში ცხოვრობს თურქესტანიშვილების შთამომავალი ნინო თურქესტანიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ამ ვერსიაზე მხოლოდ ქართველები არ საუბრობენ. რუსმა მწერალმა და მკვლევარმა იგორ ობოლენსკიმ გამოსცა წიგნი, რომელშიც წერს, რომ ტრეტიაკოვის გალერეაში დაცულ ნახატს არა "უცნობი ქალი", არამედ "ბარბარე თურქესტანიშვილის პორტრეტი" უნდა ერქვას.

რაც შეეხებათ რუსეთში წასული თურქესტანიშვილების შთამომავლებს, ისინი აღარ ქართველობენ, გვარიც შეიცვალეს და დღეს თურქესტანოვები არიან.

ლადო გოგუაძე