ანდების შემზარავი ტრაგედია - 72 დაუსრულებელი დღე და იძულებითი კანიბალიზმი - კვირის პალიტრა

ანდების შემზარავი ტრაგედია - 72 დაუსრულებელი დღე და იძულებითი კანიბალიზმი

საბედისწერო რეისი 571

შეჯახება საშინელი აღმოჩნდა. ორად გაპობილი თვითმფრინავის წინა ნაწილი თოვლზე სრიალს განაგრძობდა და სადაცაა საბედისწერო შეჯახება უნდა მომხდარიყო, რომ თოვლში ცხვირით ჩაესო და შეჩერდა.

2015 წლის 31ოქტომბერს 43 წელი შესრულდება 571-ე რეისის კატასტროფიდან, რომელმაც მსოფლიო შეძრა. 45 მგზავრისგან ცოცხალი მხოლოდ 16 გადარჩა. მათ არგენტინის ანდებში 72 დღე გაატარეს. საკვების უქონლობის გამო იძულებული შეიქნენ, დაღუპული მეგობრების გვამები შეეჭამათ...

ახალგაზრდა ურუგვაელ მორაგბეთა გუნდმა, რომელსაც ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში უნდა ეთამაშა, თვითმფრინავი დაიქირავა. გაფრენამდე რამდენიმე დღით ადრე მორაგბეებს აცნობეს, რომ თვითმფრინავში 10 ადგილი თავისუფალი იყო და ახლობლების წაყვანაც შეეძლოთ...

ამინდის გაუარესების გამო პილოტი იძულებული გახდა, არგენტინის ქალაქ მენდოზაში დაფრენილიყო. მეორე დღეს კი გზა განაგრძო, თუმცა კურსი შეცვალა და დანიშნულების ადგილამდე ჩაფრენა შემოვლითი გზით (მენდოზა-კურიკო-სანტიაგო) გადაწყვიტა. თვითმფრინავი 5 ათასი მეტრი სიმაღლის ანდების ერთ-ერთი მწვერვალისკენ მიფრინავდა, მოულოდნელად ამინდი რომ გაუარესდა... შეჯახება საშინელი აღმოჩნდა. ორად გაპობილი თვითმფრინავის წინა ნაწილი თოვლზე სრიალს განაგრძობდა და სადაცაა საბედისწერო შეჯახება უნდა მომხდარიყო, რომ თოვლში ცხვირით ჩაესო და შეჩერდა.

პირველი დღეები

45 მგზავრიდან 12 დაიღუპა. გადარჩენილები კი უდაბურ ადგილას აღმოჩნდნენ, რომლის კლიმატი ურუგვაელთათვის უცხო იყო. მზე დღის ოთხ საათზე ჩავიდა და 15 საათს არ ამოსულა. ამას ერთვოდა ძლიერი ყინვა. პირველი ღამის გადატანა ყველამ ვერ შეძლო და 5 ადამიანი დაიღუპა.

კატასტროფაში მოყოლილთ ყველგან დაეძებდნენ, მეორე დღეს ურუგვაელებს ვერტმფრენის ხმაც კი მოესმათ, თუმცა მორაგბეთა თვითმფრინავის თეთრი კორპუსის თოვლში შემჩნევა შეუძლებელი აღმოჩნდა...

იძულებითი კანიბალიზმი

გადიოდა დღეები... კატასტროფაში მოყოლილთ ძლიერ ყინვასთან გასამკლავებლად არ გააჩნდათ თბილი ტანსაცმელი. საკვების მარაგიც, რამდენიმე ფილა შოკოლადი და მცირეოდენი ღვინო, მალე ამოეწურათ.

ტრაგედიის ერთ-ერთი მონაწილე იხსენებს: - როცა მარაგის ამოწურვის შესახებ შევიტყვეთ, ნანდო პარადომ უნებლიეთ წამოიძახა, რომ მზად იყო შეეჭამა პილოტები, რადგან ეს უბედურება სწორედ მათი ბრალი იყო. თუმცა თავიდან ამის გაფიქრებამაც კი ყველა შეზარა... შიმშილმა და სიცოცხლის შენარჩუნების მძაფრმა სურვილმა მალე ეს საკითხი კვლავ დასვა დღის წესრიგში. პირველი, ვინც ამის გაკეთება შეძლო, რობერტო კანეზა იყო, - მან გვამს ხორცის რამდენიმე ნაჭერი მოაჭრა და... ამის შემდეგ სიკვდილის პირას მისულნი წინასწარ იძლეოდნენ უფლებას, რომ გარდაცვალების შემთხვევაში მათი გვამები საკვებად გამოეყენებინათ.

ზვავი

კატასტროფიდან მეთვრამეტე დღეს შემზარავი გრუხუნი გაისმა. ეს ზვავის ხმა იყო... თოვლი პირდაპირ თვითმფრინავის კაბინაში შევარდა და რამდენიმე წამში იქაურობა ამოავსო. ზვავმა 8 ადამიანი იმსხვერპლა. ცოცხალი მხოლოდ 19 დარჩა. მიუხედავად მსხვერპლისა, ზვავმა დადებითი როლიც შეასრულა - თვითმფრინავს ღია მხარე ჩაუხერგა, საიდანაც სიცივე აღარ შემოდიოდა. ისიც "კარგი" იყო, რომ კიდევ 8 გვამით დაახლოებით თვე-ნახევრით შეეძლოთ არსებობა...

ხსნის გზა

კატასტროფიდან ორი თვის შემდეგ 45 მგზავრისგან ცოცხალი დარჩა მხოლოდ 16.

სასოწარკვეთილი ნანდო პარადო ხვდებოდა, რომ ამ უბედურებისგან თავის დაღწევის გზა როგორმე უნდა მოეძებნა... ამ სურვილს ისიც აძლიერებდა, რომ ჯერ კიდევ ხელუხლებელ გარდაცვლილთა შორის მისი დედა და დაც იყვნენ, მალე მათი შეჭმაც გარდაუვალი გახდებოდა. პარადოსთან ერთად რობერტო კანეზამ და ანტონიო ვისენტინიმ რამდენიმე დღის სამყოფი ხორცით ჩანთები გაავსეს და გზას გაუდგნენ.

საღამოობით სვლას წყვეტდნენ და საძილე ტომრებში ითბუნებოდნენ. სამი დღის შემდეგ ვისენტინი დაუძლურდა და პარადომ სთხოვა, უკან დაბრუნებულიყო. გზა მხოლოდ ორმა განაგრძო. გაყინულ ფერდობებს ნელ-ნელა სიმწვანე ჩაენაცვლა, მაგრამ ეს მთლად სასიკეთოდ არ წაადგათ - სითბოში ხორცმა გაფუჭება დაიწყო...

მეცხრე დღეს მაიტენესის ხეობას მიადგნენ. მდინარის გაღმა კი ჩილელი ფერმერი შენიშნეს, თუმცა ღონემიხდილებმა ხმა ვერაფრით მიაწვდინეს. უკიდურესად დაუძლურებულებს მდინარის გადაცურვაც არ შეეძლოთ. მეორე დღეს ფერმერი კვლავ გამოჩნდა. მორაგბეებმა როგორღაც ძალა მოიკრიბეს და ხელ-ფეხის ქნევით შეეცადნენ ფერმერის ყურადღების მიქცევას. უცნობი მიხვდა, რომ ისინი განსაცდელში იყვნენ, გონიერება გამოიჩინა და მორაგბეებს ქვას გამობმული ფანქარი და ქაღალდი გადაუგდო. მორაგბეები გადარჩენის იმედს ჩაეჭიდნენ და აკანკალებული ხელით ფურცელზე დაწერეს თავიანთი უბედურების ამბავი. შემდეგ უკანასკნელი ძალა მოიკრიბეს და ფურცელი უკანვე გადაუგდეს... ფერმერმა სერხიო კატალანომ მაშველებს უხმო...

ცოტა ხანში კატასტროფის ადგილას ვერტმფრენების ხმა გაისმა, მათ მეგზურად ნანდო პარადო მიჰყვებოდა...

ცხოვრება გადარჩენის შემდგომ

სამშობლოში დაბრუნებულებს ზიზღით ხვდებოდნენ, გაზეთებში შემზარავი სტატიები იბეჭდებოდა, სადაც მათ კანიბალიზმში ადანაშაულებდნენ...

ყოველი წლის 22 დეკემბერს, 571-ე რეისის გადარჩენილი მგზავრები იკრიბებიან და 72 დაუსრულებელ დღეს იხსენებენ. ამით ისინი დაღუპულ მეგობრებს მიაგებენ პატივს.

კონსტანტინე ბარამია

ისტორიის ბაკალავრი