"ნინო მეგობარს ზედ დააკლეს" – რას იხსენებენ 9 აპრილს დაღუპულთა ახლობლები - კვირის პალიტრა

"ნინო მეგობარს ზედ დააკლეს" – რას იხსენებენ 9 აპრილს დაღუპულთა ახლობლები

"არანაირი ჭრილობა არ ჰქონდა, ერთი ნაკაწრიც კი, მაგრამ გაზით მოწამლული სახეზე ისეთი შეშუპებული იყო, რომ ვერ ვიცანით..."

"აზას ნიჩაბი საფეთქელთან მოხვედრია, სულ გატეხილი ჰქონდა საფეთქლის ძვალი, ადგილზევე გარდაცვლილა..."

9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 26 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს მთავრობის სასახლესთან საბჭოთა ჯარმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია. მართალია, საბჭოთა პროპაგანდა მიზანმიმართულად ცდილობდა სიცრუის გავრცელებას, თითქოს იმ ღამით მანიფესტანტები რუსის არმიამ კი არ აჩეხა, არამედ მიტინგზე წარმოქმნილ ჭყლეტაში მოჰყვნენ, თუმცა, მსოფლიომ სიმართლე მეორე დღესვე შეიტყო და ყველასთვის ცნობილი გახდა,  9 აპრილს საბჭოთა არმიამ, რუსთაველის გამზირზე, სასაკლაო როგორ მოაწყო. ამ ბარბაროსობას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ასობით მოიწამლა, დაშავდა და დასახიჩრდა. 9 აპრილის ღამეს გარდაცვლილთა შორის იყვნენ: ფეხმძიმე ელისო ჭიპაშვილი, არასრულწლოვანი გოგონები: ეკა ბეჟანიშვილი, თამარ ჭოველიძე და ნათია ბაშალეიშვილი...

ეს მხოლოდ 21 ადამიანის ოჯახების ტრაგედია არ ყოფილა, 9 აპრილი მთელი ერის ტრაგედიაა.

დაღუპულთა ოჯახებისთვის ამ ტრაგედიაზე ლაპარაკი მტკივნეულია, მათთან საუბრისას რწმუნდები, რომ დრო მკურნალი სულაც არ ყოფილა და მათ იარებს ხოლო ყოველი 9 აპრილის დადგომა აახლებს…

"კვირის პალიტრამ" კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი უახლოეს სისხლიან წარსულს და 9 აპრილს დაღუპულ 22 წლის აზა ადამიას, 29 წლის ნატო გიორგაძის და 25 ნინო თოიძის ოჯახის წევრებს ესაუბრა.

ქეთი, ნინო თოიძის და:

- ჩემი და საოცარი ადამიანი იყო, ძალიან ჭკვიანი. ჯერ კიდევ ბავშვი იმისთანა რამეს გვეტყოდა, რომ გაოცებულები ვუსმენდით. მე-6 კლასში იყო, როცა ოჯახს გამოგვიცხადა, ჩემი სახელი უკვდავი უნდა იყოსო. რას წარმოვიდგენდით, რომ წლების შემდეგ ეს სიტყვები ახდებოდა... ნინო სტუდენტი იყო, ის და აზა კურსელები იყვნენ, იმ წელს ამთავრებდნენ. მანამდე რუსეთში სწავლობდა და ბოლო კრუსზე იყო, როცა საქართველოში გადმოვიდა სასწავლებლად... მიტინგებში თავიდანვე მონაწილეობდა, მეგობრებთან ერთად ყოველდღე იქ იყო. იმ დღეს, როცა ეს უბედურება მოხდა, დილით ამდგარა და ბიძაშვილისთვის უთქვამს, საშინელი სიზმარი ვნახე და დღეს მიტინგზე არ წავალო. თუმცა, საღამოსკენ აზამ დაურეკა და ჩქარა წამოდი, მიტინგზე რა ხდება ნახეო და გაქცეულა, აღარც ის საშინელი სიზმარი გახსენებია… არავინ ელოდა, რომ მშვიდობიან აქციას ასე სასტიკად თუ დაშლიდნენ. როცა უკვე ცხადი გახდა, რომ არმია მათ გადაუვლიდა, თავს უშველეს და გაიქცნენ... უცებ, ნინოს უკან მიუხედავს და წაქცეული აზა დაუნახავს, რომელსაც რუსის ჯარისკაცი უმოწყალოდ უსწორდებოდა, საშველად მივარდა, უნდოდა წამოეყენებინა, მაგრამ... ნინო მეგობარს ზედ დააკლეს. ნიჩაბი კეფაში ჰქონდა მოხვედრილი. ფუძის ძვალი გატეხილი ჰქონდა, საავადმყოფოში როცა მიიყვანეს ჯერ კიდევ სუნთქავდა, მაგრამ ექიმების ცდა ამაო გამოდგა... 9 აპრილმა რა როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში? ეს თქვენ უნდა თქვათ, თუ რამე შეასრულა. ამ დღის შემდეგ ჩვენი ოჯახი ამოწყდა. დედამ თავის მოკვლა სამჯერ სცადა, ნინოს საფლავზე ათენებდ-აღამებდა. იქაურობას არ სცილდებოდა... ლოგინად ჩავარდა და აღარც ამდგარა, მალე მამაც მიჰყვა... ნინო გვეუბნებოდა თუ სამშობლოს დასჭირდება ჩემი სიცოცხლე, აუცილებლად შევეწირებიო. აკი, შესწირა კიდეც...

მაია, ნატო გიორგაძის და:

- 9 აპრილის მოვლენების დროს სკოლის მოსწავლე გახლდით. ნატო იმთავითვე დადიოდა მიტინგზე. სწავლა დამთავრებული ჰქონდა, რადიოქარხანაში მთავარ ინჟინრად მუშაობდა. რა თქმა უნდა, იმ ავბედით ღამესაც იქ იყო...იცით, არავინ ფიქრობდა, რომ ამ ადამიანებს ასე გაუსწორდებოდნენ, ამიტომ, არც გვეშინოდა...  მშობლებმა ისე გაგვზარდეს, რომ სამშობლოს სიყვარული ჩაგვინერგეს, ჩემი ძმა აფხაზთის ომის მონაწილეა, მეც ეროვნული მოძრაობაში ვიყავი ჩართული. ნატოც ასეთი იყო, სამშობლოზე შეყვარებული, უკან არ დაუხევია და თავიც გასწირა. ჩვენ გურიიდან ვართ, ამიტომ, მაშინ ამდენი კომუნიკაციის საშუალება არ იყო. მომხდარის შესახებ მეორე დღეს შევიტყვეთ. საავადმყოფოში ნატო გარდაცვლილი მიუყვანიათ, რადგან საბუთები დაკრგული იყო, არამიანცის მორგში როგორც უსახელო მიცვალებული ისე მიიყვანეს. შემდეგ ვიპოვეთ და... არანაირი ჭრილობა არ ჰქონდა, ერთი ნაკაწრიც კი, მაგრამ გაზით მოწამლული სახეზე ისეთი შეშუპებული იყო, რომ ვერ ვიცანით... მე ვთვლი, რომ ჩემი დის და დანარჩენების თაგანწირვას უკვალოდ არ ჩაუვლია და საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა... რა თქმა უნდა, მერჩია ჩემი ცოცხალი მყოლოდა, მაგრამ რისთვისაც იბრძოდა, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი, ეს მიღწეული იქნა.

კობა, აზა ადამიას ძმა:

- ვიცოდით, რომ აზა მიტინგებზე დადიოდა, მაგრამ ოჯახში არავინ უშლიდა იქ სიარულს. თან ეს მშვიდობიანი აქცია იყო და ვინ წარმოიდგენდა ასეთ ბოლოს... იმ დღეს, როცა რუსთაველზე მომიტინგეები დაარბიეს, ჩვენ შინ, მარტვილში ვიყავით. მაშინ უბანში ტელეფონი მხოლოდ ერთ მეზობელს ჰქონდა, იქ დაგვირეკეს და ამ საშინელების შესახებ გვითხრეს. აზას ნიჩაბი საფეთქელთან მოხვედრია, სულ გატეხილი ჰქონდა საფეთქლის ძვალი, ადგილზევე გარდაცვლილა... მეტი სხვა არაფერი ვიცით....მადლობელი ვარ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომ 9 აპრილს დაღუპულები გმირებად აღიარა. ეს არც ერთ ხელისუფულებას არ გაუკეთებია, რაც გულდასაწყვეტი იყო. ამ ადამიანებმა თავი პირად კეთილდღეობას კი არა, სამშობლოს შესწირეს... მოგეხსენებათ, რომ მარტვილის მე-2 საჯარო სკოლა აზა ადამიას სახელობისაა. 2009 წელს კი მე და ჩემმა მეგობრებმა სკოლის ეზოში აზას მონუმენტი დავდგით. ამით ჩემი დის ხსოვნას პატივის მივაგეთ..."

როგორ შეიტყო მსოფლიომ 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ

9 აპრილის მოვლენები კინორეჟისორმა გოგა ხაინდარავამ ფირზე აღბეჭდა. სწორედ მის მიერ გადაღებული კადრები გახდა იმის წინაპირობა, რომ მსოფლიომ მომხდარი ბარბაროსული ფაქტი დოკუმენტურად იხილა, რამაც საბჭოა პროპაგანდის ტყუილი საბოლოოდ გააცამტვერა.

ყველაფერი კი ასე იყო: ჯერ კიდევ ნოემბერში დაწყებულ მოვლენებს, რაც ქვეყანაში ხდებოდა, გოგა ხაინდრავა ფირზე იღებდა, დაახლოებოთ 200 საათიანი ფირია. სწორედ ის იყო პირველი, რომელმაც 9 აპრილს დახოცილთა გვამები მორგში გადაიღო და კადრები შემოინახა.

კიდევ, ერთ-ერთი ვინც 9 აპრილის მოვლენები ფაქტებად, ყოველგვარი ანალიზის გარეშე გადმოსცა იყო იური როსტი, "ლიტერატურნაია გაზეტას" მიმომხილველი. მისი რეპორტაჟი თბილისურ "მოლოდიოჟგრუზიაში" დაიბეჭდა, რომელიც დღეს ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს. ამ რეპორტაჟში თვითმხილველმა როსტმა დაწვრილებით აღწერა საბჭოთა არმიის დაუნდობელი ბრძოლა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ.

სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)