"შევარდნაძე საქართველოში რომ ყოფილიყო, 9 აპრილის ტრაგედია არ მოხდებოდა!" - კვირის პალიტრა

"შევარდნაძე საქართველოში რომ ყოფილიყო, 9 აპრილის ტრაგედია არ მოხდებოდა!"

გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს ყოფილი პარტიული ფუნქციონერის, ცკ-ის პირველი მდივნის, რამდენიმეგზის დეპუტატის ჯუმბერ პატიაშვილის წიგნიდან "ოცდასამი წლის შემდეგ", რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L"-მა დასტამბა და მისი ნაწილი 2013 წელს გაზეთ კვირის პალიტრაშიც" დაიბეჭდა:

"რა როლი ითამაშა ედუარდ შევარდნაძემ 9 აპრილის ტრაგედიაში, რა დაიგეგმა კრემლში, რა სახის ურთიერთობა ჰქონდა მას თანამემამულე პარტიულ ფუნქციონერებთან და ე.წ. ეროვნული მოძრაობის ზოგიერთ ლიდერთან, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ.

რასაკვირველია, ეს ჩემი ვარაუდია, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა - შევარდნაძე საქართველოში რომ ყოფილიყო, 9 აპრილის ტრაგედია არ მოხდებოდა! ვიცი, რომ ბევრს გააკვირვებს ჩემგან ამის მოსმენა... მაგრამ ფაქტია: თუკი 80-იანი წლების მიწურულს შევარდნაძე ისევ იქნებოდა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, მაშინ მას აღარ დასჭირდებოდა კრემლიდან საქართველოში დასაბრუნებელი იმ სისხლიანი ტრამპლინის გავლა, რომელიც 1989 წლის 9 აპრილით დაიწყო და 1991-1992 წლებში სამოქალაქო ომით დაასრულა...

...1988 წელს სიტუაცია ნელ-ნელა დაიძაბა, რაც უმართავ პროცესებში გადაიზარდა და ბოლოს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიით დასრულდა.

ამ ყველაფერს, ბუნებრივია, თავისი წინა პირობა ჰქონდა: ერთი მხრივ, პატიმრობიდან გათავისუფლებულმა და გადასახლებიდან დაბრუნებულმა დისიდენტებმა ჯერ ერთად დგომა, შემდეგ კი ე.წ. ეროვნული მოძრაობის ჩამოყალიბება და საზოგადოების დიდი ნაწილის ამ მოძრაობაში ჩართვა შეძლეს; მეორე მხრივ კი - აფხაზურმა სეპარატიზმმა იჩინა თავი.

ამ ყველაფერს "ლოგიკურად" მოჰყვა მოვლენების ესკალაცია. - დედაქალაქში პირველი სტუდენტური მღელვარება დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე განლაგებულმა პოლიგონმა გამოიწვია." იხილთ სრულად ჯუმბერ პატიაშვილის მემუარებიდან

იხილეთ ასევე: ისინი მოუნელებელ ტკივილად დარჩნენ