შარლატანობის იშვიათი ნიმუში მეცნიერებაში, ანუ რა "აღმოაჩინა" რუსმა გეორგი ტურჩანინოვმა - კვირის პალიტრა

შარლატანობის იშვიათი ნიმუში მეცნიერებაში, ანუ რა "აღმოაჩინა" რუსმა გეორგი ტურჩანინოვმა

1960 წელს ქალაქ მაიკოპთან (ადიღეს ავტონომიური ოლქის დედაქალაქი) ახლოს მდებარე ხუტორში აღმოაჩინეს ქვა მასზე ამოკვეთილი იდუმალი ნიშნებითურთ. ამ გარემოებამ იმხანად და შემდეგშიც, წლების განმავლობაში, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. იფიქრეს, რომ იგი იყო უცნობი დამწერლობის ნიმუში. მის გაშიფვრას შეეცადა სანქტპეტერბურგელი ენათმეცნიერი გეორგი ტურჩანინოვი, რომელიც ხშირად ფანტაზიორობდა. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ მის ქმედებას ანგარებითი მოტივიც ედო საფუძვლად.

გეორგი ტურჩანინოვმა გამოიტანა ნაუცბადევი დასკვნა, თითქოს მაიკოპის ქვაზე ამოკვეთილი ნიშნები წარმოადგენდა უძველესი დამწერლობის ძეგლს, რომელსაც ანალოგი არ მოეძებნებოდა. უფრო კონკრეტულად, იგი თითქოსდა ნაზავი იყო ძველი ბიბლოსური, ფსევდოიეროგლიფური და ხეთური იეროგლიფური, აგრეთვე ფინიკიური ანბანური დამწერლობისა. "გამშიფვრელმა" იგი დაათარიღა ძვ.წ. XIII-XII საუკუნეებით.

რაც შეეხება ენას, რომელზედაც აღნიშნული "წარწერა" იყო შესრულებული, თითქოსდა იგი იკითხებოდა აფხაზურად და თანაც მისი თანამედროვე ფორმით.

ტურჩანინოვის "აღმოჩენით", წარწერა ეკუთვნოდა ძველი კოლხეთის მეფეს, რომელიც საყოველთაოდ გავრცელებული წარმოდგენით, ქართველების დასავლელ წინაპრებს კი არ განასახიერებდა, არამედ - აფხაზებისას. ამდენად, ამ შემთხვევაში ტურჩანინოვი იმეორებდა დიმიტრი გულიას მიერ 1925 წელს გამოთქმულ მოსაზრებას.

"წარწერა" თითქოს იტყობინებოდა კოლხი//აფხაზი მეფის მიერ ქალაქის დაარსების შესახებ ნაპოვნი ნივთის ადგილს (ე.ი. მაიკოპთან). ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, ქალაქი დაარსებულა სამეფოს პერიფერიულ ტერიტორიაზე, თორემ იგულისხმებოდა, რომ საკუთრივ აფხაზეთში ქალაქები უკვე არსებობდა. მეტიც, აღნიშნულ პერიფერიულ ქალაქს თურმე ერქვა "აია". მისი "დამაარსებელი" მეფის სახელი კი ყოფილა "ამრან" (აფხაზურ ენაზე მზესთან დაკავშირებული), ხოლო მისი მემკვიდრე ყოფილა აიეტესი.

გეორგი ტურჩანინოვის სენსაციურ "აღმოჩენას" რუსულ მეცნიერებაში საკმაოდ ცხოველი გამოხმაურება მოჰყვა. თუ იმ დროის ცნობილი ორიენტალისტები - ვასილი სტრუე, ივან მეშჩანინოვი და სხვები მას ასე თუ ისე შემწყნარებლურად შეხვდნენ, უმეტესობამ - ცნობილმა არქეოლოგოსმა ევგენი კრუპნოვმა, ასევე ცნობილმა ენათმეცნიერმა და ისტორიკოსმა იგორ დიაკონოვმა, ადიღელმა მეცნიერმა მ. აუტლევმა და სხვებმა ეს მოსაზრება არ მიიღეს.

სამაგიეროდ, "აღმოჩენა" დიდი აღფრთოვანებით აღიქვა აფხაზთა წრემ. 1963 წელს მის განხილვას მიეძღვნა აფხაზეთის ენის, ისტორიისა და ლიტერატურის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გაფართოებული სხდომა. გარუსებული მწერალი გიორგი გულია (დიმიტრი გულიას ვაჟი) დიდი შთაგონებითა და დარწმუნებულობით აღნიშნავდა: "წარწერა მაიკოპის ფილაზე კარგად განიმარტება მხოლოდ აფხაზურ ენაზე... უცნობმა გადამწერმა ასოები აფხაზურად სამი ათასი წლის წინ მოხაზა".

ამ "აღმოჩენის" მაშინ და შემდგომშიც ძალიან სჯეროდათ აფხაზ ეთნოგრაფს, შალვა ინალ-იფას, არქეოლოგოს მიხეილ ტრაფშს, ადგილობრივ მხარეთმცოდნე ვიანორ ფაჩულიას. ჩანს, ერთხანს ამას მხარს უბამდა გამოჩენილი აფხაზი ისტორიკოსი გიორგი ძიძარიაც. მათგან განსხვავებით, "სენსაციური აღმოჩენისა" არ სჯეროდათ ისტორიკოს ზურაბ ანჩაბაძესა და ენათმეცნიერ ხუხუტი ბღაჟბას. თუმცა კონკურენციამ ამჯერადაც იჩინა თავი.

ჩრდილოეთ კავკასიაში მიიჩნიეს, რომ ტურჩანინოვის "გაშიფრული" წარწერა თითქოს იმ დროის ფაქტია, როდესაც აფხაზ-ადიღელები ეთნიკურად ჯერ კიდევ არ იყვნენ დიფერენცირებული.

არქეოლოგოს ევგენი კრუპნოვის მოსაზრებით, გამოდიოდა რა ძვ.წ. XIII-XII საუკუნეების ჩრდილოკავკასიური ვითარებიდან, იმ დროისთვის მხარე პირველყოფილი საზოგადოების ფაზაზე იმყოფებოდა. ასეთ პირობებში კი სოციალურ კლასებსა და სახელმწიფოზე, ქალაქებსა და დამწერლობაზე მსჯელობა სრულიად გამორიცხული იყო. შეგახსენებთ, რომ ცნობილი ამერიკელი ეთნოლოგი ლუის მორგანი დამწერლობის გაჩენას ცივილიზაციის საფეხურს უკავშირებდა.

ადიღელი მეცნიერის, მ. აუტლევის მტკიცებით, "წარწერა" ეკუთვნოდა ძვ.წ. III საუკუნის კულტურულ ფენას, რასაც, ტურჩანინოვი, ცხადია, არ ითვალისწინებდა.

ენათმეცნიერების პოზიციიდან, ტურჩანინოვის "აღმოჩენიდან", რომ იტყვიან, ქვა ქვაზე არ დატოვა ცნობილმა რუსმა მეცნიერმა იგორ დიაკონოვმა. ყველაფერთან ერთად, იგი გაუმართლებლად მიიჩნევდა აღნიშნული ტექსტის თანამედროვე აფხაზური ენით წაკითხვას. როგორც ცნობილია, აფხაზური ენა წარმოიშვა უფრო მოგვიანებით, აფშილური და აბაზგური დიალექტების საფუძველზე.

უნდა ითქვას, რომ გეორგი ტურჩანინოვის ნასიბრძნი საქართველოს ისტორიასაც ეხებოდა, ქართულ მეცნიერებაში მას წლების განმავლობაში წაუყრუეს. პირველად ამ საკითხს გამოეხმაურა არქეოლოგოსი გურამ ლორთქიფანიძე 1978 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში "კოლხეთი ძვ.წ. VI-II საუკუნეებში". მეორედ საჯაროდ, ბეჭდური სახით გამოეხმაურა ენათმეცნიერი თამაზ გამყრელიძე. რასაკვირველია, ორივე მათგანმა "აღმოჩენისადმი" ფრიად კრიტიკული მიდგომა გამოამჟღავნა.

მეცნიერული თვალსაზრისით პარადოქსია, თუ როგორ წარმოიქმნა შედარებით განვითარებული დამწერლობა (სამგვარი ტრადიციის საფუძველზე) პიქტოგრაფიის გარეშე. გარდა ამისა, როგორ მოხდა, რომ დამწერლობის იდეამ აფხაზეთში, ისევე როგორც მთელ ადიღეურ სამყაროში, ვეღარ პოვა შემდგომი განვითარება. საკითხავია, რა რეალური ისტორიული საფუძველი აქვს ძვ.წ. XIII-XII საუკუნეებში აფხაზების, თუნდაც კოლხების (ჩვენი დასავლელი წინაპრების) კონტაქტებს ფინიკიელებთან.

როცა ტურჩანინოვი კოლხეთის/აფხაზეთის მეფე "ამრანს" ბერძნების მზის ღმერთ ჰელიოსს უკავშირებდა, ამ შემთხვევაში ხომ კოლხური ისტორიული რეალია არ იგულისხმება, რადგან ქართველური ტრადიციისამებრ, მზე მამაკაცურ ღვთაებას კი არა, ქალ ღვთაებას წარმოადგენდა.

ბანალური წარმოდგენა გახლავთ ისიც, რომ მეფე აიეტმა//აიეტესმა (ვითომდაც ამრანის ძემ) მაიკოპის სიახლოვეს დაფუძნებულ ქალაქს "აია" უწოდა, თითქოსდა თავისი სახელიდან გამომდინარე. მაგრამ ჯერ კიდევ ძველმა სწავლულმა სტეფანე ბიზანტიონელმა (ახ.წ. VII ს.) უწყოდა, რომ აიეტ//აიეტესიდან კი არ წარმოდგა "აია", არამედ პირიქით, "აიადან" წარმოიშვა "აიეტესი".

მოგახსენებთ, რომ ავტორმა თავისი "წიგნი" გამოსცა 1971 წელს, თუმცა 1980 წელს უფრო მოზრდილი სახით მისი გამოქვეყნება კომპეტენტურ მეცნიერთა ჩარევით ჩაიშალა. მიუხედავად ამისა, ტურჩანინოვის "აღმოჩენის" თავისებური "რენესანსი" მოხდა ე.წ. აფხაზთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მორიგ "აღმავალ" ეტაპზე - 1989 წლიდან მოკიდებული, როცა სეპარატისტების გაზეთ "ბზიფში" მასზე ნარკვევი დაიბეჭდა. რა თქმა უნდა, ეს გარემოებაც ხელს უწყობდა აფხაზთა სეპარატისტული (ვითომდაც რევოლუციური) განწყობილების ამაღლებას.

კვლავაც გავიმეორებთ, რომ გეორგი ტურჩანინოვის ნასიბრძნი წმინდა წყლის აფერაა. და თუ იგი დღესდღეობით აფხაზ სეპარატისტ ისტორიკოსთა და მათ ფეხის ხმას აყოლილი მასის მიერ სერიოზულად აღიქმება, ეს გარემოება მხოლოდ სათანადო მენტალობაზე მიუთითებს - კერძოდ, 2007 წელს გამოქვეყნებულ აფხაზეთის ისტორიის სახელმძღვანელოშიც, ოლეგ ბღაჟბასა და სტანისლავ ლაკობას ავტორობით, ჩანს "მაიკოპის ქვის" ტურჩანინოვისეული "გაშიფვრა". აქედან გამომდინარე, აშკარაა მითოლოგიის დომინანტობა მეცნიერებაზე (ისტორიოგრაფიაზე).

გურამ ყორანაშვილი

ფილოსოფიურ მეცნიერებათა

დოქტორი, პროფესორი