რატომ იცნობდნენ საქართველოს უკეთ მე-17 საუკუნის ევროპაში, ვიდრე დღეს? - 1645 წელს შექმნილ რუკა-თამაშში ჩვენი ქვეყანაც ფიგურირებს - კვირის პალიტრა

რატომ იცნობდნენ საქართველოს უკეთ მე-17 საუკუნის ევროპაში, ვიდრე დღეს? - 1645 წელს შექმნილ რუკა-თამაშში ჩვენი ქვეყანაც ფიგურირებს

"მე-19 და მე-20 საუკუნეში საქართველო საერთოდ გაქრა ევროპისთვის. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ უკავშირდება სახელმწიფოებრიობის დაკარგვას. საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც სახელმწიფო გაუქმდა და რუსეთმა შეიერთა როგორც ტერიტორია, პროვინცია... საქართველო და ქართველები, ფაქტობრივდ, აღარსად ფიგურირებენ და ევროპას ორი საუკუნის განმავლობაში დაავიწყდა საქართველოს არსებობა. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენი ამოცანაა თავი შევახსენოთ ევროპას და ავუხსნათ, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანა კი არა, ის ქვეყანა ვართ, რომელსაც ძალიან კარგად იცნობდნენ წინა ეპოქაში".

"მსოფლიობანას თამაში" (Game of the World) დაახლოებით ასე შეიძლება ვთარგმნოთ 1645 წელს ფრანგი მეცნიერის პიერ დიუვალის მიერ შექმნილი ე.წ. რუკა-თამაში, რომელიც მე-17 საუკუნის საფრანგეთში მეტად პოპულარული იყო. თამაშის არსი გახლდათ ის, რომ რუკად დახატული ილუსტრაციები უნდა დაეჭრათ და გამოეცნოთ სად იყო ესა თუ ის ქვეყანა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მე-17 საუკუნეში შექმნილ რუკა-თამაშში საქართველოც ფიგურირებს. რუკაზე საქართვლო 32-ე წრედ არის წარმოდგენილი. რუკა-თამაშის ფოტო "ფეისბუქში" ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა. - ლაშა ბაქრაძემ გამოაქვეყნა. აი, რას წერს ბატონი ლაშა: "საქართველო (წრე 32) ფიგურირებს როგორც ერთერთი, სხვათა თანასწორი ქვეყანა (ის, რომ საქართველო ზღვიდან ზღვამდეა ნაჩვენები, თანაც ერთადერთი ქალაქით საუასტოპოლი ანუ სოხუმით, არაა მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ის, რომ შემქმნელისა და მოთამაშეთათვის ჩვენი ქვეყანა გეოგრაფიულ-პოლიტიკურ-კულტურული ცოდნის შემადგენელი ნაწილი იყო, იმ დუხჭირ დროსაც კი)...

როგორ დავაბრუნოთ საქართველო ევროპის და მსოფლიოს ცნობიერებაში?

როგორ მოვახერხოთ, რომ საქართველოს ხსენებაზე ასოციაცია მხოლოდ სოსო ჯუღაშვილი არ იყოს, ისიც უკეთეს შემთხვევაში".

გვეშაუბრება წიგნის - "ევროპული რუკები და საისტორიო წყაროები საქართველოს შესახებ (მე16 - მე-18 საუკუნეები)" ავტორი - გიორგი ლობჟანიძე:

- აბსოლუტურად ვიზიარებ ლაშა ბაქრაძის პათოსს. მე-17 საუკუნეში უფრო მეტად იყო ცნობილი საქართველო ევროპისთვის, ვიდრე დღეს. მე-19 და მე-20 საუკუნეში საქართველო საერთოდ გაქრა ევროპისთვის. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ უკავშირდება სახელმწიფოებრიობის დაკარგვას. საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც სახელმწიფო გაუქმდა და რუსეთმა შეიერთა როგორც ტერიტორია, პროვინცია... საქართველო და ქართველები, ფაქტობრივდ, აღარსად ფიგურირებენ და ევროპას ორი საუკუნის განმავლობაში დაავიწყდა საქართველოს არსებობა. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენი ამოცანაა თავი შევახსენოთ ევროპას და ავუხსნათ, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანა კი არა, ის ქვეყანა ვართ, რომელსაც ძალიან კარგად იცნობდნენ წინა ეპოქაში.

გიორგი ლობჟანიძის წიგნში შეტანილი საქართველოს რუკა

ვიცით, რომ მე-18 საუკუნეში, ევროპის პერიოდულ გამოცემებში საქართველოს შესახებ ინფორმაციები იბეჭდებოდა, მათ შორის ერეკლე მეორის გამარჯვებებაზე. მოკლედ, ევროპისთვის საქართველო ცნობილი ქვეყანა იყო და აქაურ მოვლენებს აქტიურად აშუქებდნენ. მე-19 საუკუნიდან მოყოლებული საქართველო ევროპის თვალთახედვიდან გაქრა და რუსეთმა ჩვენი ქვეყანა რეგიონის აღმნიშვნელი ტერმინით, ანუ კავკასიით ჩაანაცვლა, რომელსაც ეროვნულობის დატვირთვა არ ჰქონდა. კავკასია გეოგრაფიული ტერმინია და ის რომელიმე ეთნოსთან ან ეროვნებასთან ასოცირებული არ არის. ახლანდელი კავკასიის ტერიტორიას ევროპელები ადრე საქართველოდ მოიხსენიებდნენ. ამ რუკაზეც ვხედავთ, რომ გაცილებით ვრცელი ტერიტორიაა მოქცეული საქართველოს ფარგლებში. მე-17 საუკუნეში საქართველო ამხელა აღარ იყო, მაგრამ ევროპელების ცნობიერებაში საქართველო ძველ საზღვრებში რჩებოდა ისევ - ევროპა ჩვენს ქვეყანას ასე ხედავდა -შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე! რაც შეეხება სებასტოპოლისს, ეს იყო გენუელების დაარსებული სავაჭრო ფაქტორია და მე-13 - მე -16 საუკუნეებში ევროპელი ზღვაოსნებისთვის ყველაზე კარგად ნაცნობი ადგილი საქართველოში.…

- ამ რუკის მნიშვნელობაზე გვიამბეთ...

- ვინც ევროპულ კარტოგრაფიას იცნობს, მისთვის ცნობილია ე.წ. გეოგრაფიული შინაარსის სათმაშო, ბანქოს ქაღალდები. დახატული ილუსტრაციები უნდა გამოეჭრათ და თამაშის დროს გამოეცნოთ სად იყო ესა თუ ის ქვეყანა განთავსებული. კარტოგრაფი დიუვალი თავის დროზე საფრანგეთში საკმაოდ ცნობილი მეცნიერი გახლდათ. მე-17 საუკუნე ევროპული კარტოგრაფიის ოქროს ხანად მიიჩნევა. ამ დროს ძალიან დიდი მოცულობის კარტოგრაფიული პროდუქცია შეიქმნა. იმ დროს სამყაროს შესახებ ცოდნა ერთბაშად ძალიან ბევრი დაგროვდა, მათ შორის საქართველოზეც საკმაოდ სრულყოფილ ინფორმაციებს ფლობდნენ. საქართველოს შესახებ იმჟამინდელ ევროპულ გამოცემებში ძალიან ვრცელი მასალა მოიპოვება. ჩემს წიგნშიც ზუსტად ეს პერიოდი მაქვს განხილული და ამავე ავტორის სხვა რუკა მაქვს შეტანილი, რომელსაც აღწერაც ახლავს. კარტოგრაფები, გეოგრაფები და მწერლები ქმნიდნენ ისეთი ტიპის პროდუქციას, რომლებიც აკმაყოფილებდა მაშინდელი მოსახლეობის ინტერესს. იმ დროს კი ჩანს, რომ ინტერესი საქართველოს მიმართაც დიდი იყო.

გეოგრაფიული თვალსაზრისით, არც ეს რუკა და არც სხვა მსგავსი რუკები საქართველოს შესახებ არ არის მნიშვნელოვანი. რუკაზე მოცემული საზღვრებით იმჟამინდელი, რეალური ვითარების თაობაზე დასკვნას ვერ გამოვიტანთ,Aამიტომაც კარტოგრაფია კომპლექსურად უნდა გაანალიზდეს, როდესაც ვცდილობთ, რაღაც ინფორმაცია მივიღოთ ამ კარტოგრაფიული პროდუქციისგან.Gგანყენებულად არცერთი რუკა არ არის საინტერესო თუ კარტოგრაფიის ისტორიის კონტექსტში არ განვიხილავთ. ჩემს წიგნშიც ცალკე რუკები არ არის ისე მნიშვნელოვანი, როგორც იმჟამინდელი ევროპული საზოგადოების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. დამოკიდებულებიდან კი ჩანს, რომ მათ საქართველოს და ქართველების ყოფითი თავისებურებების შესახებ ბევრი რამ იცოდნენ.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)