დიდი მისტიფიკატორი სოლომონ აშორდია - ქართველი ფრენკ აბიგნეილი - კვირის პალიტრა

დიდი მისტიფიკატორი სოლომონ აშორდია - ქართველი ფრენკ აბიგნეილი

ქართველი ავანტურისტის, სოლომონ აშორდიას ამბავი მსოფლიოში ცნობილ გამყალბებელ ფრენკ აბიგნეილს გაგახსენებთ, რომელიც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. მისი ისტორია საფუძვლად დაედო სტივენ სპილბერგის ფილმს, სახელწოდებით "დამიჭირე, თუ შეძლებ", სადაც მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი ლეონარდო დიკაპრიო ასრულებს.

"სოლომონ აშორდია ნიჭიერი ქართველი თაღლითი გახლავთ, რომელსაც მსოფლიოს ისტორიული მისტიფიკატორების ნუსხაში საპატიო ადგილი უკავია. ყალბი საბუთების შედგენის სფეროში ყველაზე გამოჩენილი მოღვაწე იყო. XIX საუკუნის მიწურულს, მისი წყალობით, ქუთაისის გუბერნიის 2 ათასამდე მცხოვრებმა თავადისა და აზნაურის ღირსებები მიიღო... საქართველოდან გაქცევის შემდეგ, სოლომონმა თავისი ავანტიურისტული საქმიანობა იმდროინდელ რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ქალაქში განაგრძო. ყალბი საბანკო საბუთებით, თავის თანამზრახველებთან ერთად, რუსეთის ბანკებიდან დაახლოებით ხუთი მილიონი მანეთი გაიტანა. მის შესახებ საქართველოსა და რუსეთში არაერთი ლეგენდა და მითი არსებობდა. წინააღმდეგობრივი პიროვნება იყო: ერთი მხრივ თაღლითი და ავანტიურისტი და მეორე მხრივ კი - ქველმოქმედი, ყურადღებიანი, პირნათელი, რომელიც სხვისას არაფერს შეირჩენდა. სოლომონს ფათერაკებით აღსავსე ცხოვრება და საქმიანობა ჰქონდა", - ამბობს პროფესორი მალხაზ აშორდია, რომელიც ცნობილი ავანტიურისტის ძმის შვილიშვილია. მან წინაპარს წიგნი - "სოლომონ აშორდია - ზუგდიდელი ქართველი ავანტიურისტის თავგადასავლი" მიუძღვნა.

პირველი სიყალბე

გაკვეთილზე, თანაკლასელების თვალწინ, სოლომონს სუფთა ფურცელზე სამმანეთიანი დაუხატავს. შემდეგ კი ბაზარში წასულა და იმ "ფულით" ცხვარი უყიდია, რომელიც შინ მიუყვანია. მამა დიდხანს ცდილობდა გაეგო, საიდან ჰქონდა ფული. სოლომონი ატყუებდა, რომ სამმანეთიანი იპოვა. საბოლოოდ კი ეს ამბავი პოლიციას გაუგია, სადაც დაუბარებიათ კიდეც მამა-შვილი. მამისგან ხელწერილი აუღიათ, რომ მისი შვილი - სოლომონი მსგავს საქციელს აღარ გაიმეორებდა. მაშინ პოლიციას იოლად გადაურჩა, მაგრამ შინ მამისგან საკმაოდ მოხვდა...

სოლომონი უნიჭიერესი ადამიანი იყო. ბავშვობიდან კარგად ხატავდა, მღეროდა. ჰქონდა კარგი კალიგრაფია. ადვილად ამსგავსებდა სხვების ხელმოწერებს. ჩინებულად შეუსწავლია რუსული ენა - შეუცდომლად წერდა და კითხულობდა. ჰქონდა ახლის ათვისების საოცარი უნარი. კითხვაც ჰყვარებია. თურმე საშინლად განიცდიდა იმას, რომ სწავლა-განათლება ბოლომდე არ ჰქონდა მიღებული. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მის ოჯახს უჭირდა და სკოლის დამთავრების შემდეგ, მას მატერიალურად ვერ ეხმარებოდა. ამიტომ იძულებული გახდა, სამსახური დაეწყო. მუშაობდა ზუგდიდის სამაზრო სამმართველოში და პარალელურად, მომრიგებელ მოსამართლესთანაც მწერლად მსახურობდა...

პირველი დაპატიმრება

პირველი სერიოზული დანაშაული, რომლის გამოც სოლომონი გაასამართლეს, 1893 წლის ოქტომბერში ჩაიდინა. ამ წელს, 18 წლის სოლომონი ქუთაისიდან ზუგდიდში დაბრუნდა, სადაც მომრიგებელ მაჭავარიანის თხოვნით, გარკვეული დროით, მასთან სამუშაოდ დარჩა. საქმის არსი მდგომარეობდა შემდეგში: ზუგდიდის სოფლის საზოგადოების 18 კომლი გლეხი, 1863 წლის აღწერით, ჩაწერილი იყო სოფელ ზუგდიდში, ხოლო 1886 წელს შედგენილი საოჯახო სიებით - დაბა ზუგდიდის მცხოვრებლებად. ამის გამო ისინი, როგორც სოფლისა და როგორც დაბის მცხოვრებნი ორმაგ გადასახადს იხდიდნენ. ორმაგი გადასახადისგან გათავისუფლების მიზნით, აღნიშნულმა გლეხებმა 1893 წელს თბილისის სახაზინო პალატას თხოვნით მიმართეს, რათა ისინი დაბა ზუგდიდის მცხოვრებლებად ჩაერიცხათ. პალატამ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგანაც ამისათვის საჭირო იყო სოფლის საზოგადოების ყრილობის დადგენილება მათი ამ საზოგადოებიდან დათხოვნის შესახებ.

ზუგდიდის მაზრის პოლიციის სამმართველოს მოხელე,სოლომონის თანაკლასელი, ვინმე პლატონ ქარდავა ამ გლეხების მეზობელი იყო, რომელთა შორის ავტორიტეტით სარგებლობდა. მან გაავრცელა აზრი, თითქოს იცოდა მთავრობის ახალი დადგენილება, რომ მსგავსი ჩარიცხვისათვის არ იყო საჭირო სოფლის მცხოვრებ გლეხთა ყრილობის გადაწყვეტილება. ქარდავამ მათ გარკვეული საფასურის (15 მანეთი) სანაცვლოდ, დახმარება აღუთქვა. გლეხებს ეჭვი არ შეუტანიათ მის სიტყვებში, ისე დათანხმდნენ. პლატონმა ამ საქმეში დახმარება სოლომონს სთხოვა. 1893 წლის 31 ოქტომბერს სანიკიძის დუქანში მათ შეადგინეს სოფლის ყრილობის ორი ყალბი დადგენილება, ზუგდიდის სასოფლო საზოგადოების 321 გლეხის ყალბი ხელმოწერით. ტექსტებზე ხელი სხვადასხვა პირმა მოაწერა... სოლომონმა დანაშაული არ აღიარა...

ის ადგენდა ყველა სახის ყალბ საბუთს, რაც მისთვის დიდი შემოსვლის წყარო იყო... აზნაურების საქმესთან დაკავშირებით, სოლომონის დაკითხვას აწარმოებდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი კლევენსკი.

მისი განკარგულებით, სოლომონის მატარებელში დაპატიმრების მეორე დღესვე, 1900 წლის 22 იანვარს, სოლომონი ციხეში გადაიყვანეს, სადაც იგი წინასწარი გამოძიების დამთავრებამდე უნდა მჯდარიყო. სოლომონს ვერც კი წარმოედგინა, რომ ნაცნობ-მეგობრების თვალწინ ქუთაისი ფეხით უნდა გაევლო. მთელი ქალაქი იცნობდა და ყველა გაიგებდა მისი დაპატიმრების ამბავს. ამ საკითხზე პოლიცმაისტერ ლისოვსკისთან კამათის შემდეგ, სოლომონს დაუქირავებია ორი ეტლი და ყველა პოლიციელთან ერთად, ქუთაისის ციხეში გამგზავრებულა. 1900 წლის 26 აპრილს სოლომონს წაუყენეს ბრალდება - თავადაზნაურობის ყალბი საბუთების შედგენის გამო და პატიმრობა შეუფარდეს

ის როგორც საშიში დამნაშავე, ერთადგილიან, ნესტიან საკანში მოათავსეს, სადაც განსაკუთრებულად ფრთხილი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. აუკრძალეს გასეირნება, ნათესავებთან შეხვედრა და წიგნების კითხვა (მისთვის დასჯის უმაღლესი ფორმა ის იყო, რომ კითხვის საშუალებას არ აძლევდნენ). არაერთხელ სხვადასხვა ინსტანციის სახელზე შეიტანა თხოვნა-საჩივარი. ის ინტელექტუალური მონაცემების გამოყენებით, ყველანაირად ცდილობდა, ციხიდან თავის დაღწევას და თავისუფლების მოპოვებას. საჩივრების წერის პროცესი, შეიძლება ითქვას, მისთვის თავისუფლებისთვის ბრძოლის სულიერი გამოვლინება იყო. თავისუფლებისთვის ბრძოლის ასეთი შემართება დამახასიათებელი იყო მისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე. იგი საკუთარი თავგადასავლების შესახებ ჩანაწერებს აკეთებდა. ჩანაწერების დიდი ნაწილი დაიკარგა... მოკლედ, ქუთაისის ციხიდან თავდებით გათავისუფლების შემდეგ სოლომონი ზუგდიდში, მშობლების სახლში იყო. მაგრამ, მალე, ქუთაისის საოლქო სასამართლომ აზნაურების საქმის გამო, მისი კვლავ დაკავების შესახებ განკარგულება გამოსცა. მან იცოდა, რომ ამ საქმის გამოძიება რამდენიმე წელიწადს გასტანდა, ამიტომაც, მეორედ დაპატიმრების შიშით, 1902 წლის 9 ივლისს, ბათუმში საკუთარი დახრჩობის ამბავი გაითამაშა.

ზღვაში "დახრჩობის" ინსცენირება

სოლომონი გარკვეულ პირებს მოეთათბირა, მათ შორის ასლან-ბეგ აბაშიძეს, რომელმაც სპეციალურად შეარჩია კაცი, რომელმაც სოლომონის ტანისამოსი ჩაიცვა. მან, ხალხის დასანახად, ნაპირზე გაიხადა ტანსაცმელი და ზღვაში შევიდა. შემდეგ ისარგებლა სიბნელით და წყლიდან სხვა მხარეს შეუმჩნევლად ამოვიდა. სავარაუდოდ, ასლან-ბეგ აბაშიძის წინასწარი დავალებით, ბერძენმა მარულიდიმ პოლიციას ყურადღება მიაპყრობინა იმ ფაქტზე, რომ ზღვაში მობანავე ერთი ადამიანი აღარ ჩანდა. მას ზღვაში სოლომონის დახრჩობის ფონის შექმნა უნდოდა. თავად სოლომონი კი იმ დროს ბათუმიდან ფაეტონით გაემგზავრა და თურქი ახმედის დახმარებით, თურქეთში ნავით გადავიდა... თუმცა ეს ამბავი საიდუმლოდ მაინც ვერ დარჩა... მალე გამოჩნდა იმდროინდელი საგაზეთო სტატიები. "ჩერნომორსკი ვესტნიკი", კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა სოლომონის ზღავაში დახრჩობის ამბავს... ბათუმის ინციდენტის შემდეგ, აშორდიამ დატოვა საქართველო და გარკვეული პერიოდი თურქეთში ცხოვრობდა;

ყალბი პასპორტებით უცხო ქალაქებში

გამოგონილი გვარებით (დაახლოებით 15-20 გვარზე მაინც ჰქონდა მისივე ხელით დამზადებული ყალბი პასპორტი - ანანიევი, ზედგინიძე, ზახაროვი, თავზაროვი...) ის სხვადასხვა ქალაქში (სარატოვში, ყაზანში, ორენბურგში, კიევში) ცხოვრობდა. აშხაბადში ვინმე პორუჩიკ ანანიევის გვარით იყო ცნობილი. აშხაბადიდან ბაქოში წასულა, რომ იქიდან ირანში გამგზავრებულიყო, სადაც მრავლად ყოფილან ქართველები, რომლებიც პირველი "ამერიკული ტიპის" კაპიტალისტ აკაკი ხოშტარიასთან მუშაობდნენ... მისი შუა აზიიდან წამოსვლის მიზეზი ის იყო, რომ იმ ქართველებიდან მას ბევრი იცნობდა. ზოგმა აზნაურობის საქმეში მისი მონაწილეობის შესახებაც კი იცოდა. ამიტომ შიშობდა, რომ ისინი პოლიციაში დააბეზღებდნენ. ამიტომ იქაურობა დატოვა.

გაქცევა ბაქოს ციხიდან

1905 წლის 27 მარტს, ბაქოს ნავსადგურში, საფოსტო გემ "კნიაზ ბარიატინსკ"-ის სპარსეთში გამგაზვრების წინ, ნაბადსა და ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი სოლომონი სალაროსთან მივიდა და ბილეთის ურიგოდ აღებას შეეცადა. წესრიგისკენ მოუწოდეს. სოლომონმა ეს იუკადრისა და იქ მდგომებს აუწყა, რომ გადაცმული ოფიცერი იყო და ბილეთის აღება ურიგოდ ეკუთვნოდა. ამის მომსწრე უბნის ზედამხედველმა საბუთი მოსთხოვა. სოლომონმა ჟანდარმერიის როტმისტერ ვინმე ზედგინიძის სახელზე შედგენილი უვადო საბუთები წარუდგინა. ზედამხედველმა ბოდიში მოუხადა და წავიდა. გემის გასვლის შემდეგ, ზედამხედველთან შტურმანი - სპიროვსკი მისულა და უკითხავს - იცოდა თუ არა, ვინ იყო ის ქართველი. ზედამხედველს უპასუხია, რომ იგი ჟანდარმერიის როტმისტერიაო. შტურმანს სიცილით უთქვამს, რომ ის როტმისტერი კი არა, ცნობილი ყალბისმქნელი აშორდია იყო, რომელზედაც ძებნა იყო გამოცხადებული. ამის შემდეგ ლენქორანის მაზრის პოლიციის უფროსისთვის დეპეშა გაუგზავნიათ. იქაურ პოლიციას სოლომონი გემიდან ჩამოუსვამს და დაუკავებია. დაკავებისას სოლომონს პორუჩიკ ალექსი ანანიევის სახელზე ყალბი პასპორტი წარმოუდგენია, მაგრამ მაინც დაუპატიმრებიათ და ბაქოს ციხეში გადაუგზავნიათ... დაკითხვისას, კანტორაში, სოლომონის ყურადღება მიიპყრო ციხის ზედამხედველისადმი პოლიცმაისტერის ერთმა მიწერილობამ. მისი დანახვისთანავე, თავში ციხიდან გაქცევის აზრმა გაუელვა - დაჟინებით დააცქერდა ბლანკს, თანამდებობის პირთა ხელმოწერებს და გაქცევის გეგმაც გაიაზრა. მოძებნა ქაღალდი, მელანი და კონვერტი. მან 1905 წლის 6 აპრილს პოლიცმაისტერის თანაშემწე გრეჩკოვის სახელით პორუჩიკ ანანიევის გათავისუფლებაზე ყალბი მიწერილობა და დადგენილება შეადგინა, რომელიც შეცდომით, თითქოს, აშორდიასთან მსგავსების გამო დააპატიმრეს, და რომ აშორდიას მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო. სოლომონს როგორღაც მოუხერხებია, რომ წერილი ციხის ზედამხედველის კანტორაში დაეტოვებინა... ძალიან მალე ამ წერილის საფუძველზე ის ციხიდან გაათავისუფლეს.

გაზეთი "ივერია", 1905 წელი, 14 აპრილი, ხუთშაბათი, N53

"ახალი ამბავი"

გაგრძელება