"მშვიდად, თორემ ჩაგაძაღლებთ!" - კვირის პალიტრა

"მშვიდად, თორემ ჩაგაძაღლებთ!"

"მოსადის" საიდუმლო ოპერაცია ნაცისტი ჯალათის შესაპყრობად

ლოთარ ჰერმანი, გერმანიაში დაბადებული ებრაელი, 1935 წელს ნაცისტებმა დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. შემდეგ, ნაცნობების დახმარებით, თავი ჰოლანდიას შეაფარა, იქიდან კი არგენტინას მიაშურა.

ჰერმანი უსინათლო იყო, სმენა კი ჩინებული ჰქონდა. ერთხელ თავისი ქალიშვილის საუბარს მოჰკრა ყური: 12 წლის სილვია მეგობარს აღტაცებით უყვებოდა, ახალგაზრდულ კლუბში 16 წლის სიმპათიური გერმანელი ბიჭი, კლაუსი, გავიცანი, კლაუსი გვარად კლემენტია, თუმცა ამბობს, ნამდვილი გვარი აიხმანიაო. უსინათლო შეძრწუნდა. მას სმენოდა, რომ ებრაელების წამებაში გამორჩეული ნაცისტი ადოლფ აიხმანი არგენტინაში იმალებოდა. იქნებ მისი ქალიშვილის ნაცნობ ჭაბუკს ფაშისტ ჯალათთან ნათესაობა აკავშირებდა?

ადოლფ აიხმანის სახელი ყველა გერმანელი ებრაელისთვის იყო ცნობილი. გესტაპოს IV-B-4 განყოფილების უფროსი! სწორედ ამ განყოფილებას ევალებოდა ებრაელთა მასობრივი განადგურება, სწორედ ეს განყოფილება იდგა 5 მილიონზე მეტი ადამიანის მკვლელობის სათავეში...

ადოლფ აიხმანის სახელი ყველა გერმანელი ებრაელისთვის იყო ცნობილი. გესტაპოს IV-B-4 განყოფილების უფროსი! სწორედ ამ განყოფილებას ევალებოდა ებრაელთა მასობრივი განადგურება, სწორედ ეს განყოფილება იდგა 5 მილიონზე მეტი ადამიანის მკვლელობის სათავეში...

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აიხმანი ამერიკელმა სამხედროებმა დააპატიმრეს, მაგრამ გაქცევა მოახერხა და ყალბი პასპორტით არგენტინაში გადასახლდა. "მერსედესის" ადგილობრივ ქარხანაში მოეწყო, იყიდა სახლი და მეუღლესა და ოთხ შვილთან ერთად მშვიდად ცხოვრობდა. ალბათ, კიდევ მრავალი წელი უზრუნველად იცხოვრებდა და სიცოცხლეს ბუნებრივი სიკვდილით დაასრულებდა, რომ არა ერთი ებრაელი უსინათლოს მიერ შემთხვევით გაგონილი ფრაზა... ჰერმანმა თავისი ვარაუდი ბუენოს-აირესის ებრაელთა თემის წევრებს გაუზიარა. მალე ამ ინფორმაციამ ისრაელის დაზვერვის უწყებამდე, "მოსადამდე", მიაღწია. არგენტინაში არსებული ისრაელის სადაზვერვო ქსელი ჰერმანის ვერსიის შემოწმებას შეუდგა. დადგინდა, რომ 16 წლის კლაუს აიხმანის მამას მართლაც ადოლფი ერქვა, მაგრამ ეს უკანასკნელი ფოტოებზე აღბეჭდილ ცნობილ ნაცისტ ოფიცერს გარეგნულად მაინცდამაინც არ ჰგავდა. იმის იმედად, რომ ობიექტის იდენტიფიცირებისთვის ახალ მასალას მოიპოვებდა, "მოსადი" მას 24 საათის განმავლობაში უთვალთვალებდა.

1960 წლის 21 მარტს ბუენოს-აირესში აიხმანებმა დიდი წვეულება გამართეს. ეს დღე ნაცისტი ჯალათის ქორწინების 25-ე წლისთავს ემთხვეოდა. ისრაელის სპეცსამსახური დარწმუნდა, რომ ეს იყო მართლაც გესტაპოს მაღალჩინოსანი, რომელსაც 15 წელი უშედეგოდ ეძებდა... თუმცა, ისრაელს აიხმანის ექსტრადირების იმედი არ ჰქონდა. მამხილებელი მასალის წარდგენის შემთხვევაშიც კი არსებობდა ალბათობა, რომ გერმანელი ნაცისტებისადმი ლოიალურად განწყობილი არგენტინის ხელისუფლება ნაცისტ ჯალათს არც კი დააპატიმრებდა. სწორედ ამიტომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დავიდ ბენ-გურიონმა გესტაპოელის გატაცების საიდუმლო ბრძანება გასცა.

1960 წლის აპრილიდან "მოსადის" ოპერატიულმა თანამშრომლებმა არგენტინაში დაიწყეს თავმოყრა. გატაცების ოპერაცია უნდა დაემთხვიათ არგენტინის დამოუკიდებლობის 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონიისთვის, სადაც ისრაელის სამთავრობო დელეგაციაც მონაწილეობდა. გეგმის თანახმად, გატაცებულ აიხმანს დელეგაციის თვითმფრინავში მოათავსებდნენ.

29 აპრილისთვის არგენტინაში სპეცოპერაციის ყველა მონაწილე ჩავიდა. 30 მამაკაცს, რომელთაგან შვიდს აიხმანის გატაცება, დანარჩენ ოცდაორს კი მათი მხარდაჭერა ევალებოდა, "მოსადის" დირექტორი ისერ ჰარელი ხელმძღვანელობდა. რაზმი აღჭურვილი იყო სპეცტექნიკით, უახლესი იარაღით, ყალბი საბუთებით და მანქანის ნომრებით. ბუენოს-აირესში მათ რამდენიმე ბინა, კერძო სახლი და ავტომანქანა იქირავეს. გესტაპოს ჯალათი 11 მაისს უნდა აეყვანათ.

აიხმანი შინ, როგორც წესი, საღამოს 7 საათზე, საქალაქო ტრანსპორტით ბრუნდებოდა. იმ დღეს კი იგი ავტობუსში არ აღმოჩნდა. არც შემდეგი ავტობუსიდან ჩამოსულა, რომელიც ყოველ ნახევარ საათში მოდიოდა... ოპერაცია ჩაშლის პირას იყო. ორ მანქანაში მყოფი შვიდი ოპერატიული მუშაკი უკიდურესად ღელავდა. ზედმიწევნით გათვლილი გეგმა იმ საღამოს უნდა ჩატარებულიყო და თუკი ობიექტი არ გამოჩნდებოდა, მისი გატაცება გაურკვეველი ვადით გადაიწევდა... იქნებ ინფორმაციამ გაჟონა და აიხმანი მიიმალა? მოსადის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, კიდევ ნახევარი საათი დაეცადათ.

8 საათიც შესრულდა. "მერსედესის" ქარხნიდან მომავალი ტრანსპორტიც აღარ ჩანდა. ოპერმუშაკები წასვლას აპირებდნენ, რომ შორიდან ავტობუსი შენიშნეს. რამდენიმე წუთიც და, აიხმანიც დაინახეს. გესტაპოელმა ჯიბიდან ფარანი ამოიღო, აანთო და სახლისკენ მიმავალ ბილიკს მშვიდად გაუყვა.

- უკაცრავად, ბატონო! - ესპანურად მიმართა აიხმანს ჯგუფის ერთმა წევრმა. ნაცისტი შემობრუნდა და უცნობს მიაშტერდა. წამიც და, აგენტი ობიექტს ეძგერა, ხელი ამოუბრუნა და მიწაზე დაანარცხა. ამასობაში იქ სხვებიც გაჩნდნენ. დაბნეული აიხმანი ხელში აიტაცეს, მანქანაში შეაგდეს და ხელ-ფეხი შეუკრეს. "მშვიდად იყავი, თორემ ჩაგაძაღლებთ!" - ეს უკვე გერმანულად უთხრეს.

აიხმანი ქალაქის გარეუბანში, ვილაში მიიყვანეს... ტყვემ, რომელიც ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს, მაშინვე დაასახელა ნაცისტური პარტიის საკუთარი ბილეთის ნომერი - 889895, რომელიც მოსადის დოსიეში მითითებულ ციფრებს დაემთხვა. ეს ასპროცენტიანი მტკიცებულება იყო იმისა, რომ ებრაელ აგენტებს მართლაც IV-B-4 განყოფილების უფროსი ჰყავდათ მოტაცებული, თუმცა ოპერაციის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორს იყო...

შემდგომი ღონისძიებების გასატარებლად "მოსადის" შეფმა, ისერ ჰარელმა, ე.წ. მობილური შტაბი გამართა - მზვერავებმა მიიღეს ქალაქის იმ კაფეების სია, სადაც გარკვეულ დროს თათბირები უნდა გამართულიყო...

ამასობაში აიხმანი ვილაში საწოლზე ჰყავდათ ხელბორკილით მიბმული. მას მუდმივად დარაჯობდა მოსადის ერთი თანამშრომელი. გესტაპოელის მცველები მკაცრი მითითებებით მოქმედებდნენ: მათ ეკრძალებოდათ აიხმანთან საუბარი, ადგილობრივი პოლიციის შესაძლო ვიზიტის შემთხვევაში კი მზვერავებს ნაცისტი სხვა კონსპირაციულ ბინაში უნდა გადაეყვანათ. "მოსადთან" კავშირი კატეგორიულად უნდა უარეყოთ და თავი ისრაელელ მოხალისეებად გაესაღებინათ.

19 მაისს ისრაელის თვითმფრინავი ბუენოს-აირესში დაეშვა. ისერ ჰარელმა მობილური შტაბი აეროპორტის კაფეში გადაიტანა და ოპერაციის დასრულებამდე იქიდან გასცემდა განკარგულებებს. 20 მაისის საღამოს აიხმანი ნარკოტიკებით გააბრუეს, ისრაელელი მფრინავის ფორმა ჩააცვეს, აეროპორტში მიიყვანეს და მესაზღვრეებს ებრაელი პილოტის, რაფაელ არნონის პასპორტით წარუდგინეს. თავად არნონმა ერთი დღით ადრე ბუენოს-აირესში ავტოავარია მოაწყო, თავი განზრახ დაიზიანა და საავადმყოფოში მიიღო ცნობაც, სადაც ეწერა, რომ პაციენტს ფრენა მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით შეეძლო. ეს ცნობა გონებადაბინდულ აიხმანს ხელში დააჭერინეს და სასაზღვრო კონტროლი უპრობლემოდ გაატარეს. ბორტზე ასვლისთანავე თვითმფრინავმა გეზი ისრაელისკენ აიღო.

ოპერაცია ფილიგრანული სიზუსტით ჩატარდა, გაუჩინარებულ აიხმანს კი ამაოდ ეძებდა არგენტინის ხელისუფლება და ამ ქვეყანაში მცხოვრები ასობით გერმანელი ნაცისტი. მისი ამბავი მათ მხოლოდ 22 მაისს შეიტყვეს, როცა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დავიდ ბენ-გურიონმა საჯაროდ განაცხადა, ადოლფ აიხმანი დაკავებულია და მის ბედს ჩვენი სასამართლო გადაწყვეტსო. ამ ინფორმაციას არგენტინის მწვავე პროტესტი მოჰყვა. ინციდენტის განსახილველად გაეროს სპეციალური სხდომაც კი მოიწვიეს, მაგრამ ჯალათის დაბრუნებაზე ისრაელმა მტკიცე უარი განაცხადა.

სასამართლოზე აიხმანს ჰოლოკოსტში მონაწილეობა დაუმტკიცეს და 1962 წლის 31 მაისს სიკვდილით დასაჯეს. შემდეგ მისი გვამი დაწვეს, ფერფლი კი ხმელთაშუა ზღვაში გადაყარეს - ისრაელის ტერიტორიული წყლების მიღმა.

მიხეილ ჩერქეზია