"დაპატიმრებულია "ხალხის მტერი" ლავრენტი ბერია"! - "პენსნეიანი კაცის" აღსასრული
"დაპატიმრებულია "ხალხის მტერი" ლავრენტი ბერია"! - "პენსნეიანი კაცის" აღსასრული
28-02-2016
შეთქმულების ანატომია

("მისგან გასწორდეს ყოველი...")


1953 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ხელისუფლებაში ტრიუმვირატი - მალენკოვი-ხრუშჩოვი-ბერია მოვიდა. საბჭოთა კავშირში დაიწყო ლიბერალიზაციის პროცესი, რომელიც ისტორიაში "გალღობის" სახელწოდებით შევიდა. რუსეთი ხომ პოლიტიკური "კურიოზების" ქვეყანაცაა. პოსტსტალინური ეპოქის პირველ რეფორმატორადაც არა რომელიმე მეცნიერი, არამედ ლავრენტი ბერია მოგვევლინა. (ფოტოგალერეა)

როგორ ატყუებდა ჭკუაში ბერია დასავლეთს
ბერია არა მხოლოდ პროფესიონალი ჩეკისტი იყო, არამედ ანალიტიკური აზროვნებითაც გამოირჩეოდა. ის არა მხოლოდ უნიკალურ ინფორმაციებს ფლობდა, არამედ მათი საშუალებით სათანადო დასკვნების გამოტანის უნარსაც. ბერია ხედავდა, რომ საბჭოთა იმპერიას მოდერნიზაცია ესაჭიროებოდა. დასავლეთი გერმანიის დაზვერვის მაშინდელი უფროსი რაინჰარდ გელენი ამასთან დაკავშირებით აღნიშნავდა: "ბერიას საქმიანობას თვალს უდიდესი ყურადღებით ვადევნებდი. მისი გეგმა მართლაც გაბედული და შორს მიმავალი იყო. მეც ანალიტიკოსებს მოვთხოვე: ფაქტები საკმაოდ გამაჩნია, თქვენ, ჩემო კარგებო, თუ შეიძლება უმოკლეს ვადაში წარმომიდგინეთ დასკვნა, უქმნის თუ არა ბერიას გეგმები საფრთხეს ევროპასა და კერძოდ, გერმანიას".

1966 წელს გელენმა ინტერვიუ მისცა პრესას, სადაც დაზვერვის შეფი აღნიშნავდა, რომ ბერიამ ზუსტად დაიჭირა საბჭოთა რეჟიმის უმთავრესი სისუსტეები: პარტაპარატი, რომელიც იმ დროისთვის უკვე გადაიქცა პარაზიტად სახელმწიფოს სხეულზე; ზედმეტად ცენტრალიზებული ეკონომიკა და ეროვნული ჩაგვრა. ბერია სწორედ ამის აღმოფხვრას შეეცადა. ამას გარდა, ხვდებოდა, რომ დასავლური მოწინავე ტექნოლოგიების მოზიდვის გარეშე რუსეთის იმპერიის მოდერნიზება ჩაიშლებოდა. გელენის თქმით, ბერიამ მჭიდრო კავშირი დაამყარა დასავლეთ ევროპის ანტიამერიკულ ძალებთან, მათთან, ვინც მხარს უჭერდა რუსეთთან ვაჭრობის გაფართოებასა და ევროპიდან ამერიკელთა წასვლას.

ბერიამ რეფორმატორული გეგმა 1953 წლის მარტში ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომაზე წარმოადგინა. ეს გეგმა მართლაც მასშტაბური და გაბედული იყო. გეგმაში ნათქვამია, რომ უნდა მოხდეს უკანონოდ რეპრესირებულთა რეაბილიტაცია, შესუსტდეს საპასპორტო რეჟიმი, გაუქმდეს სამეურნეო სტრუქტურებზე პარტიული კონტროლი. ისტორიკოსი როი მედვედევი აღნიშნავს, რომ ბერიას სურდა იგივე, რაც მოგვიანებით პერესტროიკის ავტორ მიხაილ გორბაჩოვს. მეტიც, მისი შეფასებით ბერიას ეკონომიკური პროგრამა უფრო კონკრეტული, მასშტაბური და გაბედული იყო, ვიდრე გორბაჩოვისა, თუმცა ბერია არც კი შეხებია პოლიტიკური პლურალიზმის თემას, რადგან მიაჩნდა, რომ ეს ქვეყანას დაანგრევდა.

ბერიას საგარეო პოლიტიკის სფეროშიც საყურადღებო პოზიცია ჰქონდა. მისი აზრით, ე.წ. მოძმე სოციალისტურ ქვეყნებში კომუნისტური დიქტატურა შედარებით ზომიერ რეჟიმებს უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა ეს ქვეყნები მოსკოვის ორბიტაში უნდა დარჩენილიყვნენ. სწორედ ბერიას მხარდაჭერით დაიკავა უნგრეთის პრემიერის პოსტი რეფორმატორმა იმრე ნადმა. ლავრენტი პავლეს ძე იუგოსლავიასთან ურთიერთობის აღდგენასაც მოითხოვდა, ყველაზე საინტერესო კი მისი პოზიცია გერმანიასთან დაკავშირებით იყო. ბერია მიიჩნევდა, რომ ე.წ. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა (გდრ) ანაქრონიზმს წარმოადგენდა, ამიტომ გაცილებით მომგებიანი იქნებოდა ერთიანი დემოკრატიული და ნეიტრალური გერმანიის შექმნა, სადაც არც რუსული და არც ამერიკული ბაზები არ იქნებოდა. გერმანიის დაზვერვის უფროსის, გელენის შეფასებით, გერმანიის გაერთიანების ბერიასეული სქემა სინამდვილეში ხაფანგი იყო. ნეიტრალური ერთიანი გერმანიის შექმნა და ამერიკული ბაზების გატანა ბიძგს მისცემდა მსგავს პროცესებს იტალიასა და საფრანგეთში. შემდგომში ეს სკანდინავიის ქვეყნებზეც გავრცელდებოდა და ამერიკის შეერთებული შტატები ევროპაში ერთადერთი მოკავშირის, ინგლისის ამარა რჩებოდა.

პარტაპარატის ძალაუფლების შეზღუდვა, ეროვნული ჩაგვრის შენელება და
მოწინავე დასავლური ტექნოლოგიების მოზიდვა - აი, ასეთი გახლდათ ბერიას გეგმები საშინაო პოლიტიკაში. საგარეო პოლიტიკაში კი იგი ევროპიდან ამერიკელთა გაძევებასა და ევროპის ე.წ. ფინეთიზაციას ესწრაფოდა. გერმანელმა ანალიტიკოსებმა მოკლე და ლაკონიური დასკვნა წარუდგინეს გელენს: ბერიას რეფორმები საფრთხეს უქმნის როგორც გერმანიას, ისე მთელ ევროპას.

შეთქმულების მიზეზები

ლავრენტი ბერიას რეფორმატორულმა პროგრამამ პარტაპარატი საგონებელში ჩააგდო. თავად ბერიამ ამას ანგარიში არ გაუწია. ამერიკელი ისტორიკოს არმსტრონგის აზრით, ბერიამ გამარჯვება ნაადრევად ირწმუნა, ამიტომ არავის მოერიდა და მეორე არანაკლებ გამაღიზიანებელი ნაბიჯი გადადგა. 1953 წლის 12 ივნისს საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმი ბერიას მოხსენების საფუძველზე შემდეგ გადაწყვეტილებას იღებს:
1. პარტიულ და სახელმწიფო ორგანოებს დაევალოს ნაციონალურ რესპუბლიკებში მდგომარეობის ძირეული შეცვლა, ბოლო მოეღოს ლენინური ეროვნული პოლიტიკის დამახინჯებას.
2. დაჩქარდეს ადგილობრივი ეროვნებების წარმომადგენელთა მომზადებისა და ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნის პროცესი. ნომენკლატურული მუშაკები, რომლებმაც ადგილობრივი ენა არ იციან, გამოხმობილ იქნენ სკკპ ცეკას განკარგულებაში.
3. ნაციონალურ რესპუბლიკებში საქმის წარმოება გადავიდეს ადგილობრივ ენაზე.
არმსტრონგის მოსაზრებით, საბჭოთა კავშირისთვის ეს მართლაც ჰაერივით აუცილებელი იყო, თუმცა ამ გადაწყვეტილებათა დაჩქარებულად მიღებამ რუსების ველიკოდერჟავული გრძნობები შელახა. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებამ ხომ რუსული შოვინიზმი ძალიან გააძლიერა. ამიტომ ბერიას ამ ნაბიჯმა მხოლოდ მისი აღსასრული დააჩქარა. "ბერიას რომ თავისი პროგრამა განეხორციელებინა, ასგზის სტალინი უნდა ყოფილიყო", - წერს ცნობილი ისტორიკოსი და სოვეტოლოგი აბდურაჰმან ავტორხანოვი.
თუმცა რეალური მიზეზი მაინც ის იყო, რომ პარტაპარატმა ბერიას სახით დაინახა პერსონა, რომელიც ძალაუფლებასა და პრივილეგიებს ეცილებოდა. აპარატიც ხრუშჩოვის გარშემო დაირაზმა და ნიკიტა სერგეევიჩი ბერიას წინააღმდეგ შეთქმულების უმთავრესი ორგანიზატორი გახდა.

დაპატიმრება
ბერიას წინააღმდეგ შეთქმულება დიდხანს და გულმოდგინედ მზადდებოდა. ბოლო, გადამწყვეტ ფაზაში ის 1953 წლის ზაფხულში შევიდა. მაშინ გდრ-ში ანტიკომუნისტურმა აჯანყებამ იფეთქა და ბერია სასწაფოდ გაემართა მის ჩასაქრობად. ლავრეტი პავლოვიჩის არყოფნისას ხრუშჩოვმა უკანასკნელი სამზადისი დაასრულა. ზოგიერთები ხრუშჩოვს ოპერაციაში ჟუკოვის ჩართვას ურჩევდნენ, მაგრამ ხრუშჩოვი ყოყმანობდა.
ოპერაციაში ჟუკოვის ჩართვას ხრუშჩოვს მისი ძველი მეგობარი, მარშალი მოსკალენკოც ურჩევდა. ხრუშჩოვი მაინც ყოყმანობდა. ნიკიტა სერგეევიჩმა იცოდა, რომ ჟუკოვს ბერიასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ისიც მოეხსენებოდა, რომ ჟუკოვი მას დასცინოდა და მეგობრების წრეში კლოუნს უწოდებდა. ბოლო მომენტამდე იყოყმანა ხრუშჩოვმა. მოსკალენკო კი დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ არმიის მხარდაჭერის გარეშე ბერიას ვერ მოერეოდნენ და რომ ჟუკოვის ავტორიტეტი არმიაში შეურყეველი იყო. ბოლოს და ბოლოს, ხრუშჩოვი დაყაბულდა. ნიკიტა სერგეევიჩი მიხვდა, რომ ჟუკოვის გარეშე მართლაც ვერაფერს გახდებოდნენ. მიუხედავად ამისა, ჟუკოვს იარაღი არ ანდეს. ოპერაციაშიც უკანასკნელ მომენტში ჩააბეს. სხვა სამხედროები კი შეიარაღებული იყვნენ.

1953 წლის 26 ივნისს თვითმფრინავი, რომელშიც ბერია იჯდა, მოსკოვში დაეშვა. ბერიას განუცხადეს, რომ ცეკას პლენუმი ეწყობოდა და ისიც აეროპორტიდან პირდაპირ პლენუმზე გაემართა. სინამდვილეში ეს მახე იყო.

სხდომა დაიწყო თუ არა, მალენკოვის თანაშემწე სუხანოვმა მეორე ოთახში დადარაჯებულ სამხედროებს პირობითი ნიშანი მისცა. იარაღმომარჯვებული სამხედროები ოთახში შემოცვივდნენ. გაისმა მჭექარე ხმა: - ხელები მაღლა! მარშალმა მასკალენკომ ბერიას იარაღი პირდაპირ შუბლზე მიადო, მალენკოვმა კი წარმოთქვა:
- მოქალაქე ბერია, თქვენ დაპატიმრებული ხართ!
ლავრენტი ბერიას წინააღმდეგობა არ გაუწევია, ხელები მორჩილად ასწია. ჟუკოვმა კარგი მაძებარივით ჯიბეები მარდად დაუჩხრიკა.
- გაიყვანეთ! - გასცა განკარგულება მალენკოვმა.
სამხედროებმა ბერია გაიყვანეს.

წყალწაღებულის ხავსი...
მეორე დღეს საბჭოთა გაზეთებში დაიბეჭდა ცნობა, რომ დაპატიმრებულია "ხალხის მტერი" ლავრენტი ბერია. მას ბრალი დასდეს აშშ-ის, ინგლისის, გერმანიისა და იუგოსლავიის(!) სასარგებლოდ ჯაშუშობაში. არაერთი კოლეგის მსგავსად, ბერიამ საკუთარ ტყავზე იწვნია ის, რასაც აქამდე სხვებს უკეთებდა.

ხრუშჩოვი და მისი თანამოაზრენი ბერიას დაპატიმრების შემდეგაც თავს მშვიდად ვერ გრძნობდნენ. კანონის თანახმად, ლავრენტი შინსახკომის ციხეში უნდა მოეთავსებინათ. ხრუშჩოვს ამისი ეშინოდა, იქაურობა ბერიას აგენტურითაა სავსე და გაგვექცევაო. ამიტომ ბერია მოსკოვის სამხედრო ოლქის სპეციალურ ბუნკერში მოათავსეს. მას არა ჩეკისტები, არამედ სამხედროები დარაჯობდნენ.
წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, - ნათქვამია. ბუნკერში გამომწყვდეული ლავრენტი ბერია კარგად ხვდებოდა, რომ წააგო, საბჭოთა კავშირში კი წაგებულებს ხვრეტდნენ. ბერიაც წერილებს წერდა ხრუშჩოვს, მალენკოვს, მოლოტოვს. ემუდარებოდა, ეპატიებინათ და გაეთავისუფლებინათ. მალენკოვს ბერიამ სთხოვა მოხუცი დედის და ცოლ-შვილის მიხედვა. წერილებზე პასუხი მას არ მიუღია. ფაქტობრივად, ეს უკვე მიცვალებულის წერილები იყო, ამა ქვეყნის ძლიერთ ლავრენტი პავლოვიჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ.

აღსასრული

ოფიციალური ვერსიით, ლავრენტი ბერია დახურულმა სასამართლომ გაასამართლა და დახვრეტა მიუსაჯა. ბევრი მკვლევარი ამას ეჭვქვეშ აყენებს. აბდურაჰმან ავტორხანოვი მიიჩნევს, რომ ლავრენტი ბერია არ ესწრებოდა სასამართლოს, რადგანაც იგი უკვე კარგა ხნის დახვრეტილი იყო. ამ მოსაზრების გაბათილება ან დადასტურება შეუძლებელია. სამაგიეროდ, შეგვიძლია ზუსტად აღვადგინოთ ბერიას უკანასკნელი წუთები. ამის თაობაზე მოგვითხრობს მაიორი ხიჟნიაკი, რომელიც მას მოსკოვის სამხედრო ოლქის ბუნკერში დარაჯობდა. ხიჟნიაკი გაზეთ "მოსკოვსკი კომსომოლეცისადმი" მიცემულ ინტერვიუში დაწვრილებით ყვება, როგორ დაამაგრეს ვეებერთელა ფარი, როგორ მიაბეს ზედ ხელებით ბერია.
"დახვრეტას ესწრებოდნენ შვერნიკი, მიხაილოვი და კიდევ რამდენიმე ამხანაგი. განაჩენი კი გენერალ ბატიცკის უნდა აღესრულებინა", - ამბობს ხიჟნიაკი.
მაიორი ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც ბერია ფარზე ხელებით მიაბა. ხიჟნიაკმა დააპირა, მისთვის თვალები აეხვია.
- არ გინდა, - უთხრა ბატიცკიმ, - დაე თვალხილული მოკვდეს.
ხიჟნიაკმაც პირსახოცი მოხსნა. ამ დროს თვალზე ბერიას ცრემლი ჩამოუგორდა და ხიჟნიაკს ხელზე დაეცა. მაიორს უნებლიეთ გული შეეკუმშა, შეეცოდა ეს სასიკვდილოდ განწირული კაცი, ახლა ფარზე ასე უმწეოდ და საცოდავად რომ ეკიდა.
- აბა! - წარმოთქვა ბატიცკიმ, - დროა!
ხიჟნიაკმა და სხვებმა უკან დაიხიეს. გენერალმა ბატიცკიმ რევოლვერი შემართა. გაისმა გასროლა. ბერიამ ამოიკვნესა და ფარზე ჩამოეკიდა. ექიმმა სიკვდილი დააფიქსირა.
- ბერიას სხეული ბრეზენტში გაახვიეს, - ყვება ხიჟნიაკი, - ამ დროს გული წამივიდა. ის ცივი წყლით მოასულიერეს. გონს მოსულს გენერალი ბატიცკი რუსული გინებით გაუმასპინძლდა.

ეპილოგი

"საბრალონი არიან ისინი, ვინც სამშობლოსთვის ბრძოლას დამპყრობლის სამსახურში გადიდკაცებას ამჯობინებს. ასეთებს თავად მისივე პატრონები გამოიყენებენ და შემდეგ გაუსწორდებიან. შთამომავლობა კი დასწყევლის", - წერს ბულგარელი მწერალი ივან ვაზოვი. ბერიამაც დამპყრობლის სამსახურში გადიდკაცება ამჯობინა და რუსეთს მართლაც უდიდესი სამსახური გაუწია. სანაცვლოდ ბედმა სამარცხვინო სიკვდილი არგუნა. ქართველმა ერმა ლავრენტი ბერიას მოღალატე უწოდა.

იხილეთ ფოტოგალერეა: ლავრენტი ბერიას კარიერა და... ოჯახი

ჟურნალი "ისტორიანი", 2012 წლის ოქტომბერი, #10/22
(ავტორი: ნიკა თევზაძე)

თუ გსურთ გაეცნოთ ისტორიულ მასალებს, მოიწონეთ ჟურნალ "ისტორიანის" გვერდი "ფეისბუკში"
ისევ მე
08 ივნისი 2016 01:53
,,სამშობლოსთვის ბრძოლას დამპყრობლის სამსახურში გადიდკაცებას ამჯობინებს.” - ისა და ... სამშობლოსათვის როგორ უნდა ებრძოლა? უნიათო ჟორდანიას მთავრობას საფრანგეთში გაჰყოლოდა და იქ ეშიმშილა?
სტალინის ორ შეცდომას ვაღიარებ: ხრუშჩოვი რომ არ დახვრიტა და თურქეთი რომ არ გააწითლა!
gio
27 აპრილი 2016 13:58
agmashenebel || xom gyavdat da tashi magrad daukarit shadrevnebi da stadionebi rom agishenat. patara eri vart da kidev didxans viqnebit romelime didi qveynis mona.
სხვა სიახლეები
ფრანც ლოიო: "თქვენი ფოტო ყოველთვის ჩემთან დარჩება. როცა 1949 წელს პოლონეთის საზღვრიდან აღმოსავლეთ გერმანიაში გადავედით, უკანასკნელად გაგვჩხრიკეს. ფოტო ქუდში დავმალე და დღემდე ჩემთან არის..."

ფრანც ლოიომ საქართველოში ჩამოსვლა ვეღარ შეძლო. ნინოს მან წერილთან ერთად ფოტოსურათი გამოუგზავნა: "ჩემი ახლანდელი სახე აღარც ისე მიმზიდველი­ა, ძველი კი სამუდამოდ დაივიწყეთ!"…
დაწვრილებით...
"სახელმწიფოს მტერი უკვალოდ უნდა გაქრეს!"

"საქართველოში 1921-1954 წლებში დაახლოებით 19 000 კაცი დახვრიტეს"
დაწვრილებით...
დიდი ადამიანების შთამომავლებს თითქოს ბედისწერა წინაპრისთვის ნაბოძებ ნიჭსა და დიდებას ამადლის, ტკივილებით აზღვევინებს და სამზეოზეც გულსატკენად მცირე ადგილს უტოვებს.
დაწვრილებით...
ქართველ მგოსან აკაკი წერეთელსა და ნოვატორ მამულიშვილს, ნიკო ნიკოლაძეს, ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. თავის დროზე ნიკო ნიკოლაძის ბაბუა, მამუკა ნიკოლაძე, აკაკი წერეთლის დედის, ეკატერინე აბაშიძის მშობლების ყმა ყოფილა. თურმე აკაკი ხშირად ოხუნჯობდა, მე და ნიკოს ბატონყმური ნათესაობა გვაკავშირებსო.
დაწვრილებით...
ტერ­მე­ნის ყვე­ლა­ზე ფარ­თოდ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი გა­მო­გო­ნე­ბა - მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი - ტერ­მენ­ვოქ­სი (1919-20) იყო
დაწვრილებით...
აისედორა დუნკანი - ქალღმერთში ჩაბუდებული სიკვდილი...
დაწვრილებით...
გარდა ამისა, დადგინდა, რომ ტალიდომიდის გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად ცხოველები არ იღუპებოდნენ, რამაც მეცნიერები მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ წამალი უსაფრთხო იყო.
დაწვრილებით...
1919 წლის 14 მა­ისს ტფი­ლი­სის რუ­სუ­ლე­ნო­ვან­მა გა­ზეთ­მა "გრუ­ზი­ამ" კრი­მი­ნა­ლუ­რი ქრო­ნი­კის სვეტ­ში ერ­თი პა­ტა­რა ინ­ფორ­მა­ცია და­ბეჭ­და, რო­მე­ლიც გა­ტა­ცე­ბას ეხე­ბო­და. მა­შინ ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია თით­ქ­მის ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნას წარ­მო­ად­გენ­დ
დაწვრილებით...
"ახმეტელისა და წულუკიძის შეუღლების წინააღმდეგ წავიდნენ ახმეტელის უახლოესი მეგობრები"
დაწვრილებით...
ქირავდება ბინა ბათუმში. ბინა წარმოადგენს
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
ქირავდება ბინა, ბინაშია ყველაფერი, პირველადი
იყიდება კეთილმოწყობილი, კაპიტალური ორ სართულიანი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები