"6 ტყვია ჰაერში გაუსვრია... შენს მკვლელს 24 საათში უკან მოგაწევო" - ვინ იყვნენ გურული ფირალები - კვირის პალიტრა

"6 ტყვია ჰაერში გაუსვრია... შენს მკვლელს 24 საათში უკან მოგაწევო" - ვინ იყვნენ გურული ფირალები

ფირალი არაბული სიტყვაა და გაქცეულს ნიშნავს. ძველად გურია განთქმული გახლდათ ფირალებით. ისინი ლამის მითურ პიროვნებებად იქცნენ, მათზე შექმნილი ლექსები და სიმღერები კი ფოლკლორისა და ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილი გახდა... საქართველოში მარქსისტული იდეოლოგიის გავრცელების შემდეგ სჯიდნენ ყველას, ვინც ამ იდეებს არ იზიარებდა.

მათი დევიზი იყო: "მე დედას მოვკლავ, დავახრჩობ მამას, თუ რევოლუცია მიბრძანებს ამას". თუ კომიტეტი ვინმეს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდა, ის აუცილებლად უნდა აღსრულებულიყო. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სამჯერ გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი და სამჯერვე გადარჩა, ფირალი დათიკო შევარდნაძე (1875-1909) გახლდათ. ბრწყინვალე მსროლელი ვერავინ მოიხელთა. როგორც ამბობენ, ტყვიას ტყვიაში სვამდა.

დათიკო შევარდნაძე

"კვირის პალიტრის" არქივი ინახავს ინტერვიუს ოზურგეთის რაიონის სოფელ კვირიკეთში ცნობილი ფირალის, მელქიზ გუნთაიშვილის ოჯახის წევრთან, 83 წლის ნელი გუნთაიშვილთან, რომელმაც სახელგანთქმული წინაპრის შესახებ საინტერესო ამბები გვიამბო.

- მელქიზ გუნთაიშვილი ჩემი ქმრის ბიძა იყო. მაშინ ქვეყნის სათავეში ბოლშევიკები იყვნენ და ფირალების ოჯახებს ძალიან ავიწროებდნენ. მელქიზ გუნთაიშვილი ყაჩაღად პირველად ე.წ. ნიკოლოზის დროს გავიდა, მეორედ - საბჭოთა ხელისუფლებისას. მელქიზი ყაჩაღი არ იყო, ის ბოროტებას არ ჩაიდენდა.

მაშინ ისეთი ყაჩაღებიც იყვნენ,  ღარიბ ხალხს რომ შეუთვლიდნენ, ამაღამ ძროხა დაკალი, საქეიფოდ მოვდივართო (ასეთები არ იყვნენ სისონა დარჩია, დათიკო შევარდნაძე...). საბჭოთა ხელისუფლება რომ დამყარდა, ბოლშევიკურმა მთავრობამ მელქიზი შემოირიგა და ჩაქვში კომისრად დანიშნა. საკუთარი კაბინეტიც ჰქონდა და ფაეტონიც ჰყავდა.

ჩემს მამამთილს, აპოლონს, ოთხი  ძმა - მელქიზი, სამსონი, გრიგოლი, ბიქტორი და ერთი და, ესმა, ჰყავდა. აპოლონს სტალინთან სურათიც კი ჰქონდა გადაღებული. სამწუხაროდ, ეს სურათი ვერ შემოვინახეთ.

დედმამიშვილებში სამსონი გამოირჩეოდა  სილამაზითა და ვაჟკაცობით. "პარაბელუმს" ატარებდა, რომელიც მსხვილი ოქროს ჯაჭვით გულზე ჰქონდა დაკიდებული (მელქიზი ირკუტსკში იყო გადასახლებული და იქიდან ჩამოუტანა ძმას ოქროს ჯაჭვი). სამსონმა ისეთი სიმღერა იცოდა, ხალხი სულგანაბული უსმენდა.

სტატიის მთავარ ფოტოზე მარჯვნივ: სისონა დარჩია

კითხვის გაგრძელება