ქართული წარწერები ქრისტეს საფლავზე - კვირის პალიტრა

ქართული წარწერები ქრისტეს საფლავზე

"გოლგოთის სამლოცველოს ქართული საძმო ფლობდა და წარწერები იქ მოღვაწე ბერებისგანაც დარჩა"

"საინტერესოა ის ფაქტი, რომ უფლის საფლავის შესასვლელ კარიბჭეზე ტოვებდნენ ქართველები წარწერებს. სხვაგან იმ პერიოდის, ასეთი სიხშირით გაკეთებული ქართული წარწერები ვერ აღმოვაჩინეთ. მხოლოდ სამხრეთის კედელზე, ისიც კარიბჭეზეა დატოვებული. რამდენიმე მლოცველის წარწერა მეორდება წმინდა მიწის სხვა ეკლესიაზეც..." - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს აღნუსხვა- დოკუმენტირების სამსახურის უფროსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გიორგი გაგოშიძე უფლის საფლავის ქართულ წარწერებზე გვიამბობს:

- უფლის საფლავი მრავალჯერ არის გადაკეთებული. მოგეხსენებათ, იერუსალიმი ჯვაროსნებმა აიღეს და მეთორმეტე საუკუნეში, ფაქტობრივად, თავიდან ააშენეს უფლის საფლავის ეკლესია... რაც შეეხება წარწერებს, ოცამდე ქართული წარწერაა უფლის საფლავის სამხრეთით კარიბჭეზე. ქართული წარწერები კარიბჭის შემამკობელ მარმარილოს სვეტებზეა და ყველა მათგანი წაკითხულია. გაკეთებულია ასლები და ნაწილობრივ გამოქვეყნებულია, ასევე გამოიცემა დიდ წიგნად, რომელიც ახლა მზადდება, სათაურით:  "წმინდა მიწის ქართული წარწერები".

უფლის საფლავის ქართული წარწერები გაერთიანდება წმინდა მიწის დანარჩენ სხვა ქართულ წარწერებთან და დაახლოებით ასამდე წარწერა გამოვა. უფლის საფლავის ქართულ წარწერები უმეტესად მლოცველთა მინაწერებია, როგორც პილიგრიმების, ასევე ადგილობრივი ქართველი ბერების. უფლის საფლავზე, გოლგოთის სამლოცველოს ქართული საძმო ფლობდა და წარწერები იქ მოღვაწე ბერებისგანაც დარჩა.

წარწერების ქრონოლიგია დაახლოებით მე-13 - მე-16 საუკუნეებს მოიცავს და ჩემამდე ნანახი ჰქონდა ალექსანდრე ცაგარელს, შემჩნეული ჰქონდა ტიმოთე გაბაშვილს, რომელმაც მე-18 საუკუნეში იმოგზაურა იერუსალიმში. შემჩნეული ჰქონდა ასევე პილიგრიმს, ლავრენტი ოკრიბელს... თუმცა ამოკითხული იყო მხოლოდ ის ქართული წარწერები, რომლებიც დღეს აღარ არსებობს. მაგალითად, ლეონ კახთა მეფის და იოაკიმ ჯვარის მამის წარწერა, რომელიც გაკეთებული იყო გოლგოთის საპატრარქო ტახტზე და მე-19 საუკუნის დასაწყისში, 1808 წელს მომხდარი ხანძრის დროს განადგურდა. ამ წარწერის შესახებ მხოლოდ ტიმოთე გაბაშვილის და ლავრენტი ოკრიბელის ცნობებით ვიცით.

- უფლის საფლავზე ქართული წარწერები რა შინაარსისაა?

- ძირითადად ყველა მათგანი მაცხოვარს შეწყალებას სთხოვს. მაგალითად, კარიბჭეზე ასეთი წარწერაა: "საფლავო ქრისტესაო, შეიწყალე სოფრონი". საინტერესოა ქართველი პილიგრიმების თუ ადგილობრივი ბერების იდენტიფიკაცია... ვინმე სოფრონი კიდევ წერს იერუსალიმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის კედელზეც. ისტორიულ წყარებში იხსენიება ვინმე საბაყოფილი სოფრონი, შესაძლებელია იგივე სოფრონი იყოს, რომელმაც უფლის საფლავზე დატოვა წარწერა...

არის კიდევ წარწერა ვინმე ნიკოლოზ გრძელის, რომელიც, სავარაუდოდ, მე-13 - მე-14  საუკუნით თარიღდება. ნიკოლოზ გრძელს სვეტის ერთ-ერთ ბაზაზე აქვს მიწერილი, ის ასევე იხსენიება წმინდა მიწაზევე მდებარე ბეთლემის მონასტრის სვეტის წარწერებში. იქ მას რამდენჯერმე აქვს წაწერილი... ის შესაძლებელია ადგილობრივი ბერიც ყოფილიყო.

არის კიდევ ერთი საინტერესო წარწერა: "ჯვარო ქრისტესაო და საფლაო ქრისტესაო შეიწყალე ჯვარაძე. თომა, ყოფილი იოაკიმ, ვინც ბრძანოს, შეუნდოს ღმერთმან..." ანუ ვინმე თომა ჯვარაძეა, რომელსაც სასულიერო სახელად იოაკიმი შეარქვეს.

კარიბჭეზე კიდევ ასეთი წარწერაა: "საფლავო ქრისტესაო შეიწყალე სული ჩემი" და იქვეა დახატული გოლგოთის ჯვარი... არის კიდევ ბართლომეს წარწერა: "ბართლომეს შეუნდოს ღმერთმან". მაგალითად, არის ვინმე გერმანოზის წარწერა. წერია მხოლოდ "გერმანოზ". ჩანს რომ წარწერა დაუსრულებელია... გერმანოზი იშვიათი სახელია, მაგრამ იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ამ სახელით რამდენიმე პირი მოღვაწეობდა. მაგალითად, მე-14 საუკუნეში მონასტრის წინამძღვარი იყო გერმანოზი.

კიდევ ასეთი წარწერაა კარიბჭეზე: "მათე გრიგოლს ღმერთმან შეუნდვენ". მათე გრიგოლი ჩვენთვის უცნობი პირია, მაგრამ სინას მთის XII- XIV სს ლიტურგიკული კრებულის (შინ. 76) ამავე სახელებით ორი სხვადასხვა პირია დამოწმებული: გამზრდელი გრიგოლი და მისი შეგირდი მათე... კარიბჭეზე არის ვინმე აშოტის წარწერა "აშოტს შეუნდვენ ღმერთმან". ასეთი შინაარსის, ძალიან მარტივი წარწერებია, რაც ასახავს იმას, რომ ქართველები მიდიოდნენ წმინდა საფლავზე და ჰქონდათ საშუალება წარწერები დაეტოვებინათ...

კარიბჭეზე ამოკაწრულია ძირითადად ასომთავრული წარწერები. არის რამდენიმე წარწერა, სადაც ასომთავრულთან შერეულია ნუსხახუცურიც.

- უფლის საფლავის გარდა, კიდევ სად გვხვდება ქართული წარწერები?

- ქრისტეს საფლავთან არის წმინდა აბრაამის მონასტერი, რომლის სამხრეთ კედელზე იყო ვინმე გიორგი აბაშიძის (იმერელის) ქართულ- ბერძნული წარწერა. წარწერა ბოლო დროს რემონტის გამო ამოიღეს კედლიდან, თუმცა მის უკან დაბრუნებას აპირებდნენ. ჯერჯერობით არ დაუბრუნებიათ და საინტერესოა მისი ბედი! ამ წარწერის ფოტოებიც გვაქვს, ასლიც გვაქვს გადაღებული... უფლის საფლავზე მე-13 საუკუნემდე არ არის ქართული წარწერები შემორჩენილი. ჯვაროსნებმა მე-12 საუკუნეში ყველაფერი განაახლეს და სავარაუდოდ, მანამდე არსებული ქართული წარწერები ტაძარში მიმდინარე რემონტის დროს განადგურდა.

ვიცით, რომ მე-12 საუკუნეში გოლგოთაზე ქართული საძმო არსებობდა. იყო ვინმე იოანე გოლგოთელი, რომელმაც მე-12 საუკუნეში ხელნაწერი გადაწერა.  დარწმუნებული ვარ, გოლგოთაზეც იქნებოდა ქართული წარწერები, მაგრამ გოლგოთის ეკლესია ძალიან აქტიურად იცვლება, ხშირად მიმდინარეობს რემონტი და წარწერები ალბათ წაშლილია...

ქართული წარწერები ჩაკარგულია უამრავ სხვა წარწერებში - ბერძნულში, სირიულში, არაბულში სომხურში და ა.შ.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქართველები წარწერებს უფლის საფლავის შესასვლელ კარიბჭეზე ტოვებდნენ. სხვაგან ჩვენ იმ პერიოდის, ასეთი სიხშირით ქართული წარწერები ვერ აღმოვაჩინეთ. მხოლოდ სამხრეთის კედელზე, ისიც კარიბჭეზე. რამდენიმე მლოცველის წარწერა მეორდება წმინდა მიწის სხვა ეკლესიაზეც.

მთლიანობაში წმინდა მიწაზე ყველაზე მეტი წარწერები ჯვრის მონასტერზეა. მოგეხსენებათ, ჯვრის მონასტერი მე-17 საუკუნის მიწურულამდე ქართველებს ეკუთნოდათ, ბევრია ასევე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის დასავლეთ კედელზე, ბეთლემში... წარწერები გვხვდება კედლებზე, ხატებზე, ქსოვილებზე. ქართველების ორასორმოცდაათამდე ხელნაწერია იერუსალიმის ბერძნულ საპატრიარქო ბიბლიოთეკაში... ასე რომ, ქართველები ძლიერად არის წარმოდგენილი წმინდა მიწაზე. სავარაუდოდ, 2017 წელს გამოქვეყნდება დიდი წიგნი ამ წარწერების შესახებ.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)