"ასე ომის გამოცხადებასაც შეძლებ!" - ვინ იყო "წითელი არმიის ჯალათი", რომელსაც სტალინი ყველაფერს პატიობდა - კვირის პალიტრა

"ასე ომის გამოცხადებასაც შეძლებ!" - ვინ იყო "წითელი არმიის ჯალათი", რომელსაც სტალინი ყველაფერს პატიობდა

იგი 15 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა სსრკ-ს თავდაცვის სახალხო კომისარიატს. მან შეძლო და თავიდან აიცილა სასჯელი დიდი ტერორის პერიოდში. აიცილა პასუხისმგებლობა ფინეთთან ბრძოლაში გადატანილი მარცხისთვის. "ჩაუძირავი კლიმენტი" - ასე მოიხსენიებდნენ კლიმენტ ვოროშილოვს მისივე თანამედროვეები.

კლიმენტ ვოროშილოვის მთელი განათლება სკოლის ორი კლასით შემოიფარგლებოდა, შემდეგ მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდა, მერე კი რევოლუციურ მოღვაწეობას შეუდგა და ფრონტამდეც მიაღწია. თუმცა გაუნათლებლობას და მანერების დაუხვეწაობას ვოროშილოვისთვის ხელი არაფერში შეუშლია.

ერთხელ, კომისარიატის სხდომაზე ვოროშილოვმა ყური მოკრა გამოთქმას "დინამიური კოეფიციენტი" და მაშინვე სიცილი აუტყდა:"დი-ნა-მი-უ-რი კოეფიციენტი! მიდი და გაიგე! არყის გარეშე ვერაფერს გაარკვევს კაცი."

პოლიტბიუროზე განიხილებოდა წითელი არმიის ხემძღვანელობის კვალიფიკაციის ამაღლების საკითხი. კლიმენტ ეფრემოვიჩმა მაშინვე გაუგზავნა წერილი იოსებ ბესარიონის ძეს: "როდის წავალ სასწავლებლად?" სტალინის ლაკონურმა პასუხმაც არ დააყოვნა: "არასოდეს!".

ოლეგ სუვენიროვი, საბრძოლო მეცნიერებების აკადემიის აკადემიკოსი, თავის წიგნში "Трагедия РКК", ვოროშილოვს წითელი არმიის ჯალათს უწოდებს. ავტორი ამტკიცებს, რომ კლიმენტ ეფრემოვიჩმა იმქვეყნად გაისტუმრა უამრავი ადამიანი, დაპატიმრების შესახებ ბევრი საბუთი პირადად მარშალის მიერ იყო ხელმოწერილი. მაგალითად, 1937 წლის 28 მაისის სანქციას უჩვეულოდ ემოციური რეზოლუცია დაედო: "ამხანაგ იოჟოვს. აიყვანეთ ყველა გაივერა". იონა იაკირი და იერონიმ უბორევიჩი კლიმენტ ვოროშილოვმა მოსკოვში თათბირზე დაიბარა, თუმცა გზაში ისინი დააკავეს. მარშალი ვასილი ბლიუხერი მიწვეული იქნა შვეულების გასატარებლად ვოროშილოვის აგარაკზე, სოჭში, მაგრამ დასვენება დაპატიმრებით დასრულდა.

რეპრესირებული სამხედრო მეთაურის, იან გამარნიკის ქალიშვილი, ვიქტორია იხსენებდა: "გადასახლებიდან დაბრუნებულს ძალიან დამეხმარა ანასტას ივანის ძე მიკოიანი: ფულით, ბინით, მზრუნველობით. მაგრამ ყველა ასე როდი ეხმარებოდა. კლიმენტ ეფრემოვიჩ ვოროშილოვმა უარი განაცხადა სვეტლანა ტუხაჩევსკაიას მიღებაზე. არ ვიცი რატომ. იქნებ გამბედაობა არ ეყო სვეტლანასთვის თვალებში ჩაეხედა?"

კლიმენტ ვიროშილოვი ვიაჩესლავ მოლოტოვთან ერთად ათვალიერებდა ქანდაკებას "მუშა და კოლმეურნე ქალი". უეცრად, დაფიქრებულმა კლიმენტ ეფრემოვიჩმა განაცხადა: "პირველად ვხედავ, მუშას ჩაქუჩი მარცხენა ხელში ეჭიროს". სახალხო კომისრების საბჭოს ხელმძღვანელი შეეცადა დაერწმუნებინა ვოროშილოვი, რომ ქანდაკებაზე გამოსახული მამაკაცი, სავარაუდოდ ცაცია იყო. მაშინ ვოროშილოვი დათანხმდა ამ "ნაკლზე" თვალი დაეხუჭა მხოლოდ იმ პირობით, რომ ვერა მუხინა (ქანდაკების ავტორი) კოლმეურნე ქალის "შესიებულ" თვალის უპეებს გამოასწორებდა.

ამის შემდეგ კი, ვოროშილოვმა და მოლოტოვმა ქანდაკების ყოველი მხრიდან შემოწმება დაიწყეს, რადგან კოლმეურნე ქალის კაბის ნაკეცებს შორის "ჩამალულ" წვეროსან სახეს ეძებდნენ, რომელიც კომისარიატში შესულ ანონიმურ წერილს თუ დავუჯერებთ, "ხალხის მტრის", ტროცკის გამოსახულება უნდა ყოფილიყო.

სტალინი ვოროშილოვს ისეთ ჩავარდნებს პატიობდა, რაც ნებისმიერ სხვას სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა. თავდაცვის სახალხო კომისარიატის ხელმძღვანელობისას ვოროშილოვმა ვერ შეძლო ფინეთთან ბრძოლისთვის არმიის მომზადება. დიდი სამამულო ომის დასაწყისში კი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების მთავარმა კომისარმა ვერაფრით შეუშალა ხელი ლენინგრადის ბლოკადას.

გეორგი ჟუკოვი წერდა: "ზოგადად ის დილეტანტი იყო სამხედრო სკითხებში." ბორის ბაჟაროვი, სტალინის მდივანიც ამტკიცებდა: "ეს იყო ძალიან უღიმღამო პერსონაჟი, რომელიც ჯერ კიდევ სამოქალაქო ომის დროს მიეწება სტალინს და ყოველთვის მხარს უჭერდა. იყო ყოველთვის დამჯერი და ასრულებდა სტალინის ყველა დავალებას. სტალინის სიკვდილის შემდეგაც, გარკვეულ ხანს დეკორაციის მიზნით რჩებოდა თანამდებობაზე."

ისტორიკოსი, როი მედვედევი შემდეგ შეჯამებას აკეთებს: "ვოროშილოვში სტალინი აფასებდა პირად ერთგულებას. მიზეზი ის არის, რომ დიქტატორებს ყოველთვის სჭირდებათ დეკორატიული ფიგურები, რომლებიც საკუთარი არარაობით უფრო გამოკვეთენ ბელადის დიად პიროვნებას". ვოროშილოვი მართლაც ერთადერთი იყო, ვისთანაც გენერალური მდივანი "შენობით" საუბრობდა, ზედმეტსახელით, "ვოლოდინით" მიმართავდა და თავადაც ნებას რთავდა მისი პარტიული ზედმეტსახელი, "კობა" დაეძახა; ნებას რთავდა მისივე კაბინეტში მუშტი დაერტყა მაგიდაზე ან სიცილით ჩაბჟირებულიყო.

გაგრძელება